ესპანელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2007/08 სეზონში დაიწყო, როდესაც ბარსელონას B გუნდი ჩაიბარა. აქედან მოყოლებული, გუარდიოლას ძალიან ბევრ მწვრთნელთან და მოთამაშესთან მოუწია მუშაობა და ამ სიიდან ბევრი მათგანი, დღეს ევროპის ტოპ გუნდებში მუშაობენ.
პეპ გუარდიოლას "სამწვრთნელო ხე" და 7 მოსწავლე — გთავაზობთ იმ მოქმედი მწვრთნელების ჩამონათვალს, რომლებიც წლების განმავლობაში გუარდიოლასთან ერთად მუშაობდნენ.

გუარდიოლას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, სახელად მიკელ არტეტა — ესპანელები ერთად მანჩესტერ სიტიში მუშაობდნენ, საიდანაც არტეტა 2019 წელს მშობლიურ გუნდში, არსენალში დაბრუნდა და არსენ ვენგერის შემდეგ, "მეთოფეებთან" ერთად ახალი ისტორიის წერას შეუდგა. მანჩესტერ სიტიში გუარდიოლა და არტეტა ერთად 3 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, დღეს კი ისინი ინგლისში მთავარი მეტოქეები არიან.

ენცო მარესკა, გუარდიოლას კიდევ ერთი თანაშემწე, რომელიც დღეს ჩელსის მთავარი მწვრთნელია — იტალიელი სპეციალისტი გვარიოლას დამხმარე მწვრთნელი 2022 წელს გახდა, აქედან ზუსტად 1 წელში კი ენცო ლესტერს ჩაუდგა სათავეში და "მელიები" პრემიერ ლიგაში დააბრუნა. წარმატებული სეზონის შემდეგ, იტალიელი ჩელსიში გადაბარგდა, სადაც ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო.

პეპ გუარდიოლას ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე, რომ ჩაბი ალონსო იყო, ამის შესახებ 53 წლის მწვრთნელი დღემდე საუბრობს. ესპანელები ერთმანეთს მიუნხენში გადაეყარნენ, სადაც ერთად 3 წელი იმუშავეს. ჩაბი ალონსომ წინა სეზონში სერიოზული განაცხადი გააკეთა, როდესაც ლევერკუზენთან ერთად ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო — კარიერის ასეთ სტარტს, ნებისმიერი ტოპ მწვრთნელი ხელს მოაწერდა. გუარდიოლას განცხადებით, ალონსოს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს და მისი სახით ფეხბურთს, კიდევ ერთი გენიოსი შეემატა.

პეპ გუარდიოლას მანჩესტერ სიტის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და გუნდის უპირობო ლიდერი ვენსან კომპანი იყო, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. 2019 წელს ბელგიელი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ანდერლეხტში მოთამაშე-მწვრთნელად ჩაირიცხა, თუმცა საკმაოდ მალე კომპანი დაწინაურდა და გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. ბელგიაში მიღწეული წარმატების შემდეგ, ვენსანს ინგლისში უხმეს, კერძოდ, ბარნლიში. ენცო მარესკას მსგავსად, კომპანიმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია და ბარნლი პრემიერ ლიგაში დააბრუნა. იმის მიუხედავად, რომ ერთი სეზონის შემდეგ გუნდი ისევ ჩემპიონშიპში დავქეითდა, ყველასგან მოულოდნელად, ბელგიელი მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი გახდა, სადაც ახალი სეზონი იმდენად შთამბეჭდავად დაიწყო, რომ ყველა კრიტიკოსის გაჩუმება მოახერხა.

ლუის ენრიკე და პეპ გუარდიოლა ძველი მეგობრები არიან — ესპანელები ერთმანეთს ბარსელონაში გადაეყარნენ, სადაც ორივე მათგანი კარიერის საწყის ეტაპზე იყო. როდესაც გუარდიოლა კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა, ლუის ენრიკე მეორე გუნდს ხელმძღვანელობდა და ორივე სპეციალისტს ერთად მუშაობა ხშირად უწევდა. ლუის ენრიკე დღეს საკმაოდ ძლიერ სპეციალისტად ითვლება და ეს გავრდიოლას დიდი დამსახურებაც არის.

ერიკ ტენ ჰაგი, გუარდიოლას კიდევ ერთი მოსწავლე — ესპანელი და ნიდერლანდელი ერთად ბაიერნში მუშაობდნენ, როდესაც ტენ ჰაგი დამხმარე ასისტენტი იყო. შემდეგ იყო სამშობლოში დაბრუნება და ამსტერდამული გამოცდილება, სადაც აიაქსთან ერთად ისტორია დაწერა, რომელზეც დღემდე საუბრობენ. იმის მიუხედავად, რომ ტენ ჰაგის კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში არც ისე კარგად აეწყო, ის მაინც გუარდიოლას ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად მოიაზრება.

სტატიის ბოლოსკენ შემოვინახეთ ჩავი, რომელიც გუარდიოლას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი იყო. წლების განმავლობაში გუარდიოლასა და ჩავის შორის დიდი კავშირი ჩამოყალიბდა, რაც ბარსელონას წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები იყო. დიდწილად, ესპანელი სპეციალისტის იდეები სწორედ ჩავიზე იყო აგებული, ეს უკანასკნელი გუნდს მოედანზე მითითებებს აძლევდა — ის იყო ღერძი, რომელიც გუნდს ათამაშებდა.
ჩავიმ სამწვრთნელო კარიერა ალ-სადში დაიწყო, სადაც საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია. შემდეგ იყო ბარსელონაში დაბრუნება, სადაც არც ისე მარტივი სიტუაცია დახვდა, თუმცა ამის მიუხედავად, მისი ბარსა მაინც ანგარიშგასაწევი გუნდი იყო. ახლა ჩავი უგუნდოდ არის, თუმცა უახლოეს პერიოდიში მის დაბრუნებას ველოდებით.















