ტოპ ჩემპიონატები
პრემიერ ლიგის ჩემპიონი იმ დროს ჯერ კიდევ ტრადიციულად გახდა მანჩესტერ იუნაიტედი, რომლის მთავარი მოწინააღმდეგე ლონდონის არსენალი იყო. ერთი სეზონის შემდეგ, "მეთოფეები" ჩემპიონატს წაუგებლად მოიგებენ. 2003 წლის ზაფხულში ასევე შედგა მთავარი გარიგება ლონდონის სხვა კლუბის, ჩელსის ისტორიაში.
საუბარია რომან აბრამოვიჩის მიერ "არისტოკრატების" ყიდვის შესახებ. რაც შეეხება პრემიერ ლიგის ამჟამინდელ ფლანგმანს, მანჩესტერ სიტის - მეცხრე პოზიცია და მაღალი მიზნებისგან ძალიან შორს ყოფნა. ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი გახდა რუდ ვან ნისტელროი, რომელმაც ტიერი ანრის სულ რაღაც 1 ბურთით გაუსწრო. (25:24).
გადავინაცვლეთ ლა ლიგაში, სადაც საჩემპიონო ბრძოლა მადრიდის რეალსა და სან სებასტიანის რეალ სოსიედადს შორის მიმდინარეობდა. საბოლოოდ, პირველ პოზიციაზე გავიდა "სამეფო კლუბი", რომელმაც ბასკებს 2 ქულით აჯობა. რაც შეეხება ბარსელონას, მე-6 პოზიცია და უეფას თასის საგზური. პრიმერას საუკეთესო გოლეადორი 29 ბურთით როი მაკაი გახდა.

მივადექით სერია ა-ს, სადაც ჩემპიონი ტურინის იუვენტუსი გახდა. შემდეგ მოდიოდნენ ინტერნაციონალე და მილანი - აღნიშნული სამეული ყურადღებას მიიქცევს ჩემპიონთა ლიგაზეც, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით. ცნობისთვის, ნაპოლი 2003 წელს თამაშობდა სერია ბ-ში და ასპარეზობა მე-16 პოზიციაზე დაასრულა.
ბუნდესლიგაში ყველაფერი მიმდინარეობდა სტანდარტული სცენარით - ჩემპიონი გახდა მიუნხენის ბაიერნი, რომელმაც უახლოეს მდევარს, შტუტგარტს 16 ქულით გაუსწრო. ამჟამინდელი მოქმედი ჩემპიონისთვის, ლევერკუზენის ბაიერისთვის კი სეზონი წარიმართა კატასტროფულად: მე-15 პოზიცია და 1 ნაბიჯი დაქვეითებამდე.
ლიგა1-ში იწყებოდა ლიონის დომინირება და 2003 წლისთვის ამ გუნდის ანგარიშზე ზედიზედ მეორე ჩემპიონობა იყო. რაც შეეხება საფრანგეთის ჩემპიონატის ამჟამინდელ ფლანგმანს, პარის სენ-ჟერმენს: მე-11 პოზიცია. იმ დროს ყველაზე ტიტულოვანი კლუბები ჯერ კიდევ მარსელის ოლიმპიკი და სენტ-ეტიენი იყვნენ.

ევროთასები
ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა მილანი, რომელმაც ფინალში პენალტების სერიაში იუვენტუსი დაამარცხა. ამ ყველაფრის მონაწილე კახა კალაძეც იყო. ქართველმა უკანახაზელმა იმ სეზონში "როსონერის" შემადგენლობაში ჩაატარა 46 მატჩი, გაიტანა 1 ბურთი და გააკეთა 4 ასისტი. იმ დროს, ევროპული ფეხბურთის მთავარი ფლანგმანი ჯერ კიდევ კალჩო იყო.
ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ტურინელებსა და "შავ-წითლებთან" ერთად იყო სერია ა-ს კიდევ ერთი გრანდი - ინტერი. 1/2 ფინალში ვიხილეთ დერბი დელა მადონინა, რომელშიც მოგებულები "ეშმაკები" გამოვიდნენ. რაც შეეხება მეორე 1/2 ფინალურ წყვილს: "ბებერ ქალბატონმა" "ბლანკოსს" მოუგო.

სეზონის მიმდინარეობის გათვალისწინებით, მთავარ ფავორიტებად მოიაზრებოდნენ სწორედ სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრები, რომელთა განკარგულებაშიც სუპერშემადგენლობა იყო. ლუიშ ფიგუსა და ზინედინ ზიდანის შემდეგ, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდში მოვიდა რონალდო ნაზარიოც - მუნდიალის თასით, ოქროს ბურთითა და მოშუშებული მუხლით.
საინტერესო დაპირისპირებები იყო ევროპა ლიგაზეც, რომელსაც იმ დროს ჯერ კიდევ უეფას თასი ერქვა. ფინალში პორტომ დაამარცხა გლაზგოს სელტიკი და უნდა აღინიშნოს ის, რომ პორტუგალიური გუნდის დამრიგებელი ჟოზე მოურინიო იყო. ერთი წლის შემდეგ, "დრაკონებთან" ერთად ის ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს.

ოქროს ბურთი
მივადექით ყველაზე საინტერესო დეტალს. 2003 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს პაველ ნედვედი, რომელმაც ინდივიადუალური თვალსაზრისით მართლაც გამორჩეული სეზონი ჩაატარა. როგორც აღვნიშნეთ, "ბიანკონერიმ" მოიგო სკუდეტო და მიაღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ჩეხი შუახაზელი ამ ყველაფრის მთავარი სულისჩამდგმელი იყო.
დავამატებთ იმასაც, რომ მარჩელო ლიპის გუნდის ლიდერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო გამოტოვა. არსებობს მოსაზრება, "ფურია ჩეკას" რომ ეთამაშა, დელე ალპის ბინადრებს მოგების გაცილებით მეტი შანსი ექნებოდათ. რაც შეეხება ოქროს ბურთის 3-ეულს: იუვეს მე-11 ნომრის გარდა, ასევე იყვნენ ტიერი ანრი და პაოლო მალდინი.

ტრანსფერები
2003 წლის ზაფხულში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატრანსფერო საგა ფეხბურთის ისტორიაში. ბარსელონას პრეზიდენტობის იმდროინდელი კანდიდატი, ჟოან ლაპორტა ქომაგებს პირდებოდა დევიდ ბექჰემის ტრანსფერს, მაგრამ საბოლოოდ ის რეალში წავიდა. ბ გეგმა იყო რონალდინიო გაუჩო, რომელმაც კატალონიელების გამო უარი მანჩესტერს უთხრა.
იუნაიტედი დარჩა როგორც ბრაზილიელი, ისე ინგლისელი ვარსკვლავის გარეშე, გამოსავალი აღმოჩნდა კრიშტიანუ რონალდუ და უნდა ითქვას, რომ სერ ალექს ფერგიუსონი ნამდვილად არ შემცდარა. პორტუგალიელმა ვინგერმა მალევე გაიბრწყინა და 1 წლის შემდეგ ის ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაშიც მოხვდა.


















