შედეგი მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა ამის მიუხედავად, "ლურჯებმა" მოწინააღმდეგის კარის აღება ვერ მოახერხეს. მასპინძლების რიგებში უცვლელად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც "აძურის" მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. მან "იადონების" კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, აქედან 2 დარტყმა უშუალოდ კარში წავიდა.
ამის გარდა, ქართველი გარემარბის ანგარიშზე იყო ექვსიდან ოთხი წარმატებით შესრულებული დრიბლინგი, მისი გადაცემების სიზუსტე კი 90 პროცენტს უდრიდა (54/60). კიდევ ერთი გამოსარჩევი დეტალი: ანტონიო კონტეს გუნდის ვინგერმა 12-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო. ასევე, ყველაზე მაღალი ქულა (9.2) 23 წლის ფლანგელმა მიიღო.

როგორც აღვნიშნეთ, დიეგო მარადონას ბინადრებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს - უკანასკნელი თერთმეტმეტრიანი სწორედ მასპინძელთა 77-ე ნომერმა შეასრულა. ერთი სიტყვით, კვარამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, რასაც ვერ ვიტყვით ზოგადად ნაპოლიზე, რომელიც რამდენჯერმე ბურთის გაშვებასთანაც ახლოს იყო.
ისმის კითხვა - რატომ გახდა "პარტენოპეისთვის" სერია ბ-ს ბინადრის დამარცხება ასეთი პრობლემური? "ჯალობლუსთან" შეხვედრამ წარმოაჩინა გუნდის ორი ხარვეზი, პირველი: "ლურჯებს" ჯერჯერობით უჭირთ ტრადიციული 4-3-3-დან იტალიელი ტაქტიკოსის ფავორიტ 3-4-3-ზე გადაწყობა; მეორე: გუნდს ცენტრფორვარდი სჭირდება.
"აძურის" ახალი მწვრთნელის ფორმაციაში უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ ცენტრალურ თავდამსხმელს უჭირავს, რომელიც გოლად აგვირგვინებს იმ ყველაფერს, რაც ბურთის მიღებამდე ხდება. კონტეს განკარგულებაში ამ როლისთვის არის ვიქტორ ოსიმენი, მაგრამ მისი პრიორიტეტი რომელუ ლუკაკუს გადმობირებაა.

დიეგო მარადონას ბინადრებსა და ნიგერიელ თავდამსხმელს შორის ყველაფერი დასრულებულია და იგი ტრანსფერზე არის დაყენებული. პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რადარზე არ ჩანს კლუბი, რომელიც ნაპოლის ფორვარდში 100+ მილიონს გადაიხდის. იყო საუბრები ლონდონის ჩელსისა და პარის სენ-ჟერმენზე, მაგრამ ისინი აუქციონიდან გავიდნენ.
ჭორის დონეზე ფიგურირებს ლონდონის არსენალის ვარიანტიც, თუმცა ჯერჯერობით სერიოზული შეთავაზებები არ ჩანს. ფაქტია, "პარტენოპეის" მეცხრე ნომერი სანამ არ გაიყიდება, იტალიელი ტაქტიკოსი ბელგიელ ფორვარდს ვერ მიიღებს. მოდენასთან მატჩმა კი აჩვენა, რომ ჯაკომო რასპადორი და ჯოვანი სიმეონე "ლურჯების" მთავარი დამრტყმელი ძალა ვერ იქნებიან.
ერთი სიტყვით, "აძურიში" ელოდებიან "არისტოკრატების" საკუთრებაში მყოფ თავდამსხმელს, რომლის სანაცვლოდ, მინიმუმ, 40 მილიონი ევროს გადახდაა საჭირო. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს აურელიო დე ლაურენტისი. ყველაზე უკიდურესი ვარიანტი ასეთია: ოსიმენი გაიყიდება საუდის არაბეთში, შემდეგ კი 31 წლის ფორვარდიც მოვა.

ბოლოს კიდევ ერთხელ განვიხილოთ კონტეს ტაქტიკა. როგორც აღვნიშნეთ, მაყურებელმა იხილა 3-4-3, სადაც ქართველი გარემარბი მარცხნიდან მოქმედებდა და მატეო პოლიტანო/ჯო რასპადორისთან ერთად, შემტევ ტრიოს ქმნიდა. ხვიჩას უკნიდან ეხმარებოდა ლეო სპინაცოლა და უნდა ითქვას, რომ მათი ტანდემი ძალიან იმედისმომცემად გამოიყურება.
დიეგო მარადონას ბინადრების მარცხენა გარემარბი არ იყო შემოფარგლული მხოლოდ ვინგერის ფუნქციებით, ის მოქმედებდა მთელ დიაპაზონზე, როგორც სრულფასოვანი ფორვარდი. იტალიელი ტაქტიკოსი 23 წლის ვინგერისგან ქმნის დაახლოებით ისეთ მოთამაშეს, როგორიც იყო ედენ აზარი "ლურჯებში", 2016-2018 წლებში.
ანტონიოსა და ბელგიელი შემტევი ნახევარმცველის კავშირმა გუნდს პრემიერ ლიგის ტიტული მოუტანა, თავად ფეხბურთელმა კი 94 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. ულაპარაკოდ, ნაპოლის ახალი დამრიგებლის ხელში, ჩვენ ვიხილეთ სტემფორდელთა გამთამაშებლის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია, ვნახოთ, რა იქნება საქართველოს ეროვნული გუნდის ვინგერის მიმართებით.

















