La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
მე-14 ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 24 იანვარს 15:00 საათზე.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს პროგნოზების ლიგის მხარდაჭერია ნატახტარი.
რა უნდა გავითვალისწინოთ მე-14 ტურის წინ?
არსენალი VS. მანჩესტერ იუნაიტედი | 25 იანვარი, 20:30 საათი
პრემიერ ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩს ემირეითს სთედიუმი უმასპინძლებს, სადაც მაყურებელს არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრა ელოდება. ამ მატჩში ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს, შესაბამისად, წინ საოცარი დაპირისპირების მოლოდინში ვართ.
არსენალი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით ხვდება. მიკელ არტეტას გუნდს 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და პრემიერ ლიგას 7-ქულიანი ჰანდიკაპითაც ლიდერობს. რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედს, მაიკლ კერიკი ოლდ ტრაფორდზე ხმაურიანად დაბრუნდა და თანაქალაქელ მანჩესტერ სიტის სრულიად დამსახურებულადაც მოუგო, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ "წითელი ეშმაკები" არსენალთანაც დიდ ბრძოლას გამართავენ.
გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული მატჩი არსენალის გამარჯვებით, 0-1 დასრულდა. იმ შეხვედრაში თავის გამოჩენა რიკარდო კალაფიორიმ მოახერხა.
გუნდები კვირას გასამართ დაპირისპირებას თითქმის ოპტიმალური შემადგენლობებით ხვდებიან. მიკელ არტეტას განკარგულებაში რიკარდო კალაფიორი არ იქნება, ხოლო რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედს, სამატჩო განაცხადში მხოლოდ მატაის დე ლიხტი ვერ მოხვდება.
არსენალის სავარაუდო შემადგენლობა: რაია, უაითი, სალიბა, მაგალიაესი, ტიმბერი, სუბიმენდი, რაისი, ოდეგორი, საკა, იოკერეში, ტროსარი;
მანჩესტერ იუნაიტედის სავარაუდო შემადგენლობა: ლამენსი, დალო, მაგუაიერი, მარტინესი, შო, კაზემირო, მეინო, დორგუ, ფერნანდეში, დიალო, მბიუმო;
გუნდებს შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობა 224 ითვლის, საიდანაც 95 მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო, ხოლო არსენალმა მეტოქეს 81-ჯერ აჯობა. რაც შეეხება ფრედ დასრულებულ შეხვედრებს, გუნდები 48-ჯერ დაზავდნენ.
კვირას გასამართი მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობისაა - მიკელ არტეტას გუნდი საჩემპიონო მარათონში დაწინაურებას შეეცდება, ხოლო მაიკლ კერიკის ბიჭები ოთხეულში დაბრუნებას ეცდებიან.
იუვენტუსი VS. ნაპოლი | 25 იანვარი, 21:00 საათი
სერია A-ს 22-ე ტურში ორი გამორჩეული მატჩი გველოდება, საიდანაც ერთ-ერთი ტურინში გაიმართება. მაყურებელს წინ იუვენტუსისა და ნაპოლის დაპირისპირება ელოდება, სადაც დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.
ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირება ყოველთვის პრინციპული იყო და არც კვირას გასამართი მატჩი იქნება გამონაკლისი. თანაც, ყველაფერს ისიც ემატება, რომ ლუჩანო სპალეტი და ანტონიო კონტეს ყოფილ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
გუნდები ამ შეხვედრას არც ისე კარგ ფორმაში ხვდებიან, შესაბამისად, ფავორიტის დასახელება გაგვიჭირდება.
გუნდებს შორის პირველ წრეში ჩატარებული მატჩი ნაპოლის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.
ახლა კი ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ვისაუბროთ - იუვენტუსი ამ მატჩს მხოლოდ სამი ფეხბურთელის გარეშე ხვდება: რუგანი, ვლაჰოვიჩი და მილიკი სამატჩო განაცხადში არ იქნებიან. რაც შეეხება ნაპოლის, "პარტენოპეის" მხარეს სიტუაცია ბევრად რთულადაა. ანტონიო კონტეს განკარგულებაში მერეტი, ანგისა, ნერესი, დე ბრუინი, გილმორი, პოლიტანო და რაჰმანი არ იქნებიან.
იუვენტუსის სავარაუდო შემადგენლობა: დი გრეგორიო, კალულუ, ბრემერი, კელი, კამბიაზო, ლოკატელი, ტურამი, მაკკენი, კონსეისაო, ილდიზი, დევიდი;
ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა: სავიჩი, ბეუკემა, ბონჯორნო, ჟესუსი, დი ლორენცო, ლობოტკა, მაკტომინეი, ოლივეირა, ელმასი, სპინაცოლა, ჰოილუნი;
ნაპოლი და იუვენტუსი ისტორიაში სულ 185-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 85 "ბიანკონერიმ" მოიგო, ხოლო "პარტენოპეის" 49-ჯერ დარჩა გამარჯვება. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 51 ითვლის.
იმის გათვალისწინებით, რომ ნაპოლის საკადრო პრობლემები აქვს, რასაც იუვენტუსის სახლში თამაშიც ემატება, ამ დაპირისპირებაში სულ ცოტათი ფავორიტი ლუჩანო სპალეტის გუნდი მოსჩანს, თუმცა ანტონიო კონტე, რომ არავის შეუშინდება, ამაშიც დარწმუნებულები ვართ. ჩვენი ვარაუდია, რომ მაყურებელს წინ სანახაობრივი დაპირისპირება ელოდება, სადაც დიდი ალბათობით ბევრ გატანილ გოლსაც ვიხილავთ.
რომა VS. მილანი | 25 იანვარი, 23:45 საათი
სერია A-ს 22-ე ტურის მეორე გამორჩეული მატჩი სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართება, სადაც რომა მილანის დაუხვდება. ჯან პიერო გასპერინის გუნდი მაქს ალეგრის ბიჭების წინააღმდეგ, შეხვედრა, რომელიც სატურნირო ცხრილში ბევრ რაღაცას შეცვლის.
გუნდები ამ პრინციპულ დაპირისპირებას კარგ ფორმაში ხვდებიან. რომას ბოლო 5 მატჩიდან 4 მოგებული აქვს, ხოლო "როსონერი" უკვე 20 მატჩია, რაც სერია A-ში არ აგებს.
სეზონის პირველი მატჩი მილანის გამარჯვებით, 1-0 დასრულდა, თუმცა იმ შეხვედრაში რომას როგორც მინიმუმ შეეძლო, რომ არ წაეგო, თუმცა მაიკ მენიომ პაულო დიბალას აჯობა და არგენტინელს პენალტიდან არ გაატანინა.
ახლა კი რაც შეეხება ტრავმირებულ ფეხბურთელებს, რომას დანაკლისი ბევრად უფრო დიდია. ჯან პიერო განსპერინის განკარგულებაში ანხელინიო, ბალდანცი, დოვბიკი, ერმოსო და ელ შაარავი არ იქნებიან. რაც შეეხება მანჩინის, იტალიელის ამბავი მატჩის დღეს გადაწყდება. ახლა კი მილანის ბანაკზე გადავიდეთ, სადაც შედარებით კარგი სიტუაციაა. სანტიაგო ხიმენესის გარდა რომასთან შეიძლება ალექსის სალმაკერსმა ვერ ითამაშოს, თუმცა ბელგიელი ყველაფერს აკეთებს, რომ სამატჩო განაცხადში მაინც მოხვდეს.
რომას სავარაუდო შემადგენლობა: სვილარი, ჩელიკი, ნ'დიკა, გილარდი, უესლი, კონე, კრისტანტე, ციმიკასი, დიბალა, პელეგრინი, მალენი;
მილანის სავარაუდო შემადგენლობა: მენიო, ტომორი, გაბია, პავლოვიჩი, ატეკამე, ფოფანა, მოდრიჩი, რაბიო, ბარტეზაგი, პულისიკი, ლეაო;
გუნდები ისტორიაში ჯამში სულ 203-ჯერ შეხვდნენ. მილანმა მეტოქის დამარცხება 86-ჯერ მოახერხა, ხოლო რომამ 54-ჯერ იმარჯვა. რაც შეეხება ფრედ დასრულებულ მატჩებს, გუნდები 63-ჯერ დაზავდნენ.
როდესაც რომა და მილანი ერთმანეთს უპირისპირებიან, მაყურებელი ყოველთვის დაძაბული და სანახაობრივი მატჩების მოლოდინშია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ არც კვირას გასამართი შეხვედრა გამოდგება მოსაწყენი. ჩვენი ვარაუდია, რომ გოლის გატანას ორივე მათგანი მოახერხებს, თუმცა ფავორიტის დასახელება მაინც გაგვიჭირდება.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















