ჩავის მემკვიდრეობა - პოზიციონისტური კონსერვატიზმი
თავის დროზე ჩავიმ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბარსელონა ჩაიბარა, ვიდრე ფლიკმა. „ბლაუგრანაში" უმაღლეს დონეზე ჯერ კიდევ გამოუცდელი ყოფილი ლეგენდის მოყვანას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველ რიგში, ფინანსური საკითხი - ბარსელონას უბრალოდ არ შეეძლო ტოპ კლასის მწვრთნელის მოყვანა იმ ბიუჯეტით, რაც გააჩნდა. მეორე მიზეზი ჩავის პეპ გუარდიოლას ბარსელონასთან ყველაზე მეტად ასოცირებულობაა. ჩავიმ ძალიან მნიშვნალოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ბარსელონამ 4 წლის შემდგომ შეძლო და ლა ლიგა მოიგო, ამასთანავე ესპანეთის სუპერ თასი, მაგრამ ევროსარბიელი კვლავ მიუღწეველი რჩებოდა. ტაქტიკურად ჩავის გუნდი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

კლასიკური 4-3-3, რომელიც გარდამავალია 3-2-2-3-ში, სადაც ცენტრში ნახევარდაცვის კვადრატის შესაკრავად საჭიროა ერთი ფლანგის მცველის შუაში შემოწევა, დაახლოებით ასე უნდა წარმოვიდგინოთ ჩავის იდეალური თერთმეტეული. ეს პატერნი ბარსელონასთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო. ამგვარი სისტემურობა და ფეხბურთელების ზონალური მოქმედების არეალში ჩაკეტვა ჯერ კიდევ ვან გაალის ეპოქიდან იღებს სათავეს. პოზიციებს შორის როტაციები მეტოქეებისთვის ძალიან ადვილად გათვლადი გახლდათ. ამის გამო ჩავის გუნდი ძალიან ცოტა შანსს ქმნიდა, განსაკუთრებით მის ბოლო სეზონში. ამას ემატებოდა უკვე ასაკში შესული ლევანდოვსკის საკითხიც, რომელიც მეტოქის მესამედში ბურთის განაწილებაში ძალიან ხშირად და აქტიურად ერთვებოდა. ჩავიმ კარგი ბაზისი დატოვა იმისთვის, რომ სისტემაში ახალგაზრდები ინტეგრირებულიყვნენ. ჩავიმ შანსი მისცა მარკ კასადოსა და პაუ კუბარსის. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ბარსელონას აკლდა რაღაც განსაკუთრებული. ჩავიმ შექმნა ოჯახი, მის შემდეგ კი საჭირო იყო ადამიანი, რომელიც არმიას ააშენებდა.
ჰანსი ფლიკი - შეზღუდული რესურსები, მაგრამ შეუზღუდავი თამაში
გამომდინარე იქიდან, რომ ჩავის ხელში, „ბლაუგრანა” ძალიან პროგნოზირებადი გუნდი გახდა და კლუბში ორთოდოქსული პოზიციონიზმის დეკადანსი დაიწყო, საჭირო გახდა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რის შედეგადაც ბარსელონა საკმაოდ ლიმიტირებულ სტრანსფერო რესურსს ეფექტურად გამოიყენებდა და თან ტაქტიკურადაც გამართულიც იქნებოდა. ჰანზი ფლიკის დანიშვნისას ბარსელონას მთავარი პრობლემა ტრავმიანობა იყო, გუნდს აკლდა ძალიან ბევრი საკვანძო ფეხბურთელი, რომელთა გარეშე თამაში, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფლიკმა რაც ნამდვილად შეძლო, ეს ახალი მოთამაშეებითვის უფრო დიდი შანსების თამამად მიცემაა. ამის კარგი მაგალითია მარკ კასადო, რომელმაც ეს შანსი ნამდვილად გამოიყენა. პირველი რაც ფლიკმა ბარსელონაში შემოიტანა, ეს რელაციონისტული აქცენტებია. არსებულ სტრუქტურაში როტაციები გახლავთ საკმაოდ თავისუფალი, განსხავავებით ჩავის სისტემისგან. გუნდის საშუალო განლაგებას რომ დავაკვირდეთ, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში, შევამჩნევთ, რომ ფეხბურთელთა პოზიციონირება ამ სათამაშო რგოლში, საკმაოდ ქაოტურია, რაც დაცვითი სტრუქტურისთვის პრობლემას წარმოადგენს:

პრესინგის/კონტრპრესინგის სტრუქტურა ფლიკთან:
ბარსელონაში მოსვლისას ჰანსი ფლიკმა კარგად გაიაზრა ლევანდოვსკის მდგომარეობა. საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვა - როგორ შეიძლება ასაკში მყოფი ლევანდოვსკისგან კვლავ უმაღლესი დონის ფეხბურთის მიღება? - ჩავის სისტემაში გრძელი გადაცემებისას ლევანდოვსკის მოედნის ცენტრთან ახლოს ბურთის მისაღებად ბრძოლა ევალებოდა, შესაბამისად, უწევდა დაეფარა ძალიან დიდი დისტანცია და მეტოქის კარისგან დაშორებით დიდი დროის გატარება. ასეთი როლისთვის პოლონელის ასაკი დიდ პრობლემას ქმნის, რადგან მას უბრალოდ აღარ აქვს საკმარისი ენერგია, რათა ამხელა მანძილი მარტივად დაფაროს, აქედან გამომდინარე, ფლიკმა ძალიან საინტერესო პრესინგის სტრუქტურა წარმოგვიდგინა:

რეალურად ლევანდოვსკი იწევს 10-იანის პოზიციაზე, იამალსა და რაფინიას კი ცენტრალური მცველებზე ზეწოლა აქვთ დავალებული. ამ მიგნებით ფლიკმა პრესინგში ენერგია დააბრუნა, რაც გეგენპრესგინგის ამომავალი იდეაა - რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნო ბურთი და არ მისცე მეტოქეს შენს ნახევარზე ბურთის ამოტანის საშუალება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება აქ პაუ კუბარსის როლს, რომელიც ერთგვარად დამატებითი გამთამაშებელია, გასაოცარი პასის უნარით. გამომდინარე იქიდან, რომ ფლიკის სისტემაში ყველა ფეხბურთელს მეტად შემტევი პოზიცია უჭირავს, დიდი რისკის ქვეშ დგანან ცენტრალური მცველები, რომლებიც შესაძლოა მოულოდნელად აღმოჩნდნენ რიცხობრივ უმცირესობაში. ამ რისკის დასაზღვევად ფლიკი საკუთარ მცველებს მაქსიმალურად განზე წევს, შედეგად, საყრდენი ნახევარმცველთან ერთად იქმნება 3-მცველიანი სტრუქტურა, ამასთანავე, განაპირა მცველი (ამ შემთხვევაში კუნდე) ცენტრში შედის და იქმნება ასიმეტრიული 3-2 სისტემა, საპასუხოდ მეტოქე გუნდს ზონალური გადაწყობა უწევს:

სამი ჯოკერი და ბევრი გოლი
გამომდინარე იქიდან, რომ ფლიკმა ბევრი ფეხბურთელი პოზიციურად დავალებებისგან უბრალოდ გაათავისუფლა, შეიქმნა „სამი ჯოკრის“ ტაქტიკური მონახაზი, რომელთაც შეტევაში როტაციის სრული თავისუფლება აქვთ. ამ სამეულს ლევანდოვსკი, რაფინია და დანი ოლმო წარმოადგენენ. ამ მოთამაშეებს მოედანზე განლაგება ნებისმიერი კონფიგურაციით შეუძლიათ:


ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ პრესინგის ეს სისტემა ძალიან ეფექტურია, რაც ზუსტად აისახება დაბრუნებული ბურთების მაჩვენებელზეც.
52 დაბრუნებული ბურთი საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია - ფლიკის გუნდი მთლიანად კონცეტრირებულია მეტოქის ნახევრის კონტროლზე.

ფეხბურთელთა პროგრესი ფლიკის ხელში
ასევე უნდა აღინიშნოს ჰანსი ფლიკის ხელში ცალკეული ფეხბურთელების პროგრესი, რომელთაც ეს ტაქტიკური ტრენდები იდეალურად აითვისეს. პირველ რიგში, აღსანიშნავია იმ ფეხბურთელთა როლი, რომლებიც შეტევას უშუალოდ წარმართავენ:

ამ გრაფიკულ გამოსახულებაში, პირდაპირ ვხედავთ იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვთ ვინგერებს, რომლებიც როგორც შანსების შექმნაში, ასევე დასარტყამ პოზიციებზე სწორ პოზიციონირებაში. მთავარი მოქმედი პირი, რომელიც გუნდს აკავშირებს, ამ შემთხვევაში პედრია. პედრის ყოველთვის შანსების არასაკმარისად შექმნის გამო აკრიტიკებდნენ, თუმცაღა ეს სიტუაცია ფლიკთან რადიკალურად ამოტრიალდა. რეალურად პედრის საუკეთესო ვერსია მივიღეთ. ამ გრაფიკაზე კიდევ ერთი რამ ჩანს კარგად - ბარსელონა გახდა გუნდური კოლექტივი, რომელთა ფეხბურთელებსაც აქვთ ულევი ინდივიდუალური შესაძლებლობები.
თამაშგარე მდგომარეობის მაგია
ჰანსი ფლიკის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობების შექმნაა. ბარსელონას დაცვის დონე, სწორედაც ამ ტაქტიკური განსაკუთრებულობით იხსნება. მათ საშუალოდ 6.5-ჯერ მოახერხეს მეტოქეთა თამაშგარე მდგომარეობაში ჩატოვება. გავიხსენოთ კილიან მბაპესა და სხვების ეპიზოდები, რომელთაც გოლის გატანა ნაადრევად იზეიმეს. „ბლაუგრანას“ მიერ სხვა გუნდების ფეხბურთელთა თამაშგარეში მოხვედრის ვიზუალიზაცია:

აქ კარგად ჩანს, რომ თამაშგარის ხაზის საშუალო მაჩვენებელი 33.9 მეტრია, რაც არანორმალურად მაღალი მაჩვენებელია.
ყველა პასს უნდა ჰქონდეს საკუთარი მნიშვნელობა - ფლიკის ფეხბურთი კონკრეტულია
ზოგადად, ბარსას დნმ-ში ძალიან დიდი ხნის წინ ჩაიტვირთა ბურთის კონტროლზე ფოკუსი, რომლის მეშვეობითაც უნდა მოირღვეს მეტოქის დაცვითი სტრუქტურა და გაჩნდეს სივრცეები. ფლიკი ამ საკითხს გაცილებით სხვაგვარად უყურებს და მიიჩნევს, რომ მეტი მწვავე პასი მეტ გოლსა და მომენტს ნიშნავს. ამაზე მეტყველებს რომ გამჭრელი პასების გრაფიკი. ამ ქმედების სიცხადეში მოყვანისთვის, პედრი და კასადო გადამწყვეტ როლს ასრულებენ:

ჯამში 62%-იანი მაჩვენებელი ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვია. ეს ყველაფერი იმას გულისხმობს, რომ ფლიკმა პირველ რიგში, გუნდში სიცხადე შემოიტანა, სწორედ ეს არის ამ გუნდის გერმანული რევოლუციის არსი.
დასკვნა
ბარსელონა გადის დაახლოებით იმ გზას, რომელიც კლოპის ხელში უკვე გაიარა ლივერპულმა, როდესაც მარტივი პოზიციური ფეხბურთიდან გუნდი გეგენპრესინგზე გადავიდა. ბარსელონას შემთხვევაში, ეს პროცესი გაცილებით სასაიამოვნო საყურებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მოთამაშეთა დონე ძალიან მაღალია. ამისთვის მადლობა ლა მასიას ეკუთვნის, რომელმაც გუნდს ისეთი ფეხბურთელები აჩუქა, რომლებიც ფლიკის სისტემის საკვანძო ფიგურები არიან. კლოპის შემთხვევაში, ბევრი შენაძენთან ერთად ლივერპულს ორი სრულფასოვანი სეზონი დასჭირდა ელიტურ საფეხურზე დასაბრუნებლად. ფლიკის შემთხვევაში, ეს ყველაფერი საჭირო არ გახლავთ, რადგანაც ბარსელონაში ტალანტის პრობლემა არასდროს ყოფილა და არც იქნება. ეს კლუბი სწორედ ამით არის უნიკალური, რომელიც დღეს არათუ საფეხბურთო, არამედ საკუთარ დოგმებსაც კი არღვევს.















