La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
მე-7 ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2025 წლის 6 დეკემბერს, 15:00 საათზე.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს პროგნოზების ლიგის მხარდაჭერია ნატახტარი.
რა უნდა გავითვალისწინოთ მე-7 ტურის წინ?
ასტონ ვილა - არსენალი
პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ბირმინგემში გაიმართება, სადაც მაყურებელს საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ელოდება. უნაი ემერის ასტონ ვილა გათამაშების ლიდერს არსენალს დაუპირისპირდება. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს ორი გუნდი ახლა ყველაზე კარგ ფორმაშია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ეს დაპირისპირება საინტერესოდ წარიმართება.
იმის მიუხედავად, რომ ასტონ ვილამ ახალი სეზონი მძიმედ დაიწყო, უნაი ემერიმ მოახერხა და გუნდი კვლავ ძველ რელსებზე დააბრუნა. ბირმინგემელებს 6-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ და ცხრილში მე-3 პოზიციასაც იკავებენ.
რაც შეეხება არსენალს, მიკელ არტეტას გუნდი უბრალოდ შეუჩერებელია. "მეთოფეები" სრული სვლით წინ მიიწევენ და ოცნებას, რომელსაც ამდენი წლის შემდეგ პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება ჰქვია, უახლოვდებიან.
გუნდებმა შუა კვირაში ითამაშეს - არსენალმა ბრენტფორდთან დაგეგმილი და შეიძლება ითქვას მარტივი გამარჯვება მოიპოვა. მიკელ არტეტას გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და დიდი დანაკლისის მიუხედავად, კარი მშრალად შეინახა. რაც შეეხება ასტონ ვილას, უნაი ემერის გუნდს საოცარი მატჩი ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ ბრაიტონი 29-ე წუთზე უკვე 2-0 იგებდა, ასტონ ვილამ მოახერხა და დააქამბექა. მატჩი საბოლოო ჯამში 3-4 დასრულდა.
ასტონ ვილასა და არსენალს დიდი ისტორია აკავშირებთ. გუნდები ერთმანეთს ჯამში 201-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც უფრო მეტი არსენალმა, კერძოდ 86-ჯერ მოიგო. რაც შეეხება ბირმინგემელების შედეგს, მათ მეტოქის დამარცხება 70-ჯერ მოახერხეს. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 45 ითვლის.
არსენალი ამ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. ვილიამ სალიბა, გაბრიელ მაგალიაესი, კრისტიან მოსკერა, კაი ჰავერცი, ლეანდრო ტროსარი - ეს ფეხბურთელები ასტონ ვილასთან დაპირისპირებას გამოტოვებენ. რაც შეეხება უნაი ემერის გუნდს, ტრავმა მხოლოდ ორ ფეხბურთელს აწუხებს - ტაირონ მინგსი და ანდრეს გარსია არსენალთან შეხვედრას ოფიციალურად გამოტოვებენ.
ასტონ ვილას სავარაუდო შემადგენლობა: მარტინესი, ქეში, კონსა, ტორესი, დინი, ონანა, კამარა, მაკგინი, როჯერსი, ბუენდია, უოტკინსი;
არსენალის სავარაუდო შემადგენლობა: რაია, უაითი, ტიმბერი, ინკაპიე, კალაფიორი, რაისი, ზუბიმენდი, საკა, ოდეგორი, ეზე, მერინო;
ამ შეხვედრაში მაყურებელი აუცილებლად ბევრ გატანილ გოლს ელოდება. იმის მიუხედავად, რომ ასტონ ვილა კარგ ფორმაშია, უნაი ემერის გუნდი მაინც ბევრს უშვებს, ხოლო არსენალი კი კარგად მოგვეხსენება თუ როგორი გამტანი გუნდია.
ასტონ ვილა-არსენალის ბოლო 5 შეხვედრაში ჯამში 15 გოლი გავიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩები მოსაწყენი არასდროსაა.
ნაპოლი - იუვენტუსი
სერია A-ს მე-14 ტურის უდავოდ ცენტრალური და გამორჩეული დაპირისპირება, რომელსაც სტადიო დიეგო არმანდო მარადონა უმასპინძლებს. პრინციპული მეტოქეები და საჩემპიონო მიზნები, მაყურებელი "პარტენოპეისა“ და "ბიანკონერის“ ტოპ მატჩის მოლოდინშია.
გუნდები ამ შეხვედრას საკმაოდ ფორმაში ხვდებიან. ნაპოლის 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, ხოლო იუვენტუსი უკვე 8 მატჩია, რაც არ აგებს.
ანტონიო კონტემ მოახერა და გუნდი ძველ რელსებს დაუბრუნა, რაც შეეხება იუვენტუსს, იმის მიუხედავად, რომ ლუჩანო სპალეტიმ შედარებით მძიმედ დაიწყო ტურუნილი თავგადასავალი, "ბებერი ქალბატონი“ ახლა კარგ ფორმაშია.
ორივე გუნდმა შუა კვირაში თასის მატჩები ჩაატარა, სადაც ნაპოლიმ კალიარი, ხოლო იუვენტუსმა უდინეზე დაამარცხა.
გუნდებს საკმაოდ დიდი ისტორია აკავშირებთ. ნაპოლი და იუვენტუსი ჯამში 184-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საიდანაც 85 იუვენტუსმა მოიგო, ხოლო ნაპოლიმ მხოლოდ 48-ჯერ მოახერხა მეტოქის დამარცხება. რაც შეეხება ფრედ დასრულებულ მატჩებს, გუნდები 51-ჯერ დაზავდნენ.
იუვენტუსი ამ მატჩს ძალიან დიდი დანაკლისით ხვდება. ბრემერი, რუგანი, გატი, ვლაჰოვიჩი, მილიკი - ეს ფეხბურთელები ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში არ იქნებიან.
პრობლემებია ნაპოლის ბანაკშიც.ა ნგისა, დე ბრუინი, გილმორი, ლობოტკა, მერეტი და ლუკაკუ იუვენტუსთან მატჩს ოფიციალურად გამოტოვებენ.
ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა: მილინკოვიჩ-სავიჩი, ბეუკემა, რაჰმანი, ბონჯორნო, დი ლორენცო, ელმასი, მაკტომინეი, ოლივეირა, ნერესი, ჰოილუნი, ლანგი;
იუვენტუსის სავარაუდო შემადგენლობა: დი გრეგორიო, კალულუ, კელი, კუპმაინერსი, მაკკენი, ლოკატელი, ტურამი, კოსტიჩი, კონსეისაუ, ილდიზი, დეივიდი;
ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში 8 გატანილი გოლი ვიხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაპოლი-იუვენტუსის მატჩები ყოველთვის უხვგოლიანი არ არის. ეს მატჩი სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებითაც ძალიან საინტერესოა. ნაპოლის 28 ქულა აქვს, ხოლო იუვენტუსს 23. ნაპოლი-იუვენტუსის მატჩის საბოლოო შედეგი ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















