ამის გარდა, ლიონის ოლიმპიკის თავდამსხმელს ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში დაუგროვდა 20 გოლი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირამდე, შოთა არველაძემდე მას უკვე სულ რაღაც 6 ბურთი აშორებს. არის 2 კომპონენტი, რომელშიც ქართველმა ფორვარდმა ლეგენდარულ თანამემამულეს უკვე გადაასწრო კიდეც.

პირველი - 24 წლის თავდამსხმელი თეთრ-წითელი მაისურით საშუალოდ ერთ შეხვედრაში იტანს 0.54 გოლს, რითაც ის ნაკრებში ყველაზე შედეგიანია. ცნობისთვის, გლაზგო რეინჯერსის ყოფილი ფორვარდის მაჩვენებელი 0.42-ს უდრის. ამის გარდა, ვილი სანიოლის გუნდის 22-ე ნომრის ბენეფისამდე, ამიერკავკასიელთა მთავარი "რისხვა" 3 გატანილი ბურთით იყო სწორედ არველაძე, დღეს კი ეს სტატუსი უკვე სხვას ეკუთვნის.
საუბარია მიქაუტაძის შესახებ, რომელმაც როგორც აღვნიშნეთ, "მთიელებს" საერთო ჯამში ოთხი გოლი გაუტანა. ისტორიას ახსოვს მხოლოდ ორი ფეხბურთელი, რომელმაც სომხეთის კარი ქართველ ფორვარდზე მეტჯერ აიღო. პირველ პოზიციაზე 7 მატჩში შეგდებული 7 ბურთით არის ანდრეი შევჩენკო, მის შემდეგ კი 4 თამაშში გატანილი 5 გოლით კრიშტიანუ რონალდუ მოდის.

უკრაინელმა თავდამსხმელმა "წითლების" კარი ხუთჯერ აიღო 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორჯერაც 2004 წლის ევროს შესარჩევზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მილანის ყოფილ ფორვარდს ამიერკავკასიელთა წინააღმდეგ მატჩებში მოედანი გატანილი ბურთის გარეშე არასდროს დაუტოვებია.
გადავინაცვლოთ პორტუგალიელი თავდამსხმელისკენ, რომელმაც თავისი სანაკრებო 135 გოლიდან 5, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ "მთიელებს" გაუტანა. მადრიდის რეალის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი სომხეთის კარს ევრო 2008-ისა და ევრო 2016-ის შესარჩევებში იღებდა. ყურადღების ცენტრშია 2015 წლის 13 ივნისს გამართული მატჩი, რომელშიც "წითელ-მწვანეების" მე-7 ნომერმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

სწორედ უკრაინის ნაკრების ლეგენდარული შვიდიანისა და 40 წლის ბომბარდირის შემდეგ მოდის ჟორჟი, თავისი ოთხი გოლით "წითლების" კარში. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდის გარდა, ბურთების იგივე რაოდენობა ამიერკავკასიელებისთვის შეგდებული აქვს კიდევ 4 მოთამაშეს: რობერტ ლევანდოვსკის, გორან პანდევს, სტევან იოვეტიჩსა და ენის ბარდის.
პოლონელმა თავდამსხმელმა 24 წლის შემტევის მსგავსად, ოთხი გოლი გაიტანა ორ შეხვედრაში, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ახალგაზრდა ფორვარდმა "მთიელებთან" ასისტიც მიითვალა. "ჯვაროსნების" 22-ე ნომერს წინ აქვს მთელი კარიერა და არაა გამორიცხული, რომ მომავალში მან შევას რეკორდიც მოხსნას.

მიქაუტაძეს ამისთვის სომხეთის კარში კიდევ ოთხი გოლის გატანა სჭირდება. ბოლოს კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ შოთა, რომელმაც მეზობლებთან სამ ბურთს + ასისტი სულ რაღაც ერთ მატჩში მიითვალა. საუბარია 1997 წლის 30 მარტს გამართულ ამხანაგურ თამაშზე, რომელშიც ჩვენმა გუნდმა "წითლები" 7:0 გაანადგურა.
ქართველ თავდამსხმელს თეთრ-წითელი მაისურით შესრულებული აქვს ორი ჰეთ-თრიქი - პირველი იყო სწორედ ამიერკავკასიელებთან, მეორე კი ფარერების კუნძულთა ეროვნულ გუნდთან, ევრო 2008-ის შესარჩევში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამსტერდამის აიაქსის ყოფილი ფორვარდის მსგავსად, 3 ბურთი "მთიელთა" კარში შეგდებული აქვს იურგენ კლინსმანსაც, მაგრამ მას საამისოდ 2 მატჩი დასჭირდა.

ყველაზე მეტი გოლი სომხეთის ნაკრების კარში:
ანდრეი შევჩენკო - 7 გოლი 7 მატჩში
კრიშტიანუ რონალდუ - 5 გოლი 4 მატჩში
გიორგი მიქაუტაძე - 4 გოლი 2 მატჩში
რობერტ ლევანდოვსკი - 4 გოლი 2 მატჩში
სტევან იოვეტიჩი - 4 გოლი 2 მატჩში
გორან პანდევი - 4 გოლი 6 მატჩში
ენიდ ბარდი - 4 გოლი 8 მატჩში
შოთა არველაძე - 3 გოლი 1 მატჩში
იურგენ კლინსმანი - 3 გოლი 2 მატჩში

















