2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისა და ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ „მამლები“ საშინელ რეგრესს განიცდიდნენ. ეს მხოლოდ ფეხბურთელებისა და თამაშის ცუდ ხარიხს არ ეხებოდა, გუნდში ქაოსი და დაპირისპირება სუფევდა. სამფეროვანთა ნაკრები ბანაკებად იყო დაყოფილი, ფეხბურთელებისთვის მწვრთნელი ავტორიტეტს არ წარმოადგენდა, ისინი გასახდელსა და მის გარეთ საქმეების გარჩევით იყვნენ დაკავებული. ცხადია, ეს ყოველივე საფეხბურთო შედეგებზეც ისახებოდა. „მამლები“ მიჯრით ორ დიდ ფორუმზე ჩარჩნენ ჯგუფში - 2008 წლის ევროპისა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. მხოლოდ ჩარჩენაში როდი იყო პრობლემა, ჯგუფში შეიძლება კარგი თამაშითა და არ გამართლების ხარჯზეც ჩარჩე, თუმცა ფრანგების თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. 2012 წელს პოლონეთ-უკრაინაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე რის ვაი ვაგლახით გავიდნენ ჯგუფიდან, მაგრამ პლეი ოფის პირველივე სტადიაზე ესპანეთთან გამოვარდნენ.

2014 წლის მსოფლიოც ახლოვდებოდა და Les Bleus ფერები ისევ რუხი და შავი იყო. ამ უიმედობაში კი დიდიე დეშამი ქერა, ცისფერთვალება ბიჭს იხმობს ნაკრებში, რომელმაც ბასკეთში, სოსიედადის შემადგენლობაში, მსოფლიოს თავი ბრწყინვალე თამაშით გააცნო და საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც დაფრინავდა. მამით გერმანული და დედით პორტუგალიური ფესვების მქონე Le petit prince-მა ახალი სული და ჟინი შემოიტანა საფრანგეთის უღიმღამო ნაკრებში. პირველი გოლი, 2014 წლის ივნისში ამხანაგურ შეხვედრაში პარაგვაის გაუტანა. გრიზმანმა შანსი მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღო და ბევრს ეცადა, მაგრამ მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან საფრანგეთი ვერას გახდა. ამ მარცხის მიუხედავად, ფრანგი ქომაგისთვის მნიშვნელოვანი კადრი ვიხილეთ - პატარა ბიჭი, რომელიც მარცხის გამო ყველაზე მეტს ტიროდა და დარდობდა. ეს იყო ის, რაც ათწეულების განმავლობაში „მამლებს“ დაკარგული ჰქონდათ. ეროვნული ნაკრების მუხტი, რომელიც პატარა პრინცმა შემოიტანა და სხვა ფეხბურთელებს შეახსენა, თუ რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება. 2 წლის შემდეგ საშინაო ევროზე ანტუანმა ნაკრების ლიდერის მანტია მოიგრო, 7 თამაშში 6 გოლითა და 2 ასისტით გამოირჩა. ირლანდიასთან 1/8 ფინალური მატჩი 3-წუთიან ინტერვალში პირადად მოატრიალა და 1/2 ფინალშიც დუბლი შეუსრულა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს. საფრანგეთმა ფინალი პორტუგალიასთან დათმო, მაგრამ იმ ევროპის ჩემპიონატზე მთავარი ვარსკვლავის სტატუსი ანტუანს ჰქონდა - ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირის ტიტული არავის დაუთმო. 2015-2016 წლებში „პატარა პრინცი" საკლუბო დონეზეც ბრწყინავდა. ატლეტიკოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალს უწია, მოხვდა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 11-ეულში. წლის ბოლოს კი ოქროს ბურთის ნომინაციაში მე-3 ადგილს დასჯერდა.

2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ლიდერად ბევრი კილიან მბაპეს მიიჩნევდა, თუმცა პატარა პრინცმა დაამტკიცა, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში სიტყვა ჯერ კიდევ მას ეთქმოდა. 4 გოლსა და 2 ასისტთან ერთად მნიშვნელოვან მომენტებში თერთმეტმეტრიანის შესრულებასა და გუნდის ლიდერობას თავის თავზე იღებდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მან გოლი 1/8 ფინალში, 1/4 ფინალსა და ფინალშიც გაიტანა, ხოლო 1/2 ფინალში საგოლედ უპასა ერთადერთი გოლის ავტორ სამუელ უმტიტის. უიმედობაში B612-დან ჩამოსულმა ქერა, პატარა პრინცმა, რომელიც ვარდივით უფრთხილდებოდა ეროვნულ ნაკრებს, „მამლებს“ მსოფლიო თასი მეორედ მოაპოვებინა. 2017-2018 წლებში ატლეტიკოსთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო, გახდა ამავე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და წლის ბოლოს ოქროს ბურთის ნომინაციაში ისევ მე-3 ადგილი დაიკავა
ანტუანმა საფრანგეთთან ერთთან 2021 წელს ერთა ლიგის ტურნირიც მოიგო და ფრანგული ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა. მიუხედავად იმისა, რომ EURO 2020-ს ფრანგები ნაადრევად გამოეთიშნენ, „პატარა პრინცმა" სტაბილურად კარგი თამაშები შემოგვთავაზა. ანტუანს ხშირად აბრალებდნენ ეგოიზმს, არადა, ბოლო ორ დიდ ფორუმზე ის იქ თამაშობდა, სადაც გუნდს სჭირდებოდა: რვიანზე, ათიანზე, გარემარბად და ხშირად საყრდენ ზონასაც კი ეხმარებოდა. გრიზმანი გატანილი გოლებისა და ჩატარებული მატჩების მიხედვით ეროვნული ნაკრების ხუთეულშია, ხოლო ასისტებით საერთოდ ლიდერია, ეს კიდევ უფრო ნათლად მიუთითებს მის არაეგოისტურ და ალტრუისტულ ხასიათზე. როდესაც საჭირო გახდა, „პატარა პრინცმა" უკან გადადო საკუთარი ეგო და ლიდერობა კილიან მბაპეს გადაულოცა, მაგრამ ზურგი არასდროს უქცევია, პირიქით, მუდამ მედგრად, უკანასკნელი ბასტიონივით იდგა ნაკრებისა და კაპიტნის სადარაჯოზე.

ეგზიუპერის პერსონაჟი უფლისწული ასეთ ფრაზას ამბობს: „ჭეშმარიტი სიხარული სხვათა გამო სიყვარულია“, „გრიზიც" ასეთი იყო საფეხბურთო მოედანსა და მის მიღმა. ათწლეულის განმავლობაში ის უვლიდა ყვავილს სახელად ეროვნული ნაკრები, რომელმაც საბოლოოდ გაიხარა და ახლა „პატარა პრინცი" იმსახურებს, რომ მის სულში კუთვნილი მშვიდობა დასადგურდეს და დაუბრუნდეს იმ პლანეტას, საიდანც ასეთი განსაკუთრებული ქმნილებები გვევლინებიან.
Merci!
Merci!
ავტორი: ბაკურ ხუბულავა















