La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
მე-16 ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 7 თებერვალს 15:00 საათზე.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს პროგნოზების ლიგის მხარდაჭერია ნატახტარი.
რა უნდა გავითვალისწინოთ მე-16 ტურის წინ?
მანჩესტერ იუნაიტედი VS. ტოტენჰემი | 7 თებერვალი, 16:30 საათი
პრემიერ ლიგის 25-ე ტურში რამდენიმე გამორჩეული დაპირისპირება გველოდება, საიდანაც ერთ-ერთი უდავოდ ოლდ ტრაფორდზე გაიმართება. მაყურებელს წინ მანჩესტერ იუნაიტედისა და ტოტენჰემის დაპირისპირება ელოდება, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს.
მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედში მაიკლ კერიკი დაბრუნდა, "წითელმა ეშმაკებმა" ზედიზედ 3 მატჩის მოგება მოახერხეს. ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა არსენალი, მანჩესტერ სიტი და ფულემი დაამარცხეს, შესაბამისად, მომდევნო ტურის მატჩს საკმაოდ კარგ ხასიათზე ხვდებიან.
რაც შეეხება ტოტენჰემს, ტომას ფრანკის გუნდის პრობლემებს დასასრული არ უჩანს - ლონდონურ კლუბს პრემიერ ლიგაში უკვე 6 მატჩია, რაც არ მოუგია.
გუნდები პირველი წრის მატჩში დაზავდნენ და ქულები გაიყვეს. ლონდონში გამართული დაპირისპირება ფრედ, 2-2 დასრულდა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მაყურებელმა ლონდონში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იხილა.
ახლა კი რაც შეეხება შაბათ გასამართ შეხვედრას - მანჩესტერ იუნაიტედის სამატჩო განაცხადში დე ლიხტი და დორგუ არ იქნებიან, ხოლო რაც შეეხება ტოტენჰემს, ტომას ფრანკის განკარგულებაში ბენტანკური, ბერგვალი, დევისი, კუდუსი, კულუსევსკი, მედისონი, პორო და რიშარლისონი არ იქნებიან, ვან დე ვენისა და სპენსის ამბავი კი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
მანჩესტერ იუნაიტედის სავარაუდო შემადგენლობა: ლამენსი, დალო, მაგუაიერი, მარტინესი, შო, კაზემირო, მეინუ, დიალო, ბრუნო ფერნანდეში, კუნია, მბიუმო;
ტოტენჰემის სავარაუდო შემადგენლობა: ვიკარიო, გრეი, რომერო, დრაგუშინი, უდოჯი, გალაჰერი, პალინია, ბისუმა, ოდობერი, სოლანკე, ჩავი სიმონსი;
მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი ისტორიაში სულ 193-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც "წითელმა ეშმაკებმა" 93 შეხვედრა მოიგეს, ხოლო "დეზებმა" 53-ჯერ იმარჯვეს. რაც შეეხება ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობას, გუნდები 47-ჯერ დაზავდნენ.
შაბათს გასამართი მატჩის წინ, ჩვენი პროგნოზია, რომ მაყურებელი ბევრ გატანილ გოლს იხილავს, ხოლო რაც შეეხება მთავარ ფავორიტს, იმის გათვალისწინებით, მაიკლ კერიკის გუნდი კარგ ფორმაშია და თანაც სახლში თამაშობს, ვფიქრობთ, "წითელ ეშმაკებს" გამარჯვების უფრო დიდი შანსი აქვთ.
ლივერპული VS. მანჩესტერ სიტი | 8 თებერვალი, 20:30 საათი
პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი ენფილდზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ლივერპული და მანჩესტერ სიტი შეხვდებიან. მაყურებელი საოცრად დაძაბული მატჩის მოლოდინშია, რადგან როდესაც ეს ორი გუნდი ერთმანეთს უპირისპირდება, მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ლივერპული და მანჩესტერ სიტი ამ შეხვედრას არც ისე კარგ ფორმაში ხვდებიან. არნე სლოტის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, ხოლო მანჩესტერ სიტიმ ორჯერ იმარჯვა.
კვირას გასამართი მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. პეპ გვარდიოლას შეგირდები 3 ქულის მოპოვებასა და არსენალთან ჩამორჩენის შემცირებას შეეცდებიან, ხოლო მერსისაიდელებისთვის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული.
გუნდებს შორის სეზონის პირველი დაპირისპირება საკმაოდ სენსაციური ანგარიშით, 3-0 დასრულდა - გამარჯვება პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის დარჩა. მაყურებელმა "ქალაქელების" ტოპ პერფორმანსი იხილა, რასაც არნე სლოტის გუნდმა საინტერესო ვერაფერი დაუპირისპირა და პირწმინდად დამარცხდა.
ლივერპული კვირას გასამართ მატჩს ისაკის, ბრედლისა და ლეონის გარეშე ხვდება. ხოლო რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, პეპ გვარდიოლას განკარგულებაში კოვაჩიჩი, გვარდიოლი, სტოუნსი და სავინიო არ იქნებიან, დოკუს საკითხი კი მატჩის დღეს გადაწყდება.
ლივერპულის სავარაუდო შემადგენლობა: ალისონი, სობოსლაი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, სალაჰი, ვირცი, გაკპო, ეკიტიკე;
მანჩესტერ სიტის სავარაუდო შემადგენლობა: დონარუმა, ნუნიეში, ხუსანოვი, გეჰი, ეიტ-ნური, როდრი, ო'რაილი, ბერნარდუ სილვა, სემენიო, შერკი, ჰოლანდი;
გუნდები ისტორიაში სულ 195-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 92 ლივერპულმა მოიგო, სიტის კი 53-ჯერ დარჩა გამარჯვება. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 50 ითვლის.
ჩვენი პროგნოზია, რომ კვირას ორივე გუნდი შეძლებს გოლის გატანას და დიდი ალბათობით მაყურებელი სანახაობრივ დაპირისპირებას იხილავს. რაც შეეხება ფავორიტს, ვფიქრობთ შანსები 50/50-ზეა.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















