იტალიელი მეკარის მიმართებაში ყველაფერი გასაგებია - ის უკვე წლებია, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერის სტატუსს ინარჩუნებს. "სკუადრა აძურას" უკანახაზელი კი ევროპული ფეხბურთისთვის სრულიად ახალი სახეა. ევრო 2020-ის ჩემპიონების გამოვარდნიდან გავიდა ერთ თვეზე ნაკლები, მაგრამ ეს დრო ბოლონიას ყოფილი ცენტრბექის დაწინაურებისთვის საკმარისი გამოდგა.
როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ, 22 წლის ცენტრალური მცველი 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლონდონის არსენალს ოფიციალურად შეუერთდა. საფეხბურთო სამყარო გაიყო ორად: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ "მეთოფეების" ბანაკი კალაფიორის პროგრესისთვის იქნება იდეალური ადგილი, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ის პრემიერ ლიგის ტემპს ვერ გაუმკლავდება.

რამდენად გაამართლებს იტალიელი ცენტრალური მცველი "კანონირებში", ამას დრო გვიჩვენებს. იქამდე გავიხსენოთ, თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარა რიკარდომ ამჟამინდელ წერტილამდე მისასვლელად. ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, იტალიაში მას ყველაზე ნიჭიერ ცაციად თვლიდნენ. უეფამ და The Guardian-მა რომას აღზრდილი უკანახაზელი მსოფლიოს ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშეთა სიაშიც შეიყვანეს.
დედაქალაქური მედია კალაფიორის თვლიდა ფრანჩესკო ტოტისა და დანიელე დე როსის ტრადიციების გამგრძელებლად, მინო რაიოლა კი უკვე იმ დროს ფიქრობდა მის სარფიანად გაყიდვაზე. იტალიელი უკანახაზელი იყო 16 წლის, როდესაც შედგა მისი დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ამ მოვლენას ტრაგიკული შედეგი მოყვა.

"ჯალოროსი" ეთამაშებოდა ვიტორია პლზენს, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა, ვაცლავ სვობოდამ რიკარდოს მუხლის უმძიმესი ტრავმა მიაყენა. "მგლების" უკანახაზელმა დაიზიანა მუხლის სახსარი, სახსრის კაფსულა, მყესები და მენისკი. ეს იყო ტრავმა, რომელიც თავისი სიმძიმით ჯვარედინი მყესების გაწყვეტასაც კი ჩრდილავდა.
"ასეთი დაზიანებები ხდება მხოლოდ მოტოკროსში, ფეხბურთში ნაკლებად, აქ მსგავსი რამ 10 წელიწადში ერთხელ ხდება. მუხლის სახსრის ჩასმა მოგვიწია მოედანზევე, წინააღმდეგ შემთხვევაში კალაფიორი სიარულსაც ვერ შეძლებდა", - აცხადებდა ახალგაზრდა უკანახაზელის ექიმი, რომელმაც მისი კარიერა გადაარჩინა.

იტალიელი მცველი დაბრუნდა 300 დღის შემდეგ, თუმცა ის აღარ იყო ისეთი, როგორიც ტრავმამდე. ამას ხედავდა "კაპიტოლინის" იმდროინდელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, რომელიც რიკის ღიად აკრიტიკებდა: "მას მეტი სიმამაცე სჭირდება. ყოველ უსიამოვნო შეგრძნებაზე ითხოვს შეცვლას, რაც მიუღებელია", - აცხადებდა პორტუგალიელი ტაქტიკოსი.
ოლიმპიკოს ბინადრების იმდროინდელ მწვრთნელსა და ახალგაზრდა მცველს შორის ყველაფერი ბუდე-გლიმტთან ანგარიშით 1:6 განადგურების შემდეგ საბოლოოდ დასრულდა. "განსაკუთრებულმა" თავისი გუნდის უკანახაზელს შანსი აღარ მისცა, რის შედეგადაც მოთამაშე სეზონის ბოლოს ტრანსფერზე იქნა დაყენებული.
კალაფიორის არ ჰყავდა მსურველები სერია ა-ში, ერთადერთი გუნდი, რომელმაც მის მიმართ გამოხატა ინტერესი ბაზელი იყო. დანიელე დე როსისთან კონსულტაციის შემდეგ, იტალიელი უკანახაზელი შვეიცარიაში მართლაც წავიდა. იქ მას დახვდა ის მშვიდი გარემო, რომელიც ფეხბურთში სრულფასოვანი დაბრუნებისთვის იყო აუცილებელი.

"წმინდანებში" ერთი სრულფასოვანი და წარმატებული სეზონის ჩატარების შემდეგ, რიკარდო ოთხი მილიონი ევროს სანაცვლოდ ბოლონიაში გადავიდა. სწორედ "როსობლუში" ჩამოყალიბდა რომას ყოფილი უკნახაზელი იმ მოთამაშედ, რომელსაც ახლა ვიცნობთ. მის ტრანსფორმაციაში უდიდესი როლი ტიაგო მოტამ ითამაშა.
როგორც გვახსოვს, "ლურჯ-წითლებმა" გასულ სეზონში თავი დაგვამახსოვრეს ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად - მეოთხე ადგილი, ჩემპიონთა ლიგა, 22 წლის უკანახაზელი ამ ყველაფრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. რამდენიმე სტატისტიკური მაჩვენებელი: 33 მატჩი, 2 გოლი, 5 ასისტი, 50 ართმევა. საგოლე გადაცემების მხრივ, კალაფიორი ევროპის ტოპ 5 ლიგაში უკანახაზელებს შორის საუკეთესო იყო.
იტალიელ ცენტრალურ მცველს ადარებენ გაეტანო შირეასა და თანამედროვე ლიბეროს უწოდებენ. განვლილმა ევროპის ჩემპიონატმა გვაჩვენა, რომ "სკუადრა აძურა" კრიზისშია, მაგრამ ეს არ ეხება უკანახაზს, სადაც ფედე დიმარკოსა და ალესანდრო ბასტონისთან ერთად, ბრწყინავს რიკიც. მომავალი სეზონიდან, თავისი კლასის ჩვენებას მიკელ არტეტას გუნდის ახალწვეული უკვე პრემიერ ლიგაში ეცდება.


















