პირველი დიდი ფრანგული გუნდი თანამედროვე დომინანტის წინააღმდეგ
პირველი ფრანგული გუნდი, რომელმაც გაიბრწყინა ევროპაში იყო რეიმსი, 1956-1959 წლების შუალედში, ჩემპიონთა თასის ფინალში ორჯერ გასვლით. შამპან-არდენელებმა ორივეჯერ მადრიდის რეალთან წააგეს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პირველ ფინალში დაფიქსირდა 7-ბურთიანი თრილერი, რომელშიც "სამეფო კლუბმა" "თეთრ-წითლებს" 4:3 მოუგო.
სამი წლის შემდეგ, "ბლანკოსმა" გრანდ-ესტელებთან უკვე 2:0 იმარჯვა. ფრანგული გუნდის შემადგენლობაში იმ დროს ბრწყინავდა ჟიუსტ ფონტენი - ფორვარდი, რომელმაც 1958 წლის მუნდიალზე 6 მატჩში შეაგდო 13 ბურთი, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. დელონის ბინადრების მხრიდან 50-იანების ბოლოდან ასევე გამოსარჩევები არიან რენე ბლიარი, ლეონ გლოვაცკი, მიშელ ლებლონი, როჟერ პიანტონი და სხვები.

ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც პარის სენ-ჟერმენი ჯერ კიდევ დაარსებულიც არ იყო. დიახ, ლიგა 1-ის თანამედროვე დომინანტი საფეხბურთო სამყაროს მოევლინა 1970 წლის აგვისტოში, რეიმსის ანგარიშზე კი იმ დროისთვის უკვე იყო 6 ჩემპიონობა, 4 საფრანგეთის სუპერთასი, 2 საფრანგეთის თასი და 2 ვიცე-ჩემპიონობა ევროსარბიელზე.
დღეს, ლიგა 1-ში მოწინავე პოზიციებზე არის უკვე პსჟ - 12 ჩემპიონობითა და კიდევ არაერთი ტიტულით, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი შამპან-არდენელების მსგავსად, ვერც ამ გუნდმა შეძლო. ერთადერთი ფრანგული კლუბი, რომელმაც მოახერხა 50-იანები წლების დომინანტის შედეგის დაჩრდილვა არის მარსელის ოლიმპიკი, ევროსარბიელზე 1993 წელს ტრიუმფით.
არ შეგვიძლია უყურადღებოდ დატოვება იმ ყველაფრის, რაც მოხდა 1974 წლის 4 მაისს, როდესაც პარიზული გუნდი საკუთარ კედლებში "თეთრ-წითლებთან" 0:5 განადგურდა. აღნიშნული წაგება ქვეყნის თასზე პარკ დე პრენსის ბინადრების ისტორიაში დღემდე ანტირეკორდად ითვლება.

კარლოს ბიანკის სახელობის დაპირისპირება
პარის სენ-ჟერმენისა და რეიმსის დაპირისპირებაში უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს კარლოს ბიანკის, რომელიც 1970-იან წლებში ორივე გუნდის შემადგენლობაში ბრწყინავდა. ველეს სარსფილდში 120-ზე მეტი ბურთის შეგდების შემდეგ, არგენტინელი ფორვარდი გადმოვიდა ევროპაში, სადაც თავდაპირველად შამპან-არდენელებს შეუერთდა.
"თეთრ-წითლების" თავდამსხმელმა 144 შეხვედრაში გაიტანა 130 გოლი, 1974 წლის აგვისტოში კი მან კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ლიგა 1-ის მე-2 ტურში გრანდ-ესტელებმა პსჟ გაანადგურეს 6:1, ყველა ბურთი სწორედ "ლე გოლეადორმა" შეაგდო. ამის გარდა, გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ 1974-1979 წლების შუალედში, დელონის ბინადართა მე-9 ნომერი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ 5-ჯერ გახდა.
1970-იანების ბოლოს რეიმსში დაიწყო ფინანსური პრობლემები, რის გამოც კლუბს ბიანკის გაყიდვა მოუწია. ლიგა 1-ის საუკეთესო გოლეადორი გადავიდა პარიზელებში, რომლებსაც 3 წლით ადრე, 1 მატჩში 6 ბურთი გაუტანა. არგენტინელი ფორვარდი არც ახალ გუნდში დაკარგულა: 80 თამაში, 71 გოლი...ეს ყველაფერი სულ რაღაც 2 სეზონში.

ქართველი კაპიტანი საფრანგეთის ისტორიულ კლუბში
იყო დრო, როდესაც აღნიშნულ დაპირისპირებაში ქართველი გულშემატკივრებისთვის ყურადღების ცენტრში იყო არა პარის სენ-ჟერმენი, არამედ რეიმსი, რომლის შემადგენლობაში ჯაბა კანკავა თამაშობდა. 2015 წელს, დნიპროს დატოვების შემდეგ, ის გადავიდა სწორედ შამპან-არდენში, სადაც 2 წლით გაჩერდა.
ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა "თეთრ-წითლებთან" ერთად 2015/2016 წლების სეზონი გაატარა ლიგა 1-ში და ორჯერ ის პსჟ-საც დაუპირისპირდა. პირველ წრეში დაფიქსირდა ფრე, 1:1, მეორე წრეში კი პარიზელებმა მოწინააღმდეგე 4:1 გაანადგურეს. გრანდ-ესტთა ჩამშლელმა ორივე მატჩში 90-90 წუთი ითამაშა.

ლიონელ მესის დებიუტიდან - ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტამდე
2021 წელს, ბარსელონას დატოვების შემდეგ, ლიონელ მესი პარის სენ-ჟერმენს შეუერთდა. მისი დებიუტი შედგა იმავე წლის 29 აგვისტოს, სწორედ რეიმსის წინააღმდეგ. პსჟ-მ ის მატჩი მოიგო 2:0, ლეგენდარული არგენტინელი ფლეიმეიქერი კი მოედანზე შემოვიდა 66-ე წუთზე, თავისი მეგობრის, ნეიმარ ჟუნიორის ნაცვლად.
პარიზული გუნდის შემტევმა მოედანი დატოვა შედეგიანი მოქმედებების გარეშე, თუმცა უკვე მეორე წრეში შამპან-არდენელებთან გამარჯვებაში თავისი წვლილი მანაც შეიტანა. "ლურჯ-წითლებმა" მოწინააღმდეგე გაანადგურეს 4:0, "ლა პულგამ" კი მარკო ვერატიზე თავისი საფირმო საგოლე გადაცემის გაფორმება მოახერხა.

2025 წლის ზამთარი - პარკ დე პრენსის ბინადრების შემადგენლობაში თავისი დებიუტისთვის ემზადება ახალი დიდი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია. პარის სენ-ჟერმენის ყოფილი 30-ე ნომრის მსგავსად, ქართველი ვინგერი თავის პირველ მატჩს ასევე "თეთრ-წითლების" წინააღმდეგ ჩაატარებს. 25 იანვარი, 23:55 საათი...პსჟ-ში ახალი ვარსკვლავი დაიბადება.


















