La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
მე-8 ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2025 წლის 13 დეკემბერს, 15:00 საათზე.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს პროგნოზების ლიგის მხარდაჭერია ნატახტარი.
რა უნდა გავითვალისწინოთ მე-8 ტურის წინ?
ლივერპული VS. ბრაიტონი
პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ენფილდზე გაიმართება, სადაც მაყურებელს ლივერპული-ბრაიტონის მატჩი ელოდება. კრიზისში მყოფი არნე სლოტის გუნდი ფაბიან ჰიურცელელერის საკმაოდ საინტერესო კოლექტივს დაუპირისპირდება, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს.
ლივერპულის გარშემო საუბრები არ წყდება და თუ აქამდე მხოლოდ გუნდის ცუდ სათამაშო ფორმაზე იწერებოდა ბევრი, ახლა ყველას სასაუბრო თემა მოჰამედ სალაჰსა და არნე სლოტს შორის დაწყებული კონფლიქტია. როგორც მოგეხსენებათ, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ლიდს იუნაიტედთან ჩატარებული მატჩის შემდეგ მედიასთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც კლუბშია და რაც მასსა და მთავარ მწვრთნელს შორის არსებობს. ამ ყველაფერს კი ლივერპულის საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება მოჰყვა და მო სალაჰი ინტერთან სამატჩო განაცხადში არ შეიყვანეს. იქნება თუ არა 33 წლის ფეხბურთელი ბრაიტონთან შეხვედრაში, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არაა.
ახლა კი უშუალოდ შაბათს გასამართ დაპირისპირებას დავუბრუნდეთ. ბოლო წლებში ამ გუნდებს შორის გამართული მატჩების უმეტესობა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, შესაბამისად, შაბათს გასამართი დაპირისპირებაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მაყურებელი 90 წუთის განამვლობაში არ მოიწყენს და მოედანზე ბევრ საინტერესო რაღაცას იხილავს.
ლივერპული ამ მატჩს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. მო სალაჰზე უკვე ვისაუბრეთ, ხოლო რაც შეეხება დანაკლისს, არნე სლოტის განკარგულებაში ჯოვანი ლეონი და კოდი გაკპო არ იქნებიან. რაც შეეხება "თოლიებს", სამატჩო განაცხადში წესით და რიგით სოლი მარჩი, ჯეიმს მილნერი და ადამ ვებსტერი ვერ მოხვდებიან.
ლივერპულის სავარაუდო შემადგენლობა: ალისონი, გომესი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი, მაკ ალისტერი, გრავენბერხი, ჯოუნსი, სობოსლაი, ვირცი, ისაკი;
ბრაიტონის სავარაუდო შემადგენლობა: ვერბრუგენი, ვიფერი, ვან ჰეკე, დანკი, ქადიოღლუ, ბალება, გომესი, მინტე, რუტერი, დე კუიპერი, უელბეკი;
ლივერპული და ბრაიტონი ისტორიაში სულ 41-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 22 მერსისაიდელებმა მოიგეს, ხოლო "თოლიებმა“ 8-ჯერ მოახერხეს საკმაოდ ძლიერი მეტოქის დამარცხება. რაც შეეხება ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობას, გუნდები 11-ჯერ დაზავდნენ.
ჩვენი პროგნოზია, რომ შაბათს მაყურებელი ბევრ გატანილ გოლს იხილავს და ენფილდზე მოსაწყენი მატჩი არ გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ორივე გუნდი შეძლებს გოლის გატანას, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მატჩის ბოლო წუთებამდე დაძაბულობა შენარჩუნებული იქნება.
მეცი VS. პსჟ
ლიგა 1-ის მე-16 ტურში რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება გველოდება, საიდანაც ერთ-ერთს აუცილებლად გამოვარჩევთ და ამისთვის ბევრი მიზეზი გვაქვს. საფრანგეთში ქართველების დაპირისპირება მოგვენატრა და შაბათს, მეცი-პარი სენ-ჟერმენის შეხვედრაში ერთბაშად 3 ჩვენებურის თამაშს ვიხილავთ. გიორგი აბუაშვილისა და გიორგი წიტაიშვილის მეცი, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს უმასპინძლებს.
ამ მატჩს მხოლოდ ქართველი ფეხბურთელების გამო არ აქვს დიდი დატვირთვა, არამედ სატურნირო ცხრილშიც რა როგორ გადათაშდება ამ შეხვედრის შემდეგ, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
მეცი პარი სენ-ჟერმენთან მატჩს 3-მატჩიანი წაგებათა სერიით ხვდება, თუმცა არც ლუის ენრიკეს გუნდი გამოიყურება კარგ ფორმაში. პსჟ-მ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკ ბილბაოსთან ითამაშა და იმის მიუხედავად, რომ პარიზელები ფავორიტები იყვნენ, გამარჯვება მაინც ვერ მოახერხეს.
მეცსა და პსჟ-ს დიდი ისტორია აკავშირებთ, რომელიც ჯამში 83 ჩატარებულ მატჩს ითვლის. პარიზელებმა 50 მოიგეს, ხოლო მეცმა მეტოქის დამარცხება 18-ჯერ მოახერხა. გუნდები 15-ჯერ დაზავდნენ.
მეცი და პსჟ ამ მატჩს თითქმის ოპტიმალურ შემადგენლობაში ხვდებიან. პარიზელებს ჰაკიმი და შევალიე არ აყოლებათ, ხოლო მეცს მანგონდო და მბოულა დააკლდება.
მეცის სავარაუდო შემადგენლობა: ლეონი, სი, დიომანდე, აკპა, ოპეგარდი, მატონდო, ელ აზუზი, დანუა, წიტაიშვილი, მარა, სანაიოკო;
პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი, ზაირე-ემერი, ზაბარნი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, რუისი, ბარკოლა, რამუში, კვარაცხელია;
გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში მაყურებელმა 18 გატანილი გოლი იხილა, რაც იმას ნიშნავს, რომ შაბათსაც დიდი ალბათობით მხიარულ დაპირისპირებას ვიხილავთ.
მარსელი VS. მონაკო
ლიგა 1-ის მე-16 ტურს მარსელი-მონაკოს ცენტრალური მატჩი დახურავს. შეხვედრა, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს. რობერტო დე ძერბის გუნდი საჩემპიონო რბოლაშია ჩართული, მონაკო კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. გუნდები ამ მატჩს არც ისე კარგ ფორმაში ხვდებიან, შესაბამისად, ფავორიტის დასახელება მარტივი არ იქნება.
ორივე გუნდმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და მათთვის საბედნიეროდ, ორივემ მოახერხა გამარჯვება. მონაკომ გალათასარაის სძლია, ხოლო მარსელმა მძიმე ბრძოლაში როიან უნიონი დაამარცხა.
მარსელი და მონაკო კვირას გასამართ პრინციპულ დაპირისპირებას თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, რაც ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ძალიან კარგია.
მარსელი-მონაკოს ისტორია ჯამში 123 ჩატარებულ მატჩს ითვლის, საიდანაც 51 "ლურჯებმა“ მოიგეს, ხოლო 45 "წითლებმა“. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 27 ითვლის.
მარსელის სავარაუდო შემადგენლობა: რული, ვეა, მურილიო, პავარი, ემერსონი, ო’რაილი, ჰოიბერგი, ვერმეერენი, გრინვუდი, ობამეიანგი, პაიშაო;
მონაკოს სავარაუდო შემადგენლობა: ჰრადეცკი, ვანდერსონი, კერერი, სალისუ, კაიო ენრიკე, ზაქარია, კამარა, აკლიუშე, გოლოვინი, მინამინო, ბალოგუნი;
გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში 17 გოლი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარსელი-მონაკოს მატჩი მოსაწყენი თითქმის არასდროსაა. იმის გათვალისწინებით, რომ მარსელი მეტოქეს საკუთარ კედლებში მასნპინძლობს, ალბათ პატარაზე ფავორიტიც არის, თუმცა მონაკოს მიზანი ამ მატჩში მხოლოდ 3 ქულის მოპოვებაა, შესაბამისად, წინ საოცრად დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება გველოდება.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















