მისი საფეხბურთო კარიერა ვერ შედგა, ამ კუთხით გასახსენებელი ბევრი არაფერია. არამხოლოდ დილეტანტისთვის, არამედ ფეხბურთში კარგად ჩახედული ადამიანისთვისაც რთული იქნება იმ გუნდების ამოცნობა, სადაც შვედი ასპარეზობდა.
მწვრთნელ სვენ-გორან ერიქსონს გოტებორგში მისვლის შემდეგ ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. მისი სახელი ფეხბურთელებს არაფერს ეუბნებოდა, თუმცა 1981-82 წლების სეზონი უეფას თასზე ტრიუმფით დასრულდა. შვედი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა ყველასთვის მოულოდნელად ორმატჩიანი დუელი იმდროისთვის ევროპული ფეხბურთის გრანდს, ჰამბურგს, მოუგო და შვედური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა!
ახალგაზრდა შვედი მწვრთნელისთვის გოტებორგი შესანიშნავი ტრამპლინი აღმოჩნდა. სამშობლოში მიღწეული არნახული წარმატების შემდეგ ერიკსონმა არაერთი ქვეყანა და კლუბი მოიარა. ბენფიკასთან ერთად ახლოს იყო ეპოქის შექმნასთან, სამჯერ მოგებული პრიმეირა დივიზიონის კვალდაკვალ ჩემპიონთა თასისა და უეფას თასის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა. ორ ლისაბონურ თავგადასავალს შორის სვენ-გორანმა რომასთან ერთად იტალიის თასზეც იმარჯვა. კოპა იტალიას მოგება ერიკსონს ბრწყინვალედ გამოსდიოდა. 1994 წელს ამ ტურნირის ოლიმპოზე სამპდორია აიყვანა, თუმცა — რომაში, ფიორენტინასა და სამპდორიაში მუშაობისას — დიდი აპენინური ტრიუმფი არ გამოვიდა. სვენ-გორანი თითქოს ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა დიდი გამარჯვებისკენ, ეს გამარჯვება კი მის საყვარელ ქალაქს - რომს უკავშირდება.

2000 წელი ლაციოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, 26-წლიანი პაუზის შემდეგ, გუნდმა მეორე სკუდეტოს მოპოვება მოახერხა. ამ ყველაფრის შემოქმედი, დირიჟორი და პირველი ვიოლინო სწორედ სვენ-გორან ერიქსონი გახლდათ! ლაციოს ტიფოზებმა ერიკსონი გააღმერთეს, ამას თავად შვედიც ხშირად აღნიშნავდა, რომელიც გუნდიდან წასვლას მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში განიხილავდა - თუკი მას ინგლისის ოქროს თაობის მთავარ მწვრთნელობას შესთავაზებდნენ, და ის წავიდა...
ერიქსონი კომფორტის ზონიდან გამოვიდა, მიიღო უდიდესი გამოწვევა, გახდა ინგლისის ნაკრების პირველი უცხოელი მთავარი მწვრთნელი და ავტორიტეტის მოპოვების რთულ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ეს იყო თაობა, რომელსაც ტიტულები უნდა მოეგო - ამის გამო ერიქსონს დიდი წნეხის ქვეშ უწევდა მუშაობა. 2002 წელს ბრაზილიასთან გამოვარდნა - მატჩი, რომლის სიმბოლოდ რინალდინიო იქცა. წარუმატებელ მუნდიალს ზედიზედ ორ დიდ ტურნირზე პორტუგალისათან პენალტების სერიაში მარცხი მოჰყვა. შვედი ინგლისის ნაკრებიდან გულგატეხილი წავიდა. ის ბოლომდე თვლიდა, რომ მშვენივრად იმუშავა და რომ არა ბრიტანული პრესის უდიდესი წნეხი ამ პოსტზე დარჩებოდა და ნაკრებს დიდ წარმატებასაც მოუტანდა. მომდევნო წლებში ერიქსონი მანჩესტერ სიტის, მექსიკისა და კოტ დ'ივუარის ნაკრებებს, ასევე ლესტერ სიტის წვრთნიდა. შვედის ბოლო სამწვრთნელო საქმიანობა კი ფილიპინების ეროვნულ გუნდს უკავშირდება.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სვენ-გორანმა ღიად ისაუბრა იმ ვერაგი დაავადების შესახებ, რომელსაც ებრძოდა. ერიკსონის მიმართვა ძალიან გულწრფელი იყო და გულშემატკივრებს ისიც გაუმხილა, რომ ბავშვობიდან ლივერპულის გაწვრთნაზე ოცნებობდა. ეს სურვილი შვედს მალევე შეუსრულდა. აიაქსთან ამხანაგურ შეხვედრაში მერსესაიდული გუნდის ლეგენდები სწორედ მან გაიყვანა, ენფილდის ატმოსფერო სრულად შეიგრძნო და მოახლოებულ სიკვდილს ახდენილი ოცნებით შეხვდა!
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სვენ-გორანმა ღიად ისაუბრა იმ ვერაგი დაავადების შესახებ, რომელსაც ებრძოდა. ერიკსონის მიმართვა ძალიან გულწრფელი იყო და გულშემატკივრებს ისიც გაუმხილა, რომ ბავშვობიდან ლივერპულის გაწვრთნაზე ოცნებობდა. ეს სურვილი შვედს მალევე შეუსრულდა. აიაქსთან ამხანაგურ შეხვედრაში მერსესაიდული გუნდის ლეგენდები სწორედ მან გაიყვანა, ენფილდის ატმოსფერო სრულად შეიგრძნო და მოახლოებულ სიკვდილს ახდენილი ოცნებით შეხვდა!

ის არ იყო სკანდალური პერსონაჟი. საყვარელ საქმეს მშვიდად და მეთოდურად, დიდი პროფესიონალიზმით უდგებოდა. სვენ-გორან ერიქსონის ისტორია 2024 წლის 26 აგვისტოს დასრულდა, მაგრამ მისი სახელი ფეხბურთის გულშემატკივარს ყოველთვის ემახსოვრება! Y.N.W.A SVEN!
ავტორი: ლუკა დალაქიშვილი















