La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
მე-6 ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2025 წლის 29 ნოემბერს 17:00 საათზე.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს პროგნოზების ლიგის მხარდაჭერია ნატახტარი.
რა უნდა გავითვალისწინოთ მე-6 ტურის წინ?
ჩელსი - არსენალი
პრემიერ ლიგის მე-13 ტურში დიდებული ლონდონური დერბი გველოდება. სტემფორდ ბრიჯზე ორი ისეთი კლუბი დაუპირისპირდება, რომლებიც საოცარ ფორმაში არიან. ენცო მარესკას ჩელსი საკუთარ კედლებში მიკელ არტეტას არსენალს დაუპირისპირდება, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს.
ამ მატჩს მხოლოდ დერბის დატვირთვა არ აქვს, არამედ, სატურნირო მდგომარეობაზეც ბევრია სასაუბრო - "მეთოფეები“ ჩემპიონატს 29 ქულით ლიდერობენ, თუმცა არც "ლურჯები“ არიან შორს. ენცო მარესკას გუნდს 23 ქულა აქვს და ლიდერ არსენალს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.
ლონდონურმა გუნდმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვეს და კვირას გასამართი დერბის წინ, სოლიდური განაცხადიც გააკეთეს. ჩელსიმ საკმაოდ ძლიერი ბარსელონა საკუთარ კედლებში უშანსოდ გაანადგურა. ენცო მარესკას გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო რაც შეეხება არსენალს, მიკელ არტეტას გუნდმა მიუნხენის ბაიერნი შეაჩერა, თანაც როგორ, 3-1 ემირეითს სთედიუმზე.
ჩელსი ლონდონურ დერბის 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, ხოლო არსენალის წაუგებელი სერია არც მეტი, არც ნაკლები 16 მატჩს ითვლის.
ენცო მარესკას ტრავმის გამო ამ შეხვედრაში ლივაი კოლვილი და რომეო ლავია არ ეყოლება, ხოლო რაც შეეხება კოულ პალმერს, დიდი შანსია ინგლისელი სამატჩო განაცხადში მოხვდეს. მეორეს მხრივ, პრობლემებია არსენალის ბანაკში, სადაც ტრავმები კაი ჰავერცს, გაბრიელ მაგალიაესსა და ლეანდრო ტროსარს აწუხებთ.
ჩელსისა და არსენალს საკმაოდ დიდი ისტორია აქვთ. ლონდონური კლუბები ერთმანეთს 208-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც უფრო მეტი, კერძოდ 84 არსენალმა მოიგო. ჩელსიმ პრინციპული მეტოქის დამარცხება 64-ჯერ მოახერხა, ხოლო ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 60 ითვლის.
ჩელსის სავარაუდო შემადგენლობა: სანჩესი, გუსტო, ჩალობა, ფოფანა, კუკურეია, კაისედო, ჯეიმსი, ნეტუ, ფერნანდესი, გარნაჩო, ჟოაო პედრო;
არსენალის სავარაუდო შემადგენლობა: რაია, ტიმბერი, სალიბა, ინკაპიე, კალაფიორი, ზუბიმენდი, რაისი, საკა, ოდეგორი, ეზე, მერინო;
არსენალის კარგი დაცვის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ მაყურებელი ბევრ გატანილ გოლს იხილავს და არც ეს შეხვედრა გამოდგება მოსაწყენი. როდესაც საქმე ასეთ პრინციპულ მატჩსა და დერბის ეხება, ძნელია ფავორიტის დასახელება, რადგან ამ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ალბათ თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დიდი ხანია ჩელსი-არსენალის დაპირისპირებას ამხელა აფიშა არ ჰქონია და ამ მატჩში ბევრი რაღაცის გარკვევა შეიძლება. არის თუ არა მიკელ არტეტას გუნდი ჩემპიონობისთვის მზად? რა არის ენცო მარესკას ჩელსის მაქსიმუმი მიმდინარე სეზონში და ა.შ. ლონდონური დერბისთვის ყველაფერი მზადაა!
ჩელსი-არსენალის მატჩთან დაკავშირებით LaGazzetta.ge ქვიზს გთავაზობთ, სადაც საინტერესო კითხვებს შეხვდებით.
რომა - ნაპოლი
სერია A-ს მე-13 ტურში რამდენიმე გამორჩეული მატჩი გველოდება, ერთ-ერთი კი უდავოდ სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართება, სადაც მაყურებელს რომა-ნაპოლის დაპირისპირება ელოდება.
გუნდები ამ შეხვედრას განსხვავებულ ფორმაში ხვდებიან. ჯან პიერო გასპერინის გუნდს საკმაოდ კარგი პერიოდი უდგას და ჩემპიონატს 27 ქულითაც ლიდერობს, ხოლო რაც შეეხება ნაპოლის, ანტონიო კონტეს გუნდში არც ისე კარგი სიტუაციაა. იმის მიუხედავად, რომ "პარტენოპეიმ“ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა, გუნდის საქმეები კარგად მაინც არ მიდის. ნაპოლიმ ბოლო 10 თამაშიდან ყველა ტურნირზე მხოლოდ 5 მოგება მოახერხა, რაც საკმაოდ ცუდი შედეგია.
რომა ამ პრინციპულ დაპირისპირებას ოპტიმალური შემადგენლობით ხდვება - ტრავმები მხოლოდ არტემ დოვბიკსა და მარიო ერმოსოს აწუხებთ, რასაც ვერ ვიტყოდით ნაპოლიზე, სადაც ტრავმების ეპიდემიაა. ანტონიო კონტეს განკარგულებაში ლეონარდო სპინცოლა, ალექს მერეტი, რომელუ ლუკაკუ, კევინ დე ბრუინი და ზამბო ანგისა არ იქნებიან.
რომასა და ნაპოლის საკმაოდ დიდი ისტორია აკავშირებთ. გუნდები ერთმანეთს ჯამში 178-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 66 "ჯალოროსიმ“ მოიგო, ხოლო 54 ნაპოლიმ. რაც შეეხება ფრედ დასრულებულ მატჩებს, გუნდები 58-ჯერ დაზავდნენ.
რომას სავარაუდო შემადგენლობა: სვილარი, მანჩინი, ნ’დიკა, ჟიოლკოვსკი, ჩელიკი, კრისტანტე, კონე, უესლი, ბალდანცი, პელეგრინი, სოულე;
ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა: მილინკოვიჩ-სავიჩი, ბეუკემა, რაჰმანი, ბონჯორნო, დი ლორენცო, ლობოტკა, მაკტომინეი, ოლივეირა, ნერესი, ჰოილუნი, პოლიტანო;
ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში 12 გატანილი გოლი ვიხილეთ, რაც იმის ფიქრის საფუძველს იძლევა, რომ არც კვირას გასამართი დაპირისპირება გამოდგება მოსაწყენი და მაყურებელი დიდი ალბათობით ორივე გუნდის მიერ გატანილ გოლს იხილავს. ეს მატჩი სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრითითაც ძალიან საინტერესოა. რომას 27 ქულა აქვს, ხოლო ნაპოლის 25 - იქვეა მილანი 25 ქულით, ინტერსა და ბოლონიას კი 24-24 ქულა აქვთ, შესაბამისად, რომა-ნაპოლის მატჩის საბოლოო შედეგი ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















