
იყვნენ მოთამაშეებიც, რომლებმაც მართალია ინგლისურ ფეხბურთში გარკვეული კვალი დატოვეს, თუმცა არა სერ ალექს ფერგიუსონის დამოძღვრილ იუნაიტედში. ასეთი მოთამაშეებიდან ალბათ ყველაზე მეტად უელსელი რობი სევიჯის და ჩრდილოირლანდიელი კიტ გილესპის გამორჩევა შეიძლება. რაც შეეხებათ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მთავარ გუნდში დაწინაურდნენ და იქ თავიანთი კვალი წარუშლელად დატოვეს, ასეთი ახალგაზრდა სულ ექვსი აღმოჩნდა - ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი - რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი, ძმები ფილ და გარი ნევილები და დევიდ ბექემი. კლუბში, მათი ერთობლივი ისტორია 1994 წლის 1 ივლისიდან იწყება (დევიდ ბექემის 1-თვიანი იჯარის გამოკლებით) და 2003 წლის 1 ივლისს, ისევ დევიდ ბექემის მადრიდში გადასვლით დასრულდა. ინგლისელი ნახევარმცველი ფლორენტინო პერესის შექმნილ „გალაქტიკოსს“ შეუერთდა €37.5 მილიონის სანაცვლოდ, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი სატრანსფერო თანხა გახლდათ. ამ პერიოდში კი კლუბმა ჯამში 13 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ყველაზე გამოსარჩევი, ცხადია, 6 პრემიერლიგური ტიტული და 1998/99 წლების ტრებლია, ჩემპიონა ლიგის საოცარი ფინალით. თუმცა, ცხადია, მათი უმეტესობა მხოლოდ ამ ტიტულებით არ შემოფარგლულა და გუნდში ბევრად დიდი დროც გაატარა, ამ ყველაფრის უკეთ შესაცნობად კი მიმოვიხილოთ თითოეულის მანჩესტერული კარიერა.
დავიწყოთ იმ მოთამაშით, რომელსაც სულ მცირე ასაკით პირველობა ეკუთვნის. 92-იანელთაგან რაიან გიგზი პირველი იყო, რომელიც ძირითად გუნდში დააწინაურეს, კერძოდ კი 1991 წლის ივლისში ის უკვე პირველი გუნდის წევრად მოიაზრებოდა. დებიუტი კი კიდევ უფრო ადრე ამავე წლის 2 მარტს ჰქონდა. გამოსარჩევი ფაქტია, რომ რაიანის ახალგაზრდული კარიერა მართალია მანჩესტერში, მაგრამ მის ლურჯ ნაწილში იწყებოდა და ქალაქის წითელ მხარეს მხოლოდ 1987 წლის მიწურულს შეუერთდა. მიუხედავად ამისა, მან მალე მოიპოვა მწვრთნელების პატივისცემა და ახალგაზრდული გუნდის კაპიტნობაც მას ერგო. ახალგაზრდა უელსელი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რამდენად დიდებული კარიერა ელოდა წინ. მან „წითლების" შემადგენლობაში 963 მატჩი ჩაატარა, რითაც, რასაკვირველია, აბსოლუტური რეკორდსმენია. გიგზი პირველია პრემიერლიგურ საგოლე გადაცემებშიც, შეძლო რა 162 საგოლე გადაცემის შესრულება ინგლისის რანგით უმაღლეს ლიგაში. მანჩესტერელთა 11 ნომერი კარიერის ბოლომდე გუნდში დარჩა და კარიერა 2014 წელს დაასრულა. ამ პერიოდში კი ჯამში 35 ტიტული მოიგო. ამ ტიტულებიდან 13 კი პრემიერ ლიგა გახლდათ, რაც, ცხადია საუკეთესო შედეგია. სხვა არცერთ ფეხბურთელს არ აღუმართავს ამდენჯერ ინგლისის უმაღლესი ლიგის თასი.

მეორე მოთამაშე, რომელიც ჩატარებული მატჩებით, ამ სიიდან რაიან გიგზსს მოსდევს, ლეგენდარული ინგლისელი პოლ სქოულზია. პოლმა სადებიუტო შეხვედრა 1994 წლის 20 სექტემბერს გამართა. გიგზის დარად, არც მას უასპარეზია არასდროს სხვა კლუბის მაისურით და კარიერის ბოლომდე, ანუ 2011 წლამდე მანჩესტერელთა რიგებში თამაშობდა. შემდეგ კი, მშობლიური კლუბის საჭიროებებიდან გამომდინარე, არც ბუცების ლურსმნიდან ჩამოხსნა დაზარებია და 2012 წლის იანვარში ფეხბურთს და მშობლიურ გუნდს კვლავ დაუბრუნდა. ამჯერად საბოლოოდ კარიერა 2012/13 წლების სეზონის ბოლოს დაასრულა. პოლს საკლუბო კარიერაში 718 მატჩი დაუგროვდა, სადაც 155 გოლის გატანაც შეძლო. რომ მკითხოთ, თუ რომელი გოლი მახსენდება მასზე პირველად, პასუხს მარტივად გაგცემთ - გოლი, რომელმაც მანჩესტერი 2007/08 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. საუბარი, ცხადია, რომ ბარსელონას კარში გატანილ მის ულამაზეს გოლზე მაქვს. ძნელია ცდუნებას გაუძლო მაშინ, როცა ბურთით ხარ, მაისურზე სქოულზი გაწერია და მთელი ოლდ ტრაფორდი გთხოვს კარში დარტყმას. სქოულზმაც გაისროლა და გუნდს, ჯერჯერობით უკანასკნელ ჩემპიონთა ლიგამდე მისასვლელი ბილიკი გაუხსნა.

ცნობილი ექვსეულიდან მესამე, ვისზეც უნდა ვისაუბროთ, ვფიქრობ, რომ დევიდ ბექემია. ლეგენდარული ინგლისელი ნახევარმცველი გუნდში, ფაქტობრივად მთელი კარიერის განმავლობაში, ნამდვილი ვარსკვლავის სტატუსით სარგებლობდა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაამყარა 1997/98 სეზონის დასაწყისში, ერიკ კანტონას კარიერის დასრულების შესახებ მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდგომ, ვაკანტური შვიდი ნომერის „ბექსისთვის“ მიცემამ. მანამდე კი, დევიდი მარკ ჰიუზის დატოვებულ 10-ნომრიან მაისურს ატარებდა. სამწუხაროდ, მანჩესტერელთა შვიდიანის და კლუბის ისტორია დიდი კონფლიქტით დასრულდა, კონფლიქტით მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის. სერ ალექსმა მიიჩნია, რომ ბექემი ფეხბურთზე საკმარისად კონცენტრირებული აღარ იყო და თანაც, საკუთარი თავი მწვრთნელზე მნიშვნელოვან პერსონად მიაჩნდა. ამას კი, ცხადია, ფერგიუსონი არავის აპატიებდა და ყველაფერი 2003 წლის ივლისში, ლოგიკურად - ბექემის გუნდიდან წასვლით დასრულდა. ამ პერიოდში დევიდმა 12 ტიტულის მოგება შეძლო. ისე, მის მიერ გაჟღერებული ფრაზის ერთ-ერთი გაზეთის გადმოქართულებულ ვერსიას თუ გავიხსენებთ, მართლაც ასე მოხდა- იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსაო. ჰოდა, მისი შვიდიანიც მომდევნო სეზონიდან კრიშტიანუ რონალდუმ მოირგო.

შემდეგი ფეხბურთელი, ვისზეც უნდა ვისაუბროთ გარი ნევილი გახლავთ - ერთადერთი ექვსიდან, ვისაც „წითელი ეშმაკების" კაპიტნობის პატივი ერგო (ცხადია, ცალკეულ მატჩებში სტატიის სხვა გმირებიც იყვნენ კაპიტნები). 2005/06 სეზონის დაწყების წინ, ლეგენდარული როი კინის სამკლავური სწორედ მანჩესტერელთა ორმა ნომერმა ჩაიბარა. მანამდე კი იყო კარიერა, რომელიც ოფიციალურად 1994 წელს დაიწყო და 2011 წლამდე გრძელდებოდა. ინგლისელთა და მანჩესტერელთა მარჯვენა მცველმა კლუბში ჯამში 600-მდე შეხვედრა გამართა, სადაც 7 გოლს 49 საგოლე გადაცემაც დაუმატა. ჯამში მან კლუბთან ერთად 29 ტიტული მოიგო, აქედან 10 კი უშუალოდ კაპიტნის რანგში. ბოლო სეზონებში გაუთავებელი ტრავმებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ შუა, კერძოდ კი 2010/11 წლების სეზონში გარიმ კარიერა დაასრულა, კაპიტნობა კი სერბ ნემანია ვიდიჩს გადაულოცა. მართალია არა სამწვრთნელო, მაგრამ საკლუბო კარიერა ნევილს ნამდვილად ლეგენდარული გამოუვიდა.

ასევე უნდა გავიხსენოთ, გარის უმცროსი ძმა ფილი. ფილ ნევილი ექვსეულში ყველაზე უმცროსია და ძირითად გუნდში დებიუტიც ყველაზე გვიან - 1995 წლის 28 იანვარს ჰქონდა - ვრექსჰემის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ფილმა პირველივე შეხვედრაში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მსგავსად მისი ძმისა, უმცროსი ნევილიც ამპლუით მარჯვენა მცველი გახლდათ, თუმცა ძმასთან კონკურენციის გამო, ის ხშირად დაცვის მარცხენა ფლანგზე ანდაც საყრდენ ზონაში ასპარეზობდა. სწორედ იმ სეზონში, როცა მისი უფროსი ძმა კაპიტანი გახდა, ფილმა ქალაქიცა და ფერებიც გამოიცვალა - მანჩესტერის წითელი მხარიდან ქალაქ ლივერპულის ლურჯ მხარეში გადაინაცვლა და ევერტონს შეუერთდა. მისი სატიტულო კარიერა შედარებით მოკრძალებულია და მხოლოდ 13 ტიტულს ითვლის, თუმცა მისი გუნდში ყოფნისას, მისივე უნივერსალურობიდან გამომდინარე, სერ ალექსისთვის ძალზედ საჭირო მოთამაშედ ითვლებოდა.

დაბოლოს, დაგვრჩა ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში იუნაიტედის ნახევარდაცვაში ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა. საუბარი ნიკი ბატზეა. ბატმა გუნდში 12 სეზონი დაჰყო და გულშემატკივრების გულში ადგილი სამუდამოდ დაიმკვირდა, თავისი გუნდისათვის თავდადებული თამაშის სტილიდან გამომდინარე. ნიკიმ მანჩესტერულ კარიერაში სულ 17 ტიტული მოიპოვა, ჩატარებული მატჩები კი თითქმის 400-ს გაუტოლა. მის ანგარიშზე 26 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა. აღსანიშნავია, რომ 1998/99 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როი კინის დანაკლისის გამო, სწორედ ბატმა იასპარეზა, თანაც შეუცვლელად და ერთ-ერთი იყო მათგან ვინც კამპ ნოუზე მანჩესტერული ზღაპრის შექმნაში დაიდო წვლილი. აღსანიშნავია, რომ ნიკის მანჩესტერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იკონურ ფოტოშიც ფიგურირებს. 2003 წლის 15 აგვისტოს, როცა ბოლტონის წინააღმდეგ მატჩში სერ ალექსმა კრიშტიანუ რონალდუ მინდორზე პირველად შეუშვა, ეპოქალურმა პორტუგალიელმა სწორედ ნიკი ბატი შეცვალა.

ფაქტია, რომ მანჩესტერ იუნაიტედს ძალიან კარგი აკადემია აქვს და მათი აღზრდილი მოთამაშეები, კლუბში თუ კლუბს გარეთ კარგ შედეგებს აფიქსირებენ. მართალია, გუნდს ახლა მძიმე დროება უდგას, თუმცა ვინ იცის, იქნებ მათი წარმატების გასაღები კვლავ ახალგაზრდა, კლუბის აღზრდილ დებიუტანტებშია? ამის თქმა ახლა რთული იქნება, თუმცა ვინ იცის, შესაძლებელია, რომ ალეხანდრო გარნაჩოსა და კობი მეინუს ლიდერობით, კლუბმა სხვა ახალგაზრდებთან ერთად კვლავ დაიბრუნოს ის დიდება, რაც „ოცნებების თეატრის“ მკვიდრებს ეკადრებათ და შეეფერებათ. ცალსახაა, მათ ამისათვის class of '92-ის სახით დიდებული მაგალითი უმაგრებთ ზურგს. იუნაიტედმა სულ ცოტა ხნის წინ თამამი ნაბიჯები გადადგა და ახლებური იდეებით შეიარაღებული ახალგაზრდა მწვრთნელი დანიშნა. „წითელი ეშმაკების" ლეგენდარული თაობის წარმატებით შთაგონებული მეოცნებე გულშემატკივრები ამორიმისგან ისეთი რევოლუციას დაელოდებიან.















