ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალში ერთმანეთს ინტერ მილანი და პარის სენ-ჟერმენი დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი საინტერესო არის უამრავი დეტალით, პირველ რიგში კი ერთგვარი კავკასიური დერბით: ჰენრიხ მხითარიანი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ. გავიხსენოთ სომეხი და ქართველი მოთამაშეების განვლილი გზა კარიერის მთავარ დუელამდე.
საფეხბურთო ფესვები
ჰენრიხიც და ხვიჩაც საფეხბურთო ოჯახიდან მოდიან. საქმე ისაა, რომ მათი მამები, ჰამლეტ მხითარიანი და ბადრი კვარაცხელია წარსულში ასევე ფეხბურთელები იყვნენ. სომეხი ფლეიმეიქერის მამა ასპარეზობდა როგორც სამშობლოში (არარატი, კოტაიკი), ისე საფრანგეთშიც (ვალანსი, ისი-ლე-მულინო).
არარატის თავდამსხმელს არასდროს უთამაშია უშუალოდ ბადრის წინააღმდეგ, თუმცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პერიოდში მას არაერთხელ მოუწია დაპირისპირება ქართულ კლუბებთან: თბილისის დინამოსთან, ქუთაისის ტორპედოსთან, ბათუმის დინამოსა და ლანჩხუთის გურიასთან.
საინტერესოა, რომ კარიერაში ყველაზე მეტი გოლი სომხეთის ნაკრების ყოფილმა მე-11 ნომერმა სწორედ იმერულ გუნდს გაუტანა. მხითარიანის ანგარიშზე საერთო ჯამში არის 8 ბურთი ტორპედოს კარში და პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ 1989 წლის 15 აპრილს გამართული შეხვედრა, რომელშიც მან ამ გუნდს ჰეთ-თრიქი შეუსრულა.
სომეხი თავდამსხმელის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მოწინააღმდეგეები იყვნენ ალექსანდრე ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძე, რომელთა პირისპირ მან 11 შეხვედრა ჩაატარა. ჰამლეტის კარიერა შესაძლოა ყოფილიყო ბევრად უფრო ნაყოფიერი, რომ არა ტვინის სიმსივნე, რის გამოც მისი ცხოვრება 33 წლის ასაკში დასრულდა.
არარატის თავდამსხმელი ფეხბურთს თამაშობდა 1980-1995 წლებში, მისი მონაგარი 274 ჩატარებულ მატჩში 81 გატანილი გოლი იყო. ცნობისთვის, 1994 წელს მხითარიანმა 2 შეხვედრის ჩატარება სომხეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც მოასწრო. არ უნდა დაგვავიწყდეს სომეხი ფორვარდის ასპარეზობა საბჭოთა კავშირის იუნიორთა გუნდის რიგებშიც.
ჰამლეტის თანაგუნდელები სსრკ-ს ახალგაზრდულ ნაკრებში სხვადასხვა დროს იყვნენ გრიგოლ ცაავა, დავით პაიკიძე, გურამ აჯოევი და მამუკა აბუსერიძე. ჰენრიხი იყო სულ რაღაც 6 წლის, როდესაც ის დარჩა მამის გარეშე, მაგრამ ერთად გატარებული ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად, მშობელმა შვილის საფეხბურთო კარიერის ფორმირებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, რამდენიმე ქართული გუნდის მოვლის შემდეგ, მან კარიერის ყველაზე დიდ აღიარებას აზერბაიჯანში მიაღწია. ბადრი თამაშობდა დინამო თბილისშიც, 1992/93 წლების სეზონში, რომლის რიგებშიც ის ქვეყნის ჩემპიონი გახდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველი ფორვარდის ასპარეზობა თბილისის მერანშიც.
დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში კვარაცხელიას თანაგუნდელი იყო სულიკო დავითაშვილი, დღეს კი მათი შვილები, ხვიჩა და ზურიკო ასპარეზობენ გვერდიგვერდ საქართველოს ეროვნული გუნდის რიგებში და ამის გარდა, საფრანგეთის ჩემპიონატში ისინი მეტოქეები არიან.
ბოლოს კი ქართველი თავდამსხმელის აზერბაიჯანულ კარიერაზეც ვისაუბროთ, ქაფაზსა და შამქირში მან საერთო ჯამში ხუთი ტიტული მოიგო. 1999/00 წლების სეზონში ბადრი გახდა ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი, იმავე პერიოდში კი მან 3 შეხვედრა აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდში ჩაატარა.
ცნობისთვის, დინამოს ყოფილი თავდამსხმელის საერთაშორისო დებიუტი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შედგა. ეს იყო 2000 წლის 4 ივნისს გამართული ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც უგოლო ფრე დაფიქსირდა. კვარაცხელიამ "ჯვაროსნების" პირისპირ მოედანზე 85 წუთი გაატარა.
ქართველმა თავდამსხმელმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა 2000 წლის 19 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც რიგის სკონტოს ჰეთ-თრიკი შეუსრულა. ბადრიმ შეუგდო პრაღის სლავიასაც, მაგრამ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოსახვედრად ეს საკმარისი არ გამოდგა.
მამების საქმის გამგრძელებლები სასკუდეტო დუელში
მხითარიანისა და კვარაცხელიას საფეხბურთო გზა მოგვიანებით მათმა შვილებმაც გააგრძელეს. ჰენრიხი ბავშვობაში გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ბრაზილიაში, სადაც 2003 წელს მან ძალები სან-პაულუს აკადემიაშიც მოსინჯა. შემდეგ იყო სამშობლოში დაბრუნება, მოგვიანებით კი პიუნიკში, მეტალურგსა და შახტარში გაბრწყინება.
სომეხმა გამთამაშებელმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია უკვე დორტმუნდის ბორუსიაში ასპარეზობის პერიოდში, რომლის რიგებში ის 2016 წელს გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შემდეგ მხითარიანის კარიერაში იყო მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი და რომა.
სომხეთის ნაკრების კაპიტნის კარიერა ნელ-ნელა მიდიოდა დაღმასვლისკენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მთავარი საჩუქარი მას ბოლოს ელოდა. 2022 წელს "ჯალოროსის" 77-ე ნომერი დაიმატა ინტერნაციონალემ და უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ კლუბში სიმონე ინძაგის დახმარებით მას მეორე სუნთქვა გაეხსნა.
36 წლის გამთამაშებელმა მილანურ გუნდში გაგვახსენა ყველაფერი, რის გამოც ის თავის დროზე ვესტფალიაში შეიყვარეს. სანამ ის "ნერაძურიში" ახდენდა კარიერის რეანიმირებას, კალჩოში კვარას სახით დაიბადა ახალი ვარსკვლავი: მოთამაშე, რომელმაც ნაპოლის მოაგებინა სკუდეტო, პირველი 33 წლის განმავლობაში.
მომდევნო წელს სერია ა-ს ჩემპიონი ჯუზეპე მეაცას ბინადრებთან ერთად უკვე მხითარიანი გახდა. მათი სასკუდეტო დუელი გრძელდებოდა მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარშიც, მაგრამ შემდეგ, ახალგაზრდა ქართველი ვინგერი 70 მილიონის სანაცვლოდ "პარტენოპეიდან" პარის სენ-ჟერმენში გადავიდა.
სერია ა-ს ჩემპიონი საბოლოოდ გახდა მაინც "აძური", თუმცა უკვე ხვიჩას გარეშე, მაგრამ ცხადია, თავისი წვლილი ამ ყველაფერში მანაც შეიტანა. სომეხმა ფლეიმეიქერმა და მარადონას ბინადრების ყოფილმა ლიდერმა ერთმანეთის წინააღმდეგ საერთო ჯამში 5 შეხვედრა ჩაატარეს.
სამჯერ იმარჯვა ჰენრიხმა, ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა. როგორც ვხედავთ, პსჟ-ს შვიდიანი თავის ვეტერან მოწინააღმდეგესთან ჯერჯერობით აგებს, მაგრამ მთავარი ბრძოლა მათ შორის არის ჯერ კიდევ წინ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ დუელში.
კავკასიური დერბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში
მხითარიანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთხელ უკვე დამარცხდა - ორი წლის წინ, ინტერს მანჩესტერ სიტიმ აჯობა. 31 მაისს ვეტერანი ფლეიმეიქერი ეცდება დაუმთავრებელი საქმის ბოლომდე მიყვანას და შესაძლოა, ეს სომეხი შუახაზელის ბოლო შანსიც იყოს. სეზონის დასრულების შემდეგ, ჰენრიხმა ფეხბურთიდან წასვლა არ გამორიცხა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ის თავისი საფეხბურთო გზის დასაწყისშია და სამ დღეში თავის პირველ ფინალსაც ითამაშებს. ახალგაზრდა ქართველი ვინგერი პარის სენ-ჟერმენში უკვე გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის ტრიუმფატორი და საფრანგეთის თასის მფლობელი, წინ კი ტრებლისკენ მიმავალი გზის ბოლო, ყველაზე რთული მონაკვეთია.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ხვიჩამ თავისი წვლილი ნაპოლის წლევანდელ ჩემპიონობაშიც შეიტანა. დავუბრუნდეთ ფინალურ მატჩს, რომელიც პსჟ-ს ვინგერისთვის მეტოქის გათვალისწინებით ორმაგად პრინციპული იქნება. საქმე ისაა, რომ მილანური კლუბი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც პარიზელთა მე-7 ნომერმა კალჩოში თამაშის დროს გოლი ვერ გაუტანა.
დიახ, 24 წლის გარემარბს აუღია იუვენტუსის, მილანის, ლაციოს, ატალანტასა და სხვების კარი, თუმცა არა "ნერაძურის". ვნახოთ, შეძლებს თუ არა კვარა ნავსის გატეხვას ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში. მას ელის შეხვედრა კარგად ნაცნობ, მაგრამ საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან.















