გიორგი ქინქლაძე გენიოსი იყო. არ მიყვარს ტალანტების დატოლება, მაგრამ დამოუკიდებლობის ისტორიაში ალბათ ყველაზე ნიჭიერი. მაშინ სიტის, აბა, რა გუნდი ეთქმოდა. მსოფლიოში თუ ვინმემ იცოდა მის შესახებ, დიდწილად თანაქალაქელი იუნაიტედის გამო - როცა მას ხვდებოდა, დერბი ერქვა და დერბი კიდევ წმინდა რამეა - ინგლისში ხომ საერთოდ - თუნდაც დავითი ხვდებოდეს გოლიათს. ახლა ბედის ბორბალი, არაბული ფული და გვარდიოლას ჭკუა ისე დატრიალდა, ლამის პირიქითაა საქმე, მაგრამ ეს სხვა სიმღერის მელოდიაა. საკუთრივ მანჩესტერში ფანობა სულ ორად იყოფოდა, მაშინაც კი, როცა ფერგის კლასი სასწაულს სასწაულზე ახდენდა. და იმ მეორე, ლურჯ ნახევარს დღემდე ახსოვს - ქინქლაძე, როგორც კლუბის მთავარი ფეხბურთელი, გარდაუვალი ლეგენდა. ქინქი შედევრებს ქმნიდა. და თან სად? რენესანსის გზაზე შემდგარ პრემიერ-ლიგაში. რა გუნდების და მწვრთნელების წინააღმდეგ?! კი, ქინქლაძე საფეხბურთო გენიოსია. ამ ნათქვამს, როგორც წესი, მოყვება ხოლმე რომ მეტი მონდომების, ნების და იღბლის შემთხვევაში აუცილებლად გახდებოდა მსოფლიო ვარსკვლავი. დანანებით მოყვება ხოლმე და მეც მითქვამს არაერთხელ. მაგრამ ახლა მგონია, რომ დაე, ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა - ლეგენდარულობას ასეთი ულოგიკო ზიგ-ზაგიც უხდება. ქინქლაძეს ის ადრეული წლებიც იოლად ეყოფა და ჩემს დედულეთში, ტუნგოების ბირჟაზე შეკრებილი ნატანებლების ჩოჩქოლი: ,,გეიგეთ, რას შობა რობინზონას ბიჭი?!". ნატანებში. ჩემს დედულეთში და გიოს მამულეთში.
ახლა ხომ ყვებიან შოუებში, დიდ ვარსკვლავთაგან ვინ როგორ აგორებდა ბურთს და რა უბნებში - ზოგი რიოს ფაველებში, ზოგი ლაგოსის გარეუბნის ქუჩებში, ზოგი ბურთს კი არა, ჩვრების გროვას აგორებდა სულაც და ზოგი ფორთოხალს. ქინქლაძემ და ბურთმა ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, ერთი დიდი იმპერია როცა ინგრეოდა და დამოუკიდებელი ქვეყანა იბადებოდა - ომებით, გაჭირვებით, შიმშილით. ეს იყო მისი კარიერის სტარტი და ესეც იმ შოუებში მოსაყოლია.

სადაც წავიდა და რაც ითამაშა, ზოგჯერ ყურმოკვრით გვესმოდა და ცოტა ზღაპარს ჰგავდა. ახალ Youtube - ია და მისი ჯანი. რაც გამოვტოვეთ ან გაზეთის ფურცლიდან წაკითხული ვიცოდით, დღეს იოლი სამზერია. ვუყურებთ და ჩვენს წარმოდგენებს ვადარებთ. საოცარი პროცესია. ნაღდი. წლებს აკავშირებს და კრავს. ეს შეუძლია ფეხბურთს. ეს არის მისი მაგია. ჰოდა, სადაც წავიდა და რაც ითამაშა - სულ დიდი იყო - ,,სიტიც’’ და ,,დერბი ქაუნთიც’’. სადაც ვერ ითამაშა - ისიც დიდია მოსაგონრად, რადგან როცა მასშტაბი გაქვს, მხოლოდ მაშინ კითხულობენ - რატომ? ამ ,,რატომს’’ ბევრი პასუხი აქვს, როცა საქმე ,,აიაქსს’’ ეხება. იქით ხასიათი, აქეთ ლიტმანენი, იქით მწვრთნელი, აქეთ კიდევ... აი, აქეთ კიდევ ის, რაც ზემოთ გითხარით - პერსონაჟებს უხდებათ ზიგზაგები. არასწორხაზოვანი მონასმები. მგონი, აქაც ეს ამბავი იყო. და სიუჟეტად ისიც ეყოფა, მანჩესტერელი ფანები რომ ჩავიდნენ ქინქლაძის სანახავად ამსტერდამში და მერე იქაური პაბის ერთობლივი სმა და სიხარული.
ქინქლაძე ფოლკლორის ნაწილია. იქ, ინგლისში, სადაც ეს ყველაზე ფრთხილად და რთულად ხერხდება. ფოლკლორია ესეც, როცა Oasis -ის – Wonderwall იცვლის შინაარს და ხალხი მღერის : ,,Every run that Kinky makes is winding!’’
არ ვიცი, ვინ კიდებდა მაშინდელ ქართულ, შინდისფერ დროშას იმ კარის უკან მანჩესტერში, საითკენაც ქინქლაძე უტევდა. რამდენიმე დიდებული გოლისას და მომენტისას მოჩანს და სულ ვფიქრობიდი ხოლმე, მაგრამ არავისთვის მიკითხავს. არც გიოსთვის. არც მინდა ვიკითხო. არის რაღაც, რაც იდუმალად სჯობს დარჩეს. ქინქლაძესაც უხდება. იმდროინდელ საქართველოსაც. იმ დროშასაც. იმ მანჩესტერსაც. წითელსაც. ლურჯსაც.
მოკლედ როგორცაა; საინტერესოა, დიდებული და ნაღდი. ასეთი იყო. ასეთადაც დარჩება.















