ალისონ ბეკერის სახით, ლივერპულს უკვე ჰყავს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, თუმცა კლუბმა 30 მილიონ ფუნტად გიორგი მამარდაშვილი მაინც იყიდა. ისმის კითხვა: ნაადრევი ხომ არ არის ბრაზილიელი კარის დარაჯის შემცვლელზე ფიქრი? არა, რადგან ქართველი მეკარის ტრანსფერი სამომავლო გეგმის ნაწილია.
როგორც ვიცით, მერსისაიდელთა ამჟამინდელი მეკარე გუნდში რჩება, ვალენსიას გოლკიპერი კი განათხოვრების წესით ლა ლიგაში კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს გაატარებს. "წითლებმა" იფიქრეს, რომ 23 წლის კარის დარაჯის მომავალში გაფორმება შესაძლებელია უფრო გართულებულიყო და სწორედ ამიტომ, ფაქტობრივად, მათ წინასწარ დაჯავშნეს ტოპ მეკარე.
დიდი ფეხბურთიდან წასვლის გზაზე არც "სქაუზერთა" ამჟამინდელი პირველი ნომერია, მას თავისუფლად შეუძლია ჩვეულ დონეზე თამაში კიდევ მინიმუმ ხუთი წელი, მაგრამ კითხვებს კარის დარაჯის მოტივაცია იწვევს. 31 წლის გოლკიპერმა ენფილდზე ყველაფერი მოიგო და არაა გამორიცხული, რომ მას ახალი გამოწვევის მიღება მოუნდეს.
ამის გარდა, ალისონს უახლოეს წარსულში რამდენიმე ტრავმა ჰქონდა, რაც შესაძლოა თამაშების გამოტოვების მიზეზი მომავალშიც გახდეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბრაზილიელი კარის დარაჯი ისეთი ეფექტური არ იყო, როგორიც წინა წლებში. მისი საუკეთესო სეზონი 2022/23 წლებს უკავშირდება, როდესაც მას მოსალოდნელი გოლების მოგერიების თვალსაზრისით, ნისლიან ალბიონზე მხოლოდ ბერნდ ლენომ აჯობა.
რაც შეეხება გასულ სეზონს, ბეკერის xGOT (მოსალოდნელი გაშვებული გოლების მაჩვენებელი) უდრიდა 28.97-ს, მან კი 29 გოლი გაუშვა. 2019/2020 წლების სეზონის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იურგენ კლოპის ყოფილი გუნდის კარის დარაჯმა მოსალოდნელზე მეტი ბურთი გაუშვა.

არის თუ არა ეს ყველაფერი 31 წლის მეკარის რეგრესისკენ მიმავალი გზის დასაწყისი? რთული სათქმელია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ლივერპულის ხელმძღვანელობა ასე ფიქრობდეს. სწორედ ამ ფაქტით იხსნება "ღამურების" 25-ე ნომრის ტრანსფერი, რომელსაც მოგერიებული ბურთების თვალსაზრისით დღეს ევროპაში ბევრი ვერ შეედრება.
ლა ლიგის გასულ სეზონში მამარდაშვილი საშუალოდ ერთ შეხვედრაში ახორციელებდა 11.3 მოგერიებას და საერთო ჯამში, მის ანგარიშზე 39 გაშვებული ბურთი იყო. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი კარის დარაჯის xGOT 50.3-ს უდრიდა. ეს იყო საუკეთესო მაჩვენებელი პრიმერა დივიზიონში და მე-3 ზოგადად ევროპის ტოპ 5 ლიგაში.
გიორგიზე წინ იყო მხოლოდ მიკელე დი გრეგორიოზე (12.3) მონცადან და ჯანლუიჯი დონარუმაზე (11.5) პარის სენ-ჟერმენიდან. საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, დაიწყო ევრო 2024, რომელზეც ასევე გაიბრწყინა საქართველოს ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა. 38 დარტყმიდან 30 სეივი, ასეთი იყო 23 წლის გოლკიპერის მონაგარი.

"ჯვაროსნების" 25-ე ნომერმა ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე დანარჩენ მეკარეებს მინიმუმ 12 მოგერიებული ბურთით გაუსწრო. ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ მამარდაშვილმა მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე გააკეთა 21 სეივი, რაც კონტინენტის პირველობის ისტორიაში საუკეთესო და რეკორდული მაჩვენებელია.
ქართველი მეკარის მოსალოდნელი გაშვებული გოლების მაჩვენებელი ევროპის ჩემპიონატზე უდრიდა 12.7-ს, მან კი მხოლოდ 8 ბურთი გაუშვა. გამოდის, რომ გიორგიმ მოსალოდნელზე 4.7-ით ნაკლები გაუშვა. მისი xGOT კოეფიციენტი უდრის 1.29-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ იქ, სადაც სხვა საშუალო სტატისტიკური კარის დარაჯი გაუშვებდა 13-ს გოლს, ჩვენი სტატიის გმირი 10-ს უშვებს.
მოგერიებული ბურთების თვალსაზრისით, "ლოს ჩეს" მეკარე ლა ლიგაში მესამე იყო, ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში კი - მეცხრე, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, თუ დარტყმების რა რაოდენობას იღებს ესპანური გუნდი სხვებთან შედარებით. მერსისაიდელები მეტოქეზე უფრო მეტად დომინირებენ, ვიდრე "მურსელაგოსი" ან "თეთრ-წითლები", რითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეივების თვალსაზრისით, 23 წლის კარის დარაჯს ახალ გუნდში უფრო ნაკლები საქმე ექნება.

უხეშად რომ ვთქვათ, "წითლებს" შეხვედრაში გამარჯვების მოპოვების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე მესტალიელებს და ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც: "სქაუზერების" ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 61.3%-ს, მაშინ, როდესაც რუბენ ბარახას გუნდის მაჩვენებელი - 43.6%-ს, მაგრამ გამოსარჩევია კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც გაშვებულ ბურთებს ეხება.
ენფილდელებსა და ვალენსიას შორის კლასში დიდი სხვაობაა, თუმცა როგორია საკუთარ კარში მიღებული სახიფათო მომენტების სტატისტიკა? საშუალოდ ერთ მატჩში, კლოპის გუნდი "ღამურებზე" მხოლოდ 13 სახიფათო მომენტით ნაკლებს იღებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ესპანური გუნდის 25-ე ნომერი ლივერპულშიც საკმაოდ დატვირთული იქნება.
მივადექით ტაქტიკურ სხვაობას მერსისაიდელებსა და "ლოს ჩეს" შორის, პირველი და უმთავრესი სხვაობა - გრძელი გადაცემა, ანუ ის რაც იყო "მურსელაგოსში" და ის, რაც არ იქნება "წითლებში". ესპანურ გუნდში არ უყვართ რისკი და სიღმრმიდან თამაში, შორეულ დისტანციაზე განხორციელებული პასები კი მესტალიელთა ტაქტიკის შემადგენელი ნაწილია.
კონკრეტულად მამარდაშვილმა განვლილ სეზონში 717 გრძელი გადაცემა გააკეთა, რაც ლა ლიგის ფეხბურთელებს შორის რაოდენობის მხრივ მეხუთე საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება ქართველი კარის დარაჯის პასების სიზუსტეს: 208 პასი, რაც საერთო რაოდენობის 29% არის. რაც შეეხება ევრო 2024-ზე დაფიქსირებულ შედეგს, აქ შედარებით უკეთესი სიტუაცია გვხვდება.

გიორგის ზუსტად შესრულებული გრძელი გადაცემების მაჩვენებელი შეადგენდა 53.1 პროცენტს, რაც ბარახას გუნდში დაფიქსირებულ შედეგზე უკეთესია, მაგრამ მისი სიზუსტე ვარდებოდა 27.8 პროცენტამდე, როდესაც ის მეტოქისგან პრესინგს განიცდიდა. ვილი სანიოლის გუნდის კარის დარაჯმა ასეთ ვითარებაში გააკეთა 18 პასი, ზუსტი 5 იყო.
ცხადია, ამ კომპონენტში ძალიან დიდ როლს თამაშობს ის ფაქტი, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია მოედნის ფეხბურთელს მეკარისგან ჩაწოდებული ბურთის მიღება და დამუშავება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "სქაუზერებში" მოთამაშე 23 წლის კარის დარაჯს პრესინგის ქვეშ მოუწევს არა ბურთის მოშორება, არამედ მოკლე პასის გაკეთება თანაგუნდელზე, რაც სულ სხვა რამ არის.

ჯერჯერობით არ გვქონია იმის შესაძლებლობა, რომ სრულფასოვნად გვენახა, თუ რას წარმოადგენს ვალენსიას 25-ე ნომრის მოკლე გადაცემა, რამდენად უშეცდომო იქნება ის, რამდენად შეძლებენ ენფილდელები პრესინგიდან ამოსვლას და შეტევის წამოწყებას. ის ფაქტი, რომ მამარდაშვილი ფეხით ნაკლებად თამაშობს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ეს საერთოდ არ შეუძლია, ის უბრალოდ სხვა სტილის კარის დარაჯია.
რამდენად აითვისებს ქართველი მეკარე არნე სლოტის ახალ, მისთვის არც ისე გავრცელებულ ტაქტიკას, ამას დრო გვიჩენებს. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლივერპულს ეყოლება ნიჭიერი კარის დარაჯი, რომლის პოტენციალი მართლაც დიდია. გიორგი ელოდება თავის შანსს, სხვა დანარჩენი კი უკვე მერსისაიდელთა ამჟამინდელი 1-ელი ნომრის წასვლაზეა დამოკიდებული.


















