
შოთა არველაძე V არჩილ არველაძე
ძმები არველაძეები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ 90-იანების ბოლოს, ერედივიზიონში, როდესაც ერთი ძმა თამაშობდა ამსტერდამის აიაქსში, მეორე კი - ბრედაში. 3-ჯერ მოიგო შოთამ, 1 მატჩიც ფრედ დასრულდა. მათი ბოლო დაპირისპირება გაიმართა 1999 წლის 23 მაისს და ანგარიშით 2:2 დასრულდა. ცნობისთვის, ანგარიში იმ თამაშში არჩილმა გახსნა.

ოთარ კაკაბაძე V გიორგი პაპუნაშვილი
საქართველოს ნაკრების წევრები ლა ლიგა 2-ში ადრეც თამაშობდნენ, საკმარისია გავიხსენოთ 2017 წლის სექტემბერში გამართული შეხვედრა კაკაბაძის ხიმნასტიკსა და პაპუნაშვილის სარაგოსას შორის. მატჩი დასრულდა ფრედ, 1:1. ოთარმა ითამაშა 90 წუთი და მიიღო ყვითელი ბარათი, მისი თანამემამულე კი მოედანზე 65-ე წუთზე შემოვიდა.

მიხეილ ყაველაშვილი V გოჩა ჯამარაული
ქართველი ლეგიონერები შვეიცარიაში, რომლებმაც ერთმანეთის წინააღმდეგ ორი შეხვედრა ჩაატარეს. ყაველაშვილი თამაშობდა გრასჰოპერში, ჯამარაული კი - ციურიხში. 1999 წლის 13 მარტს გამართული მატჩი მოიგო მიხეილის გუნდმა, ორი თვის შემდეგ კი გამარჯვება უკვე გოჩას გუნდმა მოიპოვა.

თემურ ქეცბაია V შოთა არველაძე
შოტლანდიის პრემიერ ლიგა, სეზონი 2001/2002, გლაზგო რეინჯერსი - დანდი. არველაძე და ქეცბაია ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ - პირველ წრეში დაფიქსირდა უგოლო ფრე, მეორე წრეში კი მოიგო შოთას გუნდმა, ანგარიშით 2:1. ცნობისთვის, მან იმ მატჩში გოლიც გაიტანა.

გიორგი ქინქლაძე V თემურ ქეცბაია
შოტლანდიაში გადასვლამდე, ქეცბაია თამაშობდა ინგლისში, სადაც ნიუკასლ იუნაიტედის შემადგენლობაში ქინქლაძის დერბი ქაუნთის დაუპირისპირდა. მატჩი დასრულდა ფრედ, 0:0. გიორგიმ ითამაშა 46 წუთი, თემური კი 84-ე წუთზე შეცვალეს. ეს ყველაფერი 2000 წლის 5 მაისს მოხდა.

ოთარ კიტეიშვილი V სანდრო ალთუნაშვილი
ერთ მხარეს ავსტრიის ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონი და ლიგის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, კიტეიშვილი, მეორე მხარეს კი ალთუნაშვილი, რომელიც ევროპულ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს. დინამოსა და საბურთალოს დაპირისპირებები რომ არ ჩავთვალოთ, ოთარმა და სანდრომ ერთმანეთის წინააღმდეგ 3 მატჩი ჩაატარეს. 2-ჯერ მოიგო შტურმ გრაცის ლიდერმა, ერთხელაც - ვოლფსბერგერის შუახაზელმა.

ლევან კობიაშვილი V ალექსანდრე იაშვილი
ამ ორ ფეხბურთელს ერთმანეთთან ნამდვილად ბევრი რამ აკავშირებს. კობიაშვილმა და იაშვილმა თანაგუნდელების რანგში ჩაატარეს 188 შეხვედრა, როგორც მეტოქეებმა კი - 10. ლევანი და ალექსანდრე მოწინააღმდეგეები იყვნენ გელზენკირხენის შალკესა და ფრაიბურგის დაპირისპირებების დროს, ასევე მაშინ, როდესაც ბერლინის ჰერტა კარლსრუეს ეთამაშებოდა.

გიორგი ქოჩორაშვილი V გიორგი წიტაიშვილი
დაპირისპირება, რომელიც ცოტა ხნის წინ შედგა. ქოჩორაშვილის ლევანტემ გასვლაზე დაამარცხა წიტაიშვილის გრანადა, თანაც ისე, რომ სტუმარმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა. ასეთი იყო იმ ფეხბურთელთა დუელი, რომლებმაც რამდენიმე თვით ადრე გვერდიგვერდ, ევრო 2024-ზე ითამაშეს.

ხვიჩა კვარაცხელია V საბა გოგლიჩიძე
სერია ა-ს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონის აღმოჩენის წინააღმდეგ. კვარაცხელიას ნაპოლი ესტუმრა გოგლიჩიძის ემპოლის, რომელსაც მინიმალური ანგარიშით მოუგო. მატჩის ერთადერთი ბურთი 11-მეტრიანით სწორედ ხვიჩამ გაიტანა.

გიორგი მიქაუტაძე V ზურიკო დავითაშვილი
რონული დერბი ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით, რომელიც მიქაუტაძის ლიონის გამარჯვებით დასრულდა. ზურიკომ ითამაშა შეუცვლელად, ჟორჟი კი მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული დუეტი ერთმანეთს ლიგა 2-შიც შეხვედრილა, როდესაც ოლიმპიკის აღზრდილი თამაშობდა მეცში, დავითაშვილი კი - ბორდოში.

















