
იოჰან კრუიფი
კრუიფი ლევანტეში მივიდა კარიერის მიწურულს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, 34 წლის ასაკში. ლეგენდარულმა შემტევმა ვალენსიელებში იჯარით გაატარა 1980/81 წლების სეზონის მეორე ნახევარი, რომლის მიმდინარეობისას ჩაატარა 10 მატჩი და გაიტანა 2 ბურთი. შესაძლოა, იოჰანი "ასულგრანაში" დარჩენილიყო კიდევ უფრო დიდხანს, რომ არა ტრავმები და კლუბის უფროსობასთან კონფლიქტი.

შოთა არველაძე
კიდევ ერთი ლეგენდა ამსტერდამის აიაქსიდან, რომელიც ლევანტეში ასევე კარიერის მიწურულს გადავიდა. არველაძე ყოველთვის ოცნებობდა ლა ლიგაში თამაშზე და ბოლოს მან ეს ნატვრა მაინც აიხდინა. სამწუხაროდ, შოთამ ზაფხულში ვარჯიშზე მიიღო უმძიმესი ტრავმა, რის გამოც მოედანს 10 თვით ჩამოშორდა.
ქართველი თავდამსხმელი დაბრუნდა სეზონის მიწურულს და ვალენსიელთა შემადგენლობაში მან მხოლოდ 4 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. 2007/2008 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, "ასულგრანას" ფორვარდმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. კრუიფის მსგავსად, ესპანურ კლუბში შესაძლოა საქართველოს ეროვნული გუნდის მე-11 ნომერიც დარჩენილიყო უფრო დიდხანს, რომ არა მძიმე დაზიანება.

გიორგი ქოჩორაშვილი
ნახევარმცველი, რომლის გარეშეც თანამედროვე ლევანტე უბრალოდ წარმოუდგენელია. ქოჩორაშვილმა მცირე დროში მოახერხა ესპანურ გუნდში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება. როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგი ვალენსიელებს დატოვებს და სპორტინგს მიაშურებს.
"ასულგრანამ" და ლისაბონელებმა ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად უკვე შეათანხმეს. რაც შეეხება გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას, "ბაყაყები" იბრძვიან პრიმერა დივიზიონში აღზევებისთვის, თანაც საკმაოდ წარმატებულად: 33 ტურის შემდეგ, 59 ქულა და მე-2 პოზიცია. ეს ყველაფერი კი საქართველოს ეროვნული გუნდის შუახაზელის ლიდერობით.

ლორენ ბისან-ეტამე
არსენ ვენგერის ლონდონის არსენალში 240-ზე მეტი შეხვედრის ჩატარებისა და პრემიერ ლიგის დაუმარცხებლად მოგებამდე, ლორენმა სწორედ ლევანტეში გაიბრწყინა. ბისან-ეტამე ვალენსიელებში შენიშნეს სულ რაღაც 1 სეზონში, თავდაპირველად მალიორკამ, შემდეგ კი როგორც აღვნიშნეთ, ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა "მეთოფეებისთვის".

ობაფემი მარტინსი
მარტინსის უკანასკნელი ევროპული გუნდი იყო სწორედ ლევანტე, რომლის შემადგენლობაში მან 27 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. მილანის ინტერში გაბრწყინება, ეპოქალური დუეტი ადრიანო რიბეიროსთან, უსწრაფესი ფეხები და დასამახსოვრებელი აღნიშნვა. დიახ, ობას ვალენსიელებში გატარებული პერიოდი არ ყოფილა ნაყოფიერი, მაგრამ ფანებს ის დღემდე ახსოვთ.

პრედრაგ მიატოვიჩი
თავდამსხმელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1997/1998 წლების სეზონის ფინალში მადრიდის რეალისთვის ტურინის იუვენტუსის კარში ის ერთადერთი ბურთი გაიტანა. "სამეფო კლუბის" დატოვების შემდეგ, მიატოვიჩი გადავიდა ფლორენციის ფიორენტინაში, კარიერა კი მან დაასრულა სწორედ ლევანტეში, რომლის შემადგენლობაში 3 ბურთის გატანა მოასწრო.

კეილორ ნავასი
მეკარე, რომელმაც ლევანტე, როგორც ტრამპლინი გამოიყენა სხვებზე ეფექტურად. აღნიშნულ გუნდში 70 შეხვედრის ჩატარებისა და 2014 წლის მუნდიალზე გაბრწყინების შემდეგ, ნავასი რეალში გადავიდა. რა მოხდა შემდეგ? 11 მოგებული ტიტული, მათ შორის 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. მას ხშირად უწინასწარმეტყველებდნენ მადრიდიდან წასვლას, მაგრამ ფაქტია, კეილორმა ევროპის ყველაზე ტიტულოვან კლუბში 160-ზე მეტი მატჩის ჩატარება მოასწრო.

ჯუზეპე როსი
უნიჭიერესი თავდამსხმელი, რომლის კარიერა ტრავმებს შეეწირა. როსიმ ვერ მოახერხა მანჩესტერ იუნაიტედში დამკვიდრება, თუმცა ვილიარეალში მან ნამდვილი ფურორი მოახდინა. ჯუზეპე 82 გატანილი ბურთით ვალენსიელების რიგით მე-3 ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია. რაც შეეხება იტალიელი ფორვარდის ლევანტეში გადასვლას, ეს კარიერის ბოლოსკენ, ფიორეს დატოვების შემდეგ.

რობერტო სოლდადო
თავდამსხმელი, რომელიც ვერ გამოიყენა რეალმა, რასაც ვერ ვიტყვით ვალენსიაზე, რომლის შემადგენლობაში სოლდადომ 80 გოლი გაიტანა. შემდეგ რობერტოს კარიერაში იყო წარუმატებელი ტრანსფერი ტოტენჰემში, ხეტიალი რამდენიმე კლუბში, ბოლოს კი სწორედ ლევანტე. მისი თავგადასავალი სწორედ "ასულგრანაში" დასრულდა.

ჩისკო მუნიოსი
ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი ეროვნული ლიგის ისტორიაში, რომელიც თბილისის დინამოში სწორედ ლევანტედან გადავიდა. 2009-2011 წლებში, ვალენსიელებში 61 მატჩში 10 ბურთის გატანის შემდეგ, ჩისკო "ლურჯ-თეთრებში" გადავიდა. როგორც გვახსოვს, ახალ გარემოში ის იყო ბევრად უფრო შედეგიანი: 79 გოლი 129 შეხვედრაში.
ასევე გამოსარჩევია: მარტინ კასერესი, თეოფანის გეკასი, იან ჰარტი, ხოსეიტო იგლესიასი, პედრო ლეონი, ბორხა მაიორალი, შკოდრან მუსტაფი, ჯანპაოლო პაცინი, პეპელუ გარსია, ალექს რემირო, ლუის რუბიალესი, სალვა ბალესტა, რობერტ სანჩესი, სავიო ბორტოლინი, კიკე სეტიენი, მოჰამედ სისოკო, დამიანო ტომაზი, ვისენტე როდრიგესი.

















