დავიწყოთ მეკარეებით. ამ ეტაპზე, ნაკრების მეკარის სამ პოზიციაზე - გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია და ლუკა გუგეგაშვილი - მყარად იკავებენ ადგილს. თუმცა, აქტუალური საკითხია ის, თუ ვინ შეცვლის უკვე ასაკში შესულ გიორგი ლორიას. მოცემული მომენტისათვის, ყველაზე რეალურ ვარიანტებად გორის დილას მეკარე - დავით კერესელიძე და ბათუმის დინამოს კიპერი - ლუკა ხარატიშვილი მესახებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს საკლუბო ფეხბურთში მუდმივი პრაქტიკა არ აქვს, სწორედ ის გახლავთ რამაზ სვანაძის დამოძღვრილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ძირითადი მეკარე. აუცილებლად აღსანიშნია ის ფაქტი, რომ სწორედ ლუკას დიდი დამსახურებაა, ახალგაზრდული ნაკრების კარგი გამოსვლა აღნიშნულ ციკლში. ხარატიშვილმა, მიუხედავად 3 გაშვებული გოლისა, შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა ნიდერლანდების ნაკრებთანაც, სადაც სხვა კარგ მოგერიებებთან ერთად, „ნარინჯისფრების“ დარტყმული პენალტის მოგერიებაც შეძლო. რაც შეეხება დავით კერესელიძეს, 25 წლის მეკარე წლევანდელ სეზონში შესაშურ ფორმაშია. ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 25 შეხვედრაში მან მხოლოდ 17 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა 12 მატჩში შეძლო. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ წლევანდელ სეზონში კერესელიძე ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარეა და გორელების წარმატებაშიც ლომის წვლილი აქვს შეტანილი.

რაც შეეხება მცველებს, დავიწყოთ დაცვის ფლანგებით, კერძოდ კი თბილისის იბერიას მცველებით. მარცხენა მცველი - ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა და მარჯვენა მცველი - ცოტნე კაპანაძე. ორივე მოთამაშე იბერიას აღზრდილი გახლავთ. ჯინჯოლავა 24 წლისაა და ევროპაში თამაში უკვე ორჯერ მოასწრო. ჯერ 2021/22 წლების სეზონში ესპანური კადისის ახალგაზრდულ გუნდში გახლდათ, სადაც 18 მატჩში თავი 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ხოლო გასული სეზონის ნაწილი სლოვაკურ ვიონ ზლატე მორავცეში გაატარა. კლუბის დაქვეითების შემდგომ ის ისევ სამშობლოში დაბრუნდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 16 ჩატარებული მატჩი და 2 საგოლე გადაცემაა.

რაც შეეხება მის თანაგუნდელ ცოტნე კაპანაძეს, ახალგაზრდა მარჯვენა მცველისთვის წლევანდელი სეზონი გარდამტეხი აღმოჩნდა. 33 ჩატარებულ შეხვედრაში ცოტნემ 1 გოლს 7 საგოლე გადაცემაც დაუმატა. მის შეტევით უნარებს რამაზ სვანაძე ახალგაზრდულ ნაკრებშიც კარგად იყენებდა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რუმინეთთან შეხვედრაში, სადაც ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2-0 იმარჯვა, ორივე გოლის ავტორი კი კაპანაძე გახლდათ. თანაც, საინტერესო ფაქტია, რომ იგი ამ თამაშში არა მარჯვენა მცველად, არამედ მარჯვენა ლატერალად იყო გამწესებული (ანუ, ზუსტად იმ პოზიციაზე, სადაც ეროვნულ ნაკრებში ოთარ კაკაბაძე თამაშობს). კიდევ ერთი მარცხენა მცველი, რომელიც ამ სიაში მოხვდა, შვედური სირიუსის მცველი საბა მამაცაშვილი გახლავთ. საბას შვედურ ფეხბურთში დებიუტი სულ მცირე ხნის წინ - 29 სექტემბერს ჰქონდა. მამაცაშვილიც, კაპანაძის და ჯინჯოლავას გვერდით, სეზონის პირველ ნახევარში იბერიას ღირსებას იცავდა. აღნიშნულ სეზონში 24 შეხვედრის ჩატარებაც მოასწრო, სადაც თავი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაგვამასოვრა. რაც შეეხება ცენტრალურ მცველებს, მართალია, ამ პოზიციაზე მრავალი ვარიანტია, მაგრამ მათ ნაკრებიდან მოწვევა უკვე, სულ მცირე ერთხელ მაინც ჰქონდათ - შესაბამისად ივა გელაშვილზე, ალექსანდრე კალანდაძესა და საბა ხვადაგიანზე ამ სტატიაში არ ვისაუბრებ.

გადავიდეთ ნახევარმცველებზე. პირველი მათგანი ვინც, მიმაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში ეროვნულ ნაკრებს აუცილებლად უნდა შეუერთდეს - ნიკა გაგნიძეა. 23 წლის ფეხბურთელი ამ ეტაპზე უკრაინული კოვალივკას კოლოსის ღირსებას იცავს, სადაც უკვე 7 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა. აღსანიშნავია, რომ ნიკამ სეზონი გორის დილაში დაიწყო, სადაც შესანიშნავი თამაშის შემდეგაც, უკრაინული კლუბის ყურადღებაც დაიმსახურა. გაგნიძეს გორელების მაისურით 122 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მეორე ნახევარმცველი, რომელიც ამ სტატიაში, უცილობლად სახსენებელია, ასევე იბერიას მოთამაშე გახლავთ. საუბარი მაქვს ოთარ მამაგეიშვილზე. 21 წლის ნახევარმცველი ჯერ კიდევ მშობლიურ კლუბში თამაშობს, სადაც 97 შეხვედრაში თავი 12 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ოთარი აღნიშნულ ციკლში 21-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან 3-1 წაგებულ მატჩში სწორედ ოთომ მოახერხა პრესტიჟის გოლის გატანა. აქვე, რასაკვირველია, უნდა ვახსენოთ ოთოს ტყუპისცალი ძმა - გიზი მამაგეიშვილიც. ისევე როგორც ოთოს, მასაც დიდი მომავალი აქვს და სწორი განვითარების შემთხვევაში, შოთას და აჩის შემდეგ, საკმაო შანსია ეროვნულ ნაკრების მაისურით კიდევ ერთი ტყუპი ძმები ვიხილოთ. გიზის ამ სეზონში 24 შეხვედრა აქვს გამართული, სადაც 5 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ახლა კი გადავიდეთ ფორვარდებზე. აღნიშნულ პოზიციაზე, პირველი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებთან, ჩემი აზრით, ყველაზე ახლოს გახლდათ და მართლაც, აღნიშნული მატჩების წინ გამოიძახეს - გიორგი გულიაშვილია. 23 წლის შემტევი ბოსნიურ სარაევოში ასპარეზობს, სადაც 12 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ სარაევო ზუსტად იმ ფორმაციით ასპარეზობს, რასაც ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრებში იყენებს. შესაბამისად, გულიაშვილს, აღნიშნულ ფორმაციასა და თამაშის სტილთან ადაპტირება, წესით და რიგით, არ უნდა გაუჭირდეს. ზოგადად, გიორგის ბუნებრივი პოზიცია შეტევის მარჯვენა ფლანგზეა, თუმცა მან ორ ფორვარდიან სქემასაც იდეალურად აუღო ალღო და შესანიშნავი შედეგებიც დააფიქსირა.

მეორე შემტევი, რომელიც, ვფიქრობ, ამ სიაში უნდა იყოს - გიორგი კვერნაძეა. 21 წლის მარცხენა გარემარბი იტალიური ფროზინონეს საკუთრებაა. მსგავსად, სტატიაში ნახსენები სხვა ბევრი ფეხბურთელისა, გიორგიც იბერია 1999-ის (საბურთალოს) აღზრდილია. მართალია, მას გასული სეზონი საკმაოდ მძიმე გამოუვიდა და ბევრი სათამაშო დრო არ მისცემია, მასზე გაცემული ავანსები მაინც საკმაოდ დიდი გახლავთ, რაც იმედს გვიტოვებს, რომ კვერნაძე საკუთარ ფეხბურთს იპოვნის და ეროვნულ ნაკრებშიც დაიმკვიდრებს ადგილს. წლევანდელ სეზონში მან მონაწილეობა უკვე 7 შეხვედრაში მიიღო, თუმცა, ჯერჯერობით აქტივში საგოლე მოქმედებები არ ჩაუწერია. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ის ყველაზე რთულ ჩემპიონატშია და შესაბამისად, კონკურენცია თუ მეტოქეთა სირთულეც ბევრად სერიოზულია. ბოლო შემტევი ამ სიაში კი დინამო თბილისის 17 წლის ვუნდერკინდი ვახტანგ სალიაა. ვახტანგს დინამოელთა შემადგენლობაში უკვე 30 თამაში აქვს ჩატარებული, სადაც 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მან შეაგდო მონტენეგროულ მორნან ბართან გამათანაბრებელი გოლი, თუმცა 10 კაცით დარჩენილ თბილისელებს ეს გოლი მონტენეგროელთა ბარიერის დასაძლევად არ ეყოთ და კონფერენს ლიგის გათამაშებას პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშნენ.

როგორც ხედავთ, სიაში მყოფი ფეხბურთელების უმეტესობას დიდი სათამაშო პრაქტიკა აქვს, რაც, როგორც უკანასკნელ პერიოდში ვხედავთ, ვილი სანიოლისთვის თამაშის ხარისხთან ერთად უმნივნელოვანესი ფაქტორია. მართალია, არიან სიაში ისეთი ბიჭებიც, რომლებიც კლუბში სტაბილურ სათამაშო დროს ჯერ სრულად ვერ იღებენ, თუმცა მიმაჩნია, რომ თითოეულის შემთხვევაში სიტუაცია სულ მალე რადიკალურად უნდა შეიცვალოს, რადგან ყველა მათგანს აქვს იმის პოტენციალი, რომ საკუთარ კლუბებში ძირითადი თერთმეტეულის მოთამაშებაად იქცნენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ თბილისის დინამოს აკადემიასთან ერთად, ჩინებულად მუშაობს იბერია 1999-ის აკადემიაც. ლაშა დვალი, ჯემალ ტაბიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი - ეს იმ ფეხბურთელების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საბურთალოს, აწ უკვე კი იბერიას აზღრდილი მოთამაშეები არიან. ამ სტატიიდან და ზოგადად, ქართული სანაკრებო ფეხბურთის შედეგებიდან გამომდინარე, ერთი რამ ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას წინამძღოლობითა და მათი თანამედროვე თუ მომავალი თაობების დამსახურებით ქართული ფეხბურთი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში საიმედო ხელშია.
ავტორი: ლაშა საცერაძე















