საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა. წინა მსოფლიოს შესარჩევებთან შედარებით არაფერი შეცვლილა და შედეგი იგივეა - ჯგუფიდან კვლავ ვერ გავედით, ესპანეთმა და თურქეთმა გადაგვასწრო, ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ ბოლო ტურში ბულგარეთთან დავმარცხდით.
გასაკვირი არაა, რომ ცუდი შედეგების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრისგან დიდი კრიტიკა წამოვიდა. ნაწილი ფეხბურთელებს აკრიტიკებს, ნაწილი მწვრთნელს. ტაქტიკურ და სიღრმისეულ გარემოემებს რომ შევეშვათ, ზოგად ფაქტორებზე ვისაუბროთ, თუ რა გახდა ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი, რადგან ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე ტაქტიკა.
ვილი სანიოლმა ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. უცნაურია, მაგრამ რა განცხადებებიც ბოლო პერიოდში გააკეთა, უშუალოდ საქმეში ურთიერთსაპირისპირო ქმედებები ჰქონდა. მაგალითად:
უკვე რამდენიმე თვეა, ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცენტრალური დაცვაა და ამ მხრივ ცვლილებები მიმდინარეობსო, მეორეს მხრივ კი ამ შეკრებაზე მხოლოდ 4 ცენტრალური მცველი გამოიძახა, დანარჩენი სულ არადაცვითი ტიპის მოთამაშეები, რომელთა უმრავლესობასაც მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია. შეიძლება ეს ბევრი შემტევი ნაკრებში გამოძახებას იმსახურებდა, თუმცა როცა ვამბობთ, რომ პრობლემა დაცვაშია, ამ ორ უმოტივაციო თამაშში უმჯობესი იქნებოდა, გაცილებით მეტი დაცვითი სტილის მოთამაშე გვენახა და სწორი სელექცია ყოფილიყო.
სანიოლმა გამოიძახა დებიუტანტი სანდრო ნარიმანიძე და ილია ბერიაშვილი. ეს უკანასკნელი ნაკრებს ბოლოს შეუერთდა. მათ ამ შეკრებაზე შანსი საერთოდ არ მისცემიათ და დაცვის ხაზში ისევ ლოჩოშვილი-კაშიას დუეტი ვიხილეთ. ისიც ითქვა, რომ ეს ორი მატჩი სამომავლო განვითარებისთვის უნდა გამოგვეყენებინა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ვერც დადებითი შედეგი დავაფიქსირეთ და ვერც სამომავლო განვითარებაზე ვიფიქრეთ, რადგან მოედანზე კვლავ ძველი, ნაცნობი სახეები ვიხილეთ.
კიდევ ერთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება, რომელსაც სანიოლი აკეთებდა - ვილი ხშირად ამბობს, რომ ნაკრებში ბევრი ახალწვეულია, ახალ ნაკრებს ვაშენებთ და მათ ადაპტაციისთვის და შეთამაშებისთვის დრო სჭირდებათო. არადა, ამის თქმის საპირისპიროდ, ბოლო მატჩში მოედანზე აბსოლუტურად ყველა ის ფეხბურთელი იყო, ვინც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ისინი არც ახალწვეულები არიან და არც შეთამაშებისთვის სჭირდებათ დრო.
"ციდან უნდა დავეშვათ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გვგონია, რომ სხვა დონეზე ვართ და მაღალი მოლოდინები გვაქვს", - ასეთი შინაარსის განცხადებას მთავარი მწვრთნელი უკვე ერთი წელია აკეთებს. რით ვერ დავეშვით ციდან? - ევროს შემდეგ დიდი დრო გავიდა და წაგებული მატჩების მხოლოდ ამ განცხადებით გამართლება, არაფრის მომცემია, თუ ამას საჭირო ქმედებები არ მოჰყვა.
"კვარა პსჟ-ში ისეთ დონეზე ვეღარ არის, ქოჩორა სპორტინგში მე-5 ოფციაა, ლოჩოშვილი ბუნდესლიგა 2-ში წავიდა, ჩაკვეტაძეს ტრავმა აქვს, კაკაბაძეს ტრავმა აქვს", - ფეხბურთელების არყოლაზე წუწუნი ქართველებისთვის ახალი ხილი არ არის და უკვე გამოცდილი გვაქვს. ისიც გვემახსოვრება, რა მოჰყვა იმ ყველაფერს, როცა წინა მწვრთნელები წარუმატებლობას ფეხბურთელებს "აბრალებდნენ."
სანიოლმა კონკრეტულ ფეხბურთელებზეც ისაუბრა, ლაშა დვალმა ჩემი შენიშვნები ცუდად მიიღოვო, აზაროვს კი ფიზიკური მომზადება დაუწუნა. უმრავლეს შემთხვევაში, როცა მწვრთნელს გუნდში სადავეები გაქცეული აქვს, ფეხბურთელებს ემდურის და საკუთარ შეცდომებს, რაზეც ზემოთ დეტალურად ვისაუბრეთ, მხოლოდ ერთი გაკვრითი სიტყვით აღიარებს, საბოლოოდ ყოველთვის მწვრთნელის წასვლა მოჰყვება ხოლმე. ძირითადად, ეს პროცესი დროში იწელება, მაგრამ გარდაუვალი ხდება, რადგან ასეთ დროს, გუნდის რელსებზე მობრუნდება თითქმის შეუძლებელია.
ამით იმის თქმა გვინდა, რომ სანიოლის ნაკრებიდან წასვლა დროის საკითხია და სჯობს ახლავე მომხდარიყო, რადგან ამას უახლოეს მომავალში მაინც ვერ გავექცევით. იმედია, ვილი სასწაულს იზამს და ნაკრებს იმაზე ძლიერს გახდის, ვიდრე აქამდე, თუმცა ბოლოდროინდელი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც მხოლოდ ცუდ შედეგებს არ მოიცავს, ამის ფიქრის საფუძველი არ გვაქვს.
ბოლო დროს იმით ვამაყობდით, რომ ბულგარეთის დონის ნაკრებებს უკვე ცალი ფეხით ვუგებდით და ამასაც ვეღარ ვაკეთებთ. რა დანაკლისიც არ უნდა გვქონდეს და რა ფორმაშიც არ უნდა იყვნენ ჩვენი ფეხბურთელები, თუ რამის პრეტენზია გვაქვს, ასეთ თამაშებს მართლაც ცალი ფეხით უნდა ვიგებდეთ.
თუ მარტის და ივნისის ამხანაგურ მატჩებში დაცვის ხაზში კვლავ ლოჩოშვილი-კაშიას დუეტი ვიხილეთ და ნომინალური მარცხენა მცველი 25-კაციან სიაში კვლავ არ გამოიძახა, რა აზრი აქვს ამ თამაშებს?
რა თქმა უნდა, ყველაფერი მხოლოდ სანიოლის ბრალეულობა არ არის და ჯოხი მხოლოდ მასზე არ უნდა გადატყდეს, რადგან თამაშს იგებს და აგებს მთელი გუნდი, მაგრამ ის ოქროს თაობა, რომელიც ახლა საქართველოს ჰყავს, უკეთეს სპეციალისტს და ტაქტიკოსს იმსახურებს, რომელიც ამ ფეხბურთელებს სწორად გამოიყენებს.
2025 წელი წარუმატებლად დასრულდა. ახალი სახეების საქმეში ხილვა, სწორი როტაცია სიის შერჩევის დროს, დადებითი ემოციური კავშირის დაბრუნება მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის - ეს ის მცირე გარემოებებია, რაზეც სანიოლმა 2026 წლიდან უნდა იმუშაოს და შემდეგ ვისაუბროთ ტაქტიკაზე. თავად მწვრთნელი ამბობს, მთავარი ტაქტიკა არ არის, შედეგი ბრძოლისუნარიანობით და განწყობით მოდისო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, არ გვესაუბრა ტაქტიკაზე და განგვეხილა განწყობა, რომელიც სანიოლისთვის მთავარი იარაღია, ხოლო ნაკრებში ეს განწყობა დაკარგულია.















