ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ნაკრები უარს იტყვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობაზე, თუ ფიფა მუნდიალზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუშვებს. ესპანელი პოლიტიკოსის კატეგორიულობის მოტივი ღაზას სექტორში მომხდარი მოვლენებია.
"ისრაელი საერთაშორისო ტურნირებიდან უნდა მოკვეთონ. ქვეყანას, რომელიც ემხრობა გენოციდს, მსოფლიო სპორტში არაფერი ესაქმება. "
ესპანეთი არ არის პირველი სახელმწიფო, რომელმაც ისრაელ - პალესტინური კონფლიქტის გამო აღშფოთება გამოთქვა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირებამდე აქამდე საქმე არავის მიუყვანია. ცნობისთვის, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ "თეთრ-ლურჯები" მუნდიალზე მართლაც მოხვდნენ.
საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ებრაელები ხუთი მატჩის შემდეგ, 9-9 ქულით იტალიის ნაკრებთან ერთად მეორე - მესამე პოზიციებს იყოფენ. ჯგუფიდან გადის ორი გუნდი, პირველადგილოსანი ავტომატურად, მეორეადგილოსანს კი პლეიოფის თამაში უწევს. "სკუადრა აძურას" გარდა, რან ბენ შიმონის შეგირდების კონკურენტები ნორვეგია, ესტონეთი და მოლდოვა არიან.
ისრაელის ნაკრები არის გუნდი, რომლის გარშემო სპორტისა და პოლიტიკის გამიჯნვა ერთმანეთისგან არის შეუძლებელი. თავად განსაჯეთ - აზიური ქვეყანა, რომელმაც ფეხბურთის თამაშისთვის უკვე 2 კონფედერაცია მოიარა. "თეთრ-ლურჯები" 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან იყვნენ აზიის კონფედერაციაში და ერთ-ერთი წამყვანი გუნდის სტატუსსაც ინარჩუნებდნენ.
1956 - 1968 წლების შუალედში ებრაელები ერთხელ გახდნენ აზიის ჩემპიონები, ასევე ორჯერ ვიცე-ჩემპიონები და ერთხელ მესამეადგილოსნები. 1970 წელს კი ისრაელი პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ თავის ისტორიაში მუნდიალზე მოხვდა. მექსიკაში გამართულ ტურნირზე "თეთრ-ლურჯებმა" ითამაშეს ფრე იტალიასა და შვედეთთან, მაგრამ ჯგუფიდან გასვლისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა.
შემდეგ მოხდა არაბული ქვეყნების ბოიკოტი, რის გამოც ებრაელებს აზიის კონფედერაციის დატოვება მოუწიათ. თავდაპირველად ისინი იყვნენ ოკეანეთში, შემდეგ კი ევროპაშიც. ისრაელი უეფას წევრი გახდა 1992 წლიდან, მაგრამ დიდ ტურნირებზე ამ ქვეყნის ეროვნული გუნდი ჯერ არ გასულა.
ცხადია, ევროპაში გადმოსვლით მოწინააღმდეგეების სიძლიერის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა - სწორედ ეს არის "თეთრ-ლურჯების" საერთაშორისო ტურნირებზე ვერმოხვედრის მთავარი მიზეზი. დავუბრუნდეთ პოლიტიკურ მხარეს, რომელიც ებრაელებისთვის შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს.
მუსლიმური სამყაროს გარდა, ისრაელს პროტესტს უცხადებს არაერთი ქვეყანა, კლუბი თუ სპორტსმენი. სამყარო ითხოვს ამ ქვეყნისთვის ისეთი სანქციების დაკისრებას, როგორიც რუსეთს აქვს დაკისრებული. ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში მომხდარ მოვლენებზე ცოტა ხნის წინ ილია თოფურიამაც ისაუბრა.
"შესაძლებლობა რომ მქონდეს, ამ ომს ახლავე შევაჩერებდი, რადგან ამას არ ვეთანხმები. ჩვენ არასოდეს გვსურს მსოფლიოში ვინმეს სიკვდილი, პირიქით. ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ ხალხს ჰქონდეს ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ - წყალი სასმელად და პური საჭმელად. აქედან, ჩვენს მთელ მხარდაჭერას ვუგზავნით ღაზაში მყოფ ოჯახებს - ჩვენ თქვენთან ვართ.
"















