La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
მე-11 ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 3 იანვარს 13:00 საათზე.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს პროგნოზების ლიგის მხარდაჭერია ნატახტარი.
რა უნდა გავითვალისწინოთ მე-11 ტურის წინ?
ესპანიოლი VS. ბარსელონა | 3 იანვარი, 23:55 საათი
ლა ლიგა ახალ 2026 წელს საკმაოდ საინტერესო სათამაშო ტურით ხვდება, სადაც ცენტრალური დაპირისპირება კორნელა დე ლობეგრას არენაზე გაიმართება. მაყურებელს წინ საინტერესო დერბი ელოდება — კარგ ფორმაში მყოფი ესპანიოლი საკუთარ კედლებში ჩემპიონატის ლიდერს, ბარსელონას უმასპინძლებს.
გუნდები ამ დაპირისპირებას საკმაოდ კარგ ხასიათზე ხვდებიან. ესპანიოლს ლა ლიგაში 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, ხოლო ბარსელონა ყველა ტურნირზე ზედიზედ 7 მატჩია იგებს.
ესპანიოლს 33 ქულა აქვს და გამარჯვების შემთხვევაში ოთხეულში შესვლის ძალიან კარგი შანსი ექნება. რაც შეეხება ჰანსი ფლიკის გუნდს, "ბლაუგრანას" 46 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან რეალ მადრიდს 4 ქულით ასწრებს.
ესპანიოლი-ბარსელონას დაპირისპირებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. გუნდები ერთმანეთს ჯამში 218-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც უფრო მეტი, კერძოდ 128 ბარსელონამ მოიგო, ხოლო ესპანიოლს გამარჯვება 44-ჯერ დარჩა. რაც შეეხება ფრედ დასრულებულ მატჩებს, გუნდები 46-ჯერ დაზავდნენ.
ესპანიოლი ამ პრინციპულ დაპირისპირებას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება და ბარსელონასთან შეხვედრას მხოლოდ რამონ ტერაცი გამოტოვებს. რაც შეეხება ბარსელონას ბანაკს, ჰანსი ფლიკის განკარგულებაში გავი და კრისტენსენი არ იქნებიან, ხოლო ითამაშებს თუ არა ესპანიოლთან ჟულ კუნდე, ეს მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.
ესპანიოლის სავარაუდო შემადგენლობა: დმიტროვიჩი, ელ ჰილალი, კალერო, კაბრერა, რომერო, ესპოზიტო, ლოზანო, გონსალესი, მილა, დოლანი, ფერნანდეს ხაენი;
ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა: ჟოან გარსია, ერიკ გარსია/კუნდე, კუბარსი, მარტინი, ბალდე, დე იონგი, კასადო, იამალი, ლოპესი, რაფინია, ტორესი;
გუნდებს შორის გამართულ ბოლო 5 დაპირისპირებაში მაყურებელმა 20 გატანილი გოლი იხილა, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ არც შაბათს გასამართი შეხვედრა გამოდგება მოსაწყენი.
მანჩესტერ სიტი VS. ჩელსი | 4 იანვარი, 21:30 საათი
პრემიერ ლიგის მე-20 ტურში რამდენიმე გამორჩეული მატჩი გველოდება, თუმცა ცენტრალური დაპირისპირება უდავოდ ეტიჰად სთედიუმზე გაიმართება. მაყურებელს წინ მანჩესტერ სიტისა და ჩელსის შეხვედრა ელოდება, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს.
მანჩესტერ სიტის საოცარი სვლა შუა კვირაში სანდერლენდმა შეაჩერა, რამაც არსენალის 4-ქულიანი გაქცევა გამოიწვია. პეპ გვარდიოლას გუნდმა "შავ კატებს" საინტერესო ვერაფერი შესთავაზა და 2026 წელი მძიმედ დაიწყო.
საკმაოდ ცუდი სიტუაციაა ჩელსის ბანაკში, საიდანაც ენცო მარესკა 1 იანვარს გუნდიდან გაუშვეს. დიახ, ლონდონური კლუბი ამ პრინციპულ დაპირისპირებას მთავარი მწვრთნელის გარეშე ხვდება, რასაც გუნდის ცუდი სათამაშო ფორმაც ემატება. ჩელსის პრემიერ ლიგაში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რის გამოც გუნდმა ოთხეულში ადგილი დაკარგა.
მანჩესტერ სიტი მე-20 ტურს 41 ქულით ხვდება, ხოლო ჩელსის 30 ქულა აქვს.
მანჩესტერ სიტისა და ჩელსის შორის ისტორიაში სულ 173 მატჩია გამართული, საიდანაც 67 ლონდონელებმა მოიგეს, ხოლო "ქალაქელებმა" მეტოქის დამარცხება 66-ჯერ მოახერხეს. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 40 ითვლის.
მანჩესტერ სიტი კვირას გასამართ დაპირისპირებას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. პეპ გვარდიოლას განკარგულებაში მხოლოდ მატეო კოვაჩიჩი და ჯონ სტოუნსი არ იქნებიან. რაც შეეხება ჩელსის, "ლურჯების" სამატჩო განაცხადში ლივაი კოლვილი, რომეო ლავია და მოიზეს კაისედო არ იქნებიან.
მანჩესტერ სიტის სავარაუდო შემადგენლობა: დონარუმა, ნუნიეში, დიაში, გვარდიოლი, ო'რაილი, როდრი, ბერნარდო სილვა, ფოდენი, დოკუ, შერკი, ჰოლანდი;
ჩელსის სავარაუდო შემადგენლობა: სანჩესი, გუსტო, ფოფანა, ჩალობა, კუკურეია, ფერნანდესი, ჯეიმსი, ნეტუ, პალმერი, გარნაჩო, ჟოაო პედრო;
გუნდებს შორის გამართულ ბოლო 5 დაპირისპირებაში 15 გოლი გავიდა და ჩვენი ვარაუდია, რომ არც კვირას გასამართი მატჩი იქნება მოსაწყენი და დიდი ალბათობით ორივე გუნდი შეძლებს გოლის გატანას.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















