კადრია უიმედო რიგები ბილეთისთვის სტადიონზე მოხვედრის მოსურნე ჯიბის ქურდებით, საზარელი იმადგაცრუბისთვის რომ წირავდნენ ბილეთშეძენილ პატიოსან მოქალაქეებს თუ მესხისტი ორბილეთიანები, რომლებიც საგანგებოდ ყიდულობდნენ ორ საშვს ორივე კარის უკან და ტაიმებს შორის გადაინაცვლებდნენ, იმის მიხედვით, თუ საით უტევდა მიშა მესხი – ზოგი ამბობს, ტყუილია ორი ბილეთის ამბავი, ერთსაც ძლივს იშოვიდი, უბრალოდ გადაჯგუფდებოდნენ და ერთ სკამს ორი იყოფდაო, მაგრამ ორივე ლეგენდა ლამაზია – ტყუილიც და მართალიც. ეს კადრები ნაკლებად გვინახავს, მარგამ მოყოლით ვიცით და ასე არსებობს - დიდებულად და პარალელურად.
აქ კადრი შემოგვრჩა: ლეგენდარული ექიმი კაცი, ანზორ გაბიტაშვილი გასტაცებს ბურთს იტალიელ არბირტს, რიკარდო ლატანცის საფინალო სასტვენის შემდეგ და სამახსოვროდ დაიტოვებს. ეს 1981 წელს მოგებული ფინალის შემდეგ ხდება. დინამო - კარლ ცაისი. მეხსიერების აუცილებელი საზეპირო. ამ ბურთში თითქოს ის წამი გაყინა და წამოიღო, რკინის ფარდის მიღმა ამოხეთქილ ქართულ ზეიმს რომ დაიტევდა.

პანტიანის მინდორზე, ფეხბურთის ტელე-სიგნალთან ერთად, ქართველები წლების წინ უგზო-უკვლოდ გაფრენილ თავისუფლებასაც რომ იჭერდნენ - ეგეც დიდი და პარალელური კადრი გახლდათ. ზუსტი და აუცილებელი.
და აგერ, 2024 წლის 10 აგვისტოს, ხომ ორი ოქრო იყო და ორი ოქრო კიდევ იცით რამდენს იწონის? წლებზე მძიმეა. მოდი, აწონეთ - ქვეყნებს, რომლის ერთ ქუჩაზეც იმდენი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც სულ ვართ, არცერთი არ აქვთ. ჰოდა, ხომ ორი ოქრო იყო და ბევრი სურათი, რაც მეხსიერებამ უნდა წაიყოლოს, მაგრამ მეშვილდიშვილმა რომ ჰიმნისას გულზე ხელი მიიდო, მგონი ეგ მაინც მწვერვალი გამოდგა. ეგ დარჩება ამ ოქროებთან ერთად. უნდა დარჩეს. ჩვენი ისტორიაა. ძალიან ნაცნობი. დრამატული. ტრაგიკული. მაგრამ რაღაცნაირად ლამაზიც და ახლობელი.
















