
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი - 66
თანამედროვე ლივერპულის ერთ-ერთი სიმბოლო, რომლისთვისაც 66 ნომერი განსაკუთრებულია. საინტერესოა ის, რომ ალექსანდერ-არნოლდს აღნიშნული ნომერი სრულიად შემთხვევით ერგო, მერსისაიდელთა ერთ-ერთი მენეჯერის, ლი რედკლიფის დამსახურებით. ტრენტი აკადემიიდან გადადიოდა მთავარ გუნდში, სჭირდებოდა ნომერი და მიიღო ისეთი, რომელიც მხოლოდ მასთან ასოცირდება.

მარიო ბალოტელი - 45
ბალოტელის თავისი კარიერის დასაწყისში მილანის ინტერში სურდა ცხრა ნომერი, რომელიც დაკავებული იყო. ახალგაზრდა თავდამსხმელმა ბევრი იფიქრა და აიღო 45 (4+5=9 გავლენით). მოგვიანებით, მარიომ აღნიშნული ნომრით ითამაშა პრაქტიკულად ყველგან, სადაც იყო. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც "ნერაძურისა" და მანჩესტერ სიტის 45-ნომრიანი მაისურებია.

ჯანლუიჯი ბუფონი - 88
კარიერის სტარტზე, პარმაში თამაშის პერიოდში ბუფონმა აიღო 88-ე ნომერი, რაც ახსნა შემდეგნაირად - "თავდაპირველად მინდოდა 00, შემდეგ კი 01, ორივე შემთხვევაში მივიღე უარი, მოგვიანებით კი არჩევანი შევაჩერე 88-ზე, როგორც 4 ბურთზე. იტალიაში ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს ეს", - იხსენებს ჯიჯი.
აღმოჩნდა, რომ 88 არის ნაცისტური სიმბოლიკის ერთ-ერთი ნაწილი. ლათინურ ანბანში მერვე ასო არის H, ორი რვიანი - HH, რაც იშიფრება როგორც Heil Hitler. იტალიელმა კარის დარაჯმა ეს არ იცოდა, მაგრამ ამის გარკვევის შემდეგ, აღნიშნული ნომერი ლეგენდარული ფეხბურთელის ზურგზე აღარ ყოფილა. მოგვიანებით, ტურინის იუვენტუსის ლეგენდარული კიპერის ზურგზე 77-ც გვხვდებოდა.

ფილ ფოდენი - 47
ფოდენმა აღნიშნული ნომერი თავისი ბაბუის საპატივცემულოდ აიღო, რომელიც 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. სერხიო აგუეროს სიტიდან წასვლის შემდეგ, ფილს შესთავაზეს მისი 10-იანის აღება, მაგრამ მან უარი განაცხადა. თავად ფეხბურთელის განცხადებით, ეს ნომერი მას კარიერის ბოლომდე ექნება.

ბრუნო გიმარაეში - 39
ნომერი, მამის საპატივცემულოდ, რომლის ტაქსის მანქანის ნომერი 39 იყო. თავად გიმარაეში ამ ყველაფერს ახასიათებს შემდეგნაირად - "აღნიშნულმა ნომერმა მომცა ყველაფერი: საჭმელი, ტანსაცმელი, შესაძლებლობა მეთამაშა ფეხბურთი. მამაჩემის ტაქსის მანქანის მომერი #039 იყო", - იხსენებს ბრუნო.

ბიქსენტ ლიზარაზუ - 69
მიქაუტაძის მსგავსად, კიდევ ერთი 69-იანი. ლიზარაზუს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მის დაბადების წელს (1969), სიმაღლესა (169 სანტიმეტრი) და წონას (69 კილოგრამი). ბიქსენტმა ან ნომრით ითამაშა ერთი სეზონი, კარიერის ბოლოს.

მესუთ იოზილი - 67
იოზილმა მიგვაჩვია იმას, რომ მის ზურგზე იყო ათიანი, თუმცა კარიერის ბოლოს მან 67-ე ნომერი მოსინჯა. მიზეზი - 67 არის თურქეთის რეგიონის, ზონგულდაქის კოდი, საუბარია ადგილის შესახებ, საიდანაც მესუთის მშობლები წარმოშობით არიან.

დეკლან რაისი - 41
ალექსანდერ-არნოლდის მსგავსად, რაისს უცნაური ნომერი შემთხვევით ერგო. ვესტ ჰემის ახალგაზრდული გუნდიდან მთავარში გადასვლის მომენტში, მას სჭირდებოდა ახალი ნომერი, სელექციონერმა მიაწოდეს 41-იანი, რომელიც საბედისწერო გამოდგა. ის დღემდე ამ ნომრით თამაშობს.

რონალდინიო გაუჩო - 80
21-ე საუკუნეში უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ნომრები, რომელიც ფეხბურთელის დაბადების თარიღს უკავშირდება. რონალდინიოს გადმოსვლის მომენტში, მისთვის საყვარელი 10-იანი იყო დაკავებული, რის შედეგადაც 1980 წელს დაბადებულმა ფლეიმეიქერმა აიღო 80-იანი, ისევე როგორც 1976 წელს დაბადებულმა ანდრეი შევჩენკომ 76-ე ნომერი, მილანში იჯარით დაბრუნების შემდეგ.
როგორც გვახსოვს, გაუჩო კარიერის ბოლოს თამაშობდა 49-ე ნომრითაც - 2014-2015 წლებში, კერეტაროში. ლეგენდარულმა შემტევმა ჩაატარა 29 შეხვედრა და 8 ბურთი გაიტანა.

ივან ზამორანო - 1+8
ალბათ ყველაზე უცნაური ნომერი ფეხბურთის ისტორიაში. ზამორანო ინტერში თავდაპირველად თამაშობდა ცხრა ნომრით, თუმცა რონალდო ნაზარიოს გადმოსვლის შემდეგ, მან ვარსკვლავურ ახალწვეულს თავისი ნომერი დაუთმო. 9 აიღო ბრაზილიელმა ფორვარდმა, ივანი კი არ წასულა შორს, 1-სა და 8-ს შორის მან ჩაამატა +, რითაც ასევე 9 ნომრად დარჩა.

გიორგი მიქაუტაძე - 69
ბოლოს კი ისევ მიქაუტაძე. ის დაიბადა ქალაქ ლიონში, რომლის კოდი არის სწორედ 69. ახალგაზრდა თავდამსხმელმა აღნიშნული ნაბიჯით გამოხატა სიყვარული და პატივისცემა მშობლიური ქალაქის მიმართ.
როდესაც საყვარელი ნომერი დაკავებულია, იღებ ორმაგს
კიდევ ერთი დამკვიდრებული მეთოდი, როდესაც საყვარელი ნომერი დაკავებულია - აორმაგებ! ორი ცხრიანი, ორი შვიდიანი, ორი ოთხიანი და ა.შ. მაგალითად, როდესაც რონალდო მადრიდის რეალიდან გადადიოდა მილანში, მისი საყვარელი 9-იანი იყო დაკავებული, რის შედეგადაც მან 99 აიღო.
სხვა მაგალითები - ხვიჩა კვარაცხელიას ფავორიტი ნომერია შვიდი, თუმცა ნაპოლიში გადასვლის მომენტისთვის აღნიშნული ნომერი ელიფ ელმასს ეკუთვნოდა. ქართველმა ვინგერმა აიღო 77-იანი, რომლითაც მან "პარტენოპეის" თანამედროვე ისტორია დაწერა. ის იგივე ნომრით თამაშობს ახლაც, მაკედონიელი ფლანგელის წასვლის შემდეგაც.

ასევე გამოსარჩევია: ნიკოლა ანელკა - 39, ალესანდრო ბასტონი - 95, ნიკლას ბენდტნერი - 52, ანტონიო კანდრევა - 87, როჟერიო სენი - 01, გაბიგოლ ბარბოსა - 96, მანუელ ლოკატელი - 73, რომელუ ლუკაკუ - 90, ფელიპე მელო - 83, იუტო ნაგატომო - 55, ივან პერიშიჩი - 44, რობინიო დე სოუზა - 70, ბასტიან შვაინშტაიგერი - 31, მილან შკრინიარი - 37, მარტინ შკრტელი - 37, ჰაკან შუკური - 54, კარლოს ტევესი - 32, იაია ტურე - 42, დონი ვან დე ბეკი - 34, კრისტიან ვიერი - 32.

















