მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა ხოსე მანუელ ოჩოტორენა - მეკარეების მწვრთნელი, რომელმაც სხვადასხვა დროს ფუნდამენტური როლი ითამაშა ესპანეთის ეროვნული გუნდის, ლივერპულისა და ვალენსიას წარმატებაში. დამრიგებელი, რომლის ხელში არაერთმა გამორჩეულმა გოლკიპერმა გაიარა.
ესპანელ მწვრთნელს უმუშავია სანტიაგო კანისარესთან, იკერ კასილასთან, ირჟი დუდეკთან, დავიდ დე ხეასთან, გიორგი მამარდაშვილთან და სხვებთან. დიახ, "ლა როხას" ყოფილი დამრიგებლის მოწაფეთა სიაში ქართველი გოლკიპერიც ფიგურირებს. ეს ხდებოდა "ღამურებში", მაშინ, როცა პრიმერას ბინადარმა გაიფორმა უცნობი ახალგაზრდა კარის დარაჯი თბილისის დინამოდან.
სანამ განვიხილავთ ოჩოტორენას როლს საქართველოს ნაკრების მეკარის კარიერაში, გავიხსენოთ, თუ რა გზა გაიარა ლეგენდარულმა დამრიგებელმა ფეხბურთელობის პერიოდში და შემდეგ, თავის მოწაფეებთან, ესპანეთის ეროვნულ გუნდში, მერსისაიდსა და "ლოს ჩესში".
მთელი ცხოვრება კარის ხაზთან
ოჩოტორენა ფეხბურთს მეკარის პოზიციაზე თამაშობდა 1979 - 1998 წლებში, მადრიდის რეალში, ვალენსიაში, სანტანდერის რასინგსა და კიდევ რამდენიმე გუნდში. ესპანელმა გოლკიპერმა "სამეფო კლუბთან" ერთად 2-ჯერ მოიგო პრიმერა დივიზიონი, 2-ჯერ უეფას თასი და კოპა დე ლა ლიგა.
1988/1989 წლების სეზონში ხოსე მანუელმა რიკარდო ზამორას ჯილდოც კი მოიპოვა. იმავე პერიოდში მან ერთი მატჩი ესპანეთის ნაკრებშიც ჩაატარა. ეს მოხდა 1989 წლის 20 სექტემბერს, როცა "ფურია როხა" ლა კორუნიაში პოლონეთის ეროვნულ გუნდს ეთამაშებოდა. ბერნაბეუს ბინადრების გოლკიპერმა ანდონი სუბისარეტა შეცვალა.
სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი - ენფილდი
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ოჩოტორენამ სამწვრთნელო საქმიანობას მოჰკიდა ხელი. 1998 - 2004 წლებში ის მუშაობდა ესპანეთის ეროვნულ გუნდში, შემდეგ კი ხოსე, რაფა ბენიტესთან ერთად, ლივერპულში წავიდა. ინგლისის ჩემპიონატის ბინადარ კლუბში მან 3 წელი გაატარა.
ესპანელი მწვრთნელის მოღვაწეობის პერიოდში მერსისაიდში თამაშობდნენ დუდეკი და რეინა, თავად გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამი წლის შუალედში ორჯერ გავიდა. "წითლების" მეტოქე ორივეჯერ იყო მილანი და ალბათ, კარგად გვახსოვს, თუ როგორი დრამატული სცენარით წარიმართა ორივე შეხვედრა, განსაკუთრებით - პირველი.
სტამბოლის ფინალი - "როსონერი" პირველ ტაიმში ენფილდის ბინადრებს ანადგურებს 3:0-ს, თუმცა მატჩის ბოლოსთვის ტაბლოზე 3:3-ს ვხედავთ. ინიშნება 11-მეტრიანების სერია, რომელშიც მთავარ გმირად ბენიტესის გუნდის პოლონელი გოლკიპერი გვევლინება. ის თავისი დამაბნეველი ხრიკებით ბრიუს გრობელარის სტილში "დიაბოლოს" მოთამაშეებზე ახდენს ზემოქმედებას, რის შედეგადაც თასი ლივერპულს რჩება.
ორი წლის შემდეგ, მერსისაიდელთა კარში იდგა უკვე ესპანელი მეკარე და ამ ბრძოლაში გამარჯვებული კარლო ანჩელოტის გუნდი გამოვიდა. სეზონის დასრულების შემდეგ, "წითლების" გოლკიპერთა დამრიგებელი დაბრუნდა ვალენსიაში, სადაც ის გაჩერდა ცხოვრების ბოლომდე, 2025 წლის 26 ოქტომბრამდე.
ესპანური ფეხბურთის ოქროს ეპოქის მონაწილე
ოჩოტორენას ვალენსიური კარიერის დასკვნით ეტაპს შევეხებით მოგვიანებით, იქამდე კი ნამდვილად ღირს იმის ხსენება, რომ თავისი კარიერის მთავარ კლუბში მუშაობის პარალელურად, მან წარმატებით ესპანეთის ეროვნული გუნდის გოლკიპერთა დამრიგებლობაც შეითავსა. ხოსე "ლა როხაში" 2008-2021 წლებში მოღვაწეობდა.
ესპანელი მწვრთნელი "წითლებში" დააბრუნა ვისენტე დელ ბოსკემ, რომელმაც 2008 წლის ტრიუმფალური ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მთავარი დამრიგებლის პოსტზე ლუის არაგონესი შეცვალა. ერთობლივი ძალებით მოგებული იქნა 2010 წლის მუნდიალი და კიდევ ერთი ევრო, 2 წლის შემდეგ.
ესპანეთის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი იმ დროს მუშაობდა ისეთ გამორჩეულ კარის დარაჯებთან, როგორებიც არიან კასილასი, რეინა, ვალდესი, დე ხეა, არისაბალაგა, სიმონი და სხვები. ოჩოტორენა "ლა როხაში" მოესწრო ლუის ენრიკეს მუშაობის პერიოდსაც, იქამდე, სანამ ეს უკანასკნელი პარის სენ-ჟერმენში წავიდოდა.
"წითლების" სახით მივიღეთ ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ოთხი წლის შუალედში სამი დიდი საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ხოსე იყო ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილი, ესპანეთის ეროვნული გუნდის საუკეთესო გოლკიპერების სამსახურში.
ესპანელი დიდოსტატის ქართველი მოწაფე
2021 წლის ზაფხულში ვალენსიამ გაიფორმა მამარდაშვილი, რომელსაც ახალ გუნდში ოჩოტორენა დახვდა. სწორედ მის ხელში გაიარა ნიჭიერი ქართველი გოლკიპერის კარიერამ "ღამურებში". ესპანელი დამრიგებლის დახმარებით ის დაიხვეწა არაერთ კომპონენტში, მაგალითად გამოსვლაზე თამაშში, ბურთის მყარად დაფიქსირებასა და ფეხით თამაშში.
ასევე, გამოსარჩევია პენალტების მოგერიება, რაც ხოსე მანუელის დახმარებით, გიორგის ძლიერ მხარედ იქცა. ახალგაზრდა მეკარემ "ლოს ჩესში" თამაშის დროს 2023-2025 წლების შუალედში აიღო ხუთი 11-მეტრიანი, მათ შორის ერთ-ერთი რეალთან, ბერნაბეუზე, ვინი ჯუნიორის წინააღმდეგ.
მესტალიას ბინადრები უკანასკნელ წლებში აღარ არიან ისეთი ძლიერები და ამბიციურები, როგორებიც გასულ ათწლეულებში, მეტიც, ისინი პერიოდულად ხდებიან პრიმერა დივიზიონიდან გავარდნის კანდიდატები და ერთადერთ ნათელ წერტილად ხშირ შემთხვევაში სწორედ 25 წლის გოლკიპერი გვევლინებოდა.
მამარდაშვილი გამუდმებით ტრიალებდა რიკარდო ზამორას ჯილდოს პრეტენდენტთა სიაში, თუმცა მას ჯობნიდნენ ვალენსიას მეკარეთა დამრიგებლის სხვა მოწაფეები, პრიმერა დივიზიონის სხვადასხვა კლუბებიდან. გასული სეზონის ბოლოს, ოჩოტორენასა და ქართველი გოლკიპერის თანამშრომლობა "ღამურებში" დასრულდა: მოსწავლე ლივერპულში გადავიდა.
ესპანელი დიდოსტატის მემკვიდრეობა ქართველი მეკარის ხელებით
თავად ოჩოტორენა ლივერპულიდან წავიდა 18 წლის წინ, თუმცა დიდხნიანი განშორების მიუხედავად, ლეგენდარულმა მწვრთნელმა ინგლისურ კლუბს მამარდაშვილის სახით მომავლის გოლკიპერი მაინც მოუმზადა. დიახ, ახალგაზრდა კარის დარაჯი თავიდანვე წააწყდა უამრავ სირთულეს: ალისონ ბეკერთან კონკურენცია, მერსისაიდელთა ზოგადი კრიზისი, ინგლისური პრესის კრიტიკა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართველი მეკარე თავისი ესპანელი მწვრთნელის დატოვებულ მემკვიდრეობას ღირსეულად იცავს. მშრალად შენახული კარი რეალსა და ასტონ ვილასთან, ასევე ერლინგ ჰოლანდისთვის აღებული 11-მეტრიანი, ჯამში მე-9 წარმატებით მოგერიებული პენალტი კარიერაში.
ნორვეგიელ თავდამსხმელთან დაპირისპირებამდე, გიორგიმ მოასწრო პენალტის მოგერიება ფერან ტორესისთვისაც, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე, ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრაში. რამდენიმე დღეში ეს ნაკრებები კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ორივე მხარეს კარებში სწორედ ხოსეს მოწაფეები იდგებიან.















