
მიუხედავად იმისა, რომ ბერგამოს ატალანტას ისტორიის უმეტესი ნაწილი იტალიის უმაღლეს ლიგაში აქვს გატარებული, ვერ ვიტყოდით, რომ ის ისტორიულ კლუბად მიიჩნევა. შარშანდელ სეზონამდე გუნდის სათასო კაბინეტში მხოლოდ 1 ტიტულს მოიძიებდით - 1962/63 წლების გათამაშების იტალიის თასს, ამის გარდა, ევროპისა თუ იტალიის მასშტაბით გუნდს ჩემპიონობა არასდროს მოუპოვებია. ტიტულზე საუბარიც რთული იყო მაშინ, როდესაც გუნდისთვის ევროსაგზურებიც კი სანატრელი გახლდათ. გახლდათ იქამდე, სანამ გუნდის მთავარ მწვრთნელად 2016 წლის ივლისში ჯან პიერო გასპერინი დაინიშნებოდა. არავინ და მათ შორის, ალბათ არც ბერგამოული კლუბის ხელმძღვანელობა ელოდა იმ შედეგს, რაც იტალიელმა სპეციალისტმა გასულ 8 წელში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ გასპერინიმ არამხოლოდ შედეგები, არამედ პირველ რიგში კლუბში ფეხბურთისადმი მიდგომა შეცვალა, აღზარდა უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი და გუნდი ახალ სიმაღლეზე, აწ უკვე თანამედროვე იტალიური გრანდის კვარცხლბეკზეც აიყვანა.
დავიწყოთ პირველი სეზონით. 2016/17 წლების გათამაშებაში ატალანტას საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა და იმედისმომცემი მოთამაშე დაუგროვდა, თუმცა რეალური შედეგების დასაფიქსირებლად, მათ კარგი მენტორი და სათამაშო სტილის სწორად შერჩევა სჭირდებოდათ. როგორც აღმოჩნდა, მწვრთნელმაც და მოთამაშეებმაც თავი სწორ დროს და სწორ ადგილას მოიყარეს, გამოსარჩევი იყო დაცვაში მატია კალდარასა და ანდრეა კონტის დუეტი, 23 წლის იტალიელმა მცველებმა ჯამში 15 გოლი გაიტანეს, რაც მცველებისთვის, წარმოუდგენელი მაჩვენებელია. გამოსარჩევი იყო ფრანკ კესის პროგრესიც. გუნდის ლიდერად სრულად ჩამოყალიბდა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა პაპუ გომესი, რომელმაც 39 შეხვედრაში 16 გოლს 12 საგოლე გადაცემაც დაუმატა. რაც შეეხება გუნდის შედეგს, ბერგამოელებმა იტალიის სერია A-ში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირეს და გამოსვლა მე-4 ადგილზე დაასრულეს.ამ შედეგით გუნდმა შემდეგი სეზონისთვის ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურიც გაინაღდა. ლომბარდიის მკვიდრნი ასეთი შედეგებით განებივრებულნი ნამდვილად არ ყოფილან.

მომდევნო სეზონის წინ გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა, ფაქტი იყო, რომ ფეხბურთელებსა და მათ აგენტებს ატალანტას პროექტი მხოლოდ ერთსეზონიანი ეგონათ და ფიქრობდნენ, რომ გუნდი უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ვეღარ განაგრძობდა. ანდრეა კონტიმ და ფრანკ კესიმ ბინა ისევ ლომბარდიაში, თუმცა ბერგამოსგან ოდნავ დასავლეთით, მილანში დაიდეს, მათმა მაისურებმა შავი ხაზები შეინარჩუნა, თუმცა ლურჯი ხაზები წითელმა ჩაანაცვლა. ფრანკ კესის შემცვლელად გუნდში წლის დასაწყისში ბენფიკადან დამატებული ბრაიან კრისტანტე განისაზღვრა, ხოლო კონტის შემცვლელად კი ნიდერლანდელი ჰანს ჰატებური. გუნდში დაბრუნდა მარტენ დე როონიც, მასთან ერთად მოვიდნენ ხოსე ლუის პალომინო და იოსიპ ილიჩიჩიც. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი პაპუ გომესთან ერთად, წლების განმავლობაში გასპერინის ატალანტას უცვლელ წევრად და უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა, არადა 29 წლის სლოვენიელისგან, ასეთ მომატებას, ალბათ, აღარავინ ელოდებოდა. ამ სეზონში გამოსარჩევი იყო გასპერინის ნახევარდაცვის ტრიოც - ბრაიან კრისტანტე, რემო ფროილერი და მარტენ დე როონი. გასპერინიმ სამივე ამ მოთამაშეს, ფაქტობრივად, ახალი სული შთაბერა, რადგან კარიერის წინა წლებში სამივე მათგანს ჰქონდა ჩავარდნები და მათ კარიერის რეაბილიტაცია ნამდვილად სჭირდებოდათ. კრისტანტემ კესის წასვლა გუნდს არც კი დაატყო, მეტიც, იტალიელი შეტევაშიც ძალიან პროდუქტიული იყო. წარმოიდგინეთ საყრდენი ნახევარცმველი, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულების გარდა გუნდს 12 გოლითა და 4 საგოლე გადაცემითაც ეხმარება. მიუხედავად ამისა, გუნდმა წინა სეზონის წარმატება სრულად ვერ გაიმეორა და ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა, რაც იმ ეტაპზე ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო საგზურს უდრიდა. რაც შეეხება ევროპა ლიგის გათამაშებას, გუნდმა ჯგუფური ეტაპი დაძლია, თუმცა შემდგომ 1/16 ფინალში მძიმე ბრძოლაში დორტმუნდის ბორუსიასთან დამარცხდა (2-3, 1-1).
ამის შემდეგ კი მოდის 2018/19 წლების სეზონი. სეზონი, რომელიც ბერგამოს მკვიდრთათვის იტალიის სერია A-ს ეგიდით საუკეთესოდ იქცა. ამ სეზონში გუნდმა შეძლო და ჩემპიონატში მე-3 ადგილს უწია. რაც იმას ნიშნავდა, რომ გუნდი მომდევნო სეზონში არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშებდა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდმა სეზონის წინ დაცვის ერთ-ერთი ლიდერი მატია კალდარა დაკარგა, თუმცა მიიღო მნიშვნელოვანი გაძლიერებაც მარიო პაშალიჩისა და განსაკუთრებით დუვან ზაპატას სახით. კოლუმბიელმა ფორვარდმა აღნიშნულ სეზონში 48 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 28 გოლსა და 8 საგოლე გადაცემას მოუყარა. პაპუ გომესის, დუვან ზაპატასა და იოსეპ ილიჩიჩის ტრიო ნებისმიერ გუნდს შიშის ზარს სცემდა. ამ ტრიომ აღნიშნულ სეზონში ჯამში 52 გოლის გატანა შეძლო. აგრეთვე, ძირითადი გუნდის შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ჯანლუკა მანჩინი და სათამაშო დრო გაეზარდა ლუკა კასტანისაც. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში გუნდმა ვერ მოახერხა ევროპულ ტურნირებზე ასპარეზობა, რადგან ევროპა ლიგის ფლეი ოფში, პენალტების სერიაში დანიურ კოპენჰაგენთან დამარცხდა. მიუხედავად ამისა, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაბევებით გულდაწყვეტილი არცერთი გულშემატკივარი არ დატოვა. გასპერინი ახლოს იყო პირველ ტიტულთანაც, თუმცა იტალიის თასის ფინალში მისმა შეგირდებმა სიმონე ინძაგის ლაციოსთან ვერაფერი გააწყვეს.
2019/20 წლების სეზონი გასპერინისთვის შეგირდებისთვის კიდევ უფრო უკეთესი გამოდგა. ატალანტა უბრალოდ გასაოცარ ფეხბურთს თამაშობდა და სერია A-ს ტიტულის მოსაგებად სულ რაღაც 5 ქულა დააკლდათ. ბერგამოელებს სეზონის დაწყების წინ ნიჭიერი შემტევები - რუსლან მალინოვსკი და ლუის მურიელი შეუერთდნენ, რამაც ისედაც შემტევ ატალანტაზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედა და გუნდმა სერია A-ს ეგიდით, 38 ჩატარებულ შეხვედრაში 98! გოლის გატანა შეძლო. შედარებისთვის, ამ შედეგთან ყველაზე ახლოს ინტერი გახლდათ - 81 გატანილი გოლით. გუნდმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა ჩემპიონთა ლიგაზეც, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფურ ეტაპზე პირველ სამ შეხვედრაში ქულის აღებაც ვერ შეძლეს, უკანასკნელ 3 ტურში აღებული 7 ქულით ბერგამოელები ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალში მაინც გავიდნენ, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვალენსია დაუპირისპირდათ. აღსანიშნავია, რომ მათ სახლში 4-1 გამარჯვება არ იკმარეს და „ღამურები“ მესტალიაზეც დაამარცხეს, ანგარიშით 4-3. სახსენებელია, რომ ოთხივე გოლი ილიჩიჩის ანგარიშზეა, ჯამში კი იოსიპმა აღნიშნულ სეზონში 30 გოლი შექმნა.

გუნდის საოცარი სვლა 1/4 ფინალში პსჟ-სთან შეწყდა. გემახსოვრებათ, რომ იმ პერიოდში შექმნილი სიტუაციის გამო ფლეი ოფები ერთმატჩიანი გახდა. პარიზულ გრანდთან გასპერინის შეგირდები მატჩს 90-ე წუთამდე იგებდნენ, შემდეგ კი მოხდა ის, რაც არავის სჯეროდა - ჯერ შეხვედრის ბოლო წუთზე მარკინიოსმა გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე საბოლოო ანგარიში ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა დააფიქსირა და იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა.
მომდევნო სეზონში გასპერინიმ აწ უკვე ჩვეული მე-3 ადგილი კიდევ ერთხელ დაიკავა და გუნდი ზედიზედ მესამედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაზე. აღსანიშნავია, რომ ბერგამოელებს შანსი ჰქონდათ, რომ ტურნირი ვიცე-ჩემპიონების რანგში დაესრულებინათ, თუმცა ბოლო ტურში, საშინაო კედლებში მილანთან 2-0 დამარცხნდნენ და სწორედ ამ უკანასკნელებს ერგოთ მეორე ადგილი. აღსანიშნავია, რომ მილანმა ჩემპიონთა ლიგის საგზური სწორედ ამ გამარჯვებით გაინაღდა და ტურნირს 7-წლიანი განშორების შემდგომ დაუბრუნდა. გასპერინიმ კიდევ ერთხელ შეძლო შეგირდების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გაყვანა, თუმცა იქ მადრიდის რეალს გადაეყარა და ორი მატჩის ჯამში 4-1 დამარცხდა. გუნდმა კიდევ ერთხელ უწია იტალიის თასის ფინალს, თუმცა ამჯერად მათი დამარცხება ტურინის იუვენტუსმა შეძლო - ანგარიშით 2-1.

2021/22 სეზონში ბერგამოულმა კლუბმა იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სუსტი სეზონი შემოგვთავაზა. გასპერინის შეგირდები იტალიის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ მე-8 ადგილს დასჯერდნენ, ხოლო იტალიის თასის გათამაშებას 1/4 ფინალში გამოეთიშნენ. გუნდმა ვერ დაძლია ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბარიერი, თუმცა დაკავებულმა მე-3 ადგილმა მათ შესაძლებლობა მისცა ასპარეზობა ევროპა ლიგაზე განეგრძოთ, ორი ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ, გუნდი კვლავ გერმანულ გუნდთან, ამჯერად ლაიფციგთან დამარცხდა. 2022/23 წლების სეზონი სადებიუტო სეზონის შემდგომ იყო პირველი, რომელშიც ატალანტა ევროპული ტურნირის, სულ მცირე, საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც არ ითამაშებდა. მიუხედავად ამისა, გუნდმა სეზონის წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ხარისხიანი შევსება მიიღო - მერიჰ დემირალის გამოსყიდვით, ედერსონის, ჟერემი ბოგას, რასმუს ჰოილუნისა და ადემოლა ლუკმენის დამატებით. თუმცა გუნდი ასევე ბევრმა როტაციისა თუ ძირითადის ფეხბურთელმაც დატოვა - პერლუიჯი გოლინიმ, იოსიპ ილიჩიჩმა, მატეო პესინამ, რუსლან მალინოვსკიმ და რემო ფროილერმა. აღნიშნული სეზონი გარდამტეხი აღმოჩნდა ახალგაზრდა ნიდერლანდელი ნახევარმცველისთვის - ტეუნ კოოპმაინერსისათვის, ასევე გუნდის შეტევებზე დადებითი გავლენა მოახდინეს ახალწვეულებმაც - ლუკმენმა და ჰოილუნმა. მიუხედავად ამისა, გუნდის შეტევა შთამბეჭდავად მაინც ვერ გამოიყურებოდა, რადგან წინა წლების შეტევების ლიდერებმა - კოლუმბიელებმა - ლუის მურიელმა და დუვან ზაპატამ ჯამში მხოლოდ და მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლეს. ამის მიუხედავად გუნდი სერია A-ში მე-5 ადგილზე გავიდა და კვლავ ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. საგზური, რომელმაც გასპერინის პირველ ტიტულამდე გზა გაუხსნა.
დადგა 2023/24 სეზონიც. სეზონი, რომელშიც ჯან პიერო გასპერინის ნანატრი ტიტულისკენ სვლა უნდა დაწყებულიყო. სეზონის წინ რეკორდული თანხის სანაცვლოდ გუნდი დატოვა დანიელმა შემტევმა რასმუს ჰოილუნმა, გუნდიდან წავიდა მერიჰ დემირალიც, ჟერემი ბოგაც, იოაჰიმ მაელეც, მარკო სპორტიელოც. თუმცა დანამატიც სერიოზული გახლდათ - სეად კოლასინაჩი, ელ ბილალ ტურე, ჯანლუკა სკამაკა და შარლ დე კეტელარე. ეს უკანასკნელი წინა სეზონში მილანმა შეიძინა, თუმცა მან „როსონერიში" თავი ვერაფრით გამოიჩინა და 1 სეზონის შემდგომ ბერგამოს მიაშურა. ქალაქს, სადაც გასპერინის წყალობით უამრავმა ტალანტმა იპოვნა დაკარგული საფეხბურთო გზა და ხელახალი ძალებით შეუდგა კარიერის ახალი ძალებით შენებას. ასეთი შედეგი მიიღო კეტელარემაც, რომელმაც პირველივე სეზონში 50 მატჩი ჩაატარა და 14 გოლს 11 საგოლე გადაცემაც მიამატა. ატალანტამ სერია A-ში მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა რომელი ადგილიც არ უნდა დაეკავებინა, შემდეგი სეზონის ჩემპიონთალიგური საგზური მაინც გარანტირებული ჰქონდა. ევროპა ლიგაზე „ქალღმერთები“ ოთარ კიტეიშვილის შტურმს, სპორტინგსა და რაკოვს გადაეყარნენ. ჯგუფურ ეტაპზე 4 მოგების წილ მათ 2 ფრე ჰქონდათ, რაც პირველი ადგილის დაბევებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. 1/8 ფინალში იტალიელების მეტოქე კვლავ სპორტინგი აღმოჩნდა, რომელიც ჯამურად ანგარიშით 3-2 დაამარცხეს (1-1, 2-1). შემდეგ კი იყო ტურნირის მთავარი ფავორიტის ლივერპულის, შეიძლება ითქვას, სენსაციური დამარცხება. პირენეის ნახევარკუნძულის მკვიდრებმა ენფილდზე 3-0 იმარჯვეს და მიუხედავად სახლში განცდილი მარცხისა (1-0) შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. იქ მარსელის ბარიერიც საკმაოდ მარტივად დაძლიეს (1-1, 3-0) და ფინალში დაუმარცხებელ ლევერკუზენის ბაიერს დაუწყვილდნენ.

თითქოს ამ წყვილში ყველაფერი გარკვეული უნდა ყოფილიყო. ატალანტას ფინალში თამაში ხომ თითქმის არასდროს გამოსდიოდა, იტალიის თასის კიდევ ერთი, გასპერინის ხელმღვანელობით რიგით მესამე, ფინალიც ხომ სულ რაღაც ერთი კვირის წაგებული ჰქონდათ იუვენტუსთან. იქეთ კი იყო ჩაბი ალონსოს გუნდი, რომელიც უბრალოდ არსად არ მარცხდებოდა. 2024 წლის 22 მაისს აღნიშნული გუნდების მატჩებს დუბლინმა უმასპინძლა. დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ამ უპირატესობის გოლად გარდასახვა ლუკმენის გოლით იტალიელებმა შეძლეს. ადემოლამ გატანილს კიდევ ორი დაამატა და სახლში ბურთთან ერთად ევროპა ლიგის თასიც წაიღო.

ალონსოს ლევერკუზენი გატყდა, ხოლო ამის შემოქმედი ის კაცი გახლდათ, ვისაც ტიტულამდე ყოველთვის ერთადერთი ნაბიჯი აკლდებოდა, მაგრამ დანებებაზე არასდროს უფიქრია. გასპერინიმ შექმნა, იბრძოლა, ბევრჯერ დამარცხდა, მაგრამ, საბოლოოდ, მიზანს მაინც მიაღწია და „ქალღმერთები“ წამყვანი კლუბების მარაქაში მაინც გარია.
ახლა კი 2024/25 სეზონი მიმდინარეობს, სადაც, დარწმუნებული ვარ, რომ გასპერინი კიდევ არაერთ სიურპრიზს გვიმზადებს. ატალანტა კი 117-წლიანი ისტორიის განმავლობაში, საუკეთესო პერიოდს ჩვენს თვალწინ ატარებს. პერიოდს, რომელიც იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ფეხბურთს სჭირდება ატალანტა, რადგან ატალანტა არის იმედი. იმედი იმ გუნდებისა, რომელთაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ აქვთ, თუმცა აქვთ იმის ამბიცია, რომ დიდი მიზნებისთვის იბრძოლონ. ჩემთვის ფეხბურთის სილამაზე მრავალფეროვნებაშია, რასაც სწორედ ასეთი გუნდები უზრუნველყოფენ. ბურთი მრგვალია და მანამ სანამ შენ ამის გწამს ყველაფერი შესაძლებელია. თუ მხოლოდ სიტყვების არ გვჯერა, შევხედოთ გასპერინის შეგირდებს, ისინი ხომ ამ სიტყვების პრაქტიკული და ყველაზე ცხადი მაგალითები არიან.
ავტორი: ლაშა საცერაძე
ავტორი: ლაშა საცერაძე















