რეალ მადრიდი - მთავარი მეტოქე პეპ გუარდიოლას ცხოვრებაში. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ის ევროპის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ბარსელონასა და რომაში თამაშის დროს შეხვდა 21-ჯერ, შედეგი კი არის ასეთი: 8 მოგება, 7 ფრე და 6 წაგება. "სამეფო კლუბზე" ხშირად ესპანელ შუახაზელს მხოლოდ ვალენსიასა (26 შეხვედრა) და მადრიდის ატლეტიკოსთან (24 შეხვედრა) უწევდა თამაში.
რაც შეეხება მანჩესტერ სიტის ამჟამინდელი დამრიგებლის სამწვრთნელო კარიერას - 28 მატჩი, 14 გამარჯვება, 6 ფრე და 8 მარცხი. სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებზე ხშირად ხოსეპის მოწინააღმდეგე ყოფილა მხოლოდ 3 კლუბი: არსენალი (33 შეხვედრა), მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი (ორივე 31-31 შეხვედრა).
როგორც ვხედავთ, რეალის წინააღმდეგ გამართული მატჩების ნახევარი 55 წლის მწვრთნელის გუნდების გამარჯვებით დასრულდა. საუბარია კატალონიელებსა და "ქალაქელებზე". დიახ, გუარდიოლა მუშაობდა მიუნხენის ბაიერნშიც, მაგრამ მადრიდელებთან მოგების ბედნიერება მას არ ჰქონია.
პეპზე ხშირად "სამეფო კლუბი" დაუმარცხებია მხოლოდ ორ მწვრთნელს - ელენიო ერერასა (22 გამარჯვება) და ლუის არაგონესს (16 გამარჯვება). რაც შეეხება ესპანელი სპეციალისტის რეკორდებს ბერნაბეუს ბინადრების წინააღმდეგ, როგორც ზოგადს, ისე პირადს, ასეთი გვხვდება 2.
მან სიტის ამჟამინდელი მწვრთნელი ერთადერთია, ვინც რეალი თავის მოედანზე შვიდჯერ დაამარცხა. ამის გარდა, საფეხბურთო კარიერის მანძილზე ხოსეპმა ყველაზე მეტი, 8 ასისტი სწორედ მადრიდელების წინააღმდეგ გააკეთა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "ბლაუგრანას" ყოფილ მე-4 ნომერს "სამეფო კლუბის" კარი ერთხელაც არ აუღია.
55 წლის ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამინდელი მწვრთნელი 11 მარტს სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებს დაუპირისპირდება საიუბილეო, 50-ე შეხვედრაში. გავიხსენოთ გუარდიოლას განვლილი გზა, რომლის განუყოფელი ნაწილი, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ რეალთან ომია. 90-იანების დასაწყისში დაწყებული პაექრობა უკვე მე-4 დეკადას მოიცავს.
საფეხბურთო კარიერა - 90-იანი წლების ელ კლასიკოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო
გუარდიოლამ თავისი პირველი ელ კლასიკო ითამაშა 1991 - 1992 წლებში, სეზონში, როდესაც გენუის სამპდორიას დამარცხებით, ბარსელონამ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი თავის ისტორიაში პირველად მოიგო. კატალონიელებს იმ დროს ხელმძღვანელობდა ლეგენდარული იოჰან კრუიფი, გუნდში კი ხრისტო სტოიჩკოვი, მიქაელ ლაუდრუპი და რონალდ კუმანი ბრწყინავდნენ.
რეალთან პირველ დაპირისპირებებში ესპანელი ნახევარმცველი არ ფიგურირებდა საგოლე ქმედებებში, სადებიუტო ასისტი მან ჩაიწერა 1994 წლის 9 იანვარს გამართულ კლასიკოში, რომელშიც "ბლაუგრანამ" მადრიდელები 5:0 გაანადგურა. საუბარია რომარიო ფარიას ბენეფისად ქცეულ შეხვედრაზე.
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა შეასრულა ჰეთ-თრიქი, ყველაფერი კი სწორედ პეპის საგოლე გადაცემით დაიწყო. კრუიფის გუნდი "სამეფო კლუბს" მოუგებს მე-2 წრეშიც, რის შემდეგაც პრიმერა დივიზიონის ჩემპიონიც გახდება. აუცილებლად სახსენებელია 1996 წლის 2 თებერვალსა და 1999 წლის 14 თებერვალს გამართული კლასიკოები, რომელშიც კამპ ნოუს ბინადრებმა რეალი 3:0 გაანადგურეს.
ბარსელონას ნახევარმცველმა პირველ შემთხვევაში საგოლე გადაცემა გააკეთა ლუის ენრიკეზე, მეორე შემთხვევაში კი ლუიშ ფიგუზე. იყო კიდევ რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა, მაგრამ მათ შორის მთავარი შედგა არა პრიმერა დივიზიონში, არამედ ესპანეთის თასის 1996/97 სეზონის 1/8 ფინალში.
მადრიდული გუნდი დამარცხდა ანგარიშით 2:3, კატალონიელების ოთხიანმა კი იმ დროს უკვე კაპიტნის რანგში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ხოსეპმა ჯერ რონალდო ნაზარიო გაიყვანა ბოდო ილგნერთან პირისპირ, შეხვედრის მიწურულს კი მის მიერ ჩამოწოდებული კუთხური გოლად ჯოვანი ოლივეირამ აქცია.
კადრში ჩანს, თუ როგორ ზეიმობენ ბრაზილიელი თავდამსხმელის გოლს პიროვნებები, ვინც მომავალში იქცევიან "სამეფო კლუბის" ისტორიის ნაწილად: ფიგუ, ჟოზე მოურინიო (ბობი რობსონის ასისტენტი) და ხულენ ლოპეტეგი (სათადარიგო გოლკიპერი). ბერნაბეუს ბინადრებთან მოგების შემდეგ, "ბლაუგრანა" ასევე აჯობებს ლას პალმასს, ბეტისსა და ატლეტიკოს, რის შედეგადაც ესპანეთის თასს დაეუფლება.
55 წლის ყოფილი ნახევარმცველი ევროპული საფეხბურთო კარიერის დასკვნით ნაწილს გაატარებს იტალიაში და რეალთან დაპირისპირება მას არც რომაში თამაშის დროს აცდება. ეს მოხდება ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2002/03 სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდელები "ჯალოროსის" 3:0-ს გაანადგურებენ.
გუარდიოლას სამწვრთნელო კარიერისა და რეალის კოშმარის დასაწყისი
გუარდიოლამ კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა რეალის დამარცხება, ამიტომ, ელ კლასიკოში დომინაციის მოპოვებისთვის მას დიდი დრო არ დასჭირვებია. ბარსას დამრიგებლის რანგში ესპანელმა სპეციალისტმა სადებიუტო სეზონში მადრიდელებს ჯერ შინ მოუგო 2:0, შემდეგ კი სტუმრად ისინი 6:2 გაანადგურა.
ეს არის პირველი და ჯერჯერობით ბოლო შემთხვევა 21-ე საუკუნეში, როდესაც "სამეფო კლუბმა" საკუთარ კედლებში ექვსი გოლი გაუშვა. მოგვიანებით, კატალონიელები ბერნაბეუს ბინადრებს მოუგებენ 5:0-ს და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალიდანაც გამოთიშავენ.
ეს ყველაფერი მოხდება ერთ სეზონში, 2010/2011-ში. "ბლაუგრანას" მწვრთნელის რანგში პეპი რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს 15 მატჩს - ცხრაჯერ მოიგებს, ოთხჯერ ითამაშებს ფრეს და მხოლოდ ორჯერ წააგებს. პირველი მარცხი მოხდება ესპანეთის თასის ასევე 2010/11 სეზონის ფინალში, მეორე კი პრიმერაში, 2012 წლის აპრილში.
ცნობისთვის, ეს მატჩი იქნება ბოლო ელ კლასიკო კამპ ნოუს ბინადრების იმდროინდელი მწვრთნელის კარიერაში. გამოსარჩევია ისიც, რომ ხოსეპი ბარსას დამრიგებლის რანგში მადრიდელებთან პირველ 5/5 შეხვედრას მოიგებს. მშობლიური კლუბის დატოვების შემდეგ, ის აღმოჩნდება ბაიერნში, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, "სამეფო კლუბთან" დუელში 55 წლის ტაქტიკოსი წაგებული გამოვა.
საუბარია ჩემპიონთა ლიგის 2013/2014 წლების სეზონის ნახევარფინალზე, სადაც მიუნხენური გუნდი კარლო ანჩელოტის შეგირდებთან ორი შეხვედრის ჯამში 0:5 განადგურდება. ფავორიტად აღნიშნულ დუელში ითვლებოდა "რეკორდმაისტერი", მაგრამ კრიშტიანუ რონალდუმ და სერხიო რამოსმა გუარდიოლას მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული წაგება აგემეს.
რეალ მადრიდი - მანჩესტერ სიტი | თანამედროვე ფეხბურთის ახალი კლასიკა
2016 წელს, გუარდიოლა დაინიშნა მან სიტის მთავარ მწვრთნელად და რეალთან დაპირისპირებები ჩემპიონთა ლიგაზე ჩვეულ მოვლენად იქცა. თავად განსაჯეთ: 2020 წლიდან-დღემდე, საფეხბურთო სამყარომ მადრიდელებისა და მანჩესტერელების 11 შეხვედრა იხილა. ესპანელი ტაქტიკოსის შედეგი ასეთია: 5 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება.
"ქალაქელებმა" 2020 წელს "სამეფო კლუბი" დაამარცხეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, სამი წლის შემდეგ, ნახევარფინალშიც, მოგვიანებით კი ფინალში მილანის ინტერთან მოგებით, პეპი ინგლისურ გუნდთან ერთად პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჩემპიონი გახდა.
ყველაზე გამორჩეული მატჩი მათ შორის იყო აღნიშნული ნახევარფინალის განმეორებითი დაპირისპირება, სადაც გასვლაზე ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, გუარდიოლას გუნდმა ანჩელოტის შეგირდები 4:0 გაანადგურა. რაც შეეხება წაგებებს, ტიტულოვანი სპეციალისტის ევროპული წარუმატებლობები პირველ რიგში ბერნაბეუს ბინადრებს უკავშირდება.
მარცხი ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ნახევარფინალში, ორი წლის შემდეგ, მეოთხედფინალში, გასულ სეზონში კი პლეიოფში. ესპანელ სპეციალისტს ღამის კოშმარებში ესიზმრება 2022 წლის 4 მაისის საღამო, რომელშიც რეალმა 90-95 წუთების შუალედში შეაგდო 3 ბურთი და ეტიჰადის ბინადრები ფინალის გარეშე დატოვა.
მან სიტი ქარიმ ბენზემასა და როდრიგო გოესის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. რაც შეეხება 2024 წლის მეოთხედფინალში მომხდარ მოვლენებს, ორივე შეხვედრა დასრულდა ფრედ (3:3, 1:1), პენალტების სერიაში კი მანჩესტერელები ბერნარდუ სილვამ და მატეო კოვაჩიჩმა დააღალატეს.
მადრიდულ გუნდთან დაკავშირებული ბოლო წარუმატებლობა უკავშირდება ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის პლეიოფს, სადაც მანჩესტერელებმა 2 შეხვედრის ჯამში კილიან მბაპესგან 4 ბურთი მიიღეს. აღნიშნული წაგებით, პეპი თავის მენეჯერულ კარიერაში 1/8 ფინალს მიღმა პირველად დარჩა.
ვნახოთ, რა იქნება ამ სეზონში, რომელშიც "სამეფო კლუბის" დამარცხების გამოცდილება "ქალაქელებს" უკვე აქვთ. ლიგის ფაზის მსვლელობისას გუარდიოლას გუნდმა მოიგო ბერნაბეუზე, ტიტულოვანი სპეციალისტმა კი აღნიშნულ სტადიონზე ჩაიწერა რეკორდული, მე-7 გამარჯვება.















