
იშვიათად იგებს ოქროს ბურთს დაცვითი ყაიდის ფეხბურთელი. როდრის რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი მოუგროვდა, მაგრამ მაინც ჩაშლაა მისი მთავარი საქმე, თუმცა, შეტევის ორგანიზებაშიც დიდი როლი აქვს. აუღია ოქროს ბურთი ლიბერო ბეკენბაუერს, თანაც ორჯერ, აბა ვინ იტყვის რომ მხოლოდ დაცვის გამო? პირიქით, შეტევაში ჩართვები გამოარჩევდა. აუღია ოქროს ბურთი ლოთარ მათეუსს, 90-ში მუნდიალი მოიგო და თუ გავიხსენებთ ვნახავთ, რომ გერმანელთა შეტევაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ფინალში კი დიეგოს აეკიდა და გასაქანი არ მისცა, მარადონამაც კარგად გაიხსენა ავტობიოგრაფიულ წიგნში - ასეთი რთული მეტოქე არასდროს მყოლიაო.
მოუგია ოქროს ბურთი მეკარე ლევ იაშინს - რაც დღემდე წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებად მიიჩნევა, მოუგია ოქროს ბურთი ფაბიო კანავაროს, (რომ არა ზიზუს ინციდენტი კაცმა არ იცის ვინ რას მოიგებდა) და ყველაზე მეტად უნდა გავიხსენოთ ერთი გერმანელი კაცი, რომლის ლაურეატობაც ყველაზე მეტად ჰგავს როდრის ამბავს, ეს მატიას ზამერია, 1996 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული.
მათეუსის აქილევსი
ოქროს ბურთის დაჯილდოების ისტორიაში მხოლოდ ორჯერ მომხდარა რომ ერთ ხმას გადაეწყვიტოს გამარჯვებულის ბედი, 1966 წელს ბობი ჩარლტონმა ერთი ხმით აჯობა ეუსებიოს. 1996 წელს კი მატიას ზამერმა ერთი ხმით აჯობა 19 წლის რონალდოს. როდრის მსგავსად ზამერიც ევროპის ჩემპიონი გახდა, როდრის მსგავსად მატიასიც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. როგორც ჩანს, ლიბერო მაინც გერმანული მოვლენაა, ოქროს ბურთი სამ ლიბეროს აქვს მოგებული და სამივე გერმანელია.
ევრო 96-ის წინ ლოთარ მათეუსმა აქილევსი დაიზიანა და სწორედ აქ გაიზარდა მატიას ზამერის როლი, საერთოდ, გერმანელებისგან წარმატებას არ ელოდნენ, გუნდს ბევრი პრობლემა ჰქონდა, 94-ის მუნდიალიც უღიმღამოდ ჩაატარეს და დიდი პროგრესი არც ეტყობოდათ, მაგრამ გერმანელები იმ დროსაც აღწევენ წარმატებებს, როცა მათგან ამას არ ელიან. ასეთი ხალხია და ასეთი გუნდიც ჰყავდათ.

ევრო 96-ზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ მხოლოდ ორი ფეხბურთელი გახდა - ერთი ხრისტო სტოიჩკოვია, მეორე მატიას ზამერი. ზამერმა ევროპის ჩემპიონატზე ორი გოლის გატანა შეძლო, ერთი ჯგუფურ ეტაპზე გაუტანა რუსეთის ნაკრებს (3:0) მეორე კი 1/4 ფინალში შეუგდო ძალიან ძლიერ ხორვატიას (2:1). ევროს მიმდინარეობისას ფრანც ბეკენბაუერი წერილებს აქვეყნებდა The Observer-ისთვის, და აი რას წერდა კაიზერი: „ჩემი აზრით, ხორვატიამ ყველაზე ტექნიკური ფეხბურთი აჩვენა ევროპის ჩემპიონატზე, 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის გასახდელში შევედი, მატიას ზამერი, ტომას ჰელმერი და დიტერ ეიტსი იმედგაცრუებულები ისხდნენ, 1/2 ფინალში გავიდნენ, მაგრამ სიხარულის არაფერი ეტყობოდათ, მოიგეს, მაგრამ იცოდნენ, რომ თამაში ვერ გააკონტროლეს, ვერც მაშინ, როცა ხორვატები ათი კაცით დარჩნენ. ჩემი გაწვრთნილი 1990 წლის გერმანია გამახსენდა, ჩეხოსლოვაკია დავამარცხეთ, მაგრამ კმაყოფილება არ გვიგვრძვნია.“
სწორედ ასეთ მატჩებში იქცა ზამერი გასაღებად, გერმანია, შესაძლოა, საუკეთესო არ ყოფილიყო, მაგრამ სხვაზე ნაკლებ შეცდომას უშვებდა, სხვებზე მეტად იხარჯებოდა, სხვებზე მეტად ავლენდა ძლიერ ხასიათს და საბოლოოდ მოიგეს კიდეც ევროპის ჩემპიონატი. ამან ფრანც ბეკენბაუერი ისევ წარსულში დააბრუნა და კიდევ ერთი პარალელი გაავლო ფინალის წინ გამოქვეყნებულ წერილში: „დრო არ მაქვს ძველ ანგარიშებზე ვიფიქრო, მაგრამ არის თარიღები, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამატებით დროში უემბლიზე ფინალი წავაგეთ, 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში ევროს ფინალი წავაგეთ. ეს აღარ უნდა განმეორდეს. თუ მატჩი პენალტებამდე მივა, ( იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება) ვიცი, რომ გერმანელებს ნერვი არ აუტოკდებათ, მჯერა რომ გერმანია ევროს ტიტულს სახლში დააბრუნებს.“
ასეც მოხდა, პენალტებამდე საქმე არ მისულა, ოლივერ ბირჰოფმა ოქროს გოლი შეაგდო და თამაში გერმანელთა სასარგებლოდ 2:1 დაასრულა. მატიას ზამერი ჯერ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, წლის ბოლოს კი ოქროს ბურთიც მიაჩეჩეს ხელში. მატიასი გახდა პირველი აღმოსავლეთგერმანელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო.
მხოლოდ ერთი ხმით
ვინ არის ყველაზე ნაკლებად ვარსკვლავური სტატუსის მქონე ფეხბურთელი, რომელსაც ოქროს ბურთი მოუგია? ალბათ, ზამერი. იმაზე ნაკლებად ვიდრე იაშინი, იმაზე ნაკლებად ვიდრე როდრი, იმაზე ბევრად ნაკლებად ვიდრე ფაბიო კანავარო. თანაც, ბრაზილიელ რონალდოს აჯობა, და მაინც, როგორ აჯობა? ზამერის წონა ერთ ტურნირზე დაიდო, მისი მთავარი არგუმენტი ევროპის ჩემპიონობა იყო, რონალდომ კი ოლიმპიადაზე ითამაშა, სადაც ნიგერიასთან დამარცხდა, ეს აქტივში ვერ ჩაეთვლება, 1995/96 წლების სეზონის მეორე ნახევარი მთლიანად გამოტოვა პსვ-ში, მუხლის ტრავმის გამო, (ეს მისი პირველი დიდი ტრავმა იყო) ფაქტობრივად არაფერი ჰქონდა სასწორის პინზე შესაგდებად, მაგრამ ოქროს ბურთის ცერემონიამდე, ესე იგი, 1996 წლის 24 დეკემბრამდე, მოასწრო და თავის ახალ კლუბში, ბარსელონაში, წარმოუდგენელი ფეხბურთი აჩვენა, რისი მსგავსიც არავის არაფერი უნახავს. ეს იყო „კიჭას“ არგუმენტი, არ ჰქონდა ტიტულები, არ უთამაშია დიდ ტურნირებზე, მაგრამ 1996/97 წლის სეზონის დასაწყისში უბრალოდ გაფრინდა!

თითქმის ეყო ფრენა, მხოლოდ ერთი ხმა დააკლდა. ზამერმა 144 ხმა მიიღო, რონალდომ 143, ალან შირერი (107 ხმა) გვარიანად მოიტოვეს უკან. პირადად ჩემი ფავორიტი იმ წელს ალექს დელ პიერო იყო, იუვემ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, დელ პიერომ გაიბრწყინა, ეს ადრეული დელ პიერო იყო, ჯერ კიდევ მძიმე ტრავმამდე, იტალიელი ჯადოქარი, მართალია ფინალში თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ მთელი ჩემპიონთა ლიგის განმავლობაში საუკეთესო იყო და კაკას გარდა არც არავინ მახსენდება საწყისი ტურებიდან ფინალამდე ვინმეს ასეთ დონეზე ეთამაშოს. თუმცა, აღმოჩნდა რომ ჩემპიონთა ლიგის წონა მაშინ გადამწყვეტი არ ყოფილა. არც ამ წელს, არც მომდევნო წელს, რადგან, მომდევნო წელს მატიას ზამერის დორტმუნდის ბორუსიამ ალექს დელ პიეროს იუვენტუსი ფინალში დაამარცხა, ოქროს ბურთი კი ბრაზილიელმა რონალდომ აიღო, რომელმაც ის სასწაულად დაწყებული სეზონი ბარსელონაში, ისეთივე სიგიჟით ჩაამთავრა და ინტერშიც ლამაზად გადადგა პირველი ნაბიჯები.


ასე რომ, იდავეთ რამდენიც გინდათ. ოქროს ბურთის ირგვლივ აზრები ყოველთვის იყოფა. ეს ნობელის პრემია არ არის ვინმემ დეტალურად აგიხსნას რატომ და რის გამო მიაკუთვნეს ჯილდო გამარჯვებულს, ეს სულ სხვა კომიტეტია, ფეხბურთი კი ყოველგვარი სტატისტიკის მიღმაა.
ავტორი: ფეოლა















