La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა დაბრუნდა. მცირე პაუზის შემდეგ, მონაწილეებს ისევ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
მეორე ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2025 წლის 1 ნოემბერს 16:00 საათზე. La Gazzetta dello Sport Georgia-ს პროგნოზების ლიგის მხარდაჭერია ნატახტარი.
რა უნდა გავითვალისწინოთ მეორე ტურის წინ?
ბაიერნი - ლევერკუზენი
"რეკორდმაისტერის" საოცარი სვლა გრძელდება. ვენსან კომპანის გუნდმა ახალ სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, საიდანაც არც მეტი, არც ნაკლები თოთხმეტივე მოიგო! მიუნხენურმა გრანდმა ამ დროში 51 გოლის გატანა შეძლო, საკუთარ კარში კი მხოლოდ 9 გოლი მიიღო.
ამ საოცარი სტარტის შემდეგ ვენსან კომპანი ახალი კონტრაქტით დააჯილდოეს და არსებული ხელშეკრულება 2029 წლამდე გაუხანგრძლივეს. იმის მიუხედავად, რომ ბელგიელის გერმანულ გრანდში დანიშვნას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ფაქტია ახლაგაზრდა მწვრთნელმა ბაიერნი ძველ რელსებზე დააბრუნა.
რაც შეეხება ლევერკუზენს, მას შემდეგ, რაც გუნდი ჩაბი ალონსომ დატოვა, "ფარმაცევტების" საქმე არც ისე კარგად წავიდა. გაგახსენებთ და გეტყვით, რომ ესპანელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგმა შეცვალა, რომელიც ლევერკუზენმა გუნდიდან 3 ჩატარებული მატჩის შემდეგ გაუშვა. ნიდერლანდელი სპეციალისტი შემდეგ კასპერ ჰიუმლანდმა შეცვალა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მუშაობა საკმაოდ კარგად დაიწყო.
ლევერკუზენი ბაიერნთან დაპირისპირებას უშუალოდ ბუნდესლიგაში 7-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია.
ბაიერნს და ლევერკუზენს ერთმანეთის წინააღმდეგ 104 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც "რეკორდმაისტერმა“ 62 მოიგო, ხოლო "ფარმაცევტებმა“ 22-ჯერ იმარჯვეს. რაც შეეხება ფრედ დასრულებულ შეხვედრებს, გუნდები ისტორიაში 20-ჯერ დაზავდნენ.
გუნდებმა შუა კვირაში თასის მატჩები გამართეს. ბაიერნმა კიოლნს საკმაოდ მარტივად, 1-4 მოუგო, ხოლო ლევერკუზენს პადერბორნთან 120 წუთიანი მატჩის ჩატარება მოუწია. ჰიუმლანდის გუნდმა საბოლოო ჯამში 2-4 მოიგო და 1/8 ფინალში გასვლა მოახერხა.
ბაიერნის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: ნოიერი, ლაიმერი, ტა, უპამეკანო, გერეირო, კიმიხი, გორეცკა, ოლისე, გნაბრი, დიასი, კეინი.
ლევერკუზენის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: ფლეკენი, ქუანსა, ბადე, ტაპსობა, არტური, გარსია, ანდრიხი, გრიმალდო, ჰოფმანი, შიკი, პოკუ.
იმის მიუხედავად, რომ ბოლო ბაიერნი-ლევერკუზენის ბოლო 5 მატჩიდან მეტობა მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, ამ შეხვედრაში მოსალოდნელია, რომ მაყურებელი ბევრ გატანილ გოლს იხილავს. პირველ რიგში ამ მოსაზრებას ბაიერნის კარგი ფორმა ამყარებს, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვენსან კომპანის გუნდი საოცარ ფორმაშია, ხოლო რაც შეეხება ლევერკუზენს, არც ისინი აპირებენ პრინციპულ მეტოქეს რამე დაუთმონ.
ტოტენჰემი - ჩელსი
პრემიერ ლიგის მე-10 ტურში მაყურებელეს ლონდონური დერბი ელოდება, სადაც ერთმანეთს არც ისე კარგ ფორმაში მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან.
იმის მიუხედავად, რომ ტომას ფრანკის გუნდი მე-3 პოზიციაზეა, ხოლო ენცო მარესკას გუნდი მე-9, სატურნირო ცხრილში სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა და ერთი გამარჯვების შემთხვევაში „ლურჯები“ „მამლებს“ გაუთანაბრდებიან.
ორივე გუნდი ამ მატჩს საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. ტოტენჰემს კულუსევსკი, სოლანკე, რომერო, უდოჯი და მედისონი არ ეყოლება, ხოლო ჩელსის პალმერი, კოლვილი, დელაპი და ბადიაშილე დააკლდება.
ზემოხსენებული ლონდონური დერბი 179 დაპირისპირებას ითვლის, საიდანაც 81 ჩელსიმ მოიგო, ხოლო ტოტენჰემმა 56-ჯერ მოახერხა მეტოქის დამარცხება. ტოტენჰემი-ჩელსის დაპირისპირება ფრედ სულ 42-ჯერ დასრულდა.
გუნდებმა შუა კვირაში თასის მატჩები ჩაატარეს. ტოტენჰემი შედარებით ძლიერ მეტოქეს, ნიუკასლს დაუპირისპირდა, ხოლო ჩელსი ვულვზს შეხვდა. შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ ენცო მარესკას გუნდმა მოახერხა.
ნიუკასლმა ტოტენჰემს უშანსოდ, 2-0 მოუგო, ხოლო რაც შეეხება ჩელსის, ვულვზმა „ლურჯებს“ ძალიან დიდი ბრძოლა გაუმართა. მატჩი საბოლოო ჯამში 3-4 დასრულდა.
ორივე გუნდისთვის საბედნიეროდ, ტრავმა არც ერთ ფეხბურთელს არ მიუღია, რაც პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში გასამართ დაპირისპირებას კიდევ უფრო საინტერესოს და დაძაბულ ხდის.
ტოტენჰემის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: ვიკარიო, პორო, დანსო, ვან დე ვენი, სპენსი, ბენტანკური, პალინია, კუდუსი, სიმონსი, ჯონსონი, რიშარლისონი.
ჩელსის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: სანჩესი, ჯეიმსი, ადარაბიოიო, ჩალობა, კუკურეია, კაისედო, გუსტო, ნეტუ, ფერნანდესი, გიტენსი, ჟოაო პედრო.
ბოლო 5 ჩატარებული მატჩიდან, 4-ჯერ ჩელსიმ მოიგო, ხოლო ტოტენჰემმა მხოლოდ ერთხელ შეძლო მეტოქის დამარცხება. „მამლებმა“ „ლურჯები“ ბოლოს 2023 წელს დაამარცხეს, მას შემდეგ ჩელსი მეტოქეს ყველა კომპონენტში ჯაბნის. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე გუნდს ახალ სეზონში 17-17 გოლი აქვს გატანილი, მოსალოდნელია, რომ ამ მატჩში საკმაოდ ბევრი გოლი გავა. თანაც, ჩელსის დაცვაში დიდი პრობლემები აქვს, რაც ენცო მარესკას საქმეს კიდევ უფრო ურთულებს.
მილანი - რომა
სერია A-ს ახალი სეზონი საკმაოდ ხმაურიანად და საინტერესოდ დაიწყო. საჩემპიონო რბოლაში 4-5 გუნდია ჩართული და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ "კალჩოს" ყურება კვლავ საინტერესო გახდა.
მე-10 ტურის ცენტრალური მატჩი სან სიროზე გაიმართება, სადაც მასიმილიანო ალეგრის მილანი ჯან პიერო გასპერინის რომას დაუპირისპირდება.
იმის მიუხედავად, რომ "როსონერიმ“ ბოლო ორი მატჩი ვერ მოიგო, სან სიროს ბინადრები მაინც კარგ ფორმაში არიან. მაქს ალეგრის გუნდი უკვე 9 მატჩია არ აგებს, რაც საკმაოდ სოლიდური სტატისტიკაა. რაც შეეხება რომას, "ჯალოროსი“ ქალაქ მილანში კარგ ხასიათზე ჩადის - დედაქალაქურმა კლუბმა ბოლო ორ მატჩში დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვა.
გასპერინიმ რომას ფეხბურთი თავიდან ბოლომდე შეცვალა, რაც პირველ რიგში დაცვაზე აისახა. "ჯალოროსის“ 9 ტურის შემდეგ ყველაზე ცოტა, 4 გოლი აქვს გაშვებული, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. კარგად მუშაობს მაქს ალეგრის დაცვაც, რომელსაც 7 გოლი აქვს გაშვებული, რაც წინა წლებთან შედარებით აშკარა პროგრესია.
მილანი ამ პრინციპულ მატჩს საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. რომასთან შეხვედრა დიდი შანსია ფიკაიო ტომორიმ, ადრიენ რაბიომ, სანტიაგო ხიმენესმა და კრისტიან პულისიკმა გამოტოვონ. მაქს ალეგრი იმედოვნებს, რომ რომასთან მატჩამდე ამ სიიდან რომელი მათგანი დაბრუნდება და როგორც მინიმუმ განაცხადში მოხვდება. მილანისგან განსხვავებით, რომაში ტრავმები არავის აწუხებს. გასპერინის გუნდი ამ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.
მილანის სავარაუდო შემადგენლობა: მენიო, დე ვინტერი, გაბია, პავლოვიჩი, სალმაკერსი, რიჩი, მოდრიჩი, ფოფანა, ბარტეზაგი, ლოფტუს-ჩიკი, ლეაო/ნკუნკუ.
რომას სავარაუდო შემადგენლობა: სვილარი, ერმოსო, მანჩინი, ნდიკა, ჩელიკი, კრისტანტე, კონე, უესლი, სოულე, დიბალა, დოვბიკი.
მილანსა და რომას საკმაოდ დიდი ისტორია აკავშირებთ. გუნდები ერთმანეთს 202-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც უფრო მეტი „როსონერიმ“, კერძოდ 85 შეხვედრა მოიგო. "ჯალოროსიმ“ ჯამში 54-ჯერ იმარჯვა, ხოლო ამ გუნდებს შორის დაპირისპირება ფრედ 63-ჯერ დასრულდა.
იმის მიუხედავად, რომ ეს გუნდები ახალ სეზონში საკმაოდ ცოტა გოლს უშვებენ, ისტორიამ კარგად დაგვანახა, რომ როდესაც მილანი და რომა ერთმანეთს ეთამაშებიან, ბევრ გატანილ გოლს უნდა ველოდოთ. ჩვენი ვარაუდია, რომ სან სიროზე მაყურებელი რამდენიმე გატანილ გოლს იხილავს და ტიპიური იტალიური, ჩაკეტილი მატჩი არ გამოცხვება.
მილანი-რომას მატჩთან დაკავშირებით LaGazzetta.ge ქვიზს გთავაზობთ, სადაც საინტერესო კითხვებს შეხვდებით.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















