რა გუნდია ჩეხეთი და რატომაა მათთან თამაში ასეთი რთული?
ცხადია, ჩეხეთის ნაკრები ძალიან შორსაა იმ ეპოქისგან, როდესაც ამ ნაკრების მაისურს პაველ ნედვედი, იან კოლერი, ტომაშ როსიცკი და თუნდაც, კარელ პობორსკი ატარებდნენ. ეს იყო ნამდვილი ოქროს თაობა, რომელსაც ძალიან დაბალანსებული ათლეტიზმი და მრავალმხრივი ტექნიკური არსენალიც გამოარჩევდა. დღევანდელობაში ეს გუნდი ძალიან მძიმე ფეხბურთთან და თავად ფეხბურთელების ფიზიკურობასთან ასოცირდება, რომლებიც ტექნიკურ დონეზე საკმაოდ ლიმიტირებულნი არიან. განსაკუთრებით, ეს ეხება ნახევარდაცვასა და შეტევას, სადაც ჩეხეთი ძალიან ათლეტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ საკმაოდ უჭირთ შანსების შექმნა, რაც ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. საქართველოსთან ეს შანსები, ძირითადად, ჩაწოდებებიდან იქმნებოდა. საქართველოს ასეთ ათლეტურ ნაკრებებთან თამაში ყოველთვის უჭირდა, მაგრამ ამ თამაშისთვის, აშკარაა, რომ ვილიმ ძალიან სწორი დასკვნები გამოიტანა, რასაც ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ.
როგორ ხვდებოდა საქართველოს ნაკრები ამ თამაშს?
ამ თამაშის წინ, ცხადია, ვერ ავცდით კონტროვერსიებსაც, როდესაც იგი დინამო არენას მაგივრად, შემცირებული ტევადობის მიხეილ მესხზე გაიმართა, რაც ცხადია, პირველი შეშფოთების საფუძველი იყო, რადგანაც დინამო არენას ნამდვილად გააჩნია საკუთარი ე.წ „აურა“. ეს ის სტადიონია, საიდანაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიის წერა დაიწყო. აქაორობა ქართული ფეხბურთისთვის საკმაოდ დიდი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. გარდა ამისა, ეროვნულ ნაკრებზე უკვე ისეთი წნეხი არსებობდა, რასაც აქამდე ჯერ არ გადაწყდომია, სწორედ ამ წნეხის დაძლევა განსაზღვრავს, გუნდი ავიდა თუ არა შემდგომ საფეხურზე. შესაბამისად, დიდი მოლოდინიც და გაზრდილი ნერვიულობაც საკმაოდ ბუნებრივი იყო გულშემატკივართათვის. სპორტული კუთხით, ყველა ფეხბურთელი კარგ კონდიციაში შეხვდა აღნიშნულ შეხვედრას, მით უფრო იმის ფონზე, რომ ოთარ კიტეიშვილი და გურამ კაშია უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებენ. გუნდში ამაღლებული განწყობა ნამდვილად იყო. სანიოლის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, გარდა ნაკრების ტაქტიკურად გამართვისა, ძალიან კარგი ატმოსფეროს ჩამოყალიბებაა ეროვნულ ნაკრებში, რაც ცხადია მოედანზეც ენერგიის სახით გადადის, ეს კი წნეხისა და ნერვიულობის დასაძლევად საკმაოდ კარგია. სანიოლს პრაქტიკულად არც ერთი ლიდერი არ გამოაკლდა სანაკრებო პაუზის წინ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩეხეთთან ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლებოდა, რომელიც არ გვყავდა ევროპის ჩემპიონატზე. ცხადია, მძიმე მატჩის მოლოდინი იყო, სადაც ფიზიკური გამძლეობა ითამაშებდა მთავარ როლს, მაგრამ ვილიმ ამ თამაშში თავისი თავი სრულებით სხვა კუთხით დაგვანახა.
გუნდების საწყისი განლაგება და ბილდაფი
საქართველო და ჩეხეთი ტრადიციული ფორმაციებით განლაგდნენ. ორივე გუნდი 3-მცველიანი ტაქტიკით გამოვიდა, სხვაობა მხოლოდ შეტევაში იყო, ჩეხეთი ერთი გამოკვეთილი ტარანის ტიპის თავდამსხმელით გამოვიდა, პატრიკ შიკის სახით. საქართველოს შეტევითი ფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის მეტად მოქნილი და მოძრავი დუოთი იყო წარმოდგენილი. ამ სხვაობამ, საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა საბოლოო ჯამში, თამაშის მიმდინარეობაზეც და შედეგზეც:

დაახლოებით ასეთი იყო ნაკრებთა განლაგება საშუალო პოზიციების მიხედვით, ჩეხეთის ნაკრებმა ფსონი ფლანგების აუტის ხაზამდე გაწელვაზე უფრო გააკეთეს, აქედან არის განპირობებული, ცოუფალისა და რეინეშის ასეთი მაღალი საშუალო პოზიციები. პროვოდსა და ჩვანჩარას კი მეტად ცენტრალური მხარდაჭედა უნდა მიეცათ თავიანთი ფლანგის მცველებისთვის, რათა იგი გადატვირთულიყო და ვიწრო სივრცეებზე მეტი აუტი მოეპოვებინათ, რომელსაც ცოუფალი საკმაოდ კარგად აწვდის საჯარიმოში და ტანმაღალი ჩეხებიც ამ ბურთებისთვის იბრძოლებდნენ. იყო მომენტები, როდესაც ასეთ გადატვირთვას სოუჩეკი და კრალიც კი ეხმარებოდნენ ხოლმე, საკუთარი ზონებიდან, დააკვირდით სოუჩეკის პოზიციას:

ჩეხები ცდილობდნენ იმ ფლანგზე მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ფეხბურთელების თავმოყრას, საიდანაც უტევდნენ. ეს ტაქტიკური ასპექტი ძალიან კარგად გამოხატავს იმას, თუ რა გუნდთან გვაქვს საქმე. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრები რაოდენობრივი მეტობის შექმნაზე მეტად, მოპოვებული ბურთის ეფექტურად პროგრესირებაზე ზრუნავდა. ვილი სანიოლის ნაკრების ფუნდამენტიც სწორედ ბურთის სწრაფად და სწორად გადაადგილებაა, უბრალოდ ამ თამაშში კიდევ ერთი სიახლე გამოჩნდა, რაც აქამდე ნაკრებისგან შესამჩნევი არ იყო. საწყისი "ბილდაფისას" ესეთი სტრუქტურა და მამარდაშვილთან ასე ახლოს მისული მცველები დიდი ხანია არ მახსენდება:

ასეთ მომენტებში, კაშია პრაქტიკულად მეორე საყრდენი ხდებოდა. 2-2 ფორმაცია ნამდვილად ახალი რამ იყო ჩეხებისთვის და იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრები უბრალოდ ბურთის შორს გაგზავნას და ჩეხებთან თამაშში აყოლას არ აპირებდნენ. ასეთი საინტერესო როტაცია მცველებსა და ნახევარმცველებს შორის, საქართველოს ნაკრებში პირველად დავინახე.
დაცვითი ფორმაციები
საქართველოს ნაკრები, როგორც წესი, თავს ღრმად იცავს, მაგრამ ვილიმ ერთი სიახლე კიდევ შემოგვთავაზა, ეს არის თამაშგარის ზღვარზე ამოწეული დაცვა. „ჯვაროსნებმა“ საკმაოდ კარგად შეძლეს დაბალი და საშუალო ბლოკების რეპლიკაცია, რაც დიდ ფეხბურთში სიმონე ინძაგისა და მისი ინტერის ხელწერაა, ასე იცავდა საქართველოს ნაკრები საშუალო ბლოკში თავს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია სოუჩეკის პირად მეურვედაც კი გვევლინებოდა ხოლმე:

ცხადია, ჰაშეკი ამას თამაშის დასაწყისშივე მიხვდა, მისი შემტევი ტაქტიკაც სწორედ იმაზეა მორგებული, რომ სოუჩეკის მარკირება მოხდეს და თამაშიდან არ გამოითიშოს, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთგვარი გულისცემაა ამ ფორმაციის ჩეხეთის ნაკრებისთვის, რომელსაც ნახევარმცველებიდან ალბათ ყველაზე უფრო სოლიდური გრძელი პასი აქვს და თამაშის კონტროლის უნარიც. პერსონალური მეურვეობა კი თავად შეუძლია საკმაოდ კარგად, ამისი ნათელი მაგალითია ევრო 2020-ზე განეიტრალებული ფრენკი დე იონგი და უშანსოდ დამარცხებული „ორანიე“. შესაბამისად, კრალი და სოუჩეკიც პოზიციებს ხშირად ცვლიდნენ, ფლანგზეც ორივე ხშირად ჩნდებოდა, როგორც დამხმარე ფლანგის მოთამაშეებისთვის. სანიოლის ფორმაციისთვის, აუცილებელია ხვიჩამ მაქსიმალურად წინ ითამაშოს, აქედან გამომდინარე, მისი პერსონალური მეურვეობისგან გათავისუფლების გზაც სწორედ ეს არის. დაბალ ბლოკში, საქართველო ძალიან კომპაქტურად იცავს თავს, რითაც მეტოქეს სივრცეები, პრაქტიკულად, არ ეძლევა და სწორედ აქ გამოჩნდა ჩეხების შემტევი ტაქტიკის უსარგებლობა:

ასეთი დაბალი ბლოკის დასაძლევად საჭიროა ან ძალიან კარგი დრიბლინგის მქონე ფეხბურთელი, რომელიც იდეალურად ოპერირებს ვიწრო სივრცეებში, ან აქვს ძალიან კარგი გამჭრელი პასი. ჩეხებს მსგავსი ფეხბურთელი უბრალოდ არ ჰყავთ, რის გამოც უკვე აღვნიშნე, რომ შანსების შექმნა საკმაოდ ჭირს. ასეთი კომპაქტური დაცვისას, ძალიან მარტივად ხერხდებოდა ნახევარდაცვის სამეულის იმ ფლანგისკენ გადაწყობა, რომელზეც მიდიოდა დაწოლა ჩეხების მხრიდან. ამისი ნათელი მაგალითი ეს სიტუაციაა:

პროვოდს არანაირად არ აქვს სივრცე, რომ ფლანგი შეცვალოს, ქოჩორაშვილის ტაქტიკურ ინტელექტზე ძალიან კარგად მეტყველებს მისი პოზიციონირება. იგი მზადაა გადმოვარდნილი ბურთი საკმაოდ მარტივად დაიბრუნოს და უკანა სივრცე აითვისოს. შეიძლება ითქვას, ჩეხებმა საკუთარი თავი საკმაოდ შეზღუდეს თავიანთი გადაადგილებით, საკმაოდ არაეფექტური პრესინგით და შეტევის ორგანიზებით, ვერაფერი გააწყვეს ძალიან ორგანიზებულ დაბალ ბლოკთან.
ჩეხებს თავის მხრივ, აქ კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდათ, ეს არის პატრიკ შიკის (ცოტა გამონაკლისებშია გასაყვანი ოღონდ, შეუძლია მეტად მანევრირება, მაგრამ არასაკმარისია) მსგავსი ტიპის ფორვარდი 3 ათლეტური მცველის წინააღმდეგ, რომლებიც კარგები არიან მეორე სართულზე. ასეთ დროს უპირატესობა უფრო მეტად ენიჭება მობილურ ფორვარდებს, რომელთაც შეუძლიათ დაცვის უკან შემორბენა და დაცვით სტრუქტურაში ქაოსის შეტანა. ამ მხრივ საქართველოს ნაკრებს ორი ძალიან მობილური ფეხბურთელი ჰყავდა გამოყენებული შემტევ ხაზში. გამომდინარე საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილიდან, ჩეხეთის ნაკრების დაცვითი სტრუქტურა საკმაოდ ქაოტური იყო, რადგანაც ზემოთ აწეულ ფორმაციაში, როდესაც პრაქტიკულად მთლიანი დაწოლა ფლანგებზე მოდიოდა, საქართველოს ნაკრებს რჩებოდა დიდი სივრცეები. ასევე, არადამაჯერებლად გამოიყურებოდა ჩეხეთის პოზიციური დაცვა, აქ კარგად ჩანს კვარაცხელიას მნიშვნელობა, თუ რამდენი კაცი გამოუყო ჰაშეკმა პერსონალურად მას:

საქართველო საკმაოდ მცირე ძალებითაა წინ გადასული, მაგრამ ცოუფალი და ზიმა პერსონალურად კვარაცხელიასთან დგანან, ხოლო მარცხნივ ისევ უზარმაზარი სივრცეა დატოვებული ლოჩოშვილისთვის. ხშირად იყო მომენტები, როდესაც 6-7 კაცს ნახავდით ჩეხეთის საჯარიმოში, რაც ცოტა არ იყოს უცნაურია, საქართველოს მსგავსი, არც თუ ისეთი მაღალი გუნდის წინააღმდეგ.
გამარჯვება აბსოლუტურად ყველა სათამაშო პოზიციაზე: რამ მოგვაგებინა თამაში?
პოზიციურად და გუნდურად, ცხადია, გაცილებით გამართული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა ნაკრებმა, მაგრამ აუცილებლად გამოსაყოფია ის კონკრეტული სათამაშო რგოლები და მომენტები, რომელმაც უშუალოდ განაპირობა გამანადგურებელი ანგარიში.
დაცვითი სამეული
გველესიანი-კაშია-დვალის ფორმაცია, საკმაოდ კარგი და დაბალანსებული ტრიოა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე შედგა და ფაქტია, ძალიან კარგად მუშაობს.
გიორგი გველესიანი - კარგი დამატება
ზემოთ ხსენებული განსაკუთრებით, მას შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რაც სოლომონ კვირკველიას ნაცვლად, გიორგი გველესიანი გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში, რომელიც ბურთით ულაპარაკოდ უკეთესი მცველია და საკმაოდ პრესგამძლეც. გველესიანის ეს უნარი ალბათ ყველაზე დაუფასებელია საქართველოს ნაკრებში, რადგან ბურთით ის საკმაოდ მშვიდია და ხშირადაც უშუალოდ ის იწყებს ხოლმე საკუთარი გუნდის შეტევებს. გარდა ამ უნარისა, ის საკმაოდ ათლეტურია და საჰაერო ორთაბრძოლებში კარგად შედის. ერთადერთი მინუსი, რაც ამ ფეხბურთელს აქვს, ეს ასაკია. იგი უკვე 33 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო წლები მისთვის ჩავლილია, შესაბამისად, სამომავლოდ, გველესიანის გაუმჯობესებული ვერსია აუცილებლად დაგვჭირდება.
გურამ კაშია - კაპიტანი
გურამი ამ ნაკრებში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, სრულებით სამართლიანადაც. 37 წლის ასაკშიც კი, როდესაც მოდი პირდაპირ ვთქვათ, ფიზიკური კონდიციებით, საკუთარი ფორმის პიკისგან საკმაოდ შორს არის, ვილი სანიოლმა მოახერხა და მისი სანაკრებო კარიერა როგორც მინიმუმ, 3 წლით გაახანგრძლივა. ცხადია, ეს მხოლოდ სანიოლის დამსახურება არ არის. გურამი ამ ნაკრებს დიდ გამოცდილებას აძლევს. ტაქტიკურად, იგი გველესიანისა და დვალის უკან, ე.წ „Sweeper”-ის როლზე თამაშობს, სადაც მას ევალება მთლიანად საჯარიმოს გასუფთავება და ასევე საკმაოდ კარგი პირველი პასით შეტევის წამოწყება. ჩეხეთთან მატჩშიც, 3/4 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო. ის ამ გუნდის დაცვითი სტაბილურობის გარანტიაა. ცუდი ამბავი მისი ასაკია, 6 წლით ახალგაზრდა კაშია, ამ გუნდს საერთოდ სხვა საფეხურზე გადაიყვანდა.
ლაშა დვალი - Unsung Hero
როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ნაკრებზე, ლაშა დვალის სახელი პრაქტიკულად არასდროს გვესმის ხოლმე, რაც ჩემი აზრით, დიდი უსამართლობაა. ამ სამეულში, მოცემული ფიზიკური მონაცემებიდან და ტაქტიკური განსწავლულობიდან გამომდინარე, იგი საუკეთესო ცენტრალური მცველია. პოზიციურად შეცდომას, პრაქტიკულად, არ უშვებს და შეუძლია საკმაოდ სწრაფი გარემარბები კონტრშეტევაზე გააჩეროს:

გარდა ამისა, ძალიან კარგი ხაზებს შორის გადაცემებითაც გამოირჩევა, რითიც სწრაფად ბურთის პროგრესირებაში ეხმარება გუნდს. დვალი ევროპის ჩემპიონატზე, ულაპარაკოდ საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ჩეხეთთანაც მცველებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და ყველაზე მეტი, 11 გამოტანა ჰქონდა საჯარიმოდან. დვალის აგრესია და პოზიციური განსწავლულობა ერთდროულად არის ის, რაც საქართველოს ნაკრების დაცვას, საკმაოდ გამართულ ორგანიზმად აქცევს.
ლოჩოშვილის ლატერალობის საკითხი
ძალიან ბევრს ებადება ხოლმე კითხვა, რატომ თამაშობს ლოჩოშვილი მარცხენა ლატერალის პოზიციაზე, როდესაც მისი არც ფიზიკური აღნაგობაა სამაგისო და არც სისწრაფე, მაგრამ ეს მთლად სიმართლე არ არის, რადგან სანიოლის ფორმაციისთვის, ლოჩოშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. განსაკუთრებით სწრაფ გარემარბებთან იგი საკმაოდ კარგია 1-1-ზე დაცვისას. მის არსენალში ასევე მოიძებნება საკმაოდ დაუფასებელი ჩაწოდება (ეს მიქაუტაძის მიერ გატანილ მესამე გოლზეც გამოჩნდა) და 1-1-ზე თამაშისას კარგი აჩქარება, რითიც კარგად ახერხებს სწრაფი ვინგერების დაჩაგვრას, მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარეც. რეალურად, ლოჩოშვილი მნიშნველოვანია დაცვით როტაციაში და სანიოლის ეს მიგნება მთლად გაუმართლებელი არ არის, თუ გავიხსენებთ, როგორ იყენებს სიმონე ინძაგი მატეო დარმიანს მილანის ინტერში.
ოთარ კაკაბაძე - მარჯვენა ფლანგის მბრძანებელი
მე მგონი, არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ საქმე საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველთან გვაქვს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ნაკრები მარცხენა ფლანგიდან გაცილებით დიდი ინტენსივობით უტევს და მიქაუტაძეც პოზიციებს მეტად იცვლის, კაკაბაძეს უწევს ძალიან დიდი ტერიტორიის დაფარვა და ე.წ „მძიმე სამუშაოს“ შესრულება, რაც მარჯვენა ფლანგზე ნაკრებს აძლევს იმ საჭირო დინამიზმს და სიგანეს, რომელიც მიქაუტაძის ცენტრალური გადაადგილების შედეგად არის ასათვისებელი:

კაკაბაძე, ალბათ, კიტეიშვილთან ერთად, ნაკრებისთვის აბსოლუტურად შეუცვლელი ფიგურაა, გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ერთი ქართველი მარჯვენა მცველი ასე თანაბრად ვერ ირჯებოდა დაცვაშიც და შეტევაშიც. აგრეთვე, კაკაბაძის ძალიან დაუფასებელი უნარია ფლანგის ცვლილება გრძელი პასის მეშვეობით, რითაც ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელების გადაადგილებაში სერიოზული ქაოსის შეტანაა შესაძლებელი.
მაგიური სამეული: საუკეთესო ნახევარდაცვითი ბალანსი
ამ თამაშში, საქართველოს ნაკრების შუახაზი, შეიძლება ითქვას, უბრალოდ სხვა დონეზე იყო. თუმცაღა, მაინც რა ქმნის კიტეიშვილი-ქოჩორაშვილი-ჩაკვეტაძის ცენტრს ასეთ დაბალანსებულსა და სრულყოფილს? - ეს არის უშუალოდ განლაგება და პოზიციების განაწილება ამ სამ ფეხბურთელს შორის. ნომინალურად, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი არ არიან კლასიკურად 3 ნახევარმცველიანი სისტემის ფეხბურთელები, მით უფრო, ისეთ კომპაქტურ დაცვაში, როგორსაც „ჯვაროსნები“ თამაშობენ, მაგრამ ვილი სანიოლმა მიაგნო ორ საინტერესო რაღაცას. პირველი იმას, რომ კიტეიშვილი ძალიან კარგად ატარებს ხაზებს შორის ბურთებს და მისი „რეჯისტად“ თამაში სავსებით შესაძლებელია, გამომდინარე მისი პრესგამძლეობიდან და მეორე ზუსტად ის, რასაც არც მეტი, არც ნაკლები, ვისენტე დელ ბოსკემ მიაგნო თავის დროზე მადრიდის რეალში, ფერნანდო რედონდოს მსგავს საყრდენთან მიმართებით, რომელიც საუკეთესო დამცველი ნამდვილად არ ყოფილა. მან რედონდოს სტივ მაკმანამანისა და სავიოს სახით, ორი ფლანგის ნახევარმცველი მიუყენა, რის შედეგად რედონდოს უკვე თავისუფლად შეეძლო თამაშის უკნიდან წაყვანა და კონტროლი ისე, რომ დაცვაში ინტენსიური სირბილი და დიდი სივრცის დაფარვა აღარ უწევდა, გაცილებით პატარა სივრცე შეეძლო დაეცვა თავად:

ძალიან მსგავსი ტაქტიკა აირჩია სანიოლმაც, როდესაც ჩაკვეტაძე ე.წ „მეცალას“ პოზიციაზე დაწია, ხოლო ძირითადში ქოჩორაშვილი დაამატა, რომელმაც საოცარი ენერგია შემოიტანა ნახევარდაცვაში და უდიდესი შავი სამუშაოს შესრულებას შეუდგა. შედეგად, ოთარ კიტეიშვილი საკმაოდ პატარა სივრცეს იცავს უკან, მით უფრო 3-მცველიან სისტემაში, დამზღვევებად მცველებსაც შეუძლიათ საყრდენ ზონაში გადასვლა. დაახლოებით ასეთია საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვა, თავდაცვისას:

კიტეიშვილს 2 დინამიკური ნახევარმცველი ჰყავს გარშემო, რომლებიც საკმაოდ კარგად ფარავენ მთლიან მოედანსაც. ცხადია, კიტეიშვილიც ტაქტიკურად ძალიან განსწავლულია, თამაშს კარგად კითხულობს და სწორად საზღვრავს როდის, როგორ და რომელი ფლანგის მცველი დააზღვიოს. რა თქმა უნდა, საჭიროა აღინიშნოს ცალკეული ფეხბურთელების თამაში ნახევარდაცვაში, სწორედ მაღალი დონის ინდივიდუალური პერფორმანსები ქმნის იმ საჭირო სინერგიას, რაც ახლა გვაქვს ნახევარდაცვაში.
ოთარ კიტეიშვილი - საქართველოს ნაკრების გულისცემა და ხერხემალი
მწვრთნელები საკმაოდ ხშირად მიმართავენ და წარსულშიც მიმართავდნენ შემტევი ნახევარცმველების და 10-იანების დაწევას ე.წ „რეჯისტას“ ანუ ღრმა გამთამაშებლის პოზიციაზე, საიდანაც ისინი მეტ კონტროლს იღებდნენ თამაშზე. კიტეიშვილიც სწორედ ეს მაგალითია, რომელიც ჩეხეთთან თამაშში უბრალოდ ფენომენალური იყო. ჩეხების პრესინგის წარუმატებლობა, პირველ რიგში, სწორედაც რომ კიტეიშვილის უდიდესი დამსახურებაა, რომლის პრესგამძლეობა და ხაზებს შორის პასის უნარიც ფუნდამენტურია საქართველოს ნაკრების ფუნქციონირებისთვის. ჩვენი ნაკრების მოპოვებული პენალტი და პირველი გოლი, კიტეიშვილის ფენომენალური თამაშის დამსახურებაა:

ერთი პასით, მან უბრალოდ 4 კაცი ძალიან მარტივად მოჭრა. აქვე სახსენებელია, ჩაკვეტაძის ფენომენალური გადაადგილება ხაზებს შორის. ამ პასის შემდგომ ავიტანეთ ბურთი შეტევაში და საბოლოოდ ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა. ამ მომენტში ჩანს ერთი საინტერესო რამ, კიტეიშვილი არ არის ტიპური "რეჯისტა", გამომდინარე იქიდან რომ გრძელ პასს საკმაოდ იშვიათად იყენებს, იგი მეტად საყრდენის პოზიციაზე ჩამოწეული "ტრეკუარტისტა/ენგანჩეა", რომელიც ერთგვარი კაუჭის როლს ასრულებს ბურთის დაბრუნებისას, შემდგომ კი უსწრაფესი ძალიან გამჭრელი პასით, ააქვს ბურთი მეტოქის ნახევარზე. მეორე გოლზეც, იგი საოცრად კითხულობს თამაშს, ართმევს მეტოქის შემტევ ფეხბურთელს ბურთს და ერთი უსწრაფესი პასით ძლევს პრესინგს:

2 ძალიან მნიშვნელოვანი პრეასისტი, რის შემდგომაც 2 გოლი გავიტანეთ. კიტეიშვილი ამ ნაკრებისთვის, ალბათ, საკვანძო ფეხბურთელია, სწორედ იგი განსაზღვრავს იმას, თუ კონკრეტულ თამაშში რას ვითამაშებთ.
გიორგი ქოჩორაშვილი - გუნდის ძრავი და ულევი ენერგია
გიორგი კიტეიშვილის ძალიან მაგარი თამაშის განმაპირობებელი, სწორედაც რომ გიორგი ქოჩორაშვილია. იგი ის ძრავია, რომელიც ოთარ კიტეიშვილს, როგორც ამ ნაკრების გულისცემას, ამუშავებს. იგი თამაშში საკმაოდ დიდ მანძილს ფარავს და მხოლოდ ამითი არ შემოიფარგლება. ქოჩორაშვილსაც ძალიან დაუფასებელი პრესგამძლეობა და ხაზებს შორის პასები ახასიათებს. იგი მეტად რაჯა ნაინგოლანს ან ფეხბურთელ დიეგო სიმეონეს მაგონებს, თავისი ულიმიტო გამძლეობითა და ბურთით საკმაოდ კარგად გადაადგილებით. ასევე, სიმეონესთან შედარება საკმაოდ რელევანტური გახდა მას შემდგომ, რაც პირველი გოლი გაიტანა ეროვნულ ნაკრებში, სიღრმიდან საჯარიმოში შეღწევისას, საკმაოდ ტანმორჩილი გიორგი თავით ეფექტურად ასრულებს შეტევას. ასეთი მომენტები ნამდვილად გაგვახსენებს სიმეონეს, მისი მილანური დღეებიდან, როდესაც ინტერის მაისურით გამოდიოდა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდა საოცარი ფიზიკური გამძლეობისა, იგი ტაქტიკურადაც ძალიან განსწავლულია და პოზიციებსაც საკმაოდ სწორად არჩევს, რაც ნახევარდაცვაში გამუდმებული როტაციის საშუალებას იძლევა. ამითი მე ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს სიმონე ინძაგის ინტერსაც ვამსგავსებ. გარდა სათამაშო ასპექტებისა, იგი მენტალურადაც ძალიან მაგარი ფეხბურთელია. ჩემთვის, ქოჩორა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ულაპარაკოდ საუკეთესო ინდუსტრიული "Box-To-Box" ნახევარმცველია, რომელსაც ნამდვილად აქვს რესურსი, რომ საკვანძო თამაშებში ძალიან ელიტური შემტევი ნახევარმცველები შეაჩეროს და აგრეთვე საჭირო დროს გაიტანოს გამარჯვების გოლებიც.
გიორგი ჩაკვეტაძე - მთავარი არტისტი სცენაზე
ახლა კი, დროა ვისაუბროთ ამ თამაშის ულაპარაკოდ საუკეთესო ფეხბურთელზე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს იყო საქართველოს ნაკრებში, ნახევარმცველის მიერ ჩატარებული საუკეთესო თამაში. ვილი სანიოლის ალბათ ყველაზე დიდი დამსახურება სწორედაც რომ ჩაკვეტაძისთვის ახალი პოზიციის მოფიქრებაა, ეს არის ტიპური „მეცალას“ როლი, რაც იტალიურიდან გადმოითარგმნება, როგორც ნახევრად ფლანგელი. ეს არის როლი, რომელზეც ყველაზე კარგი ალბათ ანდრეს ინიესტა იყო. „მეცალას“ როლი მოიაზრებს კონკრეტულ ნახევარსივრცეში ოპერირებს:

მას პირდაპირ უწევდა დაპირისპირება სოუჩეკთან და ასეთი დაჩაგრული სოუჩეკი, ძალიან დიდი ხანია მე პირადად, არ მინახავს. კვარაცხელიასთან ძალიან ჭკვიანური როტაციების საშუალებით, მისი პერსონალურად მეურვეობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, დაახლოებით, ისეთი პერფორმანსი იყო ეს, როგორსაც მიქაელ ლაუდრუპი ჩაატარებდა ფორმის პიკში, რომელიც სუფთა ნიჭით, ყველა დროის საუკეთესოობის პოტენციალი ჰქონდა. ჩაკვეტაძე ამ თამაშში ერთგვარი ჰიბრიდი იყო ინიესტასა და კაკას შორის (ბურთის წაღების ასპექტში). ერთი რამ აშკარაა, რომ უოტფორდში, ძალიან გაუმჯობესებული აქვს ვიწრო სივრცეში ოპერირების უნარი, ასევე, ფიზიკურად გაცილებით რთულია მისთვის ბურთის წართმევა და დაცვაშიც ლიმიტირებულად, მაგრამ ძალიან კარგად ირჯება. ჩაკვეტაძის, როგორც ფეხბურთელის კარიერა შეიძლება ითქვას ნაკრებში გაცოცხლდა, სწორედ იმ პოზიციაზე, რაც ნამდვილად მისია, სადაც საკუთარ საუკეთესო უნარებს: პაუზას, ვიწრო სივრცეებში ბურთის კონტროლსა და შეტევაში სწრაფად გადატანას ძალიან კარგად ახერხებს. ასევე, მას ფლანგზე ჰყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პირველი კრეატივის წყაროა, რაც მას საშუალებას აძლევს იყოს მეტად ფასილიტატორი და მეორეული ოფცია ამ კუთხით, როგორც ინიესტა იყო ჩავისთან და მესისთან მიმართებით. უშუალოდ თამაშის სტატისტიკაც კი ძალიან შთამბეჭდავი იყო, 96%-იანი პასების სიზუსტე შემტევი ნახევარმცველისთვის ძალიან კარგი სტატისტიკაა. გოლის ეპიზოდში, ფლანგიდან კვარაცხელიასთან საოცრად ცვლის პოზიციას. ხოლო როდესაც უკვე 3:0 იყო, ხოლო ჩეხეთის ნაკრები აბსოლუტურად მოიშალა ტაქტიკურად, ჩაკვეტაძემ გააკეთა ის, რასაც მხოლოდ უდიდესი ფეხბურთელები აკეთებენ ასე მაგრად. ფენომენალური საგოლე გადაცემა, რომელმაც ძალიან ბევრს დავით ყიფიანი და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები გაახსენა. ამ თამაშში დამტკიცდა, თუ რამდენად დიდი ტალანტია ჩაკვე. ეს მისი ახალი, ტრავმის შემდგომი ვერსიაა, რომელიც იმედია, რომ მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესდება, რადგან არ შეიძლება ასეთი დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი უბრალოდ ყველაზე მინიმუმ ტოპ 5 ლიგაში არ თამაშობდეს.
შემტევი ხაზი
ხვიჩა კვარაცხელია - მთავარი სუპერვარსკვლავი
ამ თამაშში ხვიჩამ გვაჩვენა, რომ ის ამ გუნდში მთავარი საფრთხეა მეტოქისთვის. იგი შეტევაში საკმაოდ თავისუფლად გადაადგილდებოდა, რაშიც ჩაკვეტაძე უკნიდან კარგად ეხმარება, ბურთის წამოღების კუთხით. ეს კი ხვიჩას საშუალებას აძლევს მთლიანად ფოკუსირდეს ბოლო მესამედზე და ერთგვარად მოირგოს 10-იანის როლიც. ხვიჩას საოცარი კრეატივის დამადასტურებელი სწორედაც რომ ჩაკვეტაძის მიერ გატანილი მეორე გოლია, როდესაც პოზიციების გაცვლა მათ შორის წარმატებით განხორციელდა. ჩეხები მთელი თამაში სამი კაცით ცდილობდნენ მეურვეობას, ხოლო ამ როტაციებმა მოიტანა ის, რომ ჩეხების კაპიტანი ტომაშ სოუჩეკი თამაშიდან პრაქტიკულად გამოითიშა, სწორედ ამით იყო გამოწვეული მისი თამაშის შემდგომ განცხადება: „ეს ყველაზე ცუდი თამაში იყო, რაც კი ოდესმე მითამაშია ეროვნულ ნაკრებში“ - აღნიშნა ფეხბურთელმა.

მან ასევე პენალტიც მოიპოვა და თამამად ვიტყვი, შეტევაში სხვაობას სწორედ ხვიჩა იძლეოდა, როგორც ყოველთვის იყო სანიოლის ფორმაციის ნაკრებში.
გიორგი მიქაუტაძე: 3 მცველიანი სქემის ღამის კოშმარი
საქართველოს ნაკრების თამაშების წინ, ყოველთვის ისმის კითხვა, თუ ვინ უნდა დაიწყოს სასტარტო შემადგენლობაში, ბუდუ ზივზივაძემ თუ გიორგი მიქაუტაძემ. ორივე ფორვარდი სხვადასხვა ტიპის ტაქტიკური ოფციებია. ამ შემთხვევაში, სანიოლი არანაირად არ შემცდარა, რადგან ბუდუს დაყენების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელი იყო ზუსტად იგივე დამართნოდა ეროვნულ ნაკრებს, რაც დაემართათ ჩეხებს პატრიკ შიკის ტიპის 9-იანით. მიქაუტაძე ძალიან კარგია ე.წ დაცვითი არხების გაჭრისას, როდესაც იგი 3 მცველიდან განაპირა ცენტრალური მცველების ზურგს უკან ან გვერდით ჩნდება, მსგავსი მობილური და არასტაბილური გადაადგილება, ამ სტრუქტურას ძალიან მარტივად არღვევს, მიქაუტაძე ამ თამაშში ქაოსის ის ელემენტი იყო, რომელიც გუნდს მეტოქის ნახევარზე სივრცეების პოვნაში ეხმარებოდა. ასეთი ტაქტიკური ხრიკის მაგალითიც ისევ დელ ბოსკესთან უნდა მოვძებნოთ, როდესაც 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალი ბაიერნს უპირისპირდებოდა და დელ ბოსკემ ძირითადში ნიკოლას ანელკა გამოიყენა მორიენტესთან ერთად. ორივეს ეს უნარი ახასიათებდა, შედეგად რეალმა წყვილი მოიგო და ფინალშიც გავიდა. მიქაუტაძის წინააღმდეგ, ათლეტური ჩეხი მცველები ვერაფერს აწყობდნენ გადაგდებულ ბურთზე:

თავად მიქაუტაძის გოლზე კი, ნებისმიერი ელიტური ცხრიანი მოაწერდა ხელს, ალბათ, თვით ლუის სუარესი ან მარკო ვან ბასტენი, რომელთაც ჰაერიდან დარტყმის უნარი ალბათ საუკეთესო დონეზე ჰქონდათ გაომუჯობესებული.
დასკვნა - ამ თამაშმა ახალ საფეხურზე გადაგვიყვანა
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად ძალიან მრავალფეროვან გუნდად მოგვევლინა ამ სანაკრებო შესვენებაზე. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ფეხბურთელის მწყობრში ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რისი ფუფუნებაც ხშირად არ გვეძლევა ხოლმე. ამ თამაშში საქართველოს ნაკრებმა არა მარტო ის გამოაჩინა რომ ჩეხეთის მსგავსი ნაკრებების ძლევა, არამედ მათი ტაქტიკურად აბსოლუტური წაშლა შეუძლია თამაშიდან. ეს არის ზუსტად ის, რაც გააკეთა 7 სექტემბერს ნაკრებმა. თამაშის ხარისხით, ეს ჩემთვის საუკეთესო თამაში იყო, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შესრულებით მინახავს. დიდი იმედია, ეს არ იყო ნაკრების საუკეთესო ვერსია და მათგან მეტის მოლოდინი უნდა გვქონდეს. ყველანაირად, წინ მსოფლიო ჩემპიონატისკენ, სრული სვლით!
ავტორი: ანდრია პროსტოსერდოვი















