ერთი რამით მარსელო გალიარდო ძალიან ჰგავს ხუან რომან რიკელმეს: ორივე ბუენოსაირესული მთავარი მოწინააღმდეგე კლუბების სიმბოლოდ იქცა. გალიარდომ როგორც საფეხბურთო, ასევე სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილი რივერ პლეიტში გაატარა. მეტიც, გალიარდო ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა.

მარსელო გალიარდო - ფეხბურთელი
მარსელო გალიარდო ბუენოსაირესელია, უფრო სწორად, ბუენოს აირესის დიდი ურბანული კონგლომერატის მკვიდრი. მისი ოჯახი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო და, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მაქსიმო გალიარდომ თავისი ვაჟი პატარა ასაკიდანვე ფეხბურთზე შეიყვანა, რივერ პლეიტში თამაში კი მიზნად დაუსახა. პატარა და კულულა მარსელო, რომლის საფეხბურთო თიკუნი El Muñeco (თოჯინა) გახდა, მტკიცე ნაბიჯებით მიიწევდა დასახული მიზნებისკენ. 1988 წლიდან ის რივერ პლეიტის საფეხბურთო აკადემიაში აღმოჩნდა. მალევე ალეხანდრო საბელიამ შეამჩნია და უკვე 1993 წელს, 17 წლის ასაკში რივერ პლეიტის მთავარი გუნდის წევრი გახდა. პრინციპში, გასაკვირი არაფერი იყო. დიდი არგენტინული კლუბები ევროპაში ფეხბურთელების გაყიდვით იყვნენ დაკავებული და გამოთავისუფლებულ ადგილებს უკვე შერჩეული ნიჭიერი ფეხბურთელებისთვის იყენებდნენ. მარსელოს, ისევე როგორც სხვა უამრავი ნიჭიერი არგენტინელის, პირველი დიდი დამრიგებელი ლეგენდარული დანიელ პასარელა გახლდათ, რომელიც მოგვიანებით მისი შვილის ნათლიაც გახდა. ,,თოჯინამ“ მალევე მოიპოვა რივერ პლეიტის საკვანძო მოთამაშის სტატუსი, „მომავალი მარადონას" ოპტიმისტური კრედიტით, თუმცა კიდევ ერთი ,,ახალი მარადონას“, არიელ ორტეგას საფეხბურთო აფეთქების ფონზე გარკვეული პერიოდით დაიჩრდილა. ორტეგას წასვლის შემდეგ 1997 წლიდან კი რივერ პლეიტის სრული ბატონ-პატრონი გახდა. მოედანზე საოცრებებს თან სდევს რივერ პლეიტის ქომაგთა უდიდესი სიყვარული, რომელიც გალიარდომ დაიმსახურა. ქომაგთა პატივისცემისა და სიყვარულის დამსახურებას, ზოგადად, მარტო კარგი ფეხბურთელობა არ განაპირობებს. აქ სხვა ტიპის ქარიზმა და გულწრფელობაა საჭირო. ალბათ, ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ 1997 წელს, მარსელოს ქორწინების დღე აპერტურაში არგენტინოს ხუნიორსთან საჩემპიონო თამაშს დაემთხვა. რა თქმა უნდა, გალიარდომ თამაშში საოცარი თავდადება აჩვენა, შემდეგ ვალმოხდილმა და გამარჯვებულმა სასწრაფოდ გამოიცვალა ფორმა, შარვალ-კოსტუმი მოირგო და საკუთარ ქორწილს შეუერთდა. ეგზალტირებულმა რივერ პლეიტის ქომაგობამ გალიარდოს საქორწინო ღონისძიებაზე გადაინაცვლა, რომელიც საერთო სახალხო ზეიმად იქცა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რივერ პლეიტს იმ წელს მართლაც, გამანადგურებლი შემტევი ტრიო ჰყავდა მარსელო გალიარდოს, მარსელო სალასისა და ლეგენდარული ენცო ფრანჩესკოლის სახით. 1993-1999 წლებში მარსელო გალიარდომ და რივერ პლეიტმა 3-ჯერ აპერტურა და ერთხელ კლაუსურა მოიგეს. 1996-1997 წლებში კი იზეიმეს კონტინენტური კოპა ლიბერტადორესისა და სუპერკოპა ლიბერტადორესის მოგება.
1999 წლიდან გალიარდომ კარიერა ევროპაში, კერძოდ მონაკოში გააგრძელა, იყო გუნდის ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთამაშე. 2000 წელს მონაკო საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო სეზონის საუკეთესო მოთამაშედ El Muñeco დასახელდა. იმ წელს მონაკო საინტერესო გუნდი იყო, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობ ვილი სანიოლთან ერთად ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც არიან ფაბიენ ბარტეზი, საბრი ლამუში, რაფაელ მარკესი და დავიდ ტრეზეგე. მიუხედავად ასეთი ევროპული სტარტისა, გალიარდოს მარადონას დარ ფლეიმეიქერად ჩამოყალიბებაზე ოცნება გადაჭარბებული აღმოჩნდა. გალიარდომ და კომპანიამ საფრანგეთის თასიც მოიგეს და ამის შემდეგ მოხდა პირველი დაბრუნება მშობლიურ რივერში. აღსანიშნავია, რომ დიდიე დეშამის მწვრთნელობის პირობებში გალიარდოს სათადარიგოთა სკამზეც კი უწევდა ჯდომა. დიდ ფრანგთან მარსელოს იმდენად ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, რომ 2003 წელს მონაკოდან წასვლისას ბედნიერიც კი იყო. 2004 წელს რივერთან ერთად კლაუსურას მოგება მან კვლავ შეძლო. გადამწყვეტ მატჩში ატლეტიკო რაფაელასთან სწორედ გალიარდომ შეაგდო გოლი, რითაც რივერი ჩემპიონი გახდა. მატჩის შემდგომი საჩემპიონო ზეიმი კი ჯერ არნახულ სიგიჟედ გადაიქცა, რომელზედაც ლეგენდები შეითხზა.
2007 წლიდან 2011 წლამდე ,,თოჯინა“ მოგზაურობდა, ითამაშა რა ფრანგულ პსჟ-ში, ამერიკულ DC იუნაიტედში, კვლავ რივერ პლეიტსა და ურუგვაის ნასიონალ მონტევიდეოში. 2011-12 წლების სეზონზე გალიარდომ ურუგვაულ კლუბში საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ამავე კლუბში მისი სადებიუტანტო სამწვრთნელო სეზონი ჩემპიონობით დაიწყო.
2007 წლიდან 2011 წლამდე ,,თოჯინა“ მოგზაურობდა, ითამაშა რა ფრანგულ პსჟ-ში, ამერიკულ DC იუნაიტედში, კვლავ რივერ პლეიტსა და ურუგვაის ნასიონალ მონტევიდეოში. 2011-12 წლების სეზონზე გალიარდომ ურუგვაულ კლუბში საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ამავე კლუბში მისი სადებიუტანტო სამწვრთნელო სეზონი ჩემპიონობით დაიწყო.

მარსელო გალიარდომ არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 44 მატჩში 13 გოლი გაიტანა. იგი მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო 1995 წლის გუნდში, კონფედერაციის თასის გათამაშებაზე, ასევე 1996 წლის ოლიმპიადაზე, სადაც არგენტინამ მეორე ადგილი მოიპოვა. ის იყო 1997 წლის კოპა ამერიკისა და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეც, თუმცა 2000-იანი წლებიდან სულ უფრო იშვიათად იძახებდნენ ნაკრებში. ეს გალაიარდოს პოზიციაზე არსებული მაღალი კონკურენციითა და ხშირი ტრავმიანობით აიხსნებოდა.
გალიარდო, რომელიც ადრეულ ეტაპზე მარადონას შარავანდედით შეიმოსა, სხვადასხვა სპეციალისტის შეფასებით იყო უღრესად ნიჭიერი და ტექნიკური მოთამაშე, ფეხბურთელი, რომელიც თამაშს გრძნობდა. ის სტანდარტული დარტყმების უბადლო შემსრულებელი იყო. ასევე მის მიერ „გამბეტას“ პერიოდული შესრულება ქომაგს დიეგოსთან მსგავსებას ახსენებდა. არც თუ სახარბიელო ფიზიკური მდგრადობის მიუხედავად, გალიარდომ მოახერხა, ყველა კლუბში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ყოფილიყო.

მარსელო გალიარდო - მწვრთნელი
მიმდინარე წელს რივერ პლეიტში მობრუნებულმა, პერსპექტიულმა და ვარსკვლავურმა მწვრთნელმა - მარსელო გალიარდომ კოპა ლიბერტადორესის 1/2 ფინალის პირველ, გასვლით მატჩში 23 ოქტომბერს 3-0 წააგო ბრაზილურ ატლეტიკო მინეიროსთან. ,,ნაპოლეონმა“ სრული პასუხისმგებლობა აიღო მატჩზე და გულშემატკივარს განმეორებით მატჩში მშობლიურ მონუმენტალზე, სადაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი საშუალო დასწრება ფიქსირდება (84 000 მაყურებელი ერთ თამაშზე), დიდ ბრძოლას დაჰპირდა. სანამ აღნიშნულ დღემდე მოვიდოდა, მარსელომ მწვრთნელის უაღრესად რთული, მოლოდინებითა და წარმატებებით აღსავსე არგენტინული გზა განვლო.
ფეხბურთელის კარიერისგან განსხვავებით, მარსელო გალიარდომ სამწვრთნელო კარიერაში ბევრად ეფექტური ნაბიჯები გადადგა, მან რივერ პლეიტის ქომაგებსა და არგენტინელ ჟურნალისტებს შორის ახალი მეტსახელი - ,,ნაპოლეონი“ თავისი სტრატეგიული და ტაქტიკური შორსმჭვრეტელობისა და ლიდერობის უნარის გამო მოიხვეჭა. გალიარდო არის ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც წარმატება, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ კლუბთან - რივერ პლეიტთან ერთად 2014-2022 წლებში ერთგული მოღვაწეობით მოიპოვა. ადგილობრივი ჟურნალისტების შეფასებით რივერ პლეიტის ქომაგობა ამ კაცს აღმერთებს. მას ხოტბას ასხამს თანამედროვეობის ისეთი დიდი მწვრთნელი, როგორიც პეპ გუარდიოლაა, ხოლო თავად მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელებად საკუთარ მასწავლებლებსა და ყოფილ დამრიგებლებს, ალეხანდრო საბელიასა და მარსელო ბიელსას მიიჩნევს. საბელიამ გარდაცვალებამდე, ერთ-ერთ ინტერვიუში გალიარდოს ,,ილუსტრირებული საფეხბურთო ენციკლოპედია“ უწოდა.

2011-2012 წლებში ურუგვაის კლუბ ატლეტიკო ნასიონალში დაწყებული წარმატებულმა სამწვრთნელო კარიერამ, მარსელოი მალევე რივერ პლეიტის ხელმძღვანელობის ინტერესის საგანი გახდა. საბოლოოდ, კლუბის პრეზიდენტმა რუდოლფო დ’ონოფრიომ არათუ დაითანხმა, არამედ სთხოვა კიდეც - გამხდარიყო რივერ პლეიტის ალექს ფერგიუსონი. ამ შეთავაზებამ გალიარდოს საშუალება მისცა, რომ აუჩქარებლად და გეგმაზომიერად გაჰყოლოდა საკუთარ სტრატეგიულ ხაზებს. გალიარდოს ცნობისმოყვარეობისა და პედანტობის კარგი მაჩვენებელია ის, რომ იგი რივერ პლეიტით იყო შეპყრობილი, საათებს ატარებდა კლუბის საბავშვო გუნდების თამაშებზე, არ აკლდებოდა ქალთა გუნდის შეხვედრებს. თავად განსაჯეთ, გალიარდო რივერ პლეიტის მინდვრის ჰოკეის გუნდის თამაშებსაც კი ხშირად ესწრებოდა.
საყურადღებოა, რომ გალიარდოს არ შეუქმნია ახალი საფეხბურთო-ტაქტიკური მოდელი. მისი მუშაობის ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ ,,ნაპოლეონის“ ძირითადი სამუშაო წყობა არის 4-4-2, რომელიც შეიძლება ჩაიშალოს როგორც 4-1-2-1-2 ან 4-1-3-2. გალიარდოს ფორმაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაცვითი ფუნქციებით აღჭურვილ საყდნენ ნახევარმცველს, რომელიც ხშირად მოედანზე ვერტიკალურად ან დიაგონალურად მოძრაობს და დაცვას ეხმარება, შესაბამისად, შემტევი ნახევარმცველიც საყრდენის პარალელურად მოძრაობს მოედნის ცენტრში, რაც ქმნის 4-1-3-2-ის კონფიგურაციას. გალიარდო ამ წყობის გარდა, პერიოდულად ატარებდა ექსპერიმენტებს, იყენებდა 3-5-2-ს და 4-3-3-ს. 4-4-2-ის ორივე მოდიფიკაცია გალიარდოს ხელში ეფექტური იყო ბურთის დაჭერისთვის, რადგან კონტროლდებოდა მოედნის ცენტრი, როგორც დაცვითი ფუნქციების, ასევე შეტევითი ფუნქციების შესრულებისას. ის ასევე ხშირად იყენებს ორ შემტევ ნახევარმცველს, რომლებიც ფლანგებზეც არიან პასუხისმგებელი, თუმცა დატვირთვა მოედნის ცენტრზე მოდის. აღნიშნული ფორმაციით, რივერ პლეიტი ხშირად ე.წ. თხევად ტიკი-ტაკას თამაშობს. მწვრთნელის ეფექტურობის მაგალითად გამოდგება 2019-2020 წლების სეზონი. არგენტინის ჩემპიონატში ბურთის ფლობის მაჩვენებლით, გალიარდოს გუნდი იყო მეორე ადგილზე, პირველ ადგილზე მყოფი ველეს სარსფილდი კი მხოლოდ 0.1%-ით უსწრებდა.

გალიარდო საკუთარ თავს პროტაგონისტს უწოდებს. მისი სტრატეგიული ჩანაფიქრი თანხვედრაშია ტაქტიკურ მოდელებთან. სტრატეგიული ჩანაფიქრის არსი არის ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. მარსელოს შეფასებით, სხვა მდგომარეობაში საკუთარი თავის ჩაყენება ბევრად დიდი დისკომფორტის შემქმნელია, ვიდრე მოწინააღმდეგესთვის საკუთარი პირობების კარნახი. ამასთან, ის დიდ ყურადღებას აქცევს დაცვით სტრატეგიას. არგენტინის ჩემპიონატში, მისი მწვრთნელობის დროს რივერ პლეიტი ერთ-ერთი მოწინავე გუნდი იყო გაშვებული გოლების სიმცირით. ამის მისაღწევად გალიარდო აგრესიულ დაცვით ტაქტიკურ გადაწყობებს იყენებდა მოედნის ცენტრში და თვით მოწინააღმდეგის ნახევარზეც კი სხვადასხვა შემადგენლობის ე.წ. დაცვითი კვადრატების გამოყენებით. აღნიშნული ტაქტიკა უზრუნველყოფდა რივერ პლეიტის მიერ დაკარგული ბურთების მალევე დაბრუნებას. რაც შეეხება შეტევის ორგანიზებას, გალიარდო მეტწილად იყენებს ვერტიკალური და/ან ჯვარედინი პასების ტაქტიკას, სხვადასხვა ზონების სწრაფი ცვლით. ასევე ე.წ. შეტევითი სამკუთხედების შექმნა, ფეხბურთელების მიერ პოზიციების დაუყოვნებლივ ცვლა - ხშირად იწვევდა მოწინააღმდეგის დაცვაში არეულობის შეტანას. მწვრთნელის მიდგომებიდან გამომდინარე, ის ზოგადად უპირატესობას ანიჭებს ჭკვიან და ტექნიკურ ფეხბურთელებს, რომელთაც სამატჩო რიტმისადმი მაღალი მგრძნობელობა აქვთ.
თუმცა, გალიარდოს შეტევით სტრატეგიას ჰქონდა ერთი დიდი სისუსტე - სილამაზესა და ეფექტურობასთან ერთად ხშირი იყო ბურთის დაკარგვა, რასაც სისწრაფის მიღწევის ხარჯზე, ვითარების წაუკითხავად, ბურთის გადაცემა იწვევდა. ამიტომ გალიარდოს გუნდს ბურთის დაკარგვის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლი ჰქონდა შეტევაში. გარდა წმინდა ტექნიკური განსწავლულობისა, გალიარდო ღრმა ფსიქოლოგიური მიდგომების მცოდნე და ადამიანთა მართვის უბადლო სპეციალისტი აღმოჩნდა, რაც არგენტინულ მედიაში არაერთხელ გამხდარა ქების საგანი. ჟურნალისტებთან საუბარში კი გალიარდომ საკუთარი მიდგომის წარმატების დასახასიათებლად გამოიყენა ერთადერთი სიტყვა - პატივისცემა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობდა: ,,არ მივიჩნევ, რომ ფეხბურთელების ახლო მეგობარი ვარ, მაგრამ არც ავტორიტარული ტიპის მენეჯერი შეიძლება მეწოდოს. დღევანდელ მწვრთნელს უნდა ჰქონდეს ცოტ-ცოტა ყველაფერი: პატერნალიზმი, დისტანცირება, ფსიქოლოგიური უნარები და ამის შემდგომ უნდა იწყებდეს ფიქრს სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. ჩვენ საქმეში ფუნდამენტურია, გავუგოთ ადამიანებს, რათა მათგან საუკეთესო ფეხბურთელები მივიღოთ. ჩემთან მიმართებაშიც იგივეს მოვითხოვ სხვებისგან.“...
თუმცა, გალიარდოს შეტევით სტრატეგიას ჰქონდა ერთი დიდი სისუსტე - სილამაზესა და ეფექტურობასთან ერთად ხშირი იყო ბურთის დაკარგვა, რასაც სისწრაფის მიღწევის ხარჯზე, ვითარების წაუკითხავად, ბურთის გადაცემა იწვევდა. ამიტომ გალიარდოს გუნდს ბურთის დაკარგვის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლი ჰქონდა შეტევაში. გარდა წმინდა ტექნიკური განსწავლულობისა, გალიარდო ღრმა ფსიქოლოგიური მიდგომების მცოდნე და ადამიანთა მართვის უბადლო სპეციალისტი აღმოჩნდა, რაც არგენტინულ მედიაში არაერთხელ გამხდარა ქების საგანი. ჟურნალისტებთან საუბარში კი გალიარდომ საკუთარი მიდგომის წარმატების დასახასიათებლად გამოიყენა ერთადერთი სიტყვა - პატივისცემა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობდა: ,,არ მივიჩნევ, რომ ფეხბურთელების ახლო მეგობარი ვარ, მაგრამ არც ავტორიტარული ტიპის მენეჯერი შეიძლება მეწოდოს. დღევანდელ მწვრთნელს უნდა ჰქონდეს ცოტ-ცოტა ყველაფერი: პატერნალიზმი, დისტანცირება, ფსიქოლოგიური უნარები და ამის შემდგომ უნდა იწყებდეს ფიქრს სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. ჩვენ საქმეში ფუნდამენტურია, გავუგოთ ადამიანებს, რათა მათგან საუკეთესო ფეხბურთელები მივიღოთ. ჩემთან მიმართებაშიც იგივეს მოვითხოვ სხვებისგან.“...

გალიარდოს, როგორც მწვრთნელის კიდევ ერთი მახასიათებელი, მათ შორის ვარჯიშებში, არის სიცხადე. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელი ყოველთვის მზად იყოს და ღიად უპასუხოს ფეხბურთელების შეკითხვას, სამუშაო პროცესის ნებისმიერ ასპექტზე, რადგან ეს ხელს უწყობს, ფეხბურთელები ჩაწვდნენ მწვრთნელის ჩანაფიქრს, რაც საბოლოოდ ამოცანების წარმატებით აღსრულებაზე აისახება.
2020 წლის შემდეგ გალიარდოს სახელი სხვადასხვა დიდ კლუბებს დაუკავშირეს, მათ შორის აღსანიშნავია ბარსელონა, მადრიდის რეალი, პარი სენ-ჟერმენი, მარსელი და ლიდსი, თუმცა, საბოლოოდ, მან წარუმატებლად ,,გაისეირნა“ საუდის არაბეთში და 2024 წელს კვლავ რივერ პლეიტში დაბრუნდა. ნაპოლეონი, კვლავ სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ გამორჩეულ მწვრთნელად რჩება, მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.
დასკვნა:
დასკვნა:
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ მარსელო გალიარდო, როგორც მწვრთნელი ბევრად დიდია, ვიდრე, როგორც ფეხბურთელი. ამასთან, მისი სამწვრთნელო ზრდის რესურსი არათუ არ ამოწურულა, არამედ ახლა ეძებს ახალ ჰორიზონტებს. რივერ პლეიტის არსებობის 123-წლიან ისტორიაში გალიარდომ მწვრთნელის რანგში, 2014-2022 წლებში ყველაზე მეტი - 14 ტიტული მოიპოვა და დამსახურებულად ითვლება რივერ პლეიტის ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად. კონტინენტური ტურნირებიდან აღსანიშნავია, რომ 2014 წელს მოიგო კოპა სუდამერიკანა (ევროპა ლიგის ექვივალენტი) ხოლო 2015 და 2018 წლებში კოპა ლიბერტადორესი (ჩემპიონთა ლიგის ექვივალენტი), ამასთან სამხრეთ ამერიკის სუპერთასი მოიპოვა 2015, 2016 დ 2019 წლებში. არგენტინაში კი მოიგო არგენტინის თასი 2016, 2017 და 2019 წლებში, ხოლო არგენტინის სუპერთასი 2017 და 2019 წლებში.
ამ ხნის განმავლობაში გალიარდომ ერთხელ, 2021 წელს მოიგო არგენტინის პრიმერა დივიზიონი, რამაც ზოგიერთ ექსპერტს აფიქრებინა, რომ ხანგრძლივი და მარათონული სეზონი მისი ძლიერი მხარე არ არის, განსხვავებით ე.წ. ოლიმპიური სისტემით მიმდინარე ტურნირებისგან, სადაც კონკრეტულ (ან ორ) მატჩზე მომზადება და კონცენტრირება წარმატებისათვის გადამწყვეტი წინაპირობაა.
ჩემი სუბიექტური შეფასებით კი, გალიარდოს ოქროს საათი ჯერ არ დამდგარა და საშუალოვადიან პერსპექტივაში ის მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწვრთნელი გახდება.
ავტორი: გიორგი აბდუშელიშვილი















