ფავორიტებად მოიაზრებოდნენ "ევროპელი ბრაზილიელები", რომლებსაც მართალია უკვე ჰქონდათ განაღდებული პირველი ადგილი, თუმცა როდესაც ხარ ჩემპიონობის პრეტენდენტი და ეთამაშები დებიუტანტს, მოგება პრესტიჟის საქმეა. ამის გარდა, ლუზიტანებს სჭირდებოდათ კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკის გამოსწორება, რომელსაც ევრო 2024-ზე ჰქონდა ყველაზე მეტი დარტყმა კარში, მაგრამ 0 გოლი.
ჩვენმა ნაკრებმა ჩაუშხამა საღამო როგორც ალ-ნასრის კაპიტანს, ისე მთელ პორტუგალიასაც - 2:0, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯერჯერობით ყველაზე ხმაურიანი შედეგი. მატჩის მე-2 წუთზე პირენეელთა ჩაშლილი შეტევა გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გოლად აქციეს, შემდეგ კი იყო 11-მეტრიანი, რომელმაც "თეთრ-წითლების" პოზიციები გაამყარა.

ნაპოლის გარემარბმა თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე, მეცის თავდამსხმელის ანგარიშზე კი უკვე სამი ბურთია. ცნობისთვის, ქართველი ფორვარდი ევრო 2024-ის საუკეთესო გოლეადორია, თანაც ერთპიროვნულად. მან მიმდინარე ტურნირზე გაიტანა საფრანგეთზე, ინგლისსა და ბელგიაზე მეტი, რომლებმაც ამ დროისთვის 2-2 ბურთი შეაგდეს.
ამის გარდა, 23 წლის თავდამსხმელი გახდა რიგით მეცხრე ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში შეძლო. ვილი სანიოლის გუნდის 22-ე ნომრამდე ეს მოახერხეს მიშელ პლატინიმ, ხრისტო სტოიჩკოვმა, ალან შირერმა, სავო მილოშევიჩმა, რუდ ვან ნისტელროიმ, მილან ბაროშმა, კრიშტიანუ რონალდუმ და გარეტ ბეილმა.
როგორც ვხედავთ, მიქაუტაძე ლეგენდების კლუბის წევრი გახდა. რაც შეეხება ზოგადად საქართველოს ნაკრების სტატისტიკას - 21-ე საუკუნეში რიგით მეოთხე დებიუტანტი, რომელმაც ჯგუფიდან გასვლა შეძლო. "ჯვაროსნებამდე" ეს მოახერხა უელსმა, ჩრდილოეთ ირლანდიამ და ისლანდიამ. ვნახოთ, კიდევ რამდენ სიურპრიზს შემოგვთავაზებს ჩვენი ეროვნული გუნდი.

გუშინდელ შეხვედრამდე, "თეთრ-წითლები" ფიფას რეიტინგში 74-ე ადგილს იკავებდნენ, "ევროპელი ბრაზილიელები" კი მეექვსეს - ამხელა სხვაობა მოგებულსა და წაგებულს შორის ევროტურნირის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ეს იყო ყველაზე სწრაფი ბურთი, რომელიც ლუზიტანებს კონტინენტის პირველობაზე ოდესმე გაუშვიათ.
ბოლოს კი ცალკე გამოვარჩიოთ გიორგი მამარდაშვილი და ზოგადად, სანიოლის გუნდის დაცვა. ახალგაზრდა მეკარემ განახორციელა ხუთი სეივი, ჯგუფურ ეტაპზე საერთო ჯამში კი 21, რაც არის ევრო 2004-ის რეკორდის გამეორება, როდესაც იგივე რამ გააკეთა ლატვიის ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა, ალექსანდრს კოლინკომ.
ბალტიისპირელები აღნიშნულ ევროპის ჩემპიონატზე ასევე დებიუტანტები იყვნენ, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოხერხდა. საქართველოს ნაკრების ზღაპარი კი გრძელდება, ერთ-ერთი მთავარი როლი კი სწორედ ვალენსიას კარის დარაჯს უკავია. ევრო 2024-ზე თავისი პირველი მატჩები სასტარტოში ჩაატარეს გიორგი გველესიანმა და ლუკა ლოჩოშვილმა, რომლებმაც პორტუგალიელთა ლეგენდარული მე-7 ნომერი თამაშს გამოთიშეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ "ჯვაროსნებისთვის" პენალტი სწორედ კრემონეზეს მცველმა მოიპოვა. ნაკრებს ასევე დაუბრუნდა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც წინა 2 მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ქართველი დირიჟორის ხელი ჩვენს ეროვნულ გუნდს პირველივე წუთებიდანვე დაეტყო. ერთი სიტყვით, ისტორია დაწერილია.
"თეთრ-წითლების" მოწინააღმდეგე ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში ესპანეთის ეროვნული ნაკრები იქნება, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი გამარჯვება მოიპოვა. არ ღირს იმაზე საუბარი, თუ ვინ არის ფავორიტი და ვინ აუტსაიდერი, სანიოლის გუნდმა დაამსხვრია სტერეოტიპები და ჩარჩოებს გაცდა. ველოდებით ზღაპრის გაგრძელებას.


















