
ჯანო ანანიძე - ბაზელი 2:3 სპარტაკი (17/02/2011)
ანანიძის ერთადერთი გოლი ევროპა ლიგაზე, თანაც გადამწყვეტი. სპარტაკი 61-ე წუთამდე მარცხდებოდა ანგარიშით 0:2, შემდეგ კი ქამბექი დაიწყო. ჩვენი სტატიის გმირი მოედანზე მე-2 ტაიმში შემოვიდა და 91-ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ჯანომ გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა.

შოთა არველაძე - სევილია 1:2 ალკმაარი (14/12/2006)
უეფას თასის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, რომლის მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს. არველაძის ალკმაარი მარცხებოდა გუნდთან, რომელიც ამ ტურნირზე თავს გრძნობს ისე, როგორც საკუთარ სახლში, სევილიასთან. შოთამ მე-2 ტაიმში ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მოგვიანებით კი დუბლიც გაიფორმა.

დავით ყიფიანი - ინტერი 0:1 დინამო თბილისი (14/09/1977)
ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გენიალური ყიფიანის კარიერაში. აღნიშნულ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა დინამო და გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ დავითის გატანილი ბურთი იყო. ჯიაჩინტო ფაკეტის ეფექტურად ჩამოშორების შემდეგ, ჩვენი სტატიის გმირმა თბილისელებს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბთან მოაგებინა.

ოთარ კიტეიშვილი - შტურმი 1:0 ფეიენოორდი (27/10/2022)
კიტეიშვილის ერთადერთი გოლი ევროპა ლიგაზე, რომელიც მან ფეიენოორდს, 93-ე წუთზე გაუტანა. შტურმმა სწორედ მისი გატანილი ბურთით იმარჯვა. იმის შემდეგ, ოთარი გრაცელებთან ერთად გახდა ავსტრიის ბუნდესლიგის ტრიუმფატორი, წელს კი ის უკვე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.

დავით მუჯირი - შტურმი 5:2 ლივინგსტონი (19/09/2002)
შეხვედრა, რომელიც მუჯირის ბენეფისი გამოდგა. შტურმმა მოწინააღმდეგეს გაუტანა ხუთი გოლი, თავად მან კი შეასრულა დუბლი და ერთი საგოლე პასიც მიითვალა. კიტეიშვილის გამოჩენამდე, მთავარი ქართველი ვარსკვლავი ავსტრიულ ფეხბურთში სწორედ დავითი იყო.

გიორგი ნემსაძე - დინამო თბილისი 2:1 ვისლა (30/09/2004)
ვისლას ბარიერის გადალახვით, დინამო პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, პოსტ-საბჭოთა ეპოქაში უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი იყო ნემსაძე, რომელმაც კრაკოველებთან 1 ბურთი გაიტანა და გააკეთა ასისტი. გამოსარჩევია ისიც, რომ თბილისელთა კაპიტანიც სწორედ გიორგი იყო.

გივი ნოდია - დინამო თბილისი 3:2 ტვენტე (13/09/1972)
დინამოს ისტორიაში პირველი მოწინააღმდეგე ევროსარბიელზე სწორედ ტვენტე იყო. ერთ შეხვედრაში იმარჯვა ქართულმა გუნდმა, მეორეში კი - ნიდერლანდელებმა. მატჩში, რომელიც დასრულდა თბილისელთა მოგებით ანგარიშით 3:2, ნოდიამ დუბლი გაიფორმა.

ლაშა ოდიშარია - რიგასი 2:2 გალათასარაი (03/10/2024)
უკანასკნელი გამორჩეული შეხვედრა ქართველი ლეგიონერის მონაწილეობით. რიგასი გალათასარაისთან მარცხდებოდა 0:2-ს, თუმცა ევროპა ლიგის დებიუტანტმა მოახერხა იმდენი, რომ მატჩი ფრედ დაასრულა. მე-2 ბურთი სტამბოლელთა კარში ოდიშარიამ გაიტანა.

თორნიკე ოქრიაშვილი - კრასნოდარი 2:1 სევილია (04/10/2018)
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართული გოლი ევროსარბიელზე. კრასნოდარი სევილიასთან მარცხდებოდა, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ ოქრიაშვილის გამარჯვების მომტანი ბურთით დასრულდა, რომელიც მან გაიტანა 88-ე წუთზე, თანაც მაკრატელათი.

რამაზ შენგელია - დინამო თბილისი 2:1 ნაპოლი (15/09/1982)
კიდევ ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება დინამოს ისტორიაში. ქართულმა გუნდმა დაამარცხა ნაპოლი და მთავარ გმირად მოგვევლინა შენგელია, რომელმაც "პარტენოპეის" კარში გადამწყვეტი ბურთი გაიტანა.

















