La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
მე-18 ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 21 თებერვალს 17:00 საათზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ მე-18 ტურის წინ?
პარი სენ-ჟერმენი VS. მეცი | 21 თებერვალი, 00:05 საათი
ლიგა 1-ის 23-ე ტურში რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება გველოდება, საიდანაც ერთ-ერთს აუცილებლად გამოვარჩევთ და ამისთვის ბევრი მიზეზი გვაქვს. საფრანგეთში ქართველების დაპირისპირება მოგვენატრა და შაბათს, პარი სენ-ჟერმენი-მეცის შეხვედრაში ერთბაშად 4 ჩვენებურის თამაშს ვიხილავთ. ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი გიორგი აბუაშვილის, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი ქვილითაიას მეცს უმასპინძლებს.
ამ მატჩს მხოლოდ ქართველი ფეხბურთელების გამო არ აქვს დიდი დატვირთვა, არამედ სატურნირო ცხრილშიც რა როგორ გადათაშდება ამ შეხვედრის შემდეგ, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
პსჟ ამ დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდება - ლუის ენრიკეს გუნდმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე მონაკოს დაუქამბექა და 2-3 მოუგო. ხოლო რაც შეეხება მეცს, ქართველების გუნდს კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას. "Les Grenats"-მა ლიგა 1-ში ბოლოს 2025 წლის 9 ნოემბერს მოიგო.
პირველი წრის მატჩში მაყურებელმა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა. იმის მიუხედავად, რომ პსჟ ფავორიტი იყო, პარიზელებს გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდათ. 13 დეკემბერს გამართული მატჩი 2-3 დასრულდა.
პარი სენ-ჟერმენსა და მეცს დიდი ისტორია აკავშირებთ, რომელიც ჯამში 84 ჩატარებულ მატჩს ითვლის. პარიზელებმა 51 მოიგეს, ხოლო მეცმა მეტოქის დამარცხება 18-ჯერ მოახერხა. გუნდები 15-ჯერ დაზავდნენ.
ახლა კი რაც შეეხება შაბათს გასამართ დაპირისპირებას, პარიზელებს ამ შეხვედრაში მხოლოდ ფაბიან რუისი დააკლდებათ, ხოლო მეცის სამატჩო განაცხადში ტრაორე, სტამბოლი, გუერტი და ლოუსონი არ იქნებიან.
პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემაგდენლობა: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირე-ემერი, ვიტინია, ნევეში, დუე, კვარაცხელია, ბარკოლა;
მეცის სავარაუდო შემაგდენლობა: ფიშერი, კუაო, სანე, მბოულა, ბალო-ტურე, მუნონგო, ჰეინი, აბუაშვილი, დემინგე, წიტაიშვილი, დიალო;
იმის გათვალისწინებით, რომ მეცი საშინელ ფორმაშია, ჩვენი ვარაუდია, რომ პარი სენ-ჟერმენი ამ ტურში მარტივ გამარჯვებას მოიპოვებს და კიდევ ერთხელ შეეცდება პირველი ადგილის დაბრუნებას.
ტოტენჰემი VS. არსენალი | 22 თებერვალი, 20:30 საათი
პრემიერ ლიგის 27-ე ტურში რამდენიმე გამორჩეული მატჩი გველოდება, თუმცა ყველას ინტერესი რა თქმა უნდა ლონდონური დერბისკენ იქნება მიპყრობილი. ლონდონ სთედიუმზე იგორ ტუდორის ტოტენჰემი მიკელ არტეტას არსენალს უმასპინძლებს, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს.
მას შემდეგ, რაც არსენალმა შუა კვირაში ვულვზთან უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, ზემოხსენებული მატჩის ინტრიგა ორმაგად გაიზარდა. ამ ყველაფერს კი იგორ ტუდორის დებიუტიც ემატება, რომელმაც ტომას ფრანკი გასულ კვირას შეცვალა.
არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ ფორმაშია, რადგან როდესაც ჩრდილოლონდონურ დერბიზე ვსაუბრობთ, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაბამისად, წინ საოცრად დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გველოდება.
პირველი წრის დაპირისპირება არსენალის გამარჯვებით დასრულდა. ემირეითზე გამართულ შეხვედრაში ებერეჩი ეზემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.
რაც შეეხება კვირას გასამართ მატჩს, არსენალს ტრავმის გამო მერინო და ჰავერცი დააკლდება, ხოლო ტოტენჰემის სამატჩო განაცხადში მედისონი, კულუსევსკი, კუდუსი, ბენტანკური, რიშარლისონი, დევისი, ბერგვალი, პორო, უდოჯი და ოდობერი არ იქნებიან. კრისტიან რომერო კი ამ პრინციპულ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. როგორც ხედავთ, ტოტენჰემის დანაკლისი ძალიან დიდია.
არსენალის სავარაუდო შემაგდენლობა: რაია, ტიმბერი, სალიბა, მაგალიაესი, ინკაპიე, რაისი, სუბიმენდი, საკა, ოდეგორი, ტროსარი, იოკერეში;
ტოტენჰემის სავარაუდო შემადგენლობა: ვიკარიო, გრეი, დრაგუშინი, ვან დე ვენი, სპენსი, პალინია, სარი, გალაჰერი, სიმონსი, სოლანკე, კოლო მუანი;
გუნდებს შორის ჩატარებული მატჩების ისტორია 198 ითვლის, საიდანაც ტოტენჰემმა 61 მოიგო, ხოლო არსენალმა 85. რაც შეეხება ფრედ დასრულებულ შეხვედრებს, გუნდები 52-ჯერ დაზავდნენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ორივე გუნდს არც ისე კარგი პერიოდი უდგას, რასაც დერბის დატვირთვაც ემატება, რთულია წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება. ალბათ, შანსები 50/50-ზეა, რადგან ორივე გუნდისთვის ამ შეხვედრას უდიდესი დატვირთვა აქვს.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















