
კომო - სერია ა
კომო სერია ა-ში 21-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. იყო დრო, როდესაც ეს გუნდი გაკოტრების პირასაც კი იმყოფებოდა. ყველაფერი შეიცვალა 2019 წელს, როდესაც "ტბისპირელები" ძმებმა ჰარტონოებმა იყიდეს. კლუბის პროექტში ცენტრალური როლი უკავია სესკ ფაბრეგასს, რომელიც გუნდის დამრიგებელია, აქციონერი და ყოფილი მოთამაშეც.

ესპანიოლი - ლა ლიგა
ესპანიოლის ლა ლიგაში დამკვიდრების კიდევ ერთი მცდელობა. ეს გუნდი ესპანური ფეხბურთის ელიტიდან არ გავარდნილა სამი ათწლეულის (1994-2020) განმავლობაში, მაგრამ ახალ დეკადაში "თუთიყუშებს" კრიზისი დაეწყოთ, რის შედეგადაც ისინი ორჯერ გავარდნენ. ვნახოთ, რამდენ ხანს გაჩერდებიან ბარსელონელები ამჯერად.

იფსვიჩი - პრემიერ ლიგა
გუნდი, რომელიც პრემიერ ლიგაში 22-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. იყო დრო, როდესაც ეს გუნდი ევროთასებზე ეთამაშებოდა რეალს, მილანს, ბარსელონასა და ინტერს, მაგრამ 21-ე საუკუნეში "ლურჯებმა" ქვედა დივიზიონში გადაინაცვლეს. ამ კლუბის აღზევება უკავშირდება კირან მაკენას, რომელსაც მომავალში პრემიერ ლიგის რომელიმე გრანდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

ლესტერი - პრემიერ ლიგა
სულ რაღაც რვა წლის წინ, ლესტერი პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა, მომდევნო სეზონში კი ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც ვიხილეთ. "მელიები" დროთა განმავლობაში შესუსტდნენ და პრემიერ ლიგასაც დაემშვიდობნენ. მოახლოებულ საფეხბურთო სეზონში მათ ერთგვარ დაბრუნებას ვიხილავთ.

პარმა - სერია ა
90-იანების სერია ა პარმას გარეშე წარმოუდგენელი იყო. ამ გუნდში თამაშობდნენ ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ლილიან ტურამი, ერნან კრესპო, ხუან სებასტიან ვერონი და სხვები. "ჯვაროსნები" არც ევროსარბიელზე ირცხვენდნენ თავს, ამის ნათელი მაგალითი 1999 წელს მოგებული უეფას თასი არის.

სენტ-ეტიენი - ლიგა 1
ერთ დროს საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, რომლის შემადგენლობაში მიშელ პლატინი ბრწყინავდა. ჩვენთვის ორმაგად საინტერესო გახდა სენტ-ეტიენი მას შემდეგ, რაც ამ კლუბში ზურიკო დავითაშვილი გადავიდა. ამის პარალელურად, ლიონში დაბრუნდა გიორგი მიქაუტაძე, რაც ნიშნავს იმას, რომ რონულ დერბიში ორი ქართველი შემტევის დუელს ვიხილავთ.

საუთჰემპტონი - პრემიერ ლიგა
პარმას ანალოგი პრემიერ ლიგაში - გუნდი, რომელმაც ინგლისურ ფეხბურთს აჩუქა ალან შირერი, გარეთ ბეილი, ვირჯილ ვან დეიკი, სადიო მანე და ბევრი სხვა გამორჩეული მოთამაშე. საუთჰემპტონი გასულ დეკადაში ევროთასების საგზურისთვისაც კი იბრძოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს გუნდი ჩემპიონშიფამდე ჩამოქვეითდა.

სანქტ პაული - ბუნდესლიგა
სანქტ პაული არასდროს ყოფილა გერმანული ფეხბურთის ელიტის ნაწილი, თუმცა ამის მიუხედავად, ამ გუნდის გულშემატკივრები მთელი ევროპის მასშტაბით არიან ცნობილები. ჰამბურგული გუნდის ქომაგები აქტიურად იყენებენ მეკობრეების კულტურის ატრიბუტიკას, რითაც მუდამ ყურადღების ცენტრში რჩებიან.

ვალიადოლიდი - ლა ლიგა
კლუბი, რომლის პრეზიდენტად რონალდო ნაზარიო რჩება. ლეგენდარული ფეხბურთელი გუნდის გაყიდვაზეც ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაიტოვა პროექტი და ინვესტიციის ჩადებაც გადაწყვიტა. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა კასტილიელები პრიმერა დივიზიონში დამკვიდრებას კიდევ ერთი ცდიდან.

ვენეცია - სერია ა
გუნდი, რომელიც უკანასკნელ წლებში ორიგინალური ფორმებით გვამახსოვრებდა თავს. ვენეცია არასდროს ყოფილა სერია ა-ს მწვერვალზე, თუმცა ამის მიუხედავად, ეს გუნდი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გემოვნება, სტილი, სილამაზე - ეს ყველაფერი "ფრთიანი ლომების" ნიშაა.

















