რთულია 8:2-ის დავიწყება. ეს ის ანგარიშია, რომელსაც ყოველთვის გაიხსენებენ და წამოაძახებენ კიდეც ზოგიერთებს. აბა, როგორია? ბარსაში თამაშობდა ფეხბურთელი, რომელსაც უამრავი ადამიანი ყველა დროის საუკეთესოდ მიიჩნევს და როგორღაც 2:8-ს აგებს. ეს მატჩი მესის კარიერის შავი ლაქაა. საერთოდ, გერმანელებთან ბევრი ცუდი მოგონება აქვს, გინდა საკლუბო, გინდა სანაკრებო დონეზე, თუმცა, თავადაც შექმნა ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი ბაიერნის წინააღმდეგ, მაგალითად, პეპთან ერთად 2008/09 წლების სეზონში და პეპის წინააღმდეგ 2014/15 წლების სეზონში.
ეს ახალი ამბებია, გუშინდელივით რომ გვახსოვს ისეთი, მე კიდევ ამ კლუბების ხსენებისას სულ სხვა ხალხი მახსენდება - იოჰან კრუიფი და ფრანც ბეკენბაუერი. ყველაზე დიდი ნიდერლანდელი და ყველაზე დიდი გერმანელი. ამ ქვეყნებს დიდად არ უყვართ ერთმანეთი, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საფეხბურთო მოედანზეც გვარიანი ზიზღი იღვრებოდა, ჯერ მარტო რაიკაარდი-ფიოლერის ამბავი რად ღირს, ან რონალდ კუმანის უკადრებელი საქციელი, მაგრამ კრუიფი და ბეკენბაუერი ამ სიძულვილზე მაღლა დადგნენ, რაც, პირველ რიგში, ერთმანეთის მიმართ პატივისცემამ განაპირობა. მათი დუელი დიდი კონკურენციით დაიწყო და დიდი მეგობრობით დამთავრდა, მესისა და რონალდუზე მეტად, ალბათ, ლარი ბერდისა და მეჯიქ ჯონსონის ამბავს წააგავს.

„ზუსტად ვერ ვიტყვი როდის გავხდით მეგობრები, როცა ფეხბურთს ვთამაშობდით ყოველთვის დიდ პატივისცემას გამოვხატავდით ერთმანეთის მიმართ. მთაში თხილამურებზე დასადგომად კიცბუჰელში დავდიოდი, ფრანცი იქ ცხოვრობდა. დილით თხილამურებზე ვიდექით, საღამოს კი ერთად ვსხდებოდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით, წლების განმავლობაში ჩვენი მეგობრობა უფრო მეტად მყარდებოდა”, - თქვა იოჰან კრუიფმა ბეკენბაუერის 70 წლის იუბილეზე.
მამის ქრონოტოპოსი
კრუიფი ოდისევსია. თავისი აზრითა და ფორმით. გამიკვირდა, როცა ხორხე ვალდანომ გამოსათხოვარ წერილში მარადონა მოიხსენია ოდისევსად, რადგან, დიეგო სულ სხვა სამყაროს ნაწილია, კრუიფი კი ნამდვილად ოდისევსია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ, მის მსგავსად, ყოველმხრივ იდეალურია, მერე კი მისი ცნობილი ცბიერების გამო. ბერძნულ კულტურაში ოდისევსი ცბიერია, მაგრამ კარგი გაგებით, ჩვენს ენაში ეს სიტყვა ცოტა უარყოფითი კონოტაციის მატარებელია, პირდაპირი თარგმანი გაგვიჭირდება, ამიტომ, თუ გნებავთ გამჭრიახი უწოდეთ.
მამის ქრონოტოპოსი
კრუიფი ოდისევსია. თავისი აზრითა და ფორმით. გამიკვირდა, როცა ხორხე ვალდანომ გამოსათხოვარ წერილში მარადონა მოიხსენია ოდისევსად, რადგან, დიეგო სულ სხვა სამყაროს ნაწილია, კრუიფი კი ნამდვილად ოდისევსია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ, მის მსგავსად, ყოველმხრივ იდეალურია, მერე კი მისი ცნობილი ცბიერების გამო. ბერძნულ კულტურაში ოდისევსი ცბიერია, მაგრამ კარგი გაგებით, ჩვენს ენაში ეს სიტყვა ცოტა უარყოფითი კონოტაციის მატარებელია, პირდაპირი თარგმანი გაგვიჭირდება, ამიტომ, თუ გნებავთ გამჭრიახი უწოდეთ.
იშვიათია, რომ ფეხბურთში მყოფი ადამიანი ასე იდეალურად ერკვეოდეს ყველა მიმართულებაში, ყველა დეტალში. როგორც ფეხბურთელი, მწვრთნელი, მენეჯერი, ფილოსოფოსი. მსგავსად ოდისევსისა - როგორც მამა, შვილი, ქმარი და მეომარი. კრუიფი შეპყრობილი იყო ნუმეროლოგიით, 14 ნომერიც ისე თან სდევდა, როგორც 11 ნომერი - მიხეილ მესხს. დროისა და სივრცის ურთიერთკავშირის შესწავლა მის მთავარ გასართობად იქცა, როგორც საფეხბურთო, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით, ამ ყველაფრის მოტივი კი ნაადრევად გარდაცვლილი მამა იყო. მამა, რომელსაც ცალი თვალი შუშის ჰქონია და სამეზობლოში გამუდმებით იგებდა სანაძლეოს, ხალხს კერავდა, ვინც უფრო დიდხანს გაუსწორებს მზეს თვალს, გამარჯვებულიც ის იყოსო. ჰოდა, იდგა ასე თვალდაჭყეტილი. პატარა იოჰანსაც ასწავლიდა ხრიკებს და მისი აზარტი, სხვისი გაცურებისა და მეტოქის დამარცხების წყურვილიც აქედან მოდის. მამის გარდაცვალების მერეც, იოჰანს არასდროს შეუწყვეტია მასთან საუბარი და ყოველთვის გრძნობდა, რომ მამა უსმენდა. თუმცა, ზრდასთან ერთად ონტოლოგიური კითხვები გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ სკოლას მიაბარეს და ბიბლიაც დაჰქონდა ჩანთით - მამა ეუბნებოდა მანდ კარგი ამბებია მოთხრობილიო - დიდად რელიგიური არასდროს ყოფილა. ამიტომ, ეგზისტენციალური კითხვებიც დაუსვა საკუთარ თავს, - რას ვაკეთებ? მამა ხომ აღარ არის, მოკვდა. სიკვდილი დასასრულია, უკანასკნელი წერტილი. თუმცა, სულ სხვა რამეს გრძნობდა და ალბათ, ეს იყო ახალგაზრდა იოჰანის გონებისა და გულის ჭიდილი.
საინტერესოა, რომ მოედანზეც ასე იყო საქმე. იშვიათია ფეხბურთელი, რომელიც დიონისურსა და აპოლონურ კულტს ასე თანაბრად წარმოადგენდეს, თავისი ვნებითა და რაციონალიზმით. მარადონა უფრო ვნება იყო, ზიდანი გონება, ალბათ, მხოლოდ მობერებული ლიონელ მესია ის კაცი, კრუიფივით თანაბრად რომ დაატარებს ორი საწყისის კულტურას. ჰოდა, იოჰანის დილემა მოედნის მიღმაც თვალსაჩინო გახდა, გრძნობა თუ გონება? რომელს დაუჯეროს? გონება ეუბნება, რომ სიკვდილი წერტილია, გრძნობა კი კარნახობს რომ - ის აქ არის.

ერთ დღეს, იოჰანი მივა მამის საფლავთან და ეტყვის, გააჩერე ჩემი საათი, როცა ჩემს ხმას გაიგონებ და მე მივხვდები, რომ ჩემს გვერდით ხარ. იმ დღეს, იოჰანის საათი გაჩერდა. ისევ ეჭვები - დამთხვევაა თუ რაღაც ზებუნებრივი? მის სიმამრს საათების მაღაზია ჰქონდა, წაიღო მესაათესთან და ვერაფერი გაუგეს, უკან გამოატანეს. ცოტა ხანში საათი ისევ ამუშავდა. მეორე დღეს ისევ გაჩერდა. ისევ მესაათეს მიუტანა და ისევ ვერაფერი გაუგეს. ასე დარწმუნდა იოჰანი, რომ მამას ჯერ კიდევ ესმის მისი, საათი ამუშავდა და მას მერე აღარ გაჩერებულა, არც მოუხსნია და როცა თქვენ ხედავდით მას სათადარიგოთა სკამზე, ან, ტრიბუნაზე, როგორ დაჰყურებდა ამ საათს, უნდა გცოდნოდათ, რომ ეს უბრალო საათი არ იყო. ეს რწმენის სიმბოლოა.
მფრინავი ნიდერლანდელი
მხოლოდ მესი-რონალდუს „დაჭერობანამ“ გადაფარა კრუიფის ომი „კაიზერ ფრანცთან". თუმცა, ფეხბურთზე მათი გავლენის თვალსაზრისით, შესაძლოა უფრო მაღლაც იდგნენ. საკლუბო დონეზე ჯერ კრუიფმა გაიბრწყინა, აიაქსის შემადგენლობაში სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა თასი - 1971, 1972 და 1973 წლებში. პირველი თასი რინუს მიხელსთან ერთად მოიგო, მომდევნო ორი შტეფან კოვაჩთან ერთად, მერე კი პრობლემები დაიწყო. ფინალებს ასე იხსენებდა:
„იმ წლებში აიაქსის შედეგები გვაკმაყოფილებდა და კარგ ფეხბურთსაც ვთამაშობდით, მაგრამ მე ის კაცი ვარ, რომელიც მუდმივ განვითარებაზე ფიქრობს. 1971-ში პანათინაიკოსს უემბლიზე მოვუგეთ, კარგი ფეხბურთი ნამდვილად არ გვითამაშია, რამდენიმე ფეხბურთელი წნეხს ვერ გაუმკლავდა. 1972 წლის ფინალი მილანის ინტერის წინააღმდეგ ტოტალური ფეხბურთის გაცილებით უკეთესი გამოვლინება გახლდათ.”

კრუიფი თავის ავტობიოგრაფიაში იხსენებს როდის დაიწყო პრობლემები აიაქსში, და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პრობლემებს ხედავდა მაშინ, როცა აიაქსი მწვერვალზე იყო:
„1972 წელს პირველი ბზარები გამოჩნდა. ფინალი, რომელიც მილანის ინტერის წინააღმდეგ ვითამაშეთ, სამიდან უდავოდ საუკეთესო იყო. ანგარიშით 2-0 მოვიგეთ და პირველიდან ბოლო წუთამდე ვდომინირებდით. კარგი თამაში მქონდა და ორივე გოლი მე გავიტანე. ამ თამაშის შესახებ მთელი მსოფლიო აღტაცებით საუბრობდა. ეს ფეხბურთის მწვერვალი იყო, თუმცა კლუბის შიგნით ადამიანებს ისეთი იდეები უჩნდებოდათ, რომელსაც ვეღარ ერეოდნენ. ყველაფერი კოვაჩის ხედვით დაიწყო – მოთამაშეებში ის საკუთარი თავის განვითარებას ახალისებდა, მაგრამ ამ პრინციპს თავად არ იცავდა.”
კრუიფი და ბეკენბაუერი პირველად 1973 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალში. ბაიერნი ძალიან ძლიერი იყო, თავისი ბეკენბაუერით, მიულერით, ბრაიტნერითა და მაიერით, მაგრამ აიაქსმა მაინც გაანადგურა - 4:0. კრუიფმა ბოლო გოლი შეაგდო, მანამდე საგოლე პასიც მიითვალა. განმეორებით შეხვედრაში იოჰანმა, ტრავმის გამო, არ ითამაშა, ბაიერნმა მიუნხენში 2:1 მოიგო და გავარდა. აიაქსმა კი იარა ფინალამდე, იუვენტუსი დაამარცხა და ზედიზედ მესამე ჩემპიონთა თასიც მოიგო.

ახლა რთულია იმის თქმა - რომ არა შიდა განხეთქილება კიდევ რამდენ ტიტულს მოიგებდა ამსტერდამის აიაქსი, იქნებ მადრიდის რეალის გზასაც დადგომოდნენ... იოჰანი ამ მძიმე პერიოდს ასე იხსენებს:
„ბოლო წვეთი გუნდის კაპიტნის არჩევნები იყო, რომელიც სპორტულ ბანაკში გაიმართა, 1973/74 წლების სეზონის დაწყებამდე. კოვაჩმა გუნდი ზაფხულში დატოვა, მაგრამ ზიანი უკვე მიეყენებინა გუნდისთვის. ძალიან უცნაური იყო არჩევნების საჭიროება რომ გაჩნდა. გავიგე, რომ ჩემი კონკურენტი პიტ კეიზერი იქნებოდა. ადამიანები ჯერაც ჩიოდნენ, რომ ზედმეტად თავნება ვიყავი. ასეთი შური, ამ დრომდე, არასდროს გამომიცდია. საბოლოოდ, მოთამაშეებმა კაპიტნად პიტი აირჩიეს, რაც ჩემთვის საზარელი შოკი იყო. იმწამსვე ოთახში დავბრუნდი, კორ კოსტერს დავურეკე და ვუთხარი, ჩემთვის ახალი კლუბი ეპოვა. ეს ბოლო წვეთი იყო. ისეთი ტრავმა მივიღე, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. ეს დარტყმა განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან ჩვენ მხოლოდ გუნდელები კი არა, ახლო მეგობრებიც ვიყავით.”
ასე გაიყარა აიაქსისა და კრუიფის გზები, ნიდერლანდელს ყოველთვის მოსწონდა ინგლისი, განსაკუთრებით ლივერპული და ენფილდი, მაგრამ იმ დროს ესპანეთში გადაბარგება უფრო მარტივი იყო, ვიდრე ინგლისში, ასე რომ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ბარსელონაში გადავიდა, აქედან კი საერთოდ სხვა ამბავი იწყება, რადგან ბარსელონას გრანდად ჩამოყალიბება კრუიფს, ჯერ როგორც ფეხბურთელს, შემდეგ კი როგორც მწვრთნელს უკავშირდება.
კაიზერ ფრანცი
მეორე მსოფლიო ომში მარცხი იყო საუკეთესო რამ, რაც შეიძლება გერმანიას დამართნოდა. რამდენადაც არაადამიანური ფორმა ჰქონდა მიღებული ნაცისტურ გერმანიას, იმდენად ადამიანური გახდა გერმანელთა ყოფა მიწასთან გასწორებულ ქვეყანაში. ამ ყველაფერს ბეკენბაუერი ასე იხსენებდა:
სწორედ ამ პრინციპებზე და ღირებულებებზე იდგა განახლებული გერმანია, რომელიც თავიდან დაიბადა, ფეხზე წამოდგა. სწორედ ამ ღირებულებებზე იდგა ომის შემდგომი გერმანიის ნაკრებიც, რომელიც ბევრჯერ აღმოჩენილა მიწაზე დანარცხებული, მაგრამ ყველას გასაკვირად, ყოველ ჯერზე ახერხებდა ფეხზე წამოდგომას.







ავტორი: ფეოლა
კაიზერ ფრანცი
მეორე მსოფლიო ომში მარცხი იყო საუკეთესო რამ, რაც შეიძლება გერმანიას დამართნოდა. რამდენადაც არაადამიანური ფორმა ჰქონდა მიღებული ნაცისტურ გერმანიას, იმდენად ადამიანური გახდა გერმანელთა ყოფა მიწასთან გასწორებულ ქვეყანაში. ამ ყველაფერს ბეკენბაუერი ასე იხსენებდა:
„მშობლები სწორი ღირებულებების მაგალითს ყოველდღიურად გვიჩვენებდნენ. ომის შემდეგ ძალიან რთულ ყოფაში ვიზრდებოდით, არავის არაფერი ჰქონდა, შესაბამისად, შური არავის ამოძრავებდა. მთავარი იყო ყოფილიყავი ყურადღებიანი, ადამიანს პატივისცემით მოპყრობოდი და გაჭირვებაში მხარი დაგეჭირა მათთვის. როცა ვიღაც წაიჩხუბებდა (დროდადრო ხდებოდა ხოლმე ასე), მიწაზე დავარდნილს აუცილებლად წამოვაყენებდით, ყველა ასეთი შეგნებით ცხოვრობდა, უნდა მიგვეხედა იმისთვის, ვისაც არ გაუმართლა და ძირს აღმოჩნდა.“
სწორედ ამ პრინციპებზე და ღირებულებებზე იდგა განახლებული გერმანია, რომელიც თავიდან დაიბადა, ფეხზე წამოდგა. სწორედ ამ ღირებულებებზე იდგა ომის შემდგომი გერმანიის ნაკრებიც, რომელიც ბევრჯერ აღმოჩენილა მიწაზე დანარცხებული, მაგრამ ყველას გასაკვირად, ყოველ ჯერზე ახერხებდა ფეხზე წამოდგომას.

ბეკენბაუერი კი უნიკალური ფეხბურთელი იყო. ვინღა თამაშობს ასეთი სტილით, თანამედროვე ფეხბურთი ტექნოლოგიურ ექსპერიმენტს წააგავს, სადაც ერთ ყაიდაზე მოჭრილი მძლეოსნები დარბიან. დღესდღეობით საუკეთესო ფეხბურთელებიც კი, უმეტესად სისწრაფითა და ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან. მაშინ კი სხვა დრო იყო, აბა, ნახეთ დი სტეფანო როგორ მოძრაობს - იაგუარს წააგავს, ეუსებიო, ენდრიკის გადამკიდე ხშირად გახსენებული ბობი ჩარტლონი, ამ ხალხის სანახავად მართლა ღირდა ცხრა მთის გადავლა, პელესა და მარადონაზე აღარაფერს ვამბობ, ფრანც ბეკენბაუერი კი პირველი კაცი იყო, რომელიც გადათხრილ, ატალახებულ მინდორზე გავიდა და იქედან სუფთა გამოვიდა. თანაც ისე, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც სურდა. რამდენიმე სურათი ექნება ადამიანს გონებაში ჩაბეჭდილი, მათ შორის, ერთ-ერთი ხელმოტეხილი ბეკენბაუერია, ცალი ხელი რომ ჩამოკიდებული აქვს და მაინც ისე დარბის მინდორზე, თითქოს გაზონს არც ეხებაო. საფეხბურთო სამყაროს ყველაზე დიდი ჯენტლმენი, კაიზერი, გერმანული ფილოსოფიის მინდორზე გადმომტანი, გექნებათ ალბათ ნანახი მონტი პაითონის სერია, როგორ თამაშობენ ფეხბურთს ბერძენი და გერმანელი ფილოსოფოსები, აქეთ ნიცშეა, იქით სოკრატე, აქეთ ჰაიდეგერი, იქით პლატონი, სულ ასეთი ნარჩევი ხალხია და მერე ხარხარის ჯერიც მოდის, რადგან გერმანელ ფილოსოფოსთა შორის მოედანზეა ფრანც ბეკენბაუერიც.

1973 წლის ზაფხული იდგა, აიაქსმა კრუიფი დაკარგა, საერთოდ, რთული ხასიათის კაცი იყო, რადგან ყოველთვის სხვებზე მეტი ესმოდა, ასეთ დროს კი კონფლიქტი გარდაუვალია, რადგან ჯერ კიდევ 25 წლისა მწვრთნელებს ჭკუას არიგებდა. ბოლო კაცი, რომელსაც დინჯად უსმენდა რინუს მიხელსი იყო, ეგეც იმიტომ, რომ მიხელსს აბსოლუტურად გააზრებული ჰქონდა კრუიფის მნიშვნელობა. სხვები კი ვერ მიხვდნენ რა მოვლენასთან ჰქონდათ საქმე. აიაქსის დრო წავიდა. მოსალოდნელიც იყო, რომ კრუიფის წასვლის მერე მათი ტრიუმფალური სვლა შეჩერდებოდა. ჰოდა, ასეც მოხდა. ამსტერდამული ჰეგემონია ბულგარულმა სოფიამ დაასრულა, მერე ბულგარელები მიუნხენელებს 1/4 ფინალში შეხვდნენ და მიხვდნენ რომ ევროპულ ფეხბურთში ახალი ძალა გამოჩნდა - ეს მიუნხენის ბაიერნი იყო. ბავარიელები აიაქსის გზას გაჰყვნენ და სამჯერ ზედიზედ მოიგეს ჩემპიონთა თასი, 1974-ში მადრიდის ატლეტიკო დაამარცხეს, 75-ში ლიდსი, 76-ში სენტ ეტიენი.

1930-იან წლებში უკვე არსებობდა ლიბეროს ფენომენი, ცენტრალურ მცველებს შორის წინ და უკან მოძრავი კაცი, რომელიც ერთი მხრივ, ყველას აზღვევს, მეორე მხრივ კი, ბურთის მთავარი წამომღებია. დღეს ეს პოზიცია ფეხბურთში აღარ არსებობს, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა უბრუნდება კარგად მივიწყებულ ძველს, ასე რომ, ყველაფერი წინ გვაქვს. ოღონდ, საქმე ის არის, რომ ჯერ ასეთი ფეხბურთელი უნდა გამოჩნდეს, მსგავსი მასშტაბის მოაზროვნე, მსგავსი მასშტაბის ფიგურა, მერე კი გარისკავენ მწვრთნელები არაორდინალური ნაბიჯის გადადგმას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი კატასტროფით დასრულდება.
ინოვატორები ყოველთვის გიჟებად ეჩვენებოდათ, აბა, რა უნდა გეფიქრა ადამიანს, როცა უყურებ როგორ ქმნის მიხელსის „მექანიკური ფორთოხალი“ ხელოვნურ თამაშგარეს? დღესაც რომ შეხედო რაღაც სიგიჟეს ჰგავს. რას შვება ბეკენბაუერი? ლიბეროა თუ რაღაც უფრო მეტი? უყურეს და მიხვდნენ რაც არის, ისწავლეს და გაიმეორეს, ვიღაცებმა კისერიც წაიტეხეს ამ მცდელობებში, მერე კი გაქრა საერთოდ ეს პოზიცია. ვინც არ უნდა ასახელებდეს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო სიმბოლურ ნაკრებს, იქ აუცილებლად მოიძებნება „კაიზერის" ადგილი, ოღონდ, ცენტრალურ მცველებს შორის. ვიღაცები საყრდენადაც აყენებდნენ, ოღონდ, ფრანცი არც ცენტრალური მცველი იყო და არც საყრდენი ნახევარმცველი. ისეთივე უნიკალური ფეხბურთელი გამოდგა, როგორც მისი სათამაშო პოზიცია, და მომავალში თუ ვინმე ლიბეროს პოზიციას გააცოცხლებს, საერთოდ არ იქნება გასაკვირი თუ ლიბეროს ნაცვლად კაიზერს უწოდებენ.
სანაკრებო დუელი
„კაიზერი" იოჰანზე ორი წლით უფროსია და მისთვის დიდი ფეხბურთი უფრო ადრეც დაიწყო, ბეკენბაუერმა პირველად 1966 წლის ინგლისის მუნდიალზე გაიბრწყინა და მას მერე აღარც ჩამქრალა მისი ვარსკვლავი. ბრწყინვალე ჩემპიონატი ჩაატარა, მაგრამ ოქრო ინგლისს დარჩა, მე იმ ჩემპიონატისა რა ვთქვი, მთავარი ვარსკვლავი რომ გვერდითი მსაჯი იქნება. ბეკენბაუერს რევანშის შანსი 1970 წელს მიეცა და ძალიან ძლიერი ნაკრებიც ჰყავდა, გერდ მიულერთან, ზეელერთან და ბრაიტნერთან ერთად, ბრწყინვალე მატჩები გვაჩუქეს ინგლისისა და იტალიის წინააღმდეგ, მუნდიალების ისტორიაში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრები, მაგრამ ასპარეზობას იტალიასთან 1/2 ფინალში გამოეთიშნენ. აშკარად დაიჩაგრნენ, მსაჯის შეცდომები თვალსაჩინოა: ბეკენბაუერი ჩვეული დრიბლინგით შერბის საჯარიმოში, ფაკეტი ბურთზე თამაშს ვერ ახერხებს და თამაშის წესებს არღვევს, მსაჯი კი დუმს. გერმანია ჯერ 1966 წელს დაჩაგრეს, მერე 1970 წელს. იტალიას რომ გაცდენოდნენ, ფავორიტი მაინც ბრაზილია იქნებოდა, მაგრამ, არა მგონია, 1:4 წაეგოთ. აბა, ახლა რაღას გავიგებთ.
ამას 1972 წლის ევრო მოჰყვა, სადაც მსაჯებმა უკვე ვეღაფაერი გააწყვეს და გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდა. „კაიზერს" ამ წარმატებისთვის ოქროს ბურთიც მისცეს. ორი წლის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში ტარდებოდა, ყველას კარგად ახსოვდა '66 და '70 წლის შეცდომები, გერმანელები ამას აღარ დაუშვებდნენ, მით უმეტეს, რომ სახლში უწევდათ თამაში და ვერც ვერავინ გაბედავდა ასეთი რამ გაეკეთებინა. გერმანიის ნაკრებისთვის დამაბრკოლებლად ითვლებოდა დიდი სკანდალი, რომელიც ჩაწყობილ თამაშებს მოჰყვა. დაახლოებით ისეთივე მასშტაბის, როგორიც კალჩოპოლი იყო. ეს ამბავი 1971 წელს დატრიალდა, ბევრი კარგი ფეხბურთელის კარიერა შეიწირა და ხალხმა ფეხბურთს ზურგი აქცია, მაგრამ 2006 წელს, ჭაობში ჩავარდნილი იტალიის ტრიუმფისა არ იყოს, გერმანიამაც მაშინვე მოიგო ევრო, მერე კი მუნდიალის მასპინძლობა შეძლეს. ეს იყო შანსი იმისა, რომ როგორმე ისევ მოეგოთ ფეხბურთელებს ქომაგის გული, როგორმე გადაერჩინათ გერმანული ფეხბურთი.

ნიდერლანდების მთავარი დაბრკოლება კი შიდა სამზარეულო და კრუიფის აუტანლობა იყო. მხოლოდ რინუს მიხელსს შეეძლო ამ ამბის მოგვარება და მემგონი, გამოუვიდა კიდეც, კრუიფი ყველაფერს ასე იხსენებს:
„გერმანიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მწვრთნელად მიხელსის დანიშვნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტიც კი. აიაქსიდან როგორ გამაგდეს, რასაკვირველია, არ დამვიწყებია. ყოფილ გუნდელებს ნაკრებში რამდენიმეჯერ შევხვდი და თავდაპირველად, მართლა პრობლემებს მიქმნიდნენ. სულ მცირე იმიტომ, რომ ჯერაც ჩემ გამო წუწუნებდნენ. აინტერესებდათ, რატომ ჩამოვდიოდი სანაკრებო თამაშებისთვის ყველაზე გვიან. უბრალოდ ვერ ხვდებოდნენ, თუ რა დრო იყო საჭირო ესპანეთიდან ჩამოსასვლელად, რადგან მაშინ არ იყო იმდენი ფრენა, რამდენიც დღესაა.”
მიხელსი ამ პრობლემებს როგორღაც მოერია და 1974 წლის გერმანიის მუნდიალზე საუკეთესო გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. აქეთ „კაიზერ ფრანცი", იქეთ „მფრინავი ნიდერლანდელი". იშვიათია დეკადის საუკეთესო ფეხბურთელები მსოფლიოს ფინალში გადაეყარონ ერთმანეთს, მანამდე ასეთი რამ არ მომხდარა, მოგვიანებით კიბატონო, გვინახავს ბაჯო-რომარიო, გვინახავს რონალდო-ზადანი, სამწუხაროდ ვერ ვნახეთ მესი-რონალდუ. დაიწყო მატჩი და გაიქცა კრუიფი! ვის გაუგია ფინალის ასე დაწყება? წაიღო ცენტრიდან და სანამ საჯარიმოში არ დააგდეს, მანამდე ვერც გააჩერეს. პატარა იოჰანმა ფეხბურთის თამაში მუშათა კლასის ბეტონის უბანში დაიწყო, ამბობდა რომ ამან ასწავლა ფეხზე მყარად დგომა და ასე გამოიმუშავა კორდინაციის უნარი, დაცემა ტკივილს ნიშნავდა, თუ ეცემოდა, ესე იგი, ასე იყო საჭირო, საჯარიმოში ქარივით შეჭრილი კრუიფი დაეცა, რადგან თავად ასე სურდა, ეს პენალტია, ეს გოლია - ნეესკენსმა შეაგდო - 1:0.

თუმცა, გერმანელებთან არასდროს მთავრდება საქმე ასე მარტივად.
„ბრაზილიის დამარცხების შემდეგ, ყველა იმდენად მშვიდი და კმაყოფილი იყო, რომ შემდეგი თამაში თითქოს არც იყო მნიშვნელოვანი. ეს ქედმაღლობის ტრადიციული შემთხვევა გახლდათ. როგორც კი მეტისმეტი თავდაჯერებულობის ზღვარს გადასცდები, უკან მობრუნება წარმოუდგენლად რთული ხდება. გერმანიის წინააღმდეგ გატანილი სწრაფი გოლის შემდეგ, საგოლე შანსებს ერთმანეთის მიყოლებით ვქმნიდით. მოგვიანებით, პენალტი მათაც გამოიყენეს და პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს, გერდ მიულერის გოლს კი ტაიმის მიწურულს ვერაფერი მოვუხერხეთ და ანგარიში 2-1 გახდა. გვეგონა, რომ უეჭველად მოვიგებდით და რა არ ვცადეთ, მაგრამ ბურთი კარში ვეღარ შევაგდეთ. მთელი მატჩის განმავლობაში ყველა ოდნავ ნაადრევად ან ოდნავ დაგვიანებულად მოქმედებდა, მაგრამ არასდროს თავის დროზე, არასდროს ზუსტად.“ - იხსენებს იოჰან კრუიფი.
ოქროს ასოებით
მიუხედავად ფინალში მარცხისა, ოქროს ბურთი მაინც იოჰან კრუიფს ხვდა წილად. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, გარდა ამისა, ბარსელონაში ჩავიდა როგორც მესია, კლუბს 14 წლის განმავლობაში არ ჰქონია ლა ლიგის ტიტული მოგებული, კრუიფმა კი პირველივე წელს შეძლო ამის გაკეთება. აქაც 14, რა სიმბოლურია... მადრიდის რეალი ბერნაბეუზე გაანადგურა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სხვადასხვა საგნის სროლასთან ერთად, კრუიფს ტაშიც დაუკრეს. მოგვიანებით ეს პატივი წილად დიეგო მარადონას, რონალდინიოსა და ანდრეს ინიესტას ხვდათ. ეს იოჰანის მესამე ოქროს ბურთი იყო.
ოქროს ასოებით
მიუხედავად ფინალში მარცხისა, ოქროს ბურთი მაინც იოჰან კრუიფს ხვდა წილად. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, გარდა ამისა, ბარსელონაში ჩავიდა როგორც მესია, კლუბს 14 წლის განმავლობაში არ ჰქონია ლა ლიგის ტიტული მოგებული, კრუიფმა კი პირველივე წელს შეძლო ამის გაკეთება. აქაც 14, რა სიმბოლურია... მადრიდის რეალი ბერნაბეუზე გაანადგურა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სხვადასხვა საგნის სროლასთან ერთად, კრუიფს ტაშიც დაუკრეს. მოგვიანებით ეს პატივი წილად დიეგო მარადონას, რონალდინიოსა და ანდრეს ინიესტას ხვდათ. ეს იოჰანის მესამე ოქროს ბურთი იყო.

პირველი 1971 წლისთვის მისცეს, მაშინ, ჩემპიონთა თასი მოიგო. მეორე 1973 წელს მისცეს, ამ დროსაც ჩემპიონთა თასი მოიგო. შუალედში ბეკენბაუერმა აიღო ჯილდო, რადგან 1972 წელს ევროპის ჩემპიონობას გაცილებით დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს, ვიდრე საკლუბო ტიტულს. ასე რომ, „კაიზერმა" სულ რაღაც ორი ხმით აჯობა გერდ მიულერსა და ნეტცერს, კრუიფი კი სამეულში არ ყოფილა. 1975 წელს ოლეგ ბლოხინმა დიდი უპირატესობით აჯობა კრუიფსაც და ბეკენბაუერსაც, ერთი წლის შემდეგ კი გერმანელმა მეორედ შეძლო ოქროს ბურთის აღება. ახლა დიდი ვერაფერი მაჩვენებელია ორი ოქროს ბურთი, იმის გადამკიდე მესიმ და რონალდუმ რაც იკადრეს, მაგრამ მაშინ ეს დიდი ამბავი იყო.
ამერიკისკენ
მათი გზები ამერიკაში გადაიკვეთა, ბეკენბაუერი კოსმოსში გადავიდა, პელეს გავლენით, „კაიზერისთვის" პელე ხელშეუხებლად ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. სურდა იმ კლუბში ეთამაშა, სადაც თავის დროზე პელე თამაშობდა. კრუიფი აღნიშნავს, რომ ნიუ იორკ კოსმოსს მისი გადაბირებაც სურდა, მაგრამ ლიგაში ჩათვალეს, რომ ორი ასეთი ვარსკვლავის ერთ შტატში ყოფნა კარგი არ იქნებოდა, ამიტომ, იოჰანი ლოს ანჯელესში წავიდა. თუმცა, ერთი საჩვენებელი შეხვედრა მაინც ჩაატარა კოსმოსის ფორმით. უბრალოდ, ყველას სურდა ენახა ერთად მოთამაშე კრუიფი და ბეკენბაუერი. ისევე, როგორც დღეს ყველას სურს ერთად მოთამაშე მესი და რონალდუ იხილოს, ალბათ, მოხდება ეს ამბავიც, რომელიმე საქველმოქმედო შეხვედრაში.

მერე კი დაბრუნების დრო მოვიდა, ვერცერთი ვერ შეელია სახლის სიყვარულს, აქაც ჰომეროსის ამბავია - იქ უნდა დამთავრდეს, საიდანაც დაიწყო. ბეკენბაუერი გერმანიაში დაბრუნდა და ჰამბურგის ფორმა მოირგო, კრუიფი აიაქსში დაბრუნდა და ისევ კონფლიქტით დასრულდა ეს ამბავი, მერე კი გაბრაზებულ გულზე ფეიენოორდში წავიდა და ერედივიზიონიც მოიგო, უკან მოიტოვა თავისი მშობლიური კლუბი, სადაც მარკო ვან ბასტენი ბრწყინავდა. ესეც მისი დაუოკებელი აზარტის დამსახურებაა. „კაიზერმა" ყველაფერი მოიგო, მათ შორის, სანაკრებო დონეზეც, კრუიფმა კი დიდი კითხვის ნიშანი დატოვა 1978 წლის მუნდიალზე. წლების მერე თქვა, რომ ოჯახის უსაფრთხოებით ვერ გარისკა, მუდმივ მუქარებს იღებდა, სახლშიც შეუვარდნენ და იარაღიც დაატენეს თავზე, არ არის მარტივი გაკოჭილ ცოლ-შვილს უყურო, 70-იანების ბოლოს მემარცხენე მოძრაობებმა რადიკალური ფორმა მიიღეს და სამხრეთამერიკული მემარცხენე მოძრაობები საერთოდ არ ჰგავდა ფრანგულს, არგენტინაში ჩასვლა მართლაც არ იქნებოდა უსაფრთხო. რომ წასულიყო, ვინ იცის...
მენეჯერები
დიდი ფეხბურთელები დიდი მწვრთნელები ვერ ხდებიანო, ასე ამბობენ და ჩამოთვლიან ხოლმე დაუსრულებლად ვარსკვლავებს, მაგრამ საწინააღმდეგოდ ორი მყარი არგუმენტი არსებობს - კრუიფი და ბეკენბაუერი. კრუიფმა „დრიმ თიმი“ გვაჩუქა, თანამედროვე ფეხბურთი გვაჩუქა მისი ყველაზე ნათელი სახით, რაც მთავარია, პეპ გვარდიოლა გვაჩუქა. ბეკენბაუერმა კი მთავარ წარმატებას ნაკრებში მიაღწია. მუნდიალის ორი ფინალი ითამაშა. ერთში მარადონასთან დამარცხდა, მეორე მარადონას მოუგო. და გახდა ადამიანი, რომელმაც მუნდიალი, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა, მოიგო. ჩამოკიდეს ოქროს მედალი და დადიოდა თავისთვის ეულად მოედნის ცენტრში, აბსოლუტურად ყველა მწვერვალი დაიპყრო, ყველა მიზანს მიაღწია - ახლა რა იქნება? 1990 წლის ზაფხულია, ბეკენბაუერი მარადიული ქალაქის მოედნის ცენტრში ნელი ნაბიჯით დადის და რაღაცაში გამორკვევას ცდილობს, ამ დროს ერთ პატარა ქვეყანაში დიდი აურზაურია, უამრავი ხალხი ვნების ტალღას მიჰყვება და ერთი კაცი, ქართველი სოკრატე დგას მყარად თავის ფიქრში, რადგან იქა დგას და სხვაგვარად არ სძალუძს, და მართალია ამ კაცის სიტყვა ბრბომ ვერ შეიცნო, მაგრამ ფიქრსა და სიტყვას აქვს ძალა გაჰყვეს ქარს და იფრინოს იქამდე, სანამ ასევე ცოცხალი თავი არ მისწვდება სულ სხვა სამყაროში, განმარტოებით სიხარულში მყოფმა „კაიზერმაც" იპოვა ის სწორი სიტყვა, რომელმაც მომდევნო ნაბიჯი გადაადგმევინა - „სანამ მწვერვალზე ხარ უნდა წახვიდე, და მაშინ დარჩები“.
მენეჯერები
დიდი ფეხბურთელები დიდი მწვრთნელები ვერ ხდებიანო, ასე ამბობენ და ჩამოთვლიან ხოლმე დაუსრულებლად ვარსკვლავებს, მაგრამ საწინააღმდეგოდ ორი მყარი არგუმენტი არსებობს - კრუიფი და ბეკენბაუერი. კრუიფმა „დრიმ თიმი“ გვაჩუქა, თანამედროვე ფეხბურთი გვაჩუქა მისი ყველაზე ნათელი სახით, რაც მთავარია, პეპ გვარდიოლა გვაჩუქა. ბეკენბაუერმა კი მთავარ წარმატებას ნაკრებში მიაღწია. მუნდიალის ორი ფინალი ითამაშა. ერთში მარადონასთან დამარცხდა, მეორე მარადონას მოუგო. და გახდა ადამიანი, რომელმაც მუნდიალი, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა, მოიგო. ჩამოკიდეს ოქროს მედალი და დადიოდა თავისთვის ეულად მოედნის ცენტრში, აბსოლუტურად ყველა მწვერვალი დაიპყრო, ყველა მიზანს მიაღწია - ახლა რა იქნება? 1990 წლის ზაფხულია, ბეკენბაუერი მარადიული ქალაქის მოედნის ცენტრში ნელი ნაბიჯით დადის და რაღაცაში გამორკვევას ცდილობს, ამ დროს ერთ პატარა ქვეყანაში დიდი აურზაურია, უამრავი ხალხი ვნების ტალღას მიჰყვება და ერთი კაცი, ქართველი სოკრატე დგას მყარად თავის ფიქრში, რადგან იქა დგას და სხვაგვარად არ სძალუძს, და მართალია ამ კაცის სიტყვა ბრბომ ვერ შეიცნო, მაგრამ ფიქრსა და სიტყვას აქვს ძალა გაჰყვეს ქარს და იფრინოს იქამდე, სანამ ასევე ცოცხალი თავი არ მისწვდება სულ სხვა სამყაროში, განმარტოებით სიხარულში მყოფმა „კაიზერმაც" იპოვა ის სწორი სიტყვა, რომელმაც მომდევნო ნაბიჯი გადაადგმევინა - „სანამ მწვერვალზე ხარ უნდა წახვიდე, და მაშინ დარჩები“.
ავტორი: ფეოლა















