ომარი ადგილობრივი ვადი დეგლას აღზრდილია, სადაც კარიერის ადრეული წლები გაატარა. ამ კლუბში გატარებული პერიოდის შემდეგ კი იყო ტრანსფერი გერმანიაში, კერძოდ ვოლფსბურგში. მარმუში საწყის ეტაპზე "მგლების" მეორე გუნდში ჩაირიცხა, სადაც თითქმის 3 წლის განმავლობაში თამაშობდა.

2020 წელს, როდესაც ფეხბურთელი 21 წლის იყო, მთავარ გუნდში დააწინაურეს, თუმცა მისი დებიუტი ისეთი კარგი ვერ აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობდნენ. შემდეგ იყო 6-თვიანი იჯარა სანკტ-პაულიში, სადაც ახალგაზრდა ფორვარდმა გერმანულ ფეხბურთს გემო უფრო კარგად გაუგო. ეგვიპტელმა საკმაოდ პატარა დროში არც მეტი, არც ნაკლები, 21 მატჩი ჩაატარა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სანკტ-პაულიში ნაჩვენები კარგი პერფორმანსის შემდეგ, ფეხბურთელი ვოლფსბურგში დააბრუნეს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ მისთვის მეორე შანსი მიეცათ, მარმუში კიდევ ერთხელ გაუშვეს იჯარის წესით, ამჯერად შტუტგარტში.

მარმუშისთვის შტუტგარტში გატარებული პერიოდი არც ისე ნაყოფიერად შეფასდა. ფეხბურთელმა მხოლოდ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლის გატანა მოახერხა და 5 საგოლე პასითაც გამოიჩინა თავი. თუმცა ეგვიპტელი ნელ-ნელა ბუნდესლიგას უშინაურდებოდა და დიდ გამოცდილებასაც აგროვებდა.
2022 წლის ზაფხულში ფეხბურთელი ვოლფსბურგში კიდევ ერთხელ დაბრუნდა, სადაც ამჯერად შანსი მისცეს. იმის მიუხედავად, რომ ეგვიპტელს მსურველები არ აკლდა, "მწვანეებმა" ფორვარდი შეინარჩუნეს. მარმუშმა 2022/23 სეზონში საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მიიღო, თუმცა მისი სტატისტიკა დიდად მოსაწონი არ ყოფილა. ფეხბურთელმა მხოლოდ 6 გოლის გატანა მოახერხა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ამ, არც ისე კარგი, სტატისტიკის ფონზე, ვოლფსბურგმა ფეხბურთელის საბოლოოდ გაშვების გადაწყვეტილება მიიღო და მეტიც, ეგვიპტელი სრულიად უფასოდ გაასხვისა.

აინტრახტი, ფეხბურთელის ბოლო გერმანული იმედი — "არწივებმა" ეგვიპტელი ფორვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმეს და ახალ ისტორიასაც ჩაუყარეს საფუძველი. ფრანქფურტელთათვის ეს იყო ნაკლებად რისკიანი ოპერაცია, რადგან ისინი იმატებდნენ ფეხბურთელს სრულიად უფასოდ, რომელსაც ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება უმაგრებდა ზურგს.
მარმუში როტაციის ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეგვიპტელმა პირველივე მიღებული შანსი იმდენად კარგად გამოიყენა, რომ სეზონის ბოლომდე, გუნდი მის გარშემო ათამაშდა. გუნდის ახალწვეულმა პირველივე სეზონში არც მტი, არც ნაკლები, 41 მატჩი ჩაატარა, ამ დროში კი თავისი კარიერის საუკეთესო სტატისტიკაზეც გავიდა: 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემა! ფეხბურთელის შესახებ კი საუბრებმა უფრო და უფრო მოიმატა... კიკერი, ბილდი და ყველა გერმანული გამოცემა, აინტრახტის ახალ ფორვარდზე ალაპარაკდა, მის გარშემო ინტერესი კი სხვა ევროპული კლუბებისგანაც წამოვიდა.

ბევრი ვარაუდობდა, რომ მარმუში მორიგი "ერთსეზონიანი" ფეხბურთელი იყო, რომელიც მომდევნო სეზონს ჩააგდებდა, თუმცა ეგვიპტელს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. 25 წლის ფორვარდმა 2024/25 სეზონი იმაზე ხმაურიანად დაიწყო, ვიდრე წინა — 15 მატჩში ფეხბურთელმა მოახერხა და 13 გოლი გაიტანა, რასაც 9 საგოლე გადაცემაც დაუმატა. მარმუში სრულფასოვან ფორვარდად ჩამოყალობდა, იდეალურად თამაშობს ორივე ფეხით, შეუძლია თავური გოლების გატანა, ამ სეზონში კი სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა და ჯარიმების კარგად შესრულებაც დაიწყო.
25 წლის ფორვარდის მიმართ ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ აინტრახტში შეგუებული არიან ფაქტს, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთელი გუნდს აუცილებლად დატოვებს. მარმუშით ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორიც არის ლივერპული და ბაიერნი. ფეხბურთელის წარმომადგენლებთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა. აინტრახტი მარმუშსს, მინიმუმ, €50 მილიონად აფასებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს თანხა სეზონის ბოლოს გაიზრდება. ეგვიპტელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ზემოთ ხსენებული ორი ტოპ კლუბის გარდა, მოსალოდნელია, რომ სხვა გუნდებიც გააქტიურდებიან. 2025 წლის ზაფხულში დიდი აუქციონია მოსალოდნელი, მო სალაჰის შემდეგ, კიდევ ერთი ეგვიპტელი გამოჩნდა ბაზარზე, რომელიც გაჩერებას არ აპირებს.















