ქართველი ფეხბურთელები ფლამენგოს წინააღმდეგ - მოვლენა, რომელიც მიმდინარე წლის საკონტინენტთაშორისო თასის ფინალამდეც მომხდარა. დიახ, ხვიჩა კვარაცხელია არ არის პირველი, რომელიც რიო დე ჟანეიროელებს შეხვდა. გავიხსენოთ, მისი წინამორბედი სხვა ქართველი მოთამაშეები "ურუბუს" წინააღმდეგ.
განადგურებული ფლამენგო თბილისში
1967 წლის მაისი, ამხანაგური მატჩი - დინამო თბილისმა საკუთარ კედლებში სწორედ ფლამენგო მიიღო. ეს არის დრო, როდესაც ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ევროთასებზე დებიუტამდე გვაშორებდა წლები და ამიტომ, საერთაშორისო შეხვედრა რიო დე ჟანეიროელთა წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო ერთგვარი ორიენტირი, თუ რისი პოტენციალი ჰქონდათ იმდროინდელ "ლურჯ-თეთრებს".
ბრაზილიური ჯადოქრობის სანახავად მოსულმა პუბლიკამ მსგავსი ვერაფერი იხილა - დინამომ მარაკანას ბინადრები ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ფლამენგო უძლური აღმოჩნდა მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის დუეტის წინაშე, რომელთა თამაშის სტილი სტუმრებისთვის ნამდვილად უცხო ხილი იყო.
რაც შეეხებათ თბილისური გუნდის მხრიდან გოლის ავტორებს, პირველ ტაიმში რიო დე ჟანეიროელების კარი კახი ასათიანმა და გურამ ცხოვრებოვმა აიღეს. ქართული გუნდი დომინირებდა მე-2 ტაიმშიც, რის შედეგადაც "ურუბუმ" მიიღო კიდევ 2 ბურთი, ბონდო გიორგაძისა და ნომალ მაისურაძისგან.
"ლურჯ-თეთრების" ოთხივე გოლში მონაწილეობა მიიღეს მესხმა და მეტრეველმა, რომლებიც იმ დროს უკვე იყვნენ ევროპის ჩემპიონები და ბალონ დ'ორის ნომინანტებიც. ერთი სიტყვით, ბრაზილიური შოუ არ შედგა, მაგრამ სამაგიეროდ, მაყურებელმა ნამდვილი ქართული წარმოდგენა იხილა.
ზიკოს სპექტაკლი, რომლის მთავარი გმირი დავით ყიფიანი აღმოჩნდა
1980 წელი - კადისში გამართული რამონ დე კარანსას სახელობის საერთაშორისო ოთხთა ტურნირი დინამოს, ფლამენგოს, რეალ ბეტისისა და მასპინძელი "ლიმონეროსის" მონაწილეობით. სანამ გადავალთ უშუალოდ თბილისური კლუბისა და რიო დე ჟანეიროელთა შეხვედრაზე, განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენდა კადისის ტურნირი.
რამონ დე კარანსა იმართება 1955 წლიდან და მეოცე საუკუნეში ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ოთხთა ტურნირი იყო. სხვადასხვა დროს კადისში გამოსულან რეალი, ბარსელონა, მილანი, ინტერი, აიაქსი, ბენფიკა, ატლეტიკო, ტოტენჰემი, რივერ პლეიტი და კიდევ ბევრი სხვა. ყველაზე ხშირად ეს ტურნირი მოუგიათ "როხიბლანკოსა" და "ლიმონეროსს", 11-ჯერ.
რაც შეეხებათ რამონ დე კარანსაზე გამოჩენილ ვარსკვლავებს, სია მართლაც შთამბეჭდავია - ეუსებიო და სილვა ფერეირა, ალფრედო დი სტეფანო, პაკო ხენტო, ფერენც პუშკაში, იოჰან კრუიფი, რომარიო ფარია და სხვები. 1980 წელს, მირანდილიაზე შეკრებილი პუბლიკა ზიკოს მოლოდინში იყო.
როგორც აღვნიშნეთ, "ლურჯ-თეთრების" მოწინააღმდეგე იყო "ურუბუ", პარალელურ ნახევარფინალურ მატჩში კი სევილიური გუნდი მასპინძელ კადისს ხვდებოდა. ნოდარ ახალკაცის შეგირდებისა და მარაკანას ბინადრების დაპირისპირებას ესწრებოდა ცნობილი ჟურნალისტი, მარიანო ხესუს კამაჩო, რომელმაც ათწლეულების შემდეგ, იმ დუელს სტატიაც მიუძღვნა.
ესპანელი ჟურნალისტი მოიხიბლა ყიფიანის თამაშით, ვისაც მან "კავკასიელი ჯადოქარი" უწოდა. ბიჭუნა, რომელიც სტადიონზე მივიდა ბრაზილიელი ფლეიმეიქერის სანახავად, შეხვედრის ბოლოს სულ სხვა მოთამაშით დარჩა აღფრთოვანებული. კამაჩომ ის შეხვედრა 2012 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში გაიხსენა.
"კადისელი ბავშვები იმის მოლოდინში ვიყავით, რომ ზაფხულში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს ვიხილავდით. ახლა, რამონ დე კარანსა ისეთი აღარ არის, როგორიც გვახსოვდა, მირანდილიაზე მსოფლიო ფეხბურთის სუნთქვა სულ უფრო და უფრო ნაკლებად იგრძნობა, მაგრამ ამ ტურნირის მაყურებლის მეხსიერებას ბევრი ლეგენდა შემორჩა.
განსაკუთრებით კარგად მახსენდება ქართული აღმოჩენა ყიფიანი, ვინც 1980 წელს, გენიალურობითა და სიდიადით კადისელი გულშემატკივრების გული დაიპყრო. 30 აგვისტოს ფლამენგო ეთამაშებოდა დინამოს და სტადიონზე იმ იმედით მივედით, რომ ზიკოს თამაშით დავტკბებოდით.
ჩვენ მაშინ ცოტა რამ ვიცოდით საბჭოელებზე თბილისური კლუბიდან, რომლებიც, სინამდვილეში, ქართველები იყვნენ. ამ დროს, ვიხილეთ გუნდი, რომელიც რიო დე ჟანეიროელებს კავკასიის მთებივით გადაეღობა და სასიამოვნოდ გაოცებულები დაგვტოვა. განსაკუთრებით, დავითისა და შენგელიას თამაშმა მოგვხიბლა.
ქართველი გამთამაშებელი იყო უბრალოდ გამაოგნებელი - ორმოცი მეტრიდან თანაგუნდელებს ამარაგებდა საოცარი სიზუსტის გადაცემებით, რბილად ეპყრობოდა ბურთს და "ლურჯ-თეთრების" თამაშს ბრწყინვალედ ხელმძღვანელობდა. მოკლედ, უზომოდ მიმზიდველ ფეხბურთს აჩვენებდა.
ეს დაძაბული მატჩი დასრულდა ანგარიშით 2:2, სპექტაკლი კი დადგა ორმა დიდმა ათიანმა - არტურ ანტუნეშ კოიმბრამ და დინამოს ფლეიმეიქერმა. "ჯადოქარი" თავისი შემოქმედებითი ფეხბურთით ამიტომაც დარჩა ჩვენს გულებში. ეს ის მოთამაშეა, რომელმაც კლასით, ტექნიკით, სისწრაფითა და თამაშის არაჩვეულებრივი აღქმით კადისელ მაყურებლებს თავი შორეულ 1980 წელს შეგვაყვარა".
როგორც ესპანელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, თბილისური გუნდისა და "ურუბუს" მატჩი დასრულდა ფრედ, 2:2, პენალტების სერიაში კი გამარჯვებული ბრაზილიური კლუბი გამოვიდა. მოგვიანებით, მარაკანას ბინადრებმა ფინალში მოუგეს "ჰელიოპოლიტანოსს", "ლურჯ-თეთრებმა" კი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში მასპინძელ "ლიმონეროსს".
საკონტინენტთაშორისო თასის ქართველი გმირი
გადავინაცვლოდ 2025 წელს, სადაც მეფობს პარის სენ-ჟერმენი, რომელმაც კალენდარული წელი ექვსი მოპოვებული ტიტულით დაასრულა. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი, უეფას სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონობა, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ბოლოს კი საკონტინეტთაშორისო თასიც...ასეთია პსჟ-ს მონაგარი.
უკანასკნელი ტიტულის მოპოვებაში "ლურჯ-წითლებს" ეცილებოდა ფლამენგო, რომელმაც ათწლეულების შემდეგ, ქართული გოლი თავის კარში კიდევ ერთხელ მიიღო. შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა 1:1 და ლუის ენრიკეს გუნდის მხრიდან ის ერთადერთი ბურთი სწორედ კვარამ შეაგდო.
120-მა წუთმა ვერ გამოავლინა გამარჯვებული, რის შედეგადაც დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც იღბალი პარკ დე პრენსის ბინადრების მხარეს აღმოჩნდა. წლის იდეალური დასასრული, როგორც პარის სენ-ჟერმენისთვის, ისე პერსონალურად, ხვიჩასთვის. ასე დაგვირგვინდა კიდევ ერთი თავი ქართველებისა და რიო დე ჟანეიროელების დაპირისპირების ისტორიაში.















