პირველ იანვარს, როცა ყველა ნაბახუსევზეა სპორტულ დირექტორთა ტელეფონები ტურბო რეჟიმზე გადადის, რადგან მომდევნო ერთი თვე ტრანსფერები, ტრანსფერები და მხოლოდ ტრანფერები! - ჰოდა, უკვე დეკემბერია, 2025-მდე რამდენიმე დღე რჩება, შესაბამისად, გამოცემები მოარულ ხმათა გამოსაქვეყნებლად სახელოს იკაპიწებენ და კლავიატურას ისე უკაკუნებენ, ყოვლისშემძლე ბრიუსს რომ ეკადრება.

ლივერპულურ ტრანსფერებზე სასაუბროდ დამაბნეველი პერიოდია - გუნდს 21 მატჩიდან 18 მოგება აქვს და ორივე ფრონტზე - პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ლიდერია. ჩაბი ალონსოს 15-წლიანი განშორების შემდეგ ენფლიდზე ისეთი დახვედრა მოუწყვეს, მგონი, დროა ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი" არნე სლოტის კაბინეტში გავაგზავნოთ. იყო ბრწყინვალე გამარჯვებები მადრიდის რეალთან და მანჩესტერ სიტისთან — თანაც ზედიზედ. მეორე მხრივ, შესაძლოა, სწორედ ახლა იყოს ტრანსფერებისთვის იდეალური პერიოდი, რადგან ისედაც ძალმოსილ გუნდს რამდენიმე დეტალის დამატებამ ვინ იცის, იქნებ სლოტის პირველივე სეზონში ტიტული ან ტიტულები მოაგებინოს. ჰოდა, მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.
კონტრაქტები: ვირჯილ ვან დაიკის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისა და მოჰამედ სალაჰის კონტრაქტები, ცხადია, სატრანსფერო პრიზმაა, რადგან მათი შენარჩუნება ახალწვეულთა მოსვლის ტოლფასია, თუმცა ამ საკითხს ამ სტატიაში გავეშვათ და შემდეგ განყოფილებას მივაკითხოთ.
მარცხენა მცველი - აქ საკითხი ადრეულ კულმინაციაში შედის, რადგან ამ პოზიციაზე დიდი თავსატეხი მერსისპირეთში არ არსებობს. ენდრიუ რობერტსონის სტაგნაცია ნელ-ნელა რეგრესისკენ წავიდა და მომაკვდინებელი მარცხენა ფლანგელისგან მოგონებაღაა შემორჩენილი. მოგონება, რომელიც პერიოდულად გაისვრის, მაგრამ სიტყვათშეთანხმება - თანმიმდევრულად სტაბილური - უკვე უცხო ნაპირებში ცურავს. გასულ სეზონში ენდის მხრის ტრავმა ჰქონდა და ვიცით, რომ ტკივილგამაყუჩებლით ბურთაობდა, მაგრამ სეზონის სტარტზე გვითხრა ტკივილისგან გავთავისუფლდი და ძველი რობოს დრო ბრუნდებაო, მაგრამ მიმდინარე სეზონში ციმიკასმა მასთან ჩამორჩენა საგრძნობლად შეამცირა. ასაკიც თავისას შვრება, შოტლანდიელმა 30-ს გადააბიჯა და სისწრაფის კლება ლოგიკურია, თუმცა, დაცვითი უნარები?! არაერთი განაპირა მცველის მაგალითი არსებობს, როცა სისწრაფეს კარგავს და დაცვაში უმატებს, რათა დანაკარგი დააკომპენსიროს, მაგრამ ეს განსხვავებული შემთხვევაა.

ცალკე საკითხია მისი ჩაწოდებები. შეგრძნების დონეზეც კი, თითქოს ბურთი მეტოქე გუნდის მცველს ეძებს და რობოს მარცხენა კარგა ხანია დაბლაგვებისკენ მიდის. ხასიათსა და გასახდელში გამორჩეულ როლზე საუბარი არ ღირს, რადგან ამ მხრივ რობერტსონი მუდამ გამოირჩეოდა და ეს დიდი პლუსია, მაგრამ ქომაგს ის მინდორზე სჭირდება.
პრობლემაა ისიც, რომ მისი შემცვლელი კოსტას ციმიკასი, მაინც სარეზერვო ვარიანტად რჩება. კლოპის მოლოდინი, რომ ბერძენი საგრძნობლად მოუმატებდა და პირველ მცველად იქცეოდა, რეალობად მხოლოდ რობოს რეგრესის ხარჯზე შეიძლება გამართლდეს. ბერძენი სტაბილურია, სამარადისოდ ღვინოსა და წყალს შორის მყოფი. უარესობასა და უკეთესობის ხიდს შორის ჩარჩენილი, რომლის იმედიც თადარიგიდან უნდა გქონდეს, მაგრამ პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის პრეტენდენტი გუნდის ძირითადში?! - რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს აჩენს.
საყრდენი ნახევარმცველი - მარტინ სუბიმენდის უარიდან დიდი დრო არ გასულა, თანაც რაიან გრავენბერხის გამაოგნებელი პროგრესის ფონზე 6-იანის პოზიცია დავიწყებასაც მიეცა, თუმცა დროებით. 4-2-3-1 სქემაში ორი საყრდენისა და ერთი ნომინალური 10-იანის ადგილია. გრავენბერხი მაკ ალისტერის დუეტს ხან სობოსლაი, ხანაც ჯონსი ეხმარებიან და ჯერ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სიღრმეში დრამატული შეკითხვებია. გრავენბერხის პროგრესმა შარშანდელი ალექსის მაკ ალისტერი ამოიღო სამიზნეში. მაკა ახლაც შესანიშნავია, მაგრამ უწინ ეულ 6-იანად მოქმედებდა და გაცილებით თვალისმომჭრელიც იყო, ახლა ზღვა რაოდენობის შავ სამუშაოს ასრულებს, თუმცა, ბურთით გასატარებელი დრო ნიდერლანდელის ფეხებშია და მაკაც კლასიკურ 6-იანად იქცა, არადა მისი მრავალწახნაგოვნება სხვა რამეს გვეუბნება. მერსისაიდელებმა საყრდენი რომ დაიმატონ (კლასიკური საყრდენი, ჩაშლაზე დაგეშილი) შესაძლოა, რაიან გრავენბერხის კიდევ უფრო გაუმჯობესებული, რენესანსული ფაზა ვიხილოთ, რაც მაკ ალისტერს წინ წაწეული ნახევარმცველობის საშუალებას მისცემს და უკეთ აღვიქვამთ მის რეალურ ძალას.

ჰო, ეს საკითხი ჰაერიდან მოსული არაა, რადგან ბოლო რამდენიმე დღეა ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ლივერპულმა მადრიდის რეალთან ორელიან ჩუამენის თაობაზე მოლაპარაკებები გააჩაღა. მადრიდში ფრანგს აღარ ენდობიან და რეალი 60 მილიონზე უარს არ იტყვისო, მაგრამ დაველოდოთ. ისე, სანამ ჩუამენი „ლოს ბლანკოსს" შუერთდებოდა მერსისაიდელთა სამიზნე იყო, მაგრამ პერესის ზარი და ჰალა მადრიდის ძახილი ერთი იყო.
როდემდე დარვინ?! - ეს შეკითხვა რიტორიკულიცაა და პირდაპირიც. მიმდინარე სეზონში დარვინის განახლებულ ვერსიას ვხედავთ, რობერტო ფირმინოსეულს, პრესინგზე იდეალურად მომუშავეს და ერთ-ერთ საუკეთესოს დაცვით ასპექტებში, მაგრამ 85-მილიონიანი ფორვარდი, რომელიც მეკარესთან პირისპირ ნერვიულობას იწყებს?! რაღაც ვერაა რიგზე.
ურუგვაელმა უმძიმესი პერიოდი გამოიარა და გასულ პრემიერლიგურ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე შანსიც გაანიავა, არადა რთული ბურთების გატანა უფრო უადვილდება. პარადოქსია, მაგრამ ასეა. პრემიერ ლიგის OPTA გვეუბნება, რომ 2004 წლის შემდეგ სამი შემთხვევა იყო, როცა ჩემპიონი გუნდის ფორვარდმა 20 ან მეტი გოლი ვერ შეაგდო. 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუმ 18 გოლი გაიტანა, მაგრამ მანჩესტერ იუანიტედი სხვებს იმდენად აღემატებოდა, რომ ეს პრობლემა არ გამხდარა. ერთი მაგალითი ლივერპულისაა, როცა 2020 წელს სალაჰი 19 გოლით გამოირჩა, მაგრამ იმ სეზონში, მერსისაიდელებს 27 ტურის შემდეგ 26 გამარჯვება და ერთი კინკილა ფრე ჰქონდათ - შეკითხვაც არ არსებობს. სულ ბოლოს კი 2021/22 წლების სეზონში კი, როცა მანჩესტერ სიტიმ ასტონ ვილასთან გამართულ ბოლო ტურში 0:2 დაატრიალა და ჩემპიონი გახდა, კევინ დე ბრუინმა 15 გოლი გაიტანა - თუმცა ოცი შესაძლო შემთხვევიდან სამი ძალიან ცოტაა.
შესაძლოა, სლოტმა დარვინი დამუხტოს ან კვლავაც მო სალაჰმა ითავოს გოლებში ლიდერობა, მაგრამ თუ 9-იანის პოზიციაზე დიოგუ ჟოტა ტრავმირებულია, პრობლემები ჩნდება. ლევერკუზენთან მატჩში ცენტრ ფორვარდის მანტია ლუჩო დიასმა მოირგო და პირველი ჰეთ-თრიქიც შეასრულა, მაგრამ იქნება კი ეს განგრძობითი?! - ფაქტი ისაა, რომ ასტონ ვილაში ჯონ დურანი, ხოლო სპორტინგში ვიკტორ იოკერეში ბურთაობენ, სლოტი კი ცენტრ ფორვარდის პრობლემის იდეალურ გადაწყვეტას ელის და არანორმალურ ფორმაში მყოფმა ომარ მარმუშმა არ დამალა, რომ სალაჰის სამართალმემკვიდრეობაზე უარს არ იტყვის.

იბუ, იქნები ჯანმრთელი? - რებუსის თასში შეკითხვის დასმა რომ შეიძლებოდეს სლოტი, ალბათ, ამის გაგებას მოიწადინებდა. თეზისი უმარტივესია - თუკი იბრაჰიმა კონატე ჯანმრთელად იქნება მასზე უკეთესი ვარიანტის მოძიება გაჭირდება. იბუ დამანგრეველ ფორმაშია, სისწრაფე?! - საუცხოო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, კონატეს ტრავმების პრეისტორია საგანგაშოა. ვირჯილ ვან დაიკი, იბრაჰიმა კონატე, ჯარელ ქუანსა და ჯო გომესი - ასეთია „წითლების" დაცვითი სიღრმე. ოთხი ცენტრალური მცველი, რომელთაგან ერთი ზემდეტად გამოუცდელია, მეორეს ტრავმების გამო ორი სეზონი აქვს გამოტოვებული, მესამე ვან დაიკია, მეოთხეზე კი ვისაუბრეთ. მარცხენა ფეხით მოთამაშე ცენტრალური მცველი ხომ მთლად ზედგამოჭრილი იქნება, რადგან მომენტებში ვირჯილი მარჯვნივ გადაიწევს და კიდევ უფრო მეტი ვარიაცია გაჩნდება.
რა იქნება, ერთად ვნახავთ და როგორც არნე სლოტმა სადებიუტო პრესკონფერენციისას გვითხრა - სრულყოფილება არ არსებობს, სივრცე პროგრესისათვის ყოველთვის გამოინახებაო. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე მცირე დროა, არნე სლოტი კი რეკორდს რეკორდზე ხსნის. წინ ევერტონი და თამაშებით დახუნძლული დეკემბერია...















