La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
მე-12 ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 10 იანვარს 17:00 საათზე.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს პროგნოზების ლიგის მხარდაჭერია ნატახტარი.
რა უნდა გავითვალისწინოთ მე-12 ტურის წინ?
ფიორენტინა VS. მილანი | 11 იანვარი, 18:00 საათი
მიმდინარე უიქენდზე ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღება დიდწილად იტალიისკენ იქნება მიპყრობილი, რადგან კალჩოს მოყვარულებს ორი ისეთი დაპირისპირება ელოდება, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს.
ერთ-ერთ ასეთ მატჩს ფლორენცია უმასპინძლებს, სადაც არც ისე კარგ ფორმაში მყოფი ფიორენტინა ჩემპიონობის მაძიებელ მილანს დაუპირისპირდება.
გუნდები ამ შეხვედრას განსხვავებულ ფორმაში ხვდებიან. ფიორენტინას საშინელი პერიოდი უდგას და 13 ქულით, მე-19 პოზიციას იკავებს. ხოლო რაც შეეხება მილანს, იმის მიუხედავად, რომ შუა კვირაში გუნდმა ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა, მაქს ალეგრის ბიჭებს უკვე 17-მატჩიანი წაუგებელი სერია მოუგროვდათ, რაც დაგვეთანხმებით შთამბეჭდავი შედეგია.
გუნდებს შორის პირველ წრეში ჩატარებული მატჩი მილანის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. მაშინ ფიორენტინას ჯერ კიდევ სტეფანო პიოლი წვრთნიდა, რომელსაც ბევრი "ვიოლას" გულშემატკივარი არსებული კრიზისის მთავარ მიზეზად მიიჩნევს.
რაც შეეხება გუნდების დანაკლისს, მილანს ამ მატჩში სანტიაგო ხიმენესი და ფიკაიო ტომორი დააკლდებათ, ხოლო კრისტოფერ ნკუნკუს საკითხი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება. რაც შეეხება ფიორენტინას ბანაკს, პაოლო ვანოლის განკარგულებაში ედინ ჯეკო, ჯაკომო პაცინი, ტარიკ ლემპტი, ამირ რიჩარდსონი და მატია ვიტი არ იქნებიან.
ფიორენტინას სავარაუდო შემადგენლობა: დე ხეა, დოდო, კომუცო, პონგრაჩიჩი, გოზენსი, მანდრაგორა, ფაჯოლი, ნდური, პარიზი, კინი, გუდმუნდსონი;
მილანის სავარაუდო შემადგენლობა: მენიო, დე ვინტერი, გაბია, პავლოვიჩი, სალმაკერსი, რიჩი, მოდრიჩი, რაბიო, ბარტეზაგი, პულისიკი, ლეაო;
იმის გათვალისწინებით, რომ ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, მაყურებელს წინ დიდი ალბათობით საოცრად დაძაბული დაპირისპირება ელოდება. ფიორენტინა გამარჯვების შემთხვევაში გასავარდ ზონას თავს დააღწევს, ხოლო თუ მილანმა შეძლო 3 ქულის მოპოვება, "როსონერი" დიდი შანსია პირველ ადგილს დაუბრუნდეს.
გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში ჯამში 14 გოლი გავიდა, რის ფონზეც მოსალოდნელია, რომ მაყურებელი კვირას გასამართ დაპირისპირებაშიც ბევრ გატანილ გოლს იხილავს, რადგან ორივე გამტანი გუნდია და ორივეს დაცვა არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება.
ინტერი VS. ნაპოლი | 11 იანვარი, 23:45 საათი
ჩვენს მიერ დაანონსებული მეორე გამორჩეული მატჩი ჯუზეპე მეაცაზე გაიმართება, სადაც მაყურებელს ინტერი-ნაპოლის დაპირისპირება ელოდება. ამ შეხვედრაში გამარჯვება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და დიდი შანსია საჩემპიონო განაცხადი სწორედ ამ დღეს გაკეთდეს.
ინტერი ამ მატჩს ძალიან კარგ ფორმაში ხვდება. კრისტიან კივუს გუნდს სერია A-ში 6-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რის ფონზეც სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. რაც შეეხება ნაპოლის, არც ანტონიო კონტეს გუნდია ცუდ ფორმაში - "პარტენოპეი" ამ შეხვედრას 5-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება.
გუნდებს შორის ამ სეზონში ჩატარებული პირველი მატჩი ნაპოლის გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე, მასპინძლებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
გუნდები ამ მატჩს გარკვეული დანაკლისით ხვდებიან. კრისტიან კივუს განკარგულებაში დენზელ დუმფრისი და დავიდე ფრატეზი არ იქნებიან, ხოლო ნაპოლის დანაკლისი უფრო სოლიდურად გამოიყურება. "პარტენოპეის" განაცხადში დე ბრუინი, ზამბო ანგისა, ბეუკემა, გილმორი და ლუკაკუ არ იქნებიან. რაც შეეხება დავიდ ნერესს, ბრაზილიელის საკითხი მატჩის დღეს გადაწყდება.
ინტერის სავარაუდო შემადგენლობა: ზომერი, ბისეკი, აკანჯი, ბასტონი, ლუის ერნიკე, ბარელა, ჩალჰანოღლუ, ჟელინსკი, დიმარკო, ლაუტარო მარტინესი, ტურამი;
ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა: მილინკოვიჩ-სავიჩი, რაჰმანი, ბონჯორნო, ჟუან ჟესუსი, დი ლორენცო, ლობოტკა, მაკტომინეი, სპინაცოლა, პოლიტანო, ჰოილუნი, ლანგი;
ბოლო 5 ჩატარებული შეხვედრიდან 3 მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა, ხოლო მაყურებელმა ჯამში 11 გატანილი გოლი იხილა. კვირას გასამართი დაპირისპირება ორივე გუნდისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობისაა, რომ დიდი შანსია მორიგი ჩაკეტილი მატჩი ვიხილოთ, სადაც არც ერთი მათგანი არ გარისკავს და საკუთარ მომენტს დაელოდება.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















