ფრეიზერი VS. ალი - საუკუნის ბრძოლამდე
ჯო ფრეიზერსა და მუჰამედ ალის პირველი დიდი გამოჩენა ერთსა და იმავე სცენაზე ჰქონდათ - ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. აღსანიშნავი ამბავია, რომ ორივე მათგანმა ოქროს მედალს უწია, ალიმ, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ კასიუს კლეი იყო და არა მუჰამედ ალი - 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე იმარჯვა, ხოლო Smokin' Joe ოქროს მედალს 1964 წელს ტოკიოში. თუმცა აქ მცირე სხვაობა მდგომარეობდა იმაში, რომ ეს უკანასკნელი მედალს მძიმე წონაში დაეუფლა, ხოლო მისი ყველა დროის ყველაზე დიდი მეტოქე კი ქვემძიმე წონაში.

ოლიმპიური ჩემპიონობის შემდგომ ალიმ ტიტულამდე არც თუ ისე დიდი პერიოდი განვლო და 1964 წელს „დიდი დათვი“ დაჯაბნა - სონი ლისტონს 22 წლის ჯერ ისევ კასიუს კლეიმ სასწაულებრივად მოუგო და ჩემპიონობა ჩამოართვა. სწორედ ამ ბრძოლის შემდგომ შეიცვალა მან სახელი და დაირქვა მუჰამედ ალი. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას წინ მრავალი ფაქტორი უსწრებდა. მოგეხსენებათ 60-იანი წლების ამერიკა დიდი ვნებათაღელვის სამშობლოა, ერთი მხრივ კვლავ აქტუალურია სამოქალაქო თანასწორობის საკითხები, პარალელურად ამერიკა ვიეტ კონგის წინააღმდეგ ვიეტნამში ომს იწყებს. ალი კი ორივე ამ ფაქტორს შორის არსებული შემაკავშირებელი რგოლი აღმოჩნდა. 60-იანი წლების დასაწყისში კასიუს კლეიმ რელიგია შეიცვალა - იგი ქრისტიანული რელიგიიდან ისლამზე მოექცა, ამის ძირითად მიზეზად კი იქცა ის, რომ ამ პერიოდის შტატებში აფროამერიკელებისთვის რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ქვაკუთხედად ისლამური რელიგია იქცა. ალი ყოველთვის გამოირჩეოდა ექსრემისტული რელიგიური შეხედულებებითა და გამონათქვამებით. ამ ყველაფერმა შედეგი მაშინ გამოიღო, როცა მას ვიეტნამის ომში უხმეს.
„რა მაქვს გასაყოფი ვიეტნამელებთან?!"
ალის თქმით, იგი ამ ომში მონაწილეობას არ აპირებდა, რადგან ეს ომი ყურანის წესებს ეწინააღმდეგებოდა. მისი თქმით არცერთ მუსლიმს ქრისტიანების ან ნებისმიერი სხვა ურწმუნო ადამიანის ომში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. „არცერთ ვიეტკონგელს ჩემთვის ნიგერი არ დაუძახებია" - ალის ამ პროვოკაციულ განცხადებას ამერიკელი საზოგადოებისგან უდიდესი კრიტიკა და სიძულვილი ხვდა წილად. ეს ის პერიოდია, როცა აშშ-ში ვიეტნამის ომისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამერიკული იდეის წინააღმდეგ ღია გალაშქრებამ ალი სასამართლომდე და ციხემდე მიიყვანა. , კრივის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიადესმა მებრძოლმა პატიმრობაში სულ რაღაც 10 დღე გაატარა, თუმცა თითქმის 4 წლით ჩამოერთვა ბრძოლის უფლება.

ამ პერიოდში ალის დრო უქმად არ დაუკარგავს და საჯარო ლექციების კითხვა დაიწყო, ამის პარალელურად შეიცვალა ვითარებაც და ამერიკულ საზოგადოებაში მკვეთრად გაიზარდა უკმაყოფილება ვიეტნამის ომთან დაკავშირებით, შესაბამისად ალის, როგორც მოღალატის სახელი სწრაფი ნაბიჯებით ტრანსფორმირდებოდა ალის, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი პიროვნების სახელად.
სწორედ ამ პერიოდში, მისცეს ალის საბოლოოდ უფლება, რომ პროფესიონალურ კრივში დაბრუნებულიყო, რასაც ორი მარტივი გამარჯვებაც მალევე მოჰყვა - ამის შემდეგ კი მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა მარტივი გამოსაცნობი იყო - ჯო ფრეიზერი. ადამიანი, რომელიც ალისთვის წართმეულ ქამრებს დაეუფლა. აღსანიშნავი ამბავია, რომ ფრეიზერი იყო ის იშვიათი მოკრივე, რომელიც ალის ამ პერიოდში ბოლომდე გვერდით ედგა და სადაც კი ხმა მიუწვებოდა, ყველგან ითხოვდა, რომ მუჰამედ ალისთვის კრივში დაბრუნების უფლება ოფიციალურად მიეცათ. ამის საპასუხოდ კი ალიმ ფრეიზერს ერთობ რასისტული და ბრალდებების შემცველი პასუხი დაუხვედრა. მისი თქმით, ჯო ფრეიზერი იყო სწორედ იმ პიროვნების იდეალური გამოსახულება, რომლის გამოც ფერადკანიანი ადამიანები ამერიკაში ასე სძულდათ. ალი ჯოს სისტემის მონასა და დაქვემდებარებულ ფერადკანიან ადამიანს უწოდებდა - მეტსახელად ყველა ფერადკანიანისთვის ტკივილნარევ სახელს - Uncle Tom-ს ეძახდა.

ეს ჟარგონული გამოთქმა ცხადია, რომ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს საეტაპო ნაწარმოების მთავარი პერსონაჟისგან, ბიძია თომასგან, მოდის (ბიძია თომა ძველ თარგმანში, ახალში პერსონაჟი უკვე ბიძია ტომია). აღნიშნული ნაწარმოების სიუჟეტიდან გამომდინარე, ტომი ერთგვარად თეთრკანიანებისადმი მორჩილებაში და მადლიერებაში მყოფი შავკანიანის სიმბოლოა, რაც განსაკუთრებით იმ პერიოდის ფერადკანიანებისთვის მიუღებელი რამ გახლდათ. შესაბამისად, მარტივი მისახვედრია ცინიზმის ის მასშტაბი, რომელშიც ალიმ შეტოპა, როცა ჯოს წყობიდან გამოყვანას მსგავსი გამოთქმებითა და ეპითეტებით ცდილობდა. ამავდროულად ის ფრეიზერს ჩემპიონად არც კი აღიქვამდა და ამბობდა, რომ მან უბრალოდ ალის არყოფნით ისარგებლა და ქამრებსაც მხოლოდ და მხოლოდ დროებით დაეუფლა.
ამ ყველაფრით ჯო გაოგნებული და სამუდამოდ განაწყენებული დარჩა. რაც არ უნდა ეთქვა ალის, მას იმ ცხოვრების ნახევარიც კი არ ჰქონდა გამოვლილი, რაც ფრეიზერს. კასიუს კლეი ფერადკანიანთათვის საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გაიზარდა და ბავშვობაში არც ზედმეტი შრომა უწევდა და ნორმალურ პირობებშიც იზრდებოდა. აი, ჯო კი უღარიბეს ოჯახში რიგით მე-12 შვილი გახლდათ. მამამისს მარცხენა ხელი აკლდა და როცა იგი სამუშაოზე მიდიოდა, მისი მარცხენა ხელის მაგივრობას ფაქტობრივად მცირეწლოვანი ჯო სწევდა. სწორედ აქედან მოდიოდა მისი არაადამიანურად ძლიერი მარცხენა ჰუკიც. ფრეიზერი მთელი ბავშვობის განმავლობაში დიდ სიღარიბეში ცხოვრობდა და თავის თავზე გამოსცადა ყველა ის დამცირება, რისი ატანაც იმ პერიოდის ამერიკაში ფერადკანიანებს უწევდათ. ახალგაზრდა ფრეიზერი უსამართლობას ვერასდროს ეგუებოდა და ამის გამო სკოლის პერიოდიდან მოყოლებული უამრავ ფათერაკსაც გადაჰყრია, თუმცა მისი ასაკისათვის შეუფერებელი ძალიდან გამომდინარე, თითქმის ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდიოდა. პირველი ადამიანი, რომელმაც მასში მოკრივის ტალანტი დაინახა, ბიძამისი იყო. ამ უკანასკნელის თქმით პატარა ჯო მომავალი ჯო ლუისი გახდებოდა.

ამ სიტყვებმა ახალგაზრდა ბიჭზე იმხელა გავლენა იქონია და ჯოს წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავი შრომისკენ უბიძგა. ფრეიზერის თქმით, მან სახლის უკანა ეზოში, ხეზე ტომარა ჩამოკიდა, სადაც დღეში სულ მცირე ერთ საათს მაინც ატარებდა და შიშველი ხელებით მოკრივის უნარების დახვეწასა და სრულყოფას ცდილობდა. ზოგადად, ფრეიზერი არ იყო სიტყვების ადამიანი, მისი ხასიათი ყოველთვის მოქმედებებში გადმოიცემოდა. სამართლიანობის ინსტინქტმა მას ალის გვერდით დადგომა უკარნახა. ფინანსურადაც დაეხმარა. პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს თხოვნით არაერთხელ მიმართა - ალის ბრძოლის უფლება ისევ მიეცითო. მუჰამედ ალის ნაწარმოები კამპანიიდან გამომდინარე საქმე იქამდე მივიდა, რომ აფროამერიკელებისთვის ჯო ფრეიზერი პერსონა ნონ გრატად იქცა. მისი შვილები სკოლაში უდიდესი ჩაგვრის მსხვერპლები აღმოჩდნენ, ოჯახის თითოეულ წევრს სიკვდილით ემუქრებოდნენ, ჯოს სახლთან პოლიციის ესკორტები მორიგებოდნენ. ბრძოლა კულტურულ ფენომენად გარდაისახა და მთელი ამერიკის ყურადღება მიიპყრო.
საუკუნის ბრძოლა: დიდების 15 რაუნდი
ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჯოსა და ალის ბრძოლა იდეალურად გაიყიდა. თითოეული მებრძოლი გარანტირებულად იმ პერიოდისთვის გასაოცარ თანხას - 2.5 მილიონ დოლარს მიიღებდა შედარებისთვის, როცა პელე 1975 წელს ნიუ იორკ კოსმოსს შეუერთდა მისი წლიური ხელფასი 1.4 მილიონი დოლარი იყო. სპორტის მექა - მედისონ სქვეარ გარდენი ბოლომდე გაივსო. ბრძოლის საყურებლად სხვადასხვა სფეროს უამრავი ვარსკვლავი შეიკრიბა: ჯაზის გენიოსი მაილს დევისი, ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი დასტინ ჰოფმანი, ნიუ იორკის კოლორიტი ვუდი ალენი, ლეგენდარული მუსიკოსები ბობ დილანი, ფრენკ სინატრა და სხვები.

სხვათაშორის, ფრენკ სინატრამ ბრძოლის სანახავად ბილეთები ვერ იშოვა და ერთობ ორიგინალურ ხერხს მიმართა - ჟურნალ LIFE-თან ერთად ფოტოგრაფის აკრედიტაცია მოიპოვა და რინგის მახლობლად სწორედ ამ გზით მოხვდა. ბრძოლას ესწრებოდა მძიმე წონის მომავალი ჩემპიონი ჯორჯ ფორმანიც, რომელსაც ბედისწერა როგორც ფრეიზერთან, ისე ალისთან რინგი ეპიკურ გადაკვეთებს უმზადებდა.
დადგა გადამწყვეტი მომენტიც, ორივე მოკრივე რინგზე ავიდა, კუთვნილი ადგილიც დაიკავა. გონგის ხმაც გაისმა. საუკუნის ბრძოლის დაიწყო. როგორც სხვა ბრძოლებში, ფრეიზერს ბრძოლა აქტიურად არ დაუწყია და ინიციატივას პირველ რაუნდებში მუჰამედი ფლობდა. ალი მაყურებელს დაჰპირდა, რომ მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდა და ჯოს მეექვსე რაუნდში გათიშავდა. თავიდან თითქოს ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, განსაკუთრებით კი პირველი სამი რაუნდის განმავლობაში. ალი თავს იდეალურად იცავდა, როცა ~ფრეიზერი დასარტყმელ მანძილზე უახლოვდებოდა, ალი მაშინვე დისტანციას იჭერდა ან მეტოქესთან იმდენად ახლო კონტაქტში შედიოდა, რომ ფაქტობრივად ხელებს უკრავდა. ჯოს წვდომში უპირატესობის არქონა აიძულებდა, რომ ალისთვის მხოლოდ და მხოლოდ 2-3 დარტყმიანი კომბინაციებით შეეტია, თუმცა რაუნდიდან რაუნდამდე ის წნეხს მუდმივად ზრდიდა, რაც შედეგსაც რაუნდიდან რაუნდამდე იმკიდა. უკვე მესამე რაუნდის ბოლოსაც ჯომ ალის მარცხენა ჰუკი მოარტყა და ამით რაუნდში მცირე უპირატესობაც მოიპოვა.

მომდევნო რაუნდებშიც უპირატესობას ფრეიზერი ფლობდა, მე-9 და მე-10 რაუნდები კი აშკარად ალის აქტივში ჩასაწერი გახლდათ, მან ამ რაუნდებში ჯებით მშვენივრად იმუშავა და მეტოქეს საკმაო ზიანიც მიაყენა, თუმცა მე-11 რაუნდი ამ ბრძოლაში, ფაქტობრივად, გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფრეზიერმა ალის კიდევ ერთი მარცხენა გაუტარა და ალის ნოკდაუნში გაშვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მომდევნო რაუნდებშიც იგრძნობოდა, რომ უპირატესობა ჯოს ჰქონდა, გამონაკლისი იყო მე-14 რაუნდი, სადაც ალიმ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, თუმცა ამ მატჩში ბოლო აკორდის აღება ჯოს ეწერა. ამ უკანასკნელმა ბოლო, მე-15 რაუნდში ალის კიდევ ერთი მარცხენა ჰუკი „აჭამა“ და უძლიერესი ყბის მქონე მებრძოლი ნოკდაუნში გაუშვა. ალი მალევე წამოდგა, თუმცა ფაქტი იყო, რომ მოგება ფრეიზერს ფაქტობრივად ჯიბეში ედო და ასეც მოხდა. 15-რაუნდიანი ბრძოლის შემდგომ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ტიტულები და დაუმარცხებელის სტატუსი ჯო ფრეიზერს დარჩა. ალიმ ბრძოლის წინ განაცხადა, თუ ფრეიზერი დამამარცხებს, მას მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ ვაღიარებო, თუმცა მან ეს დანაპირები არ შეუსრულებია, მიზეზად კი ის მოიყვანა, რომ ეს გადაწყვეტილება „თეთრი კაცების“ მიღებული იყო და რეალურად ეს ბრძოლა მან მოიგო.
ფრეიზერი VS. ალი - საუკუნის ბრძოლის შემდგომ
როგორც ისტორიის მატიანეებიდან ვიცით, ფრეიზერსა და ალის შორის დაპირისპირება ერთი ბრძოლით არ შემოფარგლულა და 1974-1975 წლებში მათ მაყურებელს კიდევ ორი ბრძოლა აჩუქეს. აღნიშნულ დაპირისპირებებში და ჯამშიც საბოლოოდ გამარჯვება ალის ხვდა წილად - ორი გამარჯვება ერთის წილ. მებრძოლებს შორის ურთიერთობა აღარასდროს აღმდგარა. როცა ფრეიზერმა გაიგო, რომ ალის პარკინსონის დაავადება სჭირდა თქვა, რომ მას ღმერთი სჯიდა ყველაფერ იმისთვის, რაც მან წინა წლებში ისაუბრა. ექიმების თქმით, ალის პარკინსონი თავში მიღებულმა უამრავმა დარტყმამ გამოიწვია, ჯომ კი დაიქადნა - ალის არავისგან მოხვედრია იმდენი დარტყმა, რამდენიც ჯო ფრეიზერებისგანო.
კარიერის ბოლო წლებში ალიმ სცადა, რომ ფრეიზერს შერიგებოდა და New York Times-თან ინტერვიუში საკუთარი დაშვებული შეცდომებიც აღიარა. მისი თქმით, მან ბევრი ისეთი რამ თქვა, რაც არ უნდა ეთქვა და ამის გამო ძალიან წუხდა და ბოდიშსაც უხდიდა მას. ალის თქმით, ეს სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის გასაყიდად სჭირდებოდა. ჯომ ეს ბოდიში ბოლომდე მაინც არ მიიღო, რადგან სურდა, რომ ეს სიტყვები მას ალისგან თავად მოესმინა. გაგულისებულმა ალიმ კი პასუხად თქვა, რომ ჯოსთან მუხლზე ჩოქვით ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ აპირებდა და ჟურნალისტებს სთხოვა - ჯოს გადაეცით, რომ ის ისევ ისეთი გორილააო.
ასე იყო თუ ისე, ჯო ფრეიზერმა და მუჰამედ ალიმ მსოფლიო კრივის ისტორიას ერთი დაუვიწყარი თავი აჩუქეს, მათი ისტორია კი მაინც შესანიშნავად დასრულდა. 2011 წელს, როდესაც ჯო სიკვდილის პირას გახლდათ, ალი მას ესტუმრა და პატიება პირადადაც სთხოვა, მისი თქმით, იგი შენობიდან მანამდე არ გავიდოდა, სანამ ჯოსგან საბოლოო პატიებას არ მიიღებდა, ჯომაც სიკვდილის წინ უდიდეს მეტოქეს გული არ დასწყვიტა და ის ყველაფერი აპატია, რისი გადატანაც ალის სიტყვების გამო მოუწია.

2015 წელს, ალის გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, ფილადელფიაში ფრეიზერის ქანდაკება დაიდგა, ამ ამბის აღსანიშნავად კი ალიმ ოჯახს კიდევ ერთი მცირე შეტყობინება გაუგზავნა. მისი თქმით, როცა მათ შორის მომდევნო შეხვედრა შედგებოდა, ისინი ერთმანეთს უბრალოდ გადაეხვეოდნენ. ალის ჯოსადმი ყოველთვის გააჩნდა პატივისცემა, ჯო ფრეიზერი ხომ ის ადამიანი იყო, რომელსაც საღვთო ომში მუჰამედ ალი გვერდით დაიყენებდა. თუმცა, მათი სპორტული ინტერესების გადაკვეთა ცუდ დროს და ცუდ ადგილას მოხდა, რამაც ბევრი კონფლიქტი თუ გაუგებრობა წარმოშვა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათი მეტოქეობა გასცდა ყოველგვარ საზღვარს და სწორედ მათ აქციეს ერთმანეთი იმათ, როგორადაც დღეს მათ ვიცნობთ.
მსოფლიო კრივის ისტორია ვერასდროს იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი, რომ არა მისი ისტორიის ის ძვირფასი თავი, რომელსაც ჯო ფრეიზერი VS. მუჰამედ ალი ჰქვია. დაპირისპირება, რომელიც ზღაპარს ჰგავდა. ზღაპარს, რომელსაც უფრო მეტი ანტაგონისტი ჰყავდა, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზღაპრის ბოლო ხომ ყოველთვის კეთილია, სწორედ ამიტომ კანონზომიერებაც აღდგა და ამ ისტორიის ორი მთავარი გმირი, ჯო ფრეიზერი და მუჰამედ ალი დამშვიდებული გულითა და სუფთა სინდისით ერთმანეთსაც და მაყურებელსაც ღირსეულად დაემშვიდობნენ. სწორედ ისე, როგორც სპორტის ნამდვილ ლეგენდებს შეეფერებათ.















