ტიერი ანრიმ გვითხრა, ფეხბურთმა მენტალურ პრობლემებამდე მიმიყვანაო, იან რაითმა კი ახალგაზრდულ ასაკში ნიუკასლში აღმოჩენისას განცდილ შიშებზე გადაგვიშალა გული. კილიან მბაპე ამბობს - რას არ გავიღებდი კაფეში ყავის დალევა მშვიდად რომ შემეძლოსო და მისთანები. ფეხბურთისგან გამოწვეული უარყოფითი ენერგიები საუბრის ძალზე სპეციფიკური საკითხია და სჯობს გავეცალოთ, რადგან ჩემს ოთახში ფსიქოთერაპევტის სერთიფიკატს ვერ ვხედავ.

ამ ასწრაფებულ ფეხბურთში ტრანსფერები არ თავდება და მოთამაშეებიც მუდმივად იცვლიან ნავსაყუდელს, თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა ფეხბურთელები კონკრეტულ კლუბს სხვადასხვა მიზეზის გამო უარს ეუბნებიან. ჩვენ მერსისაიდს მივაკითხოთ, ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კლიმატურ გარემოს, ზეუცნაური ინგლისური აქცენტითა და ქედმაღლობით რომ გამოირჩევა. დიახ, სადგური ლივერპული ხშირად იღებს უარს და ვარსკვლავთა გადაბირება ძალიან რთულად გამოსდის. რატომ? - ამ შეკითხვაზე სინათლის მომფენი, ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ ფაქტორთა შეჯამება მაინც ღირს.
როცა საქმე ინგლისს ეხება, უპირველესად, ღრუბელი და ნესტი გახსენდება. ყველაზე ტრივიალური და გადაღეჭილი მიზეზი, რომელიც არახალია. ნისლიანი ალბიონის სახელიც თავისას შვრება. დიდი ბრიტანეთი სიცივითა და უხვი ნალექითაა გამორჩეული, მაგრამ ლივერპულსა და ატლანტის ოკეანეს შორის მხოლოდ მდინარე მერსი დგას, რაც ქალაქს ნალექიანთა ნუსხაში მოწინავე პოზიციაზე ამყოფებს. კილიან მბაპეს რომ ქომაგი სთხოვდა არსენალში გადმოდიო, მისი პასუხი მრავლისმეტყველი იყო - არა, ინგლისში ძალიან ცივა და იქ ვერ ვითამაშებო. ლონდონი ხომ ბევრისთვის მსოფლიოს დედაქალაქიც კია, მაგრამ ამინდის ფაქტორი აქაც დიდ როლს ასრულებს. მუდამ რომ წვიმს, ღია სივრცეში დროის გატარების შესაძლებლობა იკლებს და ყოფა ერთფეროვანი ხდება, მოთამაშეებს განტვირთვის შესაძლებლობა უმცირდებათ. კლიმატის საკითხი იმდენად ნაცნობია, რომ აქ დიდხანს გაჩერება არ ღირს, მაგრამ ახლა, უშუალოდ ლივერპულისთვის ნათქვამი უარები განვიხილოთ.

ყველაზე ცხელი და ქომაგისთვის ჯერაც მოუშუშებელი იარაა მარტინ სუბიმენდის უარი. პროცესში ისე დალაგდა, რომ რაიან გრავენბერხმა „წითლებს" მიავიწყა ბასკი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ქალაქ სან სებასტიანსა და ლივერპულს შორის კონტრასტი იმხელაა, როგორიც ამ ქალაქთა საფეხბურთო გუნდებს შორის. ბასკეთის მხარე სამოთხეს წააგავს, რომელთან გამოთხოვებაც ძნელია. ლივერპული კი მძიმე სამრეწველო ქალაქია, უხვი ნალექით, ქარხნებითა და რუტინული ყოველდღიურობით. სუბიმენდიმ უარი ამით ახსნა. რთულია ლივერპულში თამაშზე უარის თქმა, მაგრამ ლივერპული ენფილდ როუდზე არ სრულდება, რეპორტაჟის ბოლოს ერთმანეთს რომ ვემშვიდობებით და სხვა მატჩზე გადავრთავთ, მოთამაშეები წესრიგდებიან და სახლში მიდიან. უმძიმესი კალენდრის ფონზე კი მოგზაურობა უტოპიურია. ბრიტანულ გამოკითხვებში საცხოვრებლად ყველაზე უარეს ქალაქთა შორის ლივერპულს მოწინავე სამეულში ყოველთვის ასახელებენ. სიღარიბის გამორჩეული ინდექსისა (ყველაფერი შედარებითია, თორემ საშუალო სტატისტიკურ ლივერპულელს შემოსავალი ყოველთვიურად £1200 აქვს) და სხვა უამრავი მიზეზის გამოა, დომინიკ სობოსლაი გრეითერ მანჩესტერში რომ ცხოვრობს. მანჩესტერსა და ლივერპულს შორის მანძილი სულ რაღაც 35 მილია და უნგრელი ვარსკვლავიც ერლინგ ჰოლანდის მეზობლად დაბინავდა. ლივერპულთან შედარებით ქალაქი მანჩესტერი გაცილებით თანამედროვე და საცხოვრებლად მიმზიდველია.

2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა მსოფლიოს დიდი დაღი დაასვა, მაგრამ ამ მხრივ ლივერპული გამორჩეულად დაზარალდა. ლივერპულის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი უილიამსი ადრე ქალაქის მერიაში მუშაობდა და სავალალო სტატისტიკას გვაუწყებს: ,,ქალაქი ბოლო 14 წელიწადში 300 მილიონით გაღარიბდა და ქვეყნის ქამრის შემოჭერის პოლიტიკამ ლივერპულის მერიას 598-მილიონიანი ვალიც დაუგროვა.’’
სიტყვა deprived-ის ქართული შესატყვისი ძალიან რთული მოსაძებნია, თუმცა თარგმანი ასე გამოიყურება - სოციალურ კეთილდღეობას მოკლებული და შეჭირვებული. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამ სიტყვით აღწერენ ლივერპულს. მთლად ეკონომიკურ მსჯელობაში რომ არ გადავიდეთ, ვთქვათ - ინგლისისათვის შეუსაბამოდ მწირი ციფრები მძიმე სოციალურ ფონს განაპირობებს. ისე, მუდამ ასე არ ყოფილა და 80-იან წლებში ლივერპული ეკონომიკურად გრგვინავდა, მაგრამ როგორც Liverpool Echo-ს ფინანსური რეპორტიორი გვიხნის, ქვეყანამ კურსი იცვალა და სავაჭრო ურთიერთობები აღმოსავლეთთან გაამჭიდროვა, შესაბამისად, ლივერპულის პორტში ატლანტიკის ოკეანიდან შემომავალ გემთა რაოდენობამ იკლო და ქალაქს მძიმე ეკონომიკური რეალობა გაუჩინა, მერსისაიდელებმა კი პრემიერ მინისტრს შეუტიეს ჩვენდამი ანტიპათიამ გადაგადგმევინა ასეთი ნაბიჯებიო. მარგარეტ ტეტჩერისადმი სიძულვილი, დახურული ქარხნები, ჰილსბოროს ტრაგედია და ლივერპულელთა მარადიული მემარცხენეობა კი, საფეხბურთო პრიზმას გვარიანად სცდება და სჯობს, მწვანე საფარს დავუბრუნდეთ.
მაშინ, როდესაც დენის ბერგკამპი კარიერის ახალ ეტაპს ეძებდა, ლივერპული დაწინაურდა და თითქოს გარიგება წარმატებით უნდა დაეხურათ, მაგრამ უცფად, საქმეში არსენალი ჩაერთო და ლონდონის გლამურმა ნიდერლანდელი გენიოსი აცდუნა, პრემიერ ლიგა სამჯერ მოიგო და ვინ იცის, ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გოლიც გაუტანა ნიუკასლს, აქაც - მერსისაიდელები ქალაქურ ბრძოლაში დამარცხდნენ.
მომცრო ქალაქის ერთ-ერთი უარყოფითი ნიშანი პირადი სივრცის ნაკლებობაა. პარიზს, მადრიდს, ლონდონსა და მისთანებს ის პლუსი აქვთ, რომ შეგიძლია შეუმჩნევლად გადაადგილდე, მაგრამ ლივერპულში ეს ძალიან რთულია. აქ ვიღაც აუცილებლად შეგნიშნავს რამდენიმე წუთში ქომაგთა არმია წამოგეწევა და ნანატრი პირადი სივრცეც ქრება.

უარის მიზეზს რა გამოლევს, მაგრამ ეს ხომ ლივერპულია? ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი უამრავი ტიტულითა და შეუპოვარი ენფილდური გოდოლით. აი, ბოლო წლებში მერსისაიდელებს ფეხბურთელების დაყოლიების საკითხი იურგენ კლოპის ხარჯზე ჰქონდათ მოგვარებული. ყველას სურდა ჰერ კლოპთან მუშაობა. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ლონდონის არსენალს რომ ტოვებდა, ასევე, ლონდონური ჩელსისგან ზემსუყე შეთავაზება მაგიდაზე ედო, მაგრამ კლოპთან ერთი საუბრის შემდეგ ოქსის რეისი ჯონ ლენონის აეროპორტში დაეშვა. კლოპი ის კოზირი იყო, რომელიც ლივერპულს ფარდებს მიღმა გამოაკლდა. არნე სლოტმა ბრწყინვალედ დაიწყო - პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მისი ლივერპული ფეერიულად თამაშობს და ორივე ტურნირის ცხრილს ლიდერობს, მაგრამ გერმანელი წინამორბედისგან განსხვავებით, არნეს კლოპისეული სტატუსი ჯერ არ მოუპოვებია. იურგენ კლოპთან მუშაობის პერსპექტივამ ტიაგო ალკანტარაც კი მოხიბლა, რომელიც, შესაძლოა, ბოლო წლებში ერთადერთია შემდგარი ვარსკვლავის სტატუსით რომ შეუერთდა ლივერპულს. მთლად ქალაქს რომ არ მივაწეროთ ყველაფერი, ჯონ ჰენრისა და მისი გუნდის მანიბოლურ სცენარზე დაფუძნებული სატრანსფერო პოლიტიკის ფაქტორიც სახსენებელია. ლივერპულის პრიორიტეტი საინტერესო ახალგაზრდების აღმოჩენა და გავარსკვლავებაა, ოღონდ დაბალანსებულად. ტოპ ფეხბურთელებს დამატებული ნიჭიერი ახალგაზრდები - მოდელი გადასარევად მუშაობს.

სიმბოლურია, რომ ტრანსფერები ვახსენეთ, რადგან შემდეგი სასაუბრო თემა, შესაძლოა, ლივერპულელთა პოტენციური სატრანსფერო აქტივობის განხილვაც კი იყოს. ქალაქი ძველ რელსებს გაუყვება, სქაუზერები კი ისევ ყველა ხელისუფალს დაამუნათებენ, რადგან ეს ლივერპულელთა სავიზიტო ბარათია.















