მარკოს კარიერა, ისევე როგორც, ფაქტობრივად ყველა დიდებული ნიდერლანდელი მოთამაშის, ამსტერდამის აიაქსთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ამსტერდამელებს შეეძლოთ მარკოსთან ერთად მისი უფროსი ძმა - 19 წლის სტენლიც დაემატებინათ, თუმცა დედაქალაქურმა კლუბმა აქცენტი მხოლოდ უმცროს ძმაზე გააკეთა. 1981/82 წლების სეზონის წინ 16 წლის ვან ბასტენისთვის თითქოს უდიდესი ოცნება ახდა და ქვეყნის საუკეთესო და ყველაზე ისტორიულ კლუბს შეუერთდა. თუმცა, მარკოს წინ ჯერ კიდევ უამრავი რამ ელოდა. პირველი დიდი სიხარული კი 1982 წლის 3 აპრილს განიცადა. სწორედ ამ დღეს აიაქსი შინ ნაიმეგენს უპირისპირდებოდა. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები კომფორტულად იგებდნენ, ანგარიშით 2-0. იმდროინდელმა მწვრთნელმა კურტ ლინდერმა 17 წლის ნიჭიერი ახალგაზრდისთვის შანსის მიცემა გადაწყვიტა. ალბათ, კურტს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ რასთან ჰქონდა საქმე. ასეა თუ ისე, მეორე ტაიმის სტარტზე 34 წლის იოჰან კრუიფის ნაცვლად მინდორზე მარკო ვან ბასტენი შევიდა. თამამად ვიტყვი, რომ ნიდერლანდური ფეხბურთის ისტორიაში ეს ცვლილება ყველაზე სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი გამოვიდა, რადგან სწორედ ვან ბასტენი გახდა ის ადამიანი, რომელმაც კრუიფის ლეგენდარული „სამეფო გვირგვინი“ გადაიბარა მომავალი 10 წლის განმავლობაში დიდი სიამაყითა და პასუხისმგებლობით ატარა. 17 წლის ფორვარდმა მწვრთნელს გამოჩენილი ნდობა გაუმართლა და მატჩი უგოლოდ არ დატოვა. 68-ე წუთზე ჩამოწოდებულ ჯარიმას თავი კარგად დაუხვედრა და ნაიმეგენის კარის ბადე შიგნიდან კიდევ ერთხელ შეარხია. მიუხედავად ამისა, ამ სეზონში მას შანსი მეტჯერ აღარ მისცემია.

დაიწყო 1982/83 წლების სეზონი და აწ უკვე სრულწლოვანებას მიღწეულ ფორვარდს ძირითად გუნდშიც უხმეს. თუმცა, ყველაფერი დასაბამიდანვე იდეალურად არ წარმართულა. მარკოს მთავარი კონკურენტი სულ რაღაც 2 წლით უფროსი ვიმ კიფტი გახლდათ. ფეხბურთელი, რომელმაც 1981/82 სეზონი უბრალოდ ფენომენალურად ჩაატარა, 18 წლის ფორვარდმა სეზონში ჩატარებულ 35 შეხვედრაში 33 გოლი მიითვალა, რაც ვან ბასტენს საქმეს ორმაგად ურთულებდა. მართლაც, ძირითადი ადგილისთვის კონკურენცია ვიმმა მოიგო, თუმცა შედეგიანობას მნიშვნელოვნად უკლო და აღნიშნულ სეზონში მხოლოდ 19 გოლს დასჯერდა. „უტრეხტელი გედი“ კი ფრთების გაშლას მხოლოდ და მხოლოდ ახლა იწყებდა. 25 მატჩი და 10 გოლი. ამსტერდამელები დილემის წინაშე იდგნენ, მათ ხელში თაობის ორი უნიჭიერესი ფორვარდი იყო, სკამზე ჯდომას კი არცერთი შეეგუებოდა. გადაწყვეტილება მძიმე, თუმცა საბოლოო ჯამში გამართლებული აღმოჩნდა. ვიმ კიფტი პიზაში გაიყიდა, ხოლო აიაქსის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვან ბასტენს ერგო. მარკო გუნდის ნდობას მყისიერად ამართლებს და მომდევნო ოთხ სეზონში ერედივიზიონის ბომბარდირი ოთხჯერვე ხდება - ჯამში 112 მატჩი და 118 გოლი. შეიძლება მესისა და რონალდუს ფონზე ეს მაჩვენებელი ახლანდელ გულშემატკივარს არაფრად მოეჩვენოს, თუმცა, ახლა იმ პერიოდისთვის თითქმის წარმოუდგენელ სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, თანაც მაშინდელი ნიდერლანდური ჩემპიონატი სულ სხვა დონეზე იდგა - ესეც ცნობილი და არახალი ამბავი გახლავთ. საბოლოო ჯამში ამსტერდამში ჩატარებულ 172 შეხვედრაში, ვან ბასტენმა 152 გოლს 37 საგოლე გადაცემა დაუმატა, გუნდთან ერთად კი სამი ერედივიზიონი, ნიდერლანდების სამი თასი და ერთიც თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

ნიდერლანდელი ფორვარდის და მისი თანაგუნდელების გასაოცარი თამაში, ცხადია სხვა გუნდის სკაუტებსაც არ გამორჩენიათ, ყველაზე მეტად კი მილანი აქტიურობდა. კლუბში ხომ სილვიო ბერლუსკონის ერა იწყებოდა, რომელსაც სურდა, რომ მისი გუნდი კონკურენტუნარიანი არამხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპის მასშტაბით ყოფილიყო. ამისათვის კი, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და 1987 წელს გუნდში მარკო ვან ბასტენი და მისი თანაგუნდელი რუუდ გულიტი დაიმატა (1988 წელს გუნდს მათ კიდევ ერთი თანაგუნდელი - ფრანკ რაიკაარდიც უერთდება). ფაქტი იყო, რომ სილვიო აღარ ხუმრობდა და ეს ყველაფერი შედეგებშიც უმოკლეს ვადებში აისახა. აღსანიშნავია, რომ „როსონერიში" პირველი სეზონი მარკომ თითქმის მთლიანად კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა და ჯამში მხოლოდ 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 11 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოირჩა. მიუხედავად ამისა, ამ სეზონში მან პირველი ოქროს ბურთი მოიგო, თუმცა რა მიზეზით და რა დამსახურებით, ამაზე სულ მცირე ხანში გესაუბრებით.
გუნდში რიგით მეორე სეზონი კი მარკოს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა. სერია A-ში ჩატარებულ 32 შეხვედრაში მან 19 გოლის გატანა შეძლო, რითაც „კაპოკანონიერეს“ ტიტულიც არავის დაუთმო. 80-იანებისა და 90-იანების იტალიური ფეხბურთის დაცვის დონეზე, ალბათ, მხოლოდ ეს ფაქტიც მეტყველებს, რომ ტურნირის მთავარი ბომბარდირი 20-გოლიან ნიშნულს ვერ აღწევს და თან მაშინ, როცა ეს პიროვნება ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მომგები მარკო ვან ბასტენია. ნიდერლანდელმა გუნდს ულიდერა ევროპის ჩემპიონთა თასზეც (ჩემპიონთა ლიგაზეც), სადაც ფინალში ბუქარესტის სტიაუას დუბლი შეუსრულა. მომდევნო სეზონში ვან ბასტენმა იტალიაში კვლავ 19 გოლი გაიტანა, მილანმა კი ევროასპარეზზე წარმატებას ისევ მიაღწია და ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ მეორედ მოიგო - ამჯერად ბენფიკას წინააღმდეგ. საბოლოოდ, მილანურ კარიერაში მარკომ 201 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 125 გატანილი გოლითა და 49 საგოლე გადაცემით გამოიჩინა - გუნდთან ერთად კი 11 ტიტულის მოპოვება იზეიმა.

მიუხედავად იმისა, რომ ვან ბასტენს დიდებული კარიერა ჰქონდა (რომელიც რეალურად 10 წელიც კი არ გაგრძელდა), მოიგო 3 ოქროს ბურთი და 18 საკლუბო ტიტული, ჩემთვის მის კარიერაში ყველაზე გამორჩეული მიღწევა 1988 წლის ევროპის ჩემპიონობაა. ტრიუმფი, რომელმაც ნიდერლანდებს არსებობის ისტორიაში ჯერჯერობით ერთადერთი ტიტული მოუტანა. რაც ვერ შეძლო იოჰან კრუიფმა, შეძლო მარკო ვან ბასტენმა. 1988 წლის ჩემპიონატს ნიდერლანდები დიდი იმედებით ხვდებოდა, თუმცა ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩში მათ საბჭოთა კავშირთან მტკივნეული მარცხი იწვნიეს. მეორე ტურის მატჩი კი ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულ ინგლისის ნაკრებთან შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩენილიყო. სწორედ აქ აიღო ლიდერობა საკუთარ თავზე გუნდის მე-12 ნომერმა და პიტერ შილტონს ჰეტ-ტრიკიც შეუსრულა. ირლანდიის წინააღმდეგ დასკვნით მატჩში კი თავი აიაქსში ვან ბასტენის ყოფილმა კონკურენტმა - ვიმ კიფტმა გამოიჩინა და ეროვნულ ნაკრებს 1/2 ფინალში ადგილი დაუბევა. აღნიშნულ ეტაპზე „ნარინჯისფრებს“ დასავლეთ გერმანია დაუწყვილდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, ორივე გუნდის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც გოლად ჯერ ლოთარ მათეუსმა გარდასახა, შემდეგ კი რონალდ კუმანმა. თითქოს ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ვან ბასტენის გოლმა ფინალისტის ბედი გადაწყვიტა. ფინალში, სადაც თამაში ნიდერლანდების ნაკრებს თამაში დიდად არასდროს გამოსდიოდა, მათი მეტოქე ისევ საბჭოთა კავშირი იყო, გუნდი, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე მიხელსის ბიჭებს უკვე დაამარცხა. მიუხედავად ამისა, ვან ბასტენმა თამაში ფაქტობრივად პირადად მოიგო, ჯერ ნაკრების კაპიტანსა და გუნდელს - რუუდ გულიტს გაატანინა, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და რთულად შესასრულებელი დარტყმით რენატ დასაევის კარის ბადეში ბურთი თავადაც გაახვია და ლობანოვსკის შეგირდებს ვერცხლის მედლები აკმარა.

სწორედ ამ შედეგებმა არგუნა მარკოს რიგით პირველი ოქროს ბურთი, რომელსაც კიდევ ორი დაუმატა, რითაც თანამემამულე იოჰან კრუიფსა და ფრანგ მიშელ პლატინის გაუთანაბრდა.
ახლა კი დავუბრუნდეთ მილანს და 1992/93 წლების აწ უკვე ჩემპიონთა ლიგის ტურნირის ფინალს. ბევრი მიზეზის გამო ეს მატჩი „შავ-წითლებისთვის" უდიდეს გულისტკივილად იქცა. ზოგადად, ჩემპიონთა ლიგის ფინალების ჩატარება მილანს დრამატიზმის გარეშე უჭირს - ეს ფინალიც მსგავსი გახლდათ. ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგება ცალკე რად ღირს, თანაც რა იცოდნენ, რომ მათი გუნდის გამორჩეულ ფეხბურთელსა და ლიდერს მინდორზე პროფესიონალი მოთამაშის რანგში უკანასკნელად ხედავდნენ. კოჭის ტრავმის გამო წინა ექვსი თვე გამოტოვებული ჰქონდა და 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო. მარკო თამაშში მხოლოდ 86-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ფრანგთა მცველმა ბასილ ბოლმა მილანელებს გატანილი გოლი არ აკმარა და ვან ბასტენის წინააღმდეგ საკმაოდ უხეშად ითამაშა, ტრავმა კიდევ ერთხელ გაუმიზეზა და მილანურ კარიერაში კოჭზე რიგით მესამე ოპერაციის ჩატარება აიძულა. ეს იყო და ეს. მარკომ ორი წელი იბრძოლა, სცადა ფეხბურთს დაბრუნებოდა, მაგრამ 1995 წლის 17 აგვისტოს დანებება საბოლოოდ მოუწია. მომდევნო დღეს „ფრთამოტეხილი უტრეხტელი გედი“ სან სირომ დიდებულად გააცილა - ფაბიო კაპელოს, მილანისა და ზოგადად ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ცრემლების თანხლებით.

ვინ იცის, იქნებ მარკო ვან ბასტენი უნდა ყოფილიყო ყველაზე მაღლა მფრინავი ჰოლანდიელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულსაც შესწვდებოდა, მაგრამ საფეხბურთო განგებამ სხვაგვარად გადაწყვიტა და მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ლამაზ თამაშს მისი სიამაყის ერთ-ერთი უდიდესი საფუძველი გამოაცალა, თანაც მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ფორმის პიკში უნდა ყოფილიყო. მარკომ კარიერის რეალიზება მხოლოდ სანახევროდ შეძლო, თუმცა ისე გაიბრწყინა, რომ ნაადრევი წასვლით ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს გული სამუდამოდ დასწყვიტა, ალბათ ესეც ერთგვარი გამარჯვებაა. ნიდერლანდური ფეხბურთი მარკო ვან ბასტენამდე და მარკო ვან ბასტენის შემდგომ ორი სხვადასხვა მოცემულობაა, მისი ტალანტისა და ნიჭის განმეორება კი, უკვე მრავალი წელია მტკიცდება, შეუძლებელია. ერთხელ რუუდ ვან ნისტელროიმ თქვა - მარკო ვან ბასტენის სტილისა და ნიჭის ფეხბურთელი აღარასდროს დაიბადებაო. მომავლის წინასწარმეტყველება რთული რამ გახლავთ, მაგრამ რას ვიზამთ, ძნელია რუდს არ დავეთანხმოთ.















