ხელშეუხებლები VS. გალაქტიკო
იმ ხშირად გახსენებულ მატჩამდე ორი წლით ადრე იწერებოდა ეს სცენარი, 2003/04 წლების სეზონში, რომელიც აბსოლუტურად არანორმალური და სენსაციებით დატვირთული გამოდგა. დიდებული სეზონი იყო არსენალისთვის, პრემიერ ლიგაში წაუგებლად იარეს, ეს ის სეზონია, როცა სან სიროზე ინტერისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს და ორი წლის შემდგომი ბერნაბეუს მატჩისა არ იყოს, იქაც ანრის შეესხა ფრთები. მეორე მხრივ გალაქტიკომ დევიდ ბექემი დაიმატა, კეირუშის რეალი კი საერთოდ არ იყო ცუდი გუნდი, მათი პრობლემები სეზონის მეორე ნახევრის მიწურულს დაიწყო, მანამდე მშვენიერ ფეხბურთს თამაშობდნენ და შედეგიც ჰქონდათ, თითქოს ფიგუ-ბექემის პრობლემაც გადალახული იყო. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარეობისას სწორედ ამ ორ გუნდს მიიჩნევდნენ ფავორიტად, რა თქმა უნდა, ანჩელოტის მილანთან ერთად.
უნდა ითქვას, რომ 2003/04 წლების სეზონში კიდევ ერთხელ შეიცვალა ჩემპიონთა ლიგის ფორმატი. ამჯერად ისე შეიცვალა, რომ მრავალი წელი ხელი აღარავის უხლია და მხოლოდ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ვნახეთ რაღაც ახალი, რაღაც რადიკალურად შეცვლილი. 2003/04 წლების სეზონში ჯგუფიდან გასული გუნდები პირდაპირ მერვედფინალებში დაწყვილდნენ, არადა, მანამდე ორ ჯგუფურ ეტაპს თამაშობდნენ და გასულები მეოთხედფინალში წყვილდებოდნენ. ამან თითქოს გაამარტივა გრანდებისთვის საქმე, ყოველ შემთხვევაში, ასე ითქვა თავიდან, მაგრამ შედეგად სულ სხვა რამ ვიხილეთ.

არსენალს მეტოქედ სელტა ერგო, მადრიდის რეალს - მიუნხენის ბაიერნი. არსენალი მარტივად გავიდა, რეალმა კი პრინციპული მეტოქე მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. არსენალს 1/4 ფინალში ჩელსი შეხვდა, რომელმაც ერთი საწყალი გოლით დაამარცხა შტუტგარტი, რეალს კი დიდიე დეშამის მონაკო გადაეყარა. ზინედინ ზიდანს თავისივე კაპიტნის გუნდთან უნდა ეთამაშა. ზიზუ უკვე ცოცხალი ლეგენდა იყო მონაკოს ფეხბურთელებისთვის - ევრასთვის, როტენისთვის, ჟულისთვის. თუმცა, მთავარი ინტრიგა ფერნანდო მორიენტესის მადრიდის რეალთან გადაკვეთა იყო. უკვე ვიცოდით პლეიოფის ბადეც, ვიცოდით, რომ მოგების შემთვევაში არსენალი რეალს შეხვდებოდა. უკვე წინასწარ მსჯელობდა ხალხი, გეკითხებოდნენ კიდეც - არსენალი მოიგებს თუ რეალი? - დაუმარცხებელი არსენალი თუ გალაქტიკო?
2003/04 წლების სეზონში ვენგერის არსენალი სამჯერ შეხვდა რანიერის ჩელსის, აბრამოვიჩს სულ ახალი დაწყებული აქვს ვარსკვლავების შეკოწიწება, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ასეთ ახალ გუნდებს ფეხზე დასადგომად დრო სჭირდებათ. სამივე არსენალმა მოიგო, სამივე 2:1. თითქოს ტრადიციულ ანგარიშად ჩამოყალიბდა. არსენალი მართლაც საშიში გუნდი იყო, ჩელსი კი ვერაფერს უხერხებდა. მეორე მხრივ, დეშამის მონაკო აშკარა აუტსაიდერი იყო რეალთან. რთული სათქმელია სად დაირღვა სცენარი, რა მომენტში მოხდა გარდატეხა, რადგან დასაწყისი ლოგიკური იყო. პირველი მატჩები ჩატარდა და ლოგიკურად დასრულდა, რეალმა სახლში მონაკოს 4:2 მოუგო. ის მეორე გოლიც ბოლოს გაუშვა მორიენტესისგან, დიდად ყურადღებაც არ მიუქცევიათ, პრესტიჟის გოლად აღიქვეს, არადა, გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა. ბექემმა დამატებით დროში ყვითელი ბარათი შეგნებულად მიიღო, რომ გასვლითი შეხვედრა გამოეტოვებინა - რა საჭიროა, დავისვენებო.
ლონდონური დერბი 1:1 დასრულდა სტემფორდ ბრიჯზე, არსენალს ჰაიბერიზე უნდა ეთამაშა საპასუხო შეხვედრა, შესაბამისად, უპირატესობაც ჰქონდა. პირველი მატჩების მერე უფრო ნათელი გახდა არსენალი-რეალის საოცნებო ნახევარფინალი. მოლოდინი უკვე პიკს აღწევდა, თითქოს ეს საპასუხო შეხვედრები სწრაფად მოსაცილებელი ტვირთი გახდა. ქომაგებმა თვითმფრინავის ბილეთებიც კი შეიძინეს ლონდონსა და მადრიდში. შესაძლოა, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა.

დაიწყო განმეორებითი მატჩები და რეალმა ანგარიში გახსნა, ორი მატჩის ჯამში 5:2-ს იგებდა, თითქოს ამით მოამთავრეს კიდეც ეს ამბავი. ლონდონში რეიესმა გახსნა ანგარიში და ძალიან რთული გახდა ჩელსისთვის მატჩის მოტრიალება, მაგრამ ეს 2004 წელია, აბსოლუტური სიგიჟის წელი! ეს ის წელია, სადაც პორტუს უკვე გაგდებული ჰყავს ფერგის მანჩესტერი, ეს ის წელია, სადაც ანჩელოტის მილანმა ულამაზესი ფეხბურთით გაანადგურა დეპორტივო 4:1, გასვლაზე კი მოახერხა და 0:4 წააგო. ეს ის წელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი მოჰყვება და ოტო რეჰაგელის საბერძნეთი გაჩემპიონდება. ჰოდა, მოხდა ის, რაც მოხდა.
მონაკომ სამი გოლი შეუგდო მადრიდის რეალს. ჩელსიმ კი არსენალს დაუქამბექა და ორი გოლი გაუტანა. მეორე და გადამწყვეტი გოლი უეინ ბრიჯმა შეაგდო 87-ე წუთზე, ეს ის ბრიჯია, რომლის ცოლსაც ჯონ ტერი აეკიდება (თუმცა, კაცმა არ იცის ვინ ვის აეკიდა), ბრიჯმა დაამარცხა დაუმარცხებელი არსენალი. ჩვენც წინასწარ გაწერილი ლამაზი სცენარის ნაცვლად, მონაკო-ჩელსი მივიღეთ ნახევარფინალში. არ ვიცი იმ წელს ვინ რა მოიგო, მაგრამ ფეხბურთს ნამდვილად არ მოუგია.

გავიდა ორი წელი და არსენალი მადრიდის რეალს უკვე მერვედფინალში შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ არსენალმა ფინალამდე იარა, არა მგონია 2004 წლის არსენალზე ძლიერი ყოფილიყო. არც ფავორიტად თვლიდა ვინმე. მით უმეტეს, რეალი აღარ იყო ძლიერი გუნდი, მობერებული ვარსკვლავებით, ხუან რამონ ლოპეს კაროს რეალი, გალაქტიკოს ერაში, ალბათ, ყველაზე ცუდი რეალი იყო. მაინც დიდებული მატჩები ვიხილეთ, ლამაზი ფეხბურთით, თუმცა, ერთი გოლით, ანრის ზღაპრული გოლით. ამ მატჩის შემხედვარეს კი ისევ ის აზრი მიტრიალებდა თავში - რა იქნებოდა ორი წლით ადრეც რომ შეხვედრილიყვნენ?!
2004 წელს ოქროს ბურთი დეპორტივოსთან შერცხვენილ ანდრეი შევჩენკოს მიაკუთვნეს. არც ლიგა მოუგია, არც ევროზე უთამაშია, მაგრამ სერია A-ში იყო გადასარევი და აუგს ვერც ვერავინ იტყვის. ოქროს ბურთი კიდევ იმიტომ ვახსენე, რომ ანრისთვის ასე ნანატრი ჯილდო ისევ შორს დარჩა, ვითომ რა გააკეთა შევჩენკომ ისეთი 2004-ში, რაც ანრის არ გაუკეთებია?! - ორივე ხომ მეოთხედფინალში გავარდა?! - ანრიმ წაუგებლად მოიგო პრემიერ ლიგა და მიუხედავად ამისა მაინც ვერ შევიდა სამეულში - დეკუსა და რონალდინიოს მერე მეოთხე ადგილი ხვდა წილად.

ახლანდელი არსენალი როგორია?! - არ ჰგავს არც 2004-ის და არც 2006 წლის არსენალს. რეალი როგორია?! - უკეთესი გუნდია, ვიდრე კაროს გალაქტიკო იყო, უფრო დაბალანსებული, არა ისეთი დიადი ფეხბურთელებით, მაგრამ ნამდვილად კარგი შემადგენლობით, და გაცილებით კარგი მთავარი მწვრთნელით. როგორი ფორმაციის გუნდებიც არ უნდა იყვნენ, როცა არსენალი მადრიდის რეალს ხვდება, ნიშნავს იმას რომ შეტევას ვნახავთ, ნიშნავს იმას, რომ უგოლოდ არ ჩაივლის ეს ამბავი.
#კვარას ჩემპიონობა, მამარდას სუპერმატჩი რეალთან - რა გველის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებში?















