მარადონას დაბადების დღე და ნაპოლის საჩუქარი
1960 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა მთავარი ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში - დიეგო მარადონა. მოთამაშე, რომელმაც 1987-1990 წლების შუალედში მოკრძალებულ "პარტენოპეის" 2 სკუდეტო და უეფას თასი მოაგებინა. არგენტინელმა ფლეიმეიქერმა კალჩოში ჩაატარა 259 მატჩი და 115 ბურთი გაიტანა. ის სამხრეთში ნამდვილი საკულტო ფიგურაა.
"აძურის" სტადიონი ატარებს სწორედ "ფეხბურთის უგვირგვინო მეფის" სახელს და ამის გარდა, მისი 10-ნომრიანი მაისური სხვას აღარავის ჩააცვეს. რაც შეეხება მარადონას 64-ე დაბადების დღეს: ანტონიო კონტეს გუნდმა ეპოქალურ მოთამაშეს ნამდვილად განსაკუთრებული საჩუქარი აჩუქა: მან ზეციდან იხილა ჩემპიონობისთვის მომწიფებული ნაპოლი, ისეთი, როგორიც მისი კარიერის საუკეთესო წლებში.

როგორც აღვნიშნეთ, "პარტენოპეიმ" გაიმყარა ლიდერობა, თანაც იმ გუნდის დამარცხებით, რომლის წინააღმდეგ თამაში ლეგენდარული არგენტინელი შემტევისთვის ყოველთვის პრინციპული იყო. დიეგომ კარიერაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა სწორედ "როსონერის" წინააღმდეგ: 5 მოგება, 5 ფრე და 6 წაგება.
სამხრეთელების ლეგენდარულმა კაპიტანმა "შავ-წითლების" კარში მოახერხა შვიდი გოლის გატანა - მხოლოდ უდინეზე დაზარალებულა მისგან მეტჯერ. ამის გარდა, 80-იანების მე-2 ნახევარში "ეშმაკებსა" და "აძურის" შორის არაერთი სასკუდეტო ომი დატრიალებულა. 1987/88 წლების სეზონში ჩემპიონი გახდა არიგო საკის გუნდი, სან პაოლოს ბინადრებს კი მხოლოდ 3 ქულა დააკლდათ.
1989/1990 წლების სეზონში ტრიუმფატორი გახდა ალბერტო ბიგონის გუნდი, სან სიროს ბინადრებს კი მხოლოდ ორი ქულა დააკლდათ. დავბრუნდეთ თანამედროვე ეპოქაში, სადაც კალჩოს სათავეში ნაპოლი არის. საფეხბურთო სამყაროში უკვე ავლებენ პარალელეს 80-იანების მე-2 ნახევრის გუნდსა და 2020 წლების დასაწყისის გუნდს შორის.

განსაკუთრებული დღე კვარაცხელიას კარიერაში
მილანთან შეხვედრა გამორჩეული პერსონალურად კვარაცხელიასთვისაც იყო. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა გარემარბმა "პარტენოპეის" შემადგენლობაში ჩაატარა საიუბილეო, მე-100 მატჩი. ქართველი ვინგერის მონაგარი სამხრეთელებში 30 ბურთსა და 28 ასისტს შეადგენს. საინტერესოა ის, რომ გუშინდელ თამაშამდე, ხვიჩა "როსონერის" კარის აღებას ვერ ახერხებდა.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "აძურის" ლიდერს ყველაზე მეტი, ექვსი შეხვედრა სწორედ "შავ-წითლების" წინააღმდეგ ჰქონდა ჩატარებული. 23 წლის ვინგერმა ნავსი გატეხა მე-7 ცდიდან და "ეშმაკებს" ულამაზესი ბურთი გაუტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც ასევე ის დასახელდა. ერთი სიტყვით, ნაპოლის ლეგენდარულ 10-იანს პერსონალური საჩუქარი 77-ე ნომერმაც გაუკეთა.


















