თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ ხშირია მოვლენა, როდესაც კლუბს სასტარტო შემადგენლობისთვის მებრძოლი ერთზე მეტი მეკარე ჰყავს. გავიხსენოთ გოლკიპერების მეტოქეობის ყველაზე ცნობილი ფაქტები ევროპის სხვადასხვა გუნდებიდან.
ალისონ ბეკერი - გიორგი მამარდაშვილი | ლივერპული, 2025-
დავიწყოთ ყველაზე ახალი შემთხვევით - ალისონი მამარდაშვილის წინააღმდეგ. ლივერპულს ჰყავს თავისი ვარსკვლავური და უკვე ლეგენდარული გოლკიპერი, რომელმაც თავის კლუბს მოუტანა არაერთი ტიტული, მაგრამ ძირითადისთვის ბრძოლაში ბეკერი მარტო არ იქნება.
ბრაზილიელ მეკარეს კონკურენციას გაუწევს გიორგი, რომლის სანაცვლოდ მერსისაიდელებმა ვალენსიას 30 მილიონი ევრო გადაუხადეს. "წითლების" წარსული უკავშირდება რომას ექს-გოლკიპერს, მომავალი კი მის ქართველ კონკურენტს. საინტერესოა, ვინ მოიგებს ბრძოლას, რომელიც აწმყოში შედგება.
კლაუდიო ბრავო - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი | ბარსელონა, 2014-2016
ვიქტორ ვალდესის წასვლის შემდეგ, ბარსელონამ გაიფორმა ორი მეკარე - სამხრეთ ამერიკული სკოლის კლასიკური წარმომადგენელი ბრავო და იმ დროისთვის მეგაპერსპექტიული ტერ შტეგენი, რომელიც სამომავლოდ მანუ ნოიერის კონკურენტადაც მოიაზრებოდა. კატალონიურ კლუბს კლაუდიოსა და მარკს შორის როლების გადანაწილება მოუწია.
ლა ლიგაში "ბლაუგრანას" კარს იცავდა ჩილელი მეკარე, ჩემპიონთა ლიგაზე კი მისი გერმანელი კონკურენტი. ასე გრძელდებოდა ორი სეზონი, რის შემდეგაც სოსიედადის ექს-გოლკიპერი გადავიდა მანჩესტერ სიტიში, კამპ ნოუს ბინადრების სრულფასოვანი პირველი ნომერი კი გლადბახის ყოფილი კარის დარაჯი გახდა.
ჯანლუიჯი ბუფონი - ედვინ ვან დერ სარი | იუვენტუსი, 2001
ვან დერ სარი იუვენტუსის კარს იცავდა ორი სეზონის განმავლობაში, რის შემდეგაც 2001 ზაფხულში იტალიურმა გუნდმა იმ დროისთვის რეკორდულ ფასად ბუფონი გაიფორმა. ტურინული კლუბი არც განიხილავდა გოლკიპერებს შორის კონკურენციას, ედვინს პირდაპირ კარისკენ მიუთითეს.
ჯანლუიჯიმ და ნიდერლანდელმა მეკარემ "ბიანკონერიში" ერთად გაატარეს თითქმის ორი თვე, რის შემდეგაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მეორემ ფულჰემს მიაშურა. დელე ალპის ბინადრების ექს-გოლკიპერი დღემდე გრძნობს დაუფასებლობასა და იმედგაცრუებას იტალიური კლუბის მხრიდან.
იკერ კასილასი - დიეგო ლოპესი | რეალი, 2005-2007, 2013-2014
კასილასი რეალში იყო ხელშეუხებელი ლეგენდა, თუმცა მისი სტატუსი ჟოზე მოურინიომ შეარყია. სანამ ლეგენდარული მეკარე იყო ლაზარეთში და მკურნალობდა ტრავმას, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მადრიდში დააბრუნა ლოპესი და მას გუნდის ძირითადში ადგილიც მისცა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მილანის ინტერის ყოფილი მწვრთნელის მიდგომა გააგრძელა კარლო ანჩელოტიმაც - ჩემპიონთა ლიგაზე "სამეფო კლუბის" კარს იცავდა იკერი, პრიმერა დივიზიონში კი დიეგო. ცნობისთვის, იმ პერიოდში ესპანურმა კლუბმა მოიგო ლა დეციმა, პირველი ევროტიტული 12-წლიანი პაუზის შემდეგ.
პეტრ ჩეხი - ტიბო კურტუა | ჩელსი, 2014-2015
კონკურენცია, რომელიც ალისონისა და მამარდაშვილის მსგავს შემთხვევას მოგაგონებთ. ჩელსის ერთ მხარეს ჰყავდა გუნდის ვეტერანი ლეგენდა, მეორე მხარეს კი პერსპექტივაზე გათვლილი ახალგაზრდა გოლკიპერი. რით დასრულდა ყველაფერი? ჩეხმა მასზე 10 წლით უმცროს კურტუასთან კონკურენცია წააგო.
პეტრმა 2014/2015 წლების სეზონში ჩაატარა მხოლოდ 16 მატჩი, ტიბომ კი 39. საინტერესოა, რომ ლონდონში მეკარეების ჩანაცვლების საკითხმა ისევ და ისევ მოურინიოს კარნახით ჩაიარა. ჩეხი გოლკიპერი "არისტოკრატებში" მოიყვანა სწორედ ოდიოზურმა სპეციალისტმა, კარლო კუდიჩინის სათადარიგოთა სკამზე გადაყვანით.
ნელსონ დიდა - კრისტიან აბიატი | მილანი, 2000-2010
კონკურენცია, რომელიც 10 წლის მანძილზე გრძელდებოდა. დიდა მილანში მივიდა აბიატიზე ორი წლით გვიან, თუმცა ძირითადი მეკარის სტატუსი მან მალევე მოიპოვა. ნელსონის გამო, კრისტიანს 3-ჯერ იჯარით წასვლაც მოუწია, იუვენტუსში, ატლეტიკოსა და ტორინოში. ბრაზილიელი გოლკიპერი კი იმ დროს თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
აღსანიშნავია, რომ იტალიელმა მეკარემ კარიერის მიწურულს მაინც მიიღო თავის გამოჩენის საშუალება და "როსონერის" იმდროინდელი მთავარი გოლკიპერის წასვლის შემდეგ, ძირითადში სწორედ ის აღმოჩნდა. ცნობისთვის, მონცას აღზრდილი კარის დარაჯის სკუდეტოების კოლექცია ბრაზილიის ეროვნული გუნდის პირველი ნომრის კოლექციაზე 2 ტიტულით უფრო მდიდარია.
კეილორ ნავასი - ჯანლუიჯი დონარუმა | პსჟ, 2021-2024
ნავასს რეალში უკვე გამოვლილი ჰქონდა ბრძოლა კასილასთან, პარის სენ-ჟერმენში კი მას მოუწია მეგაპერსპექტიულ დონარუმასთან კონკურენცია. ყველაფერი დასრულდა ჯიჯოს მოგებით, რის შედეგადაც კეილორს მოუწია სათადარიგოთა სკამზე გადაჯდომა და იჯარით ნოტინგემ ფორესტში წასვლაც.
პსჟ-მ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია სწორედ იტალიელ მეკარესთან ერთად, თუმცა საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მომავალი სეზონი ფრანგულმა კლუბმა მის გარეშე დაიწყოს. მილანის ექს-გოლკიპერი და "ლურჯ-წითლები" ვერ თანხმდებიან ახალ კონტრაქტზე, კლუბის რადარზე კი უკვე ლუკას შევალიე ტრიალებს.
იან ობლაკი - ედერსონ მორაესი | რიო ავე, 2012-2013
პორტუგალიური მოკრძალებული გუნდი მსოფლიოს მომავალი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეებით თავის შემადგენლობაში. ცნობისთვის, ორივე გოლკიპერს ლისაბონის ბენფიკა ჰქონდა გამოვლილი. ობლაკი იმ მომენტში იყო კლუბის საკუთრება და რიო ავეში თამაშობდა იჯარით, ედერსონი კი "არწივების" აკადემიაში ირიცხებოდა.
რაც შეეხება უშუალოდ 2012/2013 წლების სეზონს, სასტარტოში იდგა იანი, რომელმაც ჩაატარა 31 მატჩი, მორაესმა კი მხოლოდ შვიდჯერ ითამაშა. წლების შემდეგ, სლოვენიელი გოლკიპერი გახდება პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯი, მისი ბრაზილიელი კონკურენტი კი იგივეს ნისლიან ალბიონზე იზამს.
ვოიცეხ შესნი - დიბუ მარტინესი | არსენალი, 2012-2017
შესნის კარიერა მართლაც უნიკალურია. სხვადასხვა დროს მისი კონკურენტები იყვნენ ლემანი, ბუფონი, ჩეხი, ალისონი, ტერ შტეგენი და სხვები. არსენალში ყოფნის პერიოდში ვოიცეხს დიბუსთან ბრძოლაც უწევდა. მუნდიალის მომავალი ტრიუმფატორი აგებდა უშანსოდ და მარტინესს არაერთხელ იჯარითაც წავიდა.
იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ინგლისის ქვედა ლიგებში მოთამაშე არგენტინელი მეკარე წლების შემდეგ გახდება მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი, თანაც არაერთხელ. რა მოცემულობა გვაქვს დღეს? პოლონელმა კარის დარაჯმა ბარსაში თამაშისთვის განაახლა კარიერა, "მეთოფეების" ექს-გოლკიპერი კი ბირმინგემის ასტონ ვილაში მეფობს.
ფრანჩესკო ტოლდო - ჟულიო სეზარი | ინტერი, 2005-2010
ტოლდო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და რომ არა ბუფონი, მისი სანაკრებო კარიერა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნებოდა. რაც შეეხება საკლუბოს, უკვე ასაკოვანმა ფრანჩესკომ კარიერის ბოლოს ინერნაციონალეში კონკურენცია სეზართან წააგო.
იტალიელი მეკარისა და ჟულიოს ტანდემი მილანურ გუნდში ფიგურირებდა ტრებლის სეზონშიც, რომლის დასრულების შემდეგ, ვეტერანმა გოლკიპერმა დაასრულა კარიერა, ბრაზილიელი კარის დარაჯი კი "ნერაძურიში" კიდევ რამდენიმე სეზონით გაჩერდა. მათი მემკვიდრეობა მეაცაზე მოგვიანებით სამირ ჰანდანოვიჩმა, ანდრე ონანამ და იან ზომერმა გააგრძელეს.















