La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
23-ე ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 26 მარტს 20:00 საათზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ 23-ე ტურის წინ?
საქართველო VS. ისრაელი | 26 მარტი, 21:00 საათი
საქართველო და ისრაელი 26 მარტს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს — შეხვედრაში, რომელიც ტურნირული თვალსაზრისით არაფერს წყვეტს, მაგრამ ორივე გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია მომავალი ოფიციალური თამაშებისთვის მზადების პროცესში.
ვილი სანიოლის გუნდი ამ მატჩს საკმაოდ ცუდი სერიით ხვდება - ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, რაც საკმაოდ ბევრ რამეზე მეტყველებს.
რაც შეეხება ისრაელს, არც ჩვენი მეტოქე გამოიყურება კარგად - მათ ანგარიშზე ბოლო 5 მატჩიდან 3 წაგება, 1 მოგება და 1 ფრეა.
ეს ორი ნაკრები ბოლოს ერთმანეთს 2011 წელს შეხვდნენ, სადაც გამარჯვება ისრაელს დარჩა, 1-0.
გთავაზობთ სავარაუდო შემადგენლობებს:
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, დვალი, აზაროვი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.
ისრაელი: პერეცი, დასა, ლემკინი, ბლორიანი, რევივო, კანიხოვსკი, პერეცი, ბიტონი, პერეცი, გლოხი, ტურგემანი
იმის გათვალისწინებით, რომ მატჩი ამხანაგურია, დიდი ალბათობით ყველა მოთამაშე მიიღებს სათამაშო დროს, რაც ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად საინტერესო იქნება.
იტალია VS. ჩრდ. ირლანდია | 26 მარტი, 23:45 საათი
იტალია და ჩრდილოეთ ირლანდია 26 მარტს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მატჩში, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს — ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალი, სადაც გამარჯვებული კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება 2026 წლის მუნდიალს. ეს განსაკუთრებით კრიტიკული შეხვედრაა იტალიისთვის, რადგან "აძური“ ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა და ახლა უკვე მესამე გამოტოვების საფრთხის წინაშე დგას. ჩრდილოეთ ირლანდიისთვის კი ეს შანსი ისტორიულია — გუნდს 1986 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია და შესაბამისად, მათთვის ეს დაპირისპირება ერთგვარი "ოცნების კარია“.
იტალია ამ მატჩამდე მივიდა საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით, სადაც ნორვეგიას ჩამორჩა. მიუხედავად იმისა, რომ რინო გატუზოს გუნდში მისვლის შემდეგ სიტუაცია გარკვეულწილად გამოსწორდა, პრობლემები მაინც რჩება და ამ დაპირისპირებაში იტალია გამოკვეთილი ფავორიტი ნამდვილად არაა.
რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, გუნდი არ გამოირჩევა შეტევითი პოტენციალით, მაგრამ დაცვით საკმაოდ ორგანიზებულია და ხშირად თამაშობს დაბალ ბლოკში, კონტრშეტევებზე დაყრდნობით.
ორივე გუნდს აქვს საკადრო პრობლემები. იტალიას ვერ დაეხმარება ფედერიკო კიეზა, ასევე პრობლემები აქვთ ჯანლუკა სკამაკას, მატია ძაკანისა და ჯოვანი დი ლორენცოს, ხოლო ალესანდრო ბასტონის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ასევე ბოლომდე მზად არ არის სანდრო ტონალი.
ჩრდილოეთ ირლანდიის მხრიდან სერიოზული დანაკლისია კონორ ბრედლი და დენ ბალარდი, რომლებიც გუნდის ლიდერებად ითვლებიან.
იტალიის სავარაუდო შემაგდენლობა: დონარუმა, მანჩინი, ბასტონი, კალაფიორი, პოლიტანო, ბარელა, ლოკატელი, ტონალი, დიმარკო, კინი, რეტეგი;
ჩრდ. ირლანდიის სავარაუდო შემაგდენლობა: აზარი, მაკონვილი, მაკნეირი, ბრაუნი, დევლინი, ლაიონსი, მაკდონელი, გალბრეითი, ლუისი, პრაისი, დონლი;
ამ წყვილში გამარჯვებული უელსი-ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც გაირკვევა ვინ ითამაშებს მუნდიალზე.
ბრაზილია VS. საფრანგეთი | 26 მარტი, 23:55 საათი
ბრაზილია და საფრანგეთი 26 მარტს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს — ერთი შეხედვით ეს მხოლოდ ტესტური თამაშია, თუმცა რეალურად საქმე გვაქვს ორი გრანდის პრინციპულ დაპირისპირებასთან, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის ელიტას წარმოადგენენ და მათი შეხვედრა, თუნდაც ამხანაგური სტატუსის მქონე, ყოველთვის მაღალი დონის სანახაობას გვპირდება.
ამ მატჩს სერიოზული დატვირთვა არ აქვს, მაგრამ მნიშვნელობა მაინც დიდია — ორივე გუნდი ემზადება მომავალი ოფიციალური თამაშებისთვის და ცდილობს ოპტიმალური ფორმის პოვნას. მწვრთნელებისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, გამოსცადონ სხვადასხვა ტაქტიკური სქემები, მისცენ შანსი ახალ ფეხბურთელებს და შეაფასონ გუნდის საერთო მდგომარეობა. ამხანაგური მატჩების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად სრულად ძირითადი შემადგენლობები არ გამოდიან და თამაშის მსვლელობისას ბევრი ცვლილება კეთდება. შესაბამისად, შედეგზე მეტად ყურადღება ექცევა თამაშის ხარისხს, ტაქტიკურ ექსპერიმენტებს და ინდივიდუალურ ფორმას.
ორივე ნაკრები შედარებით გადახალისებული შემაგდენლობით ხვდება ამ დაპირისპირებას, რადგან ბევრი ფეხბურთელი ტრავმის გამო სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდება.
ბრაზილიის სავარაუდო შემაგდენლობა: ედერსონი, უესლი, მარკინიოსი, ბრემერი, დუგლას სანტოსი, ფაბინიო, გაბრიელ სარა, ანდრეი სანტოსი, მარტინელი, ენდრიკი, იგორ ტიაგო;
საფრანგეთის სავარაუდო შემადგენლობა: მენიო, გუსტო, კონატე, უმამეკანო, ტ. ერნანდესი, კანტე, ჩუამენი, რაბიო, შერკი, დუე, დემბელე;
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















