ფონსეკას კიდევ ერთი დიდი გამოცდა
"შავ-წითლების" სტარტი იყო წარუმატებელი - ოთხი ტურის შემდეგ, აღნიშნული გუნდის ანგარიშზე სულ რაღაც ხუთი ქულა იყო. მეხუთე ტურში გაიმართა დერბი დელა მადონინა, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელად სწორედ "ეშმაკების" მოგებით დასრულდა. მატჩამდე იწერებოდა, რომ ინტერთან წაგების შემთხვევაში, ფონსეკა თავის ადგილს დაკარგავდა.
მოსახდენი არ მოხდა, მილანმა იმარჯვა, პორტუგალიელი მწვრთნელის პოსტი კი ხელუხლებელი დარჩა. იმის შემდეგ, მისმა გუნდმა გამართა კიდევ რამდენიმე მატჩი და დღეს "როსონერის" ელის მორიგი რთული გამოცდა, მეტოქე ამჯერად სერია ა-ს სამხრეთელი ლიდერის არის. სხვაობა ამ ორ გუნდს შორის შეადგენს 8 ქულას, მაგრამ "შავ-წითლებს" 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

"ეშმაკებს" გასულ შაბათ-კვირას უნდა ეთამაშათ ბოლონიასთან, თუმცა აღნიშნული შეხვედრა ემილია-რომანიაში მომხდარი წყალდიდობის გამო გადაიდო. თავდაპირველად იწერებოდა, რომ მატჩი გაიმართებოდა ემპოლის ან კომოს სტადიონზე, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გადადებამდე მივიდა. ეს ვარიანტი სან სიროს ბინადრებს არ აწყობდათ.
პირველ რიგში იმიტომ, რომ ფონსეკას გუნდს აქვს ისედაც გადატვირთული გრაფიკი, რომელშიც კიდევ ერთი შეხვედრის ჩასმა დატვირთვის გაზრდას ნიშნავს. ამის გარდა, მილანის უახლოეს მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტეო ერნანდესი და ტიჯი რეინდერსი ტოვებენ. "როსობლუსთან" თამაშის შემთხვევაში აღნიშნული ბანი გავრცელდებოდა სწორედ ამ მატჩზე, მაგრამ ახლა ყველაფერი ისე მიეწყო, რომ "როსონერის" წამყვანი მოთამაშეები "აძურისთან" არ ეყოლება.

კონტეს ნაპოლის საჩემპიონო ამბიციები
როგორც აღვნიშნეთ, სერია ა-ს ლიდერები ამ დროისთვის დიეგო მარადონას ბინადრები არიან. საფეხბურთო სამყაროს ნაწილი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ კონტეს გუნდს 2 წლის წინანდელი წარმატების გამეორება შეუძლია. "შავ-წითლებთან" გასვლითი მატჩი არის შესანიშნავი საშუალება იმის სანახავად, თუ რა შეუძლია ნაპოლის რეალურად.
"პარტენოპეის" განკარგულებაში იქნება ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გასულ შაბათ-კვირას სპეციალურად "ეშმაკებთან" შეხვედრისთვის დაისვენა. მისი მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული და კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხში წინსვლა არ შეინიშნება. სამხრეთელები მას სთავაზობენ 6 მილიონს, ქართველი ვინგერის მხარე კი 8-ს ითხოვს.

პრესაში ისიც იწერება, რომ სან სიროზე დაგეგმილ თამაშამდე აურელიო დე ლაურენტისსა და მამუკა ჯუღელს შორის კიდევ ერთი შეხვედრა არის ჩანიშნული. იმედი დავიტოვოთ, რომ ბიუროკრატიული გაურკვევლობა უარყოფით გავლენას არ მოახდენს "აძურის" ლიდერის თამაშის ხარისხზე და დღეს მის მორიგ შოუს ვიხილავთ.


















